რა შედეგით დასრულდა 22 საათიანი ანტიტერორისტული ოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, რომელიც საახლოებით 22 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, დასრულებულია. დაღუპულია ერთი სპეცრაზმელი. დაჭრილია ოთხი სამართალდამცავი.
ლიკვიდირებულია სამი ადამიანი, რომლებიც სამართალდამცავთათქმით, ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში იმყოფებოდნენ და რომლებიც 22 საათის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცავებს. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა. მანამდე სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი დააკავეს.
სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული დეპარტამენტი აწარმოებდა.
სპეცოპერაციის ადგილი უკვე დატოვა სპეცტექნიკამ, თუმცა ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
რა ვიცით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებზე
იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში მყოფი სულ ოთხი პირი უწევდა სამართალდამცავებს წინააღმდეგობას. მათგან სამი ლიკვიდირებულია, ერთი – დაკავებული.
სუს-ის ინფორმაციით, არც ერთი მათგანი არ არის საქართველოს მოქალაქე. კონკრეტულად რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი და როგორ აღმოჩნდნენ საქართველოში, ეს ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
“ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით”, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ბერი გაბრიელის ქუჩაზე მდებარე ბინა პანკისის ხეობაში მცხოვრები ასლან ჯაბრაილოვისგან იქირავეს. ბინა ჯაბრაილოვის დედას – ავსტრიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, პანკისელ თინა გაურგაშვილს ეკუთვნის.
გაურგაშვილის დამ – სარა გაურგაშვილმა განუცხადა რუსთავი2-ს, რომ ბინა მის ოჯახს გაქირავებული არ ჰქონდა და მან არ იცის, როგორ აღმოჩდნენ იქ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში მყოფი პირები.
თავად სოფელ დუისის მკვიდრმა ჯაბრაილოვმა კი, რომელიც ახმეტაში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს, უთხრა სამართალდამცავებს, რომ ბინა მან რამდენიმე თვის წინ გააქირავა. დუისში დაკითხვის შემდეგ, სამართალდამცავებმა ჯაბრაილოვი თბილისში გადმოიყვანეს.
22 საათიანი სპეცოპერაცია
ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ბერი გაბრიელის გამზირის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 21 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო.
რუსთავი 2-ის სპეციალურ გამოშვებაში, რომელიც 21 ნოემბერს 23:59 საათზე გავიდა ეთერში, ისმოდა სროლების ხმა.
სამართალდამცველების განცხადებით, სპეცოპერაციის დაწყებამდე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა, თუმცა დილის 12 საათისთვის ტელევიზიების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანდა, რომ შენობიდან რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებელი გამოვიდა.
“აბაზანაში ვართ ჩაკეტილები, საშინელი ხმები ისმის”, – უთხრა რუსთავი2-ს ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.
“გვიშველეთ, გთხოვთ. ჩემს შვილს მაინც უშველეთ და გაიყვანეთ აქედან გთხოვთ” – წერდა სახლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ფეისბუკზე.
დილის 5 საათისთვის სროლების და აფეთქებების ხმა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
18 საათის განმავლობაში კადრებში ისმოდა სროლების და აფეთქებების ხმა, ჩანდა კვამლი და ცეცხლი. ასევე მთელი ღამე ისმოდა სასწრაფოებისა და სახანძრო მანქანების სირენების ხმა.
სერიოზულადაა დაზიანებული კორპუსის რამდენიმე ბინა. უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მოსახლეობას სრულად აუნაზღაურდება ზარალი.
სასწავლო პროცესი გადაიდო ახლომდებარე სკოლასა და ბაღში.
“აქ ნამდვილი ომია, ჩემი ფანჯრებიდან ომს ვუყურებ”, – წერს ბერი გაბრიელის ქუჩაზე მცხოვრები ფეისბუკმომხმარებელი.
პირველი ოფიციალური განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გააკეთა.
როგორც ამ უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სპეცოპერაციის დაწყებამდე, სუს-ი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან რამდენიმესაათიან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და სამართალდამცველებისთვის ჩაბარებას სთავაზობდა, თუმცა საპასუხოდ მათ სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს და ხელყუმბარა ესროლეს, რა დროსაც ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა.
22 ნოემბერს დღის პირველი საათისთვის ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ სროლებისა და აფეთქებების ხმა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. გამოჩნდა ჯავშანტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმის დამატებითი ძალები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა შენობის შტურმი დაიწყეს.
საღამოს ოთხი საათისთვის მრავალსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ბინას, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილები იყვნენ გამაგრებული, ძლიერი ხანძარი გაუჩნდა. ბინიდან ისმოდა აფეთქებების ხმა.