აზერბაიჯანში არასრულწლოვან დამნაშავეთა რიცხვი გაიზარდა
სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, 2017 წელს 14-დან 17წლამდე ასაკის 323 მოზარდი გასამართლდა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის გამო. 2016 წელთან შედარებით, ეს მეოთხედით მეტია.
მთლიანობაში გასულ წელს დანაშაულის ჩამდენი 13 733 ადამიანიდან 486 არასრულწლოვანი იყო, მაგრამ ყველა მათგანი არ გასამართლებულა.
მოზარდებს ყველაზე ხშირად ხულიგნობის, ქურდობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო ასამართლებენ. არსებობს ასევე ძარცვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემთხვევები.
აზერბაიჯანში არასრულწლოვნების მიმართ გამოყენებული მაქსიმალური სასჯელია – თავისუფლების 10 წლით აღკვეთა.
მოცემულ მომენტში აზერბაიჯანში არასრულწლოვანთა მხოლოდ ერთი კოლონია არსებობს, რომელიც ქალთა კოლონიასთან არის გაერთიანებული. გარდა ამისა, არსებობს ორი სოციალური-სარეაბილიტაციო ცენტრი – ბაქოსა და განჯაში – სადაც 10-დან 18 წლამდე ბავშვებს წინასწარი პატიმრობის ალტერნატივის სახით იღებენ. აქვე აგზავნიან „ძნელად აღსაზრდელ“, კრიმინალური მიდრეკილებების მქონე მოზარდებსაც.
ამ თემაზე საუბრისას, უფლებადამცველი ელდარ ზეინალოვი ყურადღებას ისეთ პრობლემაზე ამახვილებს, როგორიცაა, აზერბაიჯანში იუვენალური იუსტიციის არარსებობა. ანუ არასრულწლოვან დამნაშავეებთან მუშაობისთვის არც ფსიქოლოგები არსებობენ, და არც ისეთი მოსამართლეები, რომლებიც მხოლოდ ასეთი საქმეებით იქნებოდნენ დაკავებულები, არ არის არც ამაზე ორიენტირებული საგანგებო კანონმდებლობა.