არასამთავრობო ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას სთხოვენ" />

“ციანიდის საქმე” ორი წლის შემდეგ. რა ვიცით ამ დროისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას სთხოვენ

უკვე კვირაზე მეტია საქართველოს საპატრიარქოს შენობასთან კარავია გაშლილი. 

საპროტესტო კარვები და აქციები თბილისში არავის უკვირს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პროტესტის სამიზნე პატრიარქი და ეკლესიაა. 

JAMnews-ი მოკლედ მოყვება ამ უპრეცედენტო პროტესტზე და საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ საქმეზე, რომელიც “ციანიდის საქმის” სახელითაა ცნობილი და რომელშიც სასულიერო პირები მონაწილეობენ.

_______________

საქართველოს საპატრიარქოს შენობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თბილისის  ყველაზე ტურისტულ და ხალხმრავალ ადგილასაა.

ყვითელ-ლურჯი ნეილონის კარავი აქ ერთი კვირაა გაჩნდა.

„ზიარება საკურნებლად სულისა და ხორცისა“ – აწერია კარავს დიდი ასოებით.

ამ კარავში ათენებენ და აღამებენ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმები. მათ ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – გაათავისუფლდეს ორი წლის წინ დაკავებული დეკანოზი.

“ციანიდის საქმე”

დეკანოზი მამალაძე სასამართლო სხდომაზე. ფოტო წყარო: allnews.ge

დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი და სკანდალური საქმე უკავშირდება.

მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც იგი გერმანიაში გამგზავრებას აპირებდა. მის პირად ნივთებში პოლიციამ მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინა.

• ციანიდის საქმე. რეალური თავდასხმა თუ საპატრიარქოს კარის თამაშები?  

• საპატრიარქოს კაპიტალი. რა ქონებას ფლობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში?  

• პროკურატურა „მაღალი რანგის სასულიერო პირის“ მოწამვლის მცდელობის ფაქტს იძიებს 

• ილია მეორე: ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, საჭიროა ერთობლივი გამოძიება

მამალაძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მოსანახულებლად მიდიოდა, რომელმაც იმ პერიოდში გერმანიაში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაიკეთა და მკურნალობის კურსს გადიოდა.

თავდაპირველად ითქვა, რომ მამალაძეს ციანიდი უმაღლესი რანგის სასულიერო პირის მოსაწამლად მიჰქონდა. ამ ვერსიას, როგორც ოფიციალურს, ახმოვანებდნენ როგორც მთავარი პროკურორი, ისე პრემიერ-მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები. ისინი პირდაპირ მიანიშნებდნენ, რომ ციანიდი პატრიარქისთვის იყო განკუთვნილი.

თუმცა, მოგვიანებით, ეს ვერსია შეიცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედება არა თავად საქართველოს პატრიარქის, არამედ მისი მდივან-რეფერატის, საპატრიარქოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ოდიოზური ფიგურის – შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა.

ერთი წლის წინ ეს განაჩენი ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. რაც შეეხება საქართველოში ბოლო სასამართლო ინსტანციას – უზენაეს სასამართლოს, ამ უწყებამ  საერთოდ არ მიიღო აღნიშნული საქმე წარმოებაში.

თავად დეკანოზი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები “ციანიდის საქმედ” წოდებულ მრავალ ტომიან საქმეში ბევრ უზუსტობას ხედავენ და ბევრი კითხვა აქვთ.

ოჯახი ამბობს, რომ დეკანოზი უდანაშაულოა და საპატრიარქოს კარის თამაშების მსხვერპლი გახდა. მათი თქმით, ამ ხნის განმავლობაში მათ საქართველოში  ყველა სამართლებრივი და ასევე მორალური რესურსი ამოწურეს.

საქმე უკვე გაგზავნილია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

როგორც თავად პატიმარი აცხადებს, გარდა სამართლებრივი დევნისა, მას ყველაზე მძიმე სასჯელი მისივე სულიერმა ძმებმა გამოუტანეს – უკვე ორი წელია ვერც ერთი მღვდელი ვერ ბედავს შევიდეს დაკავებულთან საკანში და იგი აზიაროს.

ზიარების უფლება 

კარავი საპატრიარქოს წინ. ფოტო: რადიო თავისუფლება

თავდაპირველად, მამალაძის ძმები საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციით მათი ძმის ზიარებას ითხოვდნენ.

ამას ითხოვს დაკავების დღიდან თავად დეკანოზი მამალაძეც, თუმცა საპატრიარქო წინააღმდეგი იყო. პატრიარქის კურთხევის გარეშე კი, დეკანოზის ზიარება ვერც ერთმა სასულიერო პირმა ვერ გაბედა.

საპროტესტო აქციის შემდეგ, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა:

“ვინაიდან დეკანოზი თვლის, რომ ის მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ დეკანოზის ზიარება შესაძლებელია, ეუძლია აზიაროს სასულიერო პირი, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა“.

ეს განცხადება საპატრიარქოს კურთხევად მიიღო მამალაძის პირადმა მოძღვარმა დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ და მისი ზიარების სურვილი გამოთქვა.

მამალაძის ადვოკატებმა და მისი ოჯახის წევრებმა კი, პირიქით, საპატრიარქოს განცხადებაში მუქარა ამოიკითხეს.

ზიარება ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა. ღვთისმსახურების დროს მორწმუნე მოძღვრისგან პურს და ღვინოს იღებს, რაც სიმბოლურად ქრისტეს სისხლს და ხორცს ნიშნავს. ამ რიტუალის შედეგად, მიიჩნევა, რომ მორწმუნე ქრისტეს სიწმინდეს ეზიარება და ცოდვებისგან იწმინდება.

 

ქრისტიანი მორწმუნეები აზევე მიიჩნევენ, რომ მათი რელიგია ყველაზე მიმტევებელია, რადგან ქრისტიანული წესების თანახმად, ზიარებისა და ცოდვების მონანიების უფლებას ყველაზე მძიმე დამნაშავეებსაც კი აძლევს.

“ჩემმა ძმამ გულდაწყვეტით მომიყვა, რომ მატროსოვის ციხეში ყველა პატიმარი გამოიყვანეს და აზიარეს და ბოლოს გამომიყვანეს ის და მხოლოდ სეფისკვერის ყუა მისცეს”, – ჰყვება მსჯავრდებულის ძმა.

თუმცა, “ციანიდის საქმე” ერთგვარი განხეთქილების მიზეზი გახდა ეკლესიის შიგნითაც. ყველას როდი სჯერა პროკურატურის ვერსიის. არიან სასულიერო პირები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ მამალაძის საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია.

მაგალითად, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ დეკანოზი გიორგი მამალაძის პატიმრობაში არც მეტი არც ნაკლები თავად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე დაადანაშაულა.

მეუფე პეტრეს აზრით, მამალაძე საპატრიარქოსა და ხელისუფლების სამივე შტოს ერთობლივი მუშაობის შედეგად ცრუ ბრალდებით ზის ციხეში.

“ეკლესიის თავზე ჩამოკიდებული დამოკლეს მახვილი” “ხარვეზი და ლაქა” უწოდა ციანიდის საქმეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა.

მთავარი კითხვები, რომლებიც  ციანიდის საქმეზე არსებობს

ექვსმა გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობს, გასულ კვირას წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ისინი მამალაძის შეწყალებას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მამალაძის მიმართ ორივე ინსტანციაში გამოტანილი განაჩენი ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს და არ შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს. (მამალაძის შეწყალებას ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც სთხოვდნენ, თუმცა მან დეკანოზი არ შეიწყალა).

კერძოდ:

1 ) საქმის ერთ-ერთ მთავარ ხარვეზად სახელდება ის, თუ როგორ მოხდა მამალაძის ბარგში ციანიდის აღმოჩენა. აეროპორტში მამალაძის ბარგი ამოიღეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ბარგი ჩააბარა. ბარგი მისი თანდასწრების გარეშე გაჩხრიკეს მამალაძის დაკავებიდან მხოლოდ ცხრა საათში. მეტიც, ამ პროცესს ვიდეოკამერებზე არ იღებდნენ. ასევე განადგურებულია აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. 

2)  განაჩენი ეყრდნობოდა მხოლოდ იმას, რომ მამალაძე ინტერნეტში იძიებდა ინფორმაციას ციანიდის შესახებ. გამაჩენში არ არის დასაბუთებული, თუ რა განზრახვით ეძებდა იგი ამ ინფორმაციას და რაში სჭირდებოდა ციანიდი (მამალაძე ამბობს, რომ ციანიდს ხატწერაში იყენებენ და ამიტომ აინტერესებსა). 

3) ასევე, განაჩენში წერია, რომ დაცვის მხარემ გამამართლებელი მტკიცებულებები არ წარადგინა. არადა, კანონი არ ავალდებულებს დაცვის მხარეს გამამართლებელი მტკიცებულებების წარდგენას. პირიქით, სწორედ ბრალდებამ უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ბრალდებული დამნაშავეა. 

4) მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ადვოკატებს კატეგორიულად აუკრძალეს საქმის დეტალებზე საჯაროდ საუბარი. ასევე დაუსაბუთებლად დახურეს სასამართლო სხდომები (თავად მამალაძე ითხოვდა, რომ სხდომები ღია ყოფილიყო). შედეგად, საზოგადოებას ამ თემაზე მწირი ინფორმაცია აქვს და საქმე ამ დრომდე ბუნდოვანია. 

5) მამალაძის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმცია – მის წინააღმდეგ განცხადებებს მისი დაკავების წუთიდან აკეთებდნენ  მაღალი თანამდებობის პირები, რითიც შექმნეს საზოგადობრივი განწყობა, რომ მამალაძე დამნაშავეა. თანაც, თავდაპირველად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე თქვეს, რომ მამალაძე პატრიარქის მოწამვლას აპირებდა. 

რატომ ებრძვის საპატრიარქო დეკანოზს?

ოჯახი დარწმუნებულია, რომ  საპატრიარქოსთან ერთად ეს ოპერაცია “სუსმა” [საქართველოს უსაფრთხოების სამსახური] განახორციელა, რადგან დეკანოზი ფლობს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საპატრიარქოს იმიჯს დააზიანებს.

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ უფროსმა ძმამ მას ციხიდან ოთხი ხელნაწერი ბლოკნოტი გამოუგზავნა, რომელიც დალუქულია.

“ჯერ მათი წაკითხვის უფლება არ გვაქვს. ჩემმა ძმამ შემომითვალა, რომ თუკი მას რაიმე შემემთხვევა, ეს ყველაფერი გავავრცელო,” – ამბობს თორნიკე მამალაძე.

საპატრიარქოს ფანჯრები პირდაპირ მამალაძეების კარავს გადმოჰყურებს.

აქციის დაწყების შემდეგ საპატრიარქოს წარმომადგენლები ერთხელ შეხვდნენ მამალაძის ძმებს და ურჩიეს აქცია ბათუმში გაეგრძელებინათ [გიორგი მამალაძე და მისი ძმები წარმოშობით აჭარიდან არიან] .

საპატრიარქოს შენობას დიდი მესერი აქვს შემოვლებული. რკინის შავი ჭიშკარი მაშინ იღება, როდესაც კარს მანქანა მოადგება.

ნეილონის კარვის მიღმა ყოველდღიურად ათობით ასეთი მანქანა და მღვდელი ჩაივლის, თუმცა არავინ  ჩერდება.

“ასობით მღვდელი შედის და არც ერთი ყურადღებას არ გვაქცევს. არადა, სხვაგან როცა ვართ, ბევრი მღვდელი მოდის და გვეუბნება, რომ უდანაშაულოდ ზის თქვენი ძმაო. მაგრამ ეს ისეთი ტერიტორიაა, აქ ჩვენთან მოახლოებას ვერ ბედავენ,” – ამბობს მსჯავრდებული დეკანოზის ძმა.

ძმები აღნიშნავენ, რომ როდესაც რეზიდენცია პატრიარქის კორტეჟმა უნდა დატოვოს, მათი კარვის წინ ავტომობილი ჩერდება და კარავს ფარავს,  რათა პატრიარქმა კარავი ვერ დაინახოს და უხერხულობა არ შეექმნას.

“ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვს ზოგადად საპატრიარქოს გაჭირვებული ადამიანების მიმართ,” – ამბობს თორნიკე მამალაძე. 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ