გახდება თუ არა რუსთაველზე მომხდარი უბედური შემთხვევა, რომელსაც ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა, საგზაო წესების გამკაცრების მიზეზი?" />

581. ამდენი ადამიანი დაიღუპა 2016 წელს საქართველოს გზებზე. რა ვქნათ?

გახდება თუ არა რუსთაველზე მომხდარი უბედური შემთხვევა, რომელსაც ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა, საგზაო წესების გამკაცრების მიზეზი?

Shutterstock

ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა 24 იანვარს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილი გოგონა შემთხვევის დროს ტაქსით მგზავრობდა.

თვითმხილველთა განცხადებით, ავარია “ემ-ელ”-ის მარკის ავტომობილის მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა.

რუსთაველის გამზირი – თბილისის ცენტარლური ქუჩაა, ქალაქის ყველაზე ხალხმრავალი ადგილი, სადაც წესით, მანქანები შეზღუდული სიჩქარით უნდა გადაადგილდებობდნენ.

ავტოავარიების სტატისტიკა საქართველოში საგანგაშოა.

შსს-ს მონაცემებით გასულ წელს ქვეყანაში 6 939 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული. დაღუპულია 581 ადამიანი, დაშავებულია – 9 951.

ეს ციფრები წლიდან წლამდე იზრდება.

რატომ არის საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობით და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გზები უფრო უსაფრთხო გახდეს?

მიზეზი 1: გადაჭარბებული სიჩქარე

ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება, სიჩქარის გადამეტებაა.

რეგულაცია: ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას პრობლემა ჯარიმების გამკაცრებით მოეგვარებინა, 2014 წლის 1 იანვრიდან კანონმდებლობა, პირიქით, ბევრად უფრო ლოიალური გახდა იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც გადაჭარებული სიჩქარით მოძრაობენ.

თუ ადრე ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარიან ჯარიმას იხდიდა, დღეს ეს თანხა განახევრებულია. შემცირებულია ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაკისრებული საურავიც (500 ლარის ნაცვლად 150). ხოლო ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს მართვის უფლება არა 2 წლით (როგორც ადრე იყო), არამედ მხოლოდ 6 თვით ჩამოერთმევა.

და ეს კიდევ ყველაფერი არ არის – თუ ფული გაქვთ, შეგიძლიათ მშვიდად გადააჭარბოთ სიჩქარეს, რადგან ჩამორთმეული მართვის მოწმობის აღდგენა სულ რაღაც 500 ლარი დაგიჯდებათ.

მიზეზი 2: არასწორი მანევრი

ზოლიდან ზოლში გადასვლის დროს მოხვევის მაჩვენებლის არ ჩართვა , უწყვეტ ზოლის გადაკვეთა, გასწრება იქ, სადაც ამის გაკეთება არ შეიძლება.

რეგულაცია: გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა – 50 ლარიანი ჯარიმით ისჯება.

მიზეზი 3: ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა

7.4 პროცენტის შემთხვევაში, ავტოავარიების მიზეზი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ხდება. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, ნასვამი მძღოლების მიზეზით გამოწვეულმა ავარიების რიცხვმა 262 შეადგინა.

2016 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სიმთვრალის გამო 30 174 მართვის მოწმობის ჩამორთმევა მოხდა .

რეგულაცია: არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის შემთხვევაში, მძღოლს 6 თვით ჩამოერთმევა მართვის მოწმობა.

მიზეზი 4: ქვეითების არასწორი ქცევა

2015 წელს 160 ქვეითად მოსიარულე დაიღუპა, 1998 – დაშავდა;

2014 წელს- 145 დაიღუპა, 1993 დაშავდა; 2013 წელს _125 დაღუპული და 1687 დაშავდა, 2012 წელს -160 დაღუპული და 1509 დაშავებული. აქედან  დედაქალაქში 2015 წელს, ავტოავარიით 90 ადამიანია დაღუპული, 3834 ადამიანი დაშავდა.

რეგულაცია: მოქმედი დებულებით, ქვეითის მიერ გზის გადაკვეთა აკრძალულ ადგილას 10 ლარით ისჯება. თუმცა, ნებისმიერი ქვეითი, რომელიც ამ სტატიას კითხულობს, დაგვეთანხმება, რომ ეს რეგულაცია ხშირ შემთხვევაში, არ მოქმედებს.

მიზეზი 5: ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები

შსს-ს მონაცემებით, საქართველოს საავტომობილო პარკის 44% არის 20 წელზე მეტი ხნოვანების. 46% მანქანებისა 11-დან 20 წლამდე მერყეობს; ერთიდან ათ წლამდე ავტომობილები მოქალაქეების მხოლოდ 10%-ს ჰყავს, აქედან მხოლოდ 3%-მდეა ახალი ავტომობილი.

რეგულაცია: საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა, შესაბამისად, კანონმდებლობით არავის ევალება იმის შემოწმება, თუ რა მდგომარეობაშია ის ავტომიბილები, რომელიც საქართველოს გზებზე მოძრაობენ. „საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც , ავტომანქანების ტექდათვალიერება 2013 წლის პირველი იანვრიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა ეს პროცესი 2017 წლის ბოლომდე გადაიდო, რადგან ამ პროცედურებისთვის ქვეყანა მოუმზადებელი აღმოჩნდა.

2017 წლიდან ძალაში შევიდა ახალი წესი, რომლის მიხედვით, თითქმის ყველა ტიპის იმპორტირებულ ავტომობილზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება, გარდა ახალი ავტომობილებისა. 5 წლის ავტომობილებზე აქციზის ფასი იგივე დარჩა, 0-დან 4 წლამდე ავტომანქანებზე კი საერთოდაც გაიაფდა, რამაც ქვეყანაში ავტოპარკის განახლება უნდა წაახალისოს.

მიზეზი 6: მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა

დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე – რუსთაველის გამზირზე არც ერთი შუქნიშანი არ დგას. გარდა იმისა, რომ შუქნიშნის არარსებობა მოუხერხებელია ფეხით მოსიარულეთათვის, რომლებსაც კილომეტრების გავლა უწევთ, ვიდრე მიწისქვეშა გადასასვლელამდე მივლენ, ეს ახალისებს მძღოლებსაც, რომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, სწრაფად იმოძრაონ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ გამზირზე.

რეგულაცია: რუსთაველზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ფეისბუკზე უკვე დაიწყო მოქალაქეების აქტოვობა, რომლებიც დედაქალაქის მთავარ განზირზე შუქნიშანს ითხოვენ.

მიზეზი 7 : “სხვა მიზეზი”

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით გამოვლინდა, რომ საქართველოში ზოგადად და კონკრეტულად თბილისშიც არის ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.

  • 4 მაგისტრალი საქართველოში, სადაც 2015 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა: 1. თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი (594 ავტოსაგზაო შემთხვევა), 2.       ფონიჭალა-მარნეული- გეგუთის მაგისტრალი (98 შემტხვევა); 3. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი (94 შემთხვევა) ; სენაკი-ფოთი-სარფი (74 შემთხვევა).
  • 5 მაგისტრალი თბილისში, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავარიები (2015 წლის მონაცემები): 1. კახეთის გზატკეცილი (127 საგზაო შემთხვევა), 2. მარცხენა სანაპირო (107 ავტოავარია); 3. დავით აღმაშენებლის ხეივანი ( 98 შემთხვევა)ლ 4. მარჯვენა სანაპირო (87) 5. წერეთლის გამზირი (83 ავარია).

ავარიების გამომწვევი მიზეზი ძირითადად სიჩქარის გადაჭარბებაა, თუმცა თუ გადაჭარბებასთან არ გვაქვს საქმე, მითითებულია “სხვა მიზეზი”. პრობლემა ის არის, რომ ამ “სხვა მიზეზებს” არავინ სწავლობს. ავტოსაგზაო შემთხვევები ყოველთვის მძღოლის ბრალი არაა. ავარიის მიზეზი შეიძლება იყოს გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა, გზის საფარი, არასწორად დაყენებული საგზაო ნიშანი, შუქნიშანი და ა.შ.

რეგულაცია: ექსპერტები ამბობენ, რომ აუცილებელია გზების შემსწაველი აუდიტის შექმნა, რომელიც ყველა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზის დაადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მიზეზებს ვერ აღმოვფხვრით.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ