პროკურატურა ამბობს, რომ უმაღლეს სასულიერო პირზე თავდასხმა აღკვეთა. საქმის ყველა დეტალი ერთად" />

ციანიდის საქმე. რეალური თავდასხმა თუ საპატრიარქოს კარის თამაშები?

პროკურატურა ამბობს, რომ უმაღლეს სასულიერო პირზე თავდასხმა აღკვეთა. საქმის ყველა დეტალი ერთად

საქარველოს პროკურატურა აქამდე უპრეცედენტო, სკანდალურ საქმეს იძიებს – დაკავებულია სასულიერო პირი, რომელიც, სავარაუდოდ, კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწამვლას შხამიანი ნივთიერებით – ციანიდით აპირებდა.

ეს გამოძიების ოფიციალური ვერსიაა, რომელსაც ბევრი არ იზიარებს. 

რა ვიცით ამ დროისთვის?

“უმაღლესი სასულიერო პირის მკვლელობის მომზადება” – ამ ბრალდებით 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასულიერო პირი და საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა.

მამალაძე სასულიერო პირების დელეგაციასთან ერთად მიემგზავრებოდა გერმანიაში იქ, სადაც ამჟამად იმყოფება კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ბერლინში 2 თებერვალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჩავიდა.

მამალაძის ბარგის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა მომწამვლელი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“ იპოვეს. დეკანოზი წინასწარ პატიმრობაშია. ციანიდი კი საქმეში მტკიცებულებად დევს.

დაკავების ფაქტი მთავარმა პროკურატურამ სამი დღის დაგვიანებით გაახმაურა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა.

მამალაძის დაკავების შესახებ განცხადება 13 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თავად მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გააკეთა.

პროკურატურის ვერსია

მთავარი პროკურორის განცხადებით, “მზადდებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა”.

სამართალდამცავებისთვის ცნობილია, ვინ იყო მამალაძის სავარაუდო მსხვერპლი, მიუხედავად იმისა, რომ მის ვინაობას ღიად არ აცხადებენ, როგორც სამართალდამცავების, ისე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდება მკაფიო მინიშნებები, რომ მამალაძის მსხვერპლი ქართული ეკლესიის წინამძღვარი, 84 წლის კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე უნდა ყოფილიყო.

პრესკონფერენციაზე არაერთხელ გაესვა ხაზი იმ გარემოებას, რომ მამალაძე სწორედ იმ ქვეყანაში აპირებდა ჩასვლას, სადაც ამჟამად ილია მეორე იმყოფება.

დეტალები პროკურატურის ბრიფინგიდან

2 თებერვალს პროკურატურაში მივიდა უცნობი პიროვნება, რომელმაც სამართალდამცავებს შეატყობინა, რომ გიორგი მამალაძე ციანიდის შეძენას აპირებდა.

სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო პროკურატურამ მამალაძის თვალთვალი.

პროკურორის თქმით, მამალაძეს ციანიდის მოპოვება ძალიან ეჩქარებოდა, რადგან აუცილებლად გერმანიაში გამგზავრებამდე უნდა შეეძინა. სანაცვლოდ, იგი სოლიდურ თანხასაც იხდიდა და სხვა არაკანონიერ სარგებელსაც ჰპირდებოდა საწამლავის შოვნის შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ 2 თებერვლიდან  მამალაძეს უთვალთვალებდნენ, საბოლოოდ ვისგან შეიძინა მან ციანიდი, ეს გამოძიებისთვის უცნობია.

გამოძიება არც იმ პირის ვინაობას ასახელებს, რომელმაც პროკურატურას აღნიშნული ინფორმაციით მიმართა.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ არსებობს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო მასალაც.

დანაშაულის მოტივად ანგარება სახელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამალაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი იოსებ ოხანაშვილი. ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები.

დეკანოზის საქმეს გრიფი საიდუმლო არ ადევს, თუმცა პროკურატურა მეტი დეტალის გასაჯაროებისგან თავს იკავებს, საქმის “სპეციფიკურობის” გამო.

მამალაძის დაკავების შემდეგ გაიჩხრიკა მისი საცხოვრებელი ბინა, საიდანაც ამოღებულია “კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა”.

პროკურატურის ინფორმაციით, მამალაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

დეტალებზე საჯაროდ არ საუბრობს არც დაკავებულის ადვოკატი გიორგი ფანცულაია. ადვოკატს პროკურატურისგან საქმის დეტალებზე საუბარი შეზღუდული აქვს, რადგან მას გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს ხელი.

მამალაძის წერილი პატრიარქს

პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ “რუსთავი 2”  საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთ ახალ დეტალს ასაჯაროებს.

ეს არის წერილი, რომელიც ვითომდა გიორგი მამალაძემ, როგორც საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის თავმჯდომარის მოადგილემ კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მისწერა.

წერილის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის. “რუსთავი2”-ის თქმით, წერილი ტელეკომპანიას კონფიდენციალურმა, სანდო წყარომ გადასცა.

სავარაუდოდ, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ დაწერილ წერილში საუბარია საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და ხელისუფლების ინტერესებზე საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული წერილით დეკანოზი მამალაძე პატრიარქს ანგარიშს აბარებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაა საპატრიარქოს ქონების ირგვლივ. მამალაძე წერილში ამბობს, რომ ჩაატარა სამთვიანი გამოძიება, გამოავლინა რამდენიმე უკანონობა, თუმცა ამ დარღვევებზე საუბრის უფლება სინოდის სხდომაზე არ მისცეს, ამიტომ პირადად პატრიარქს სთხოვს, დაინტერესდეს ამ საქმით.

წერილში აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს 100%-იანი წილით დაფუძნებული ორგანიზაციების სიაში არის ისეთებიც, რომლებიც უკანონოდ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. [საპატრიარქოს წილით დაფუძნებული ორგანიზაცია მოგებიანია იმიტომ, რომ საპატრიარქოს საქმიანობა არ იბეგრება, JAMnews]

ასევე, კერძო პირები სარგებლობენ იმ სასოფლო-სამეურნეო მიწებით, რომლებიც იურიდიულად ეკლესიის მფლობელობაშია და მათი კომერციული მიზნებისთვის გამოყენება არ შეიძლება.

წერილიდან ირკვევა, რომ საპატრიარქოს კლინიკას 5 მილიონიანი დავალიანება აქვს, რადგან კლინიკის მენეჯმენტი კორუფციულ გარიგებაშია ჩართული. წერილშივე მამალაძე ამბობს, რომ მასთან მივიდა ერთ-ერთი უმაღლესი სასულიერო პირი ქორეპისკოპოსი იაკობი და მოსთხოვა, კლინიკის შესახებ ინფორმაცია არ გაეხმაურებინა.

წერილში საუბარია სავარაუდო მუქარაზეც, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ არსებობდა.

წერილის ავტორი პატრიარქისგან საპატრიარქოს ქონებისა და ფინანსების აუდიტის ჩატარებას ითხოვს, რადგან მისი თქმით, საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებული ვითარება, აზიანებს ეკლესიის იმიჯს. უცვლელად ეს წერილი წაიკითხეთ აქ.

ვინ არის დეკანოზი გიორგი მამალაძე?

დეკანოზი გიორგი მამალაძე 31 წლისაა. დაბადებულია ქობულეთში. დეკანოზის ხარისხი 2010 წელს, 26 წლის ასაკში მიიღო.

470_pgpgpgp_58a1897410839

დაკავებამდე იგი საპატრიარქოს ბალანსზე არსებულ შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს“ ხელმძღვანელობდა. ასევე იყო საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, რაც საკმაოდ მაღალი თანამდებობაა.

მანამდე მამალაძე ბათუმში წმინდა ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარი იყო. “ნეტგაზეთის” ცნობით, მის სახელს უკავშირდება 2014 წელს ამ ეკლესიაში წამოწყებული სარემონტო სამუშაოები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა და ტაძრის ისტორიულ იერ-სახეს ამახინჯებდა.

გიორგი მამალაძე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი სასულიერო პირის, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის გუნდის წევრად და მასთან დაახლოებულ პიროვნებად მიიჩნევა. დიმიტრი შიოლაშვილი ილია მეორის ძმისშვილია და პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მის ყველაზე რეალურ მემკვიდრედ სახელდება.

2016 წელს პატრიარქმა დეკანოზი მამალაძე მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, რაც საეკლესიო იერარქიაში ერთ-ერთი მაღალი აღიარებაა.

როგორც პროკურატურის ბრიფინგზე ითქვა, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, გიორგი მამალაძეს სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. ჰქონდა ასევე პატრიარქის პირისპირ ნახვის შესაძლებლობაც. ამ ინფორმაციას “ნეტგაზეთთან” საუბარში ადასტურებს საპატრიარქოს მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველიც.

სად არის პატრიარქი?

რაც შეეხება კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ილია მეორეს 13 თებერვალს ბერლინის კლინიკაში ჩაუტარდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით და, ოფიციალური ინფორმაციით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

ილია მეორე ბერლინის კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება და რეაბილიტაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება.

სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა პატრიარქის პირველი ფოტო ოპერაციის შემდგომ.

16708285_10211667017728930_4917831476395196330_n

ილია მეორეს ბერლინში გაძლიერებული დაცვა ჰყავს. მასთან იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე.

ილია მეორეს წლებია, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. 84 წლის პატრიარქი სულ უფრო იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეში.

რას ამბობენ სასულიერო პირები?

ინფორმაციამ გიორგი მამალაძის მიერ, სავარაუდოდ, პატრიარქის მოწამვლის მცდელობასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია სასულიერო პირებს შორის.

ამ რეაქციებიდან კარგად ჩანს, რომ ეკლესიაში სერიოზული განხეთქილებაა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ წერდა JAMnews.

სამღვდელოების ერთ ნაწილს პროკურატურის ვერსია არ სჯერა, მეორე ნაწილი კი, ამბობს, რომ “ეკლესია მკვლელებისგან უნდა გაიწმინდოს”.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, სინოდის წევრი მეუფე პეტრე საპატრიარქოში არსებულ ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საპატრიარქოს რუხი კარდინალი პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილია. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ თეთრუაშვილი საპატრიარქოში ინტრიგებს ხლართავს, ის ასევე მონაწილეობს საპატრიარქოს ქონების მართვაშიც, “ამიტომ მამა გიორგის დანიშვნამ ქონების მართვის სამსახურში ამ ქალბატონს ყველაზე დიდი დისკომფორტი შეუქმნა,” – ამბობს მამა პეტრე ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას.

რა ხდება საპატრიარქოში?

თეოლოგების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პროცესები დაკავშირებულია იმ ბრძოლასთან, რომელიც საპატრიარქოში პატრიარქის ტახტის მემკვიდრის გამო მიმდინარეობს.

„დიდი ხანია ვიცით, რომ საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად იბრძვის ბათუმის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ძმისშვილია. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ თავად პატრიარქიც ნათესაობითი ხაზით უჭერს მხარს თავის მემკვიდრეს. მიიჩნევა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მიტროპოლიტ დიმიტრის წრიდანაა,” – ამბობს “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას თეოლოგი ბექა მინდიაშვილი. მას პროკურატურის მიერ გახმაურებული დანაშაულის ვერსიის არ სჯერა.

მისი განმარტებით, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლაში ერთ მხარეს არის დიმიტრი შიოლაშვილი და მისი მომხრეები და მეორე მხარეს სახელმწიფო, რომლისთვისაც შიოლაშვილი არ არის მისაღები კანდიდატი.

მინდიაშვილი ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერ ასახელებს პატრიარქის ტახტისთვის გამიზნულ სახელისუფლებო კანდიდატს, თუმცა ამბობს, რომ კანდიდატი აუცილებლად მორჩილი უნდა იყოს. ამასთან, ის ყურადღებას ამახვილებს მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციაზე, რომლის მიხედვითაც, – საუკუნეების მანძილზე, მცირედი გამონაკლისის გარდა, – პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლაში ძირითადად ამა თუ იმ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები იმარჯვებდნენ.

პოლიტიკოსების კომენტარები

ოპოზიცია პროკურატურის ვერსიას არ ენდობა და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რათა გაირკვეს საქმესთან დაკავშირებით მეტი დეტალი.

ირმა ნადირაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ფრაქცია “ევროპული საქართველოსთვის”: “გაუგებარია, როდესაც ადამიანი რისკავ და ციანიდით გადადიხარ საზღვარს. დაუჯერებელი ვერსიაა და უამრავი კითხვის ნიშანი გვაქვს”.

კითხვებს სვამენ სოციალური ქსელის მომხმარებლებიც, რომლებსაც საქმეში “ციანიდის” არსებობამ ბორჯიების ოჯახი და ეკატირინე მედიჩიც კი გაახსენა. ფეისბუკ-მომხმარებლების ის ნაწილიც, რომელიც ხელისუფლების ვერსიას არ გამორიცხავს, მეტ სიცხადეს ითხოვს საქმეში.

კითხვები პროკურატურასთან არ აქვთ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც პირველივე წუთიდან ნდობას უცხადებენ გამოძიების ვერსიას.

უმრავლესობის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები გუშინ ერთხმად უხდიდნენ მადლობას პროკურატურას იმის გამო, რომ “აგვარიდა უბედურებას” და “ოპერატიულად იმუშავა”.

მიუხედავად იმისა, რომ მამალაძე ჯერ მხოლოდ ბრალდებულია, ხელისუფლებას ეჭვი არ შეაქვს მის ბრალეულობაში. ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად მიანიშნებენ, რომ თავდასხმის სამიზნე, სავარაუდოდ, სწორედ პატრიარქი იყო.

პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: “ჩვენ ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან. აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ იმუშავეს ოპერატიულად და ეფექტურად. პირველივე წუთიდან ეს საქმე აყვანილი მყავს პირად კონტროლზე, ვაპირებ ცოტა ადრე გავეგზავრო მიუნჰენის კონფერენციაზე, რომ ბერლინში პირადად ვინახულო პატრიარქი”.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია “ქართული ოცნება” არჩილ თალაკვაძე: “პატრიარქის უსაფრთხოების დასაცავად მიღებული ზომები გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო. თუმცა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პატრიარქს ჩვენს გარდა და დაცვის წევრების გარდა იცავს ღმერთი და ლოცვა.

რა არის “ციანიდი”?

168c16a231bfb205c54877745fddf9db

“ნატრიუმის ციანიდი მყარი ნივთიერებაა, რომელიც მარილს ჰგავს და ზედაპირული დათვალიერებისას მისი განსხვავება მარილის ფხვნილისგან შეუძლებელია,”- განუცხადა “ნეტგაზეთს” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგემ რამაზ გახოკიძემ.

გახოკიძის თქმით, ციანიდები ძლიერი საწამლავებია. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, ისინი ასფიქსიას და მომენტალურ სიკვდილს იწვევს. მისი თქმით, ციანიდი გარეგან შემოწმებას არ ექვემდებარება.

“მყარი ნივთიერებაა, ვიზუალურად ვერ განასხვავებ მარილისა და შაქრისგან. იგივეა თქვენ რომ ჯიბეში ჩაიდოთ შაქარი ან შაქრის შემცვლელი, და გადაკვეთოთ საზღვარი. არანაირ რეაგირებას არ იძლევა [სასაზღვრო შემოწმებისას], ჩვეულებრივი მარილივითაა,” – ამბობს ქიმიკოსი.

  • 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა 83,5 პროცენტი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს. ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ბოლო წლებში ჩატარებულ ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვაში მართლმადიდებელი ეკლესია მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტია.
  • საქართველოს ეკლესიის სათავეში 1977 წლიდან დგას კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე (ილია შიოლაშვილი), რომლის ნდობის რეიტინგი სხვა ყველა საჯარო პირის რეიტინგზე განუზომლად დიდია და თითქმის ორჯერ უსწრებს პრეზიდენტისა და პრემიერის მაჩვენებლებს. სწორედ ილია მეორის პირადი ავტორიტეტი სახელდება საქართველოში ეკლესიის განსაკუთრებული პოპულარობის ერთ-ერთ მიზეზად.
  • დიდძალი ფულადი შემოსავლები, უძრავ-მოძრავი ქონება და კანონით განსაზღვრული უპირატესობები ეკლესიას დღეს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ორგანიზაციად აქცევს.
  • ეკლესია ყოველ წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებს  დაახლოებით 25 მილიონ ლარს. გარდა ამისა, მილიონობით ლარი საპატრიარქოს ადგილობრივი, მუნიციპალური ბიუჯეტებიდანაც გადაეცემა და ასევე, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან. საჯარო რეესტრის მონაცემებით, საპატრიარქოს საკუთრებაშია დიდძალი უძრავი ქონებაც – 565 მიწის ნაკვეთი და 243 შენობა-ნაგებობა, ჯამური ფართობით 1674 ჰა. ამ რაოდენობის ფართობზე ქალაქ მცხეთაზე დაახლოებით ექვსჯერ დიდი ქალაქი გაშენდებოდა. ამ ქონების დიდი ნაწილი  საპატრიარქოს სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა. აღნიშნულ ქონებას კერძო კომპანიებისა და მრევლის შემოწირულობაც ემატება. ეკლესია სხვა შეღავათებითაც სარგებლობს – სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, იგი არ იხდის გადასახადებს.

ასევე წაიკითხეთ