ეს ისტორია მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ რეგისტრირებული ქონების მასშტაბს აღწერს " />

საპატრიარქოს კაპიტალი. რა ქონებას ფლობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში?

ეს ისტორია მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ რეგისტრირებული ქონების მასშტაბს აღწერს

 

ფოტო: patriarchate.ge

საქართველოს საპატრიარქო მოსახლეობის 83-პროცენტიანი ნდობით სარგებლობს და ყველაზე გავლენიან და მდიდარ რელიგიურ გაერთიანებასთან ერთად, ქვეყნის ყველაზე დახურული ინსტიტუტიცაა.

ბოლო 25 წლის განმავლობაში ეკლესია აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. 90-იანი წლების დასაწყისიდან, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეკლესია სწრაფად იბრუნებს არა მარტო გავლენას, არამედ იმ დიდძალ ქონებასაც, რომელსაც ეს ინსტიტუტი მე-19, მე-20 საუკუნეებში ფლობდა.

ჟურნალი “ინდიგო” “ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ერთი წლის განმავლობაში იკვლევდა საპატრიარქოს რეგისტრირებული ქონების მასშტაბს. პროექტი “საპატრიარქოს კაპიტალი” საჯარო რეესტრიდან მოპოვებულ 5 ათასამდე დოკუმენტს აერთიანებს და აანალიზებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევაა, რომელიც ამ მიმართულებით ჩატარებულა. 

მთავარი, რაც გავიგეთ იმ ათასობით დოკუმენტიდან, რომელიც “ინდიგომ” მოიპოვა:

—   საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კაპიტალი საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან დღემდე შეუჩერებლად იზრდება.

—   საპატრიარქო დღეს ფლობს და განაგებს 62,7 კვადრატულ კილომეტრზე მეტ მიწას, რაც თითქმის ქალაქ ბათუმის ფართობს უტოლდება.

—   მიწების 96 პროცენტი საპატრიარქომ სახელმწიფოსა და კერძო პირებისგან საკუთრებაში და დროებით სამართავად უსასყიდლოდ მიიღო.

—   2002 წლიდან დღემდე საპატრიარქოსთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გადარიცხულია 285 მილიონ ლარზე მეტი.

—   ქართული ეკლესიის სათავეშია სინოდის 47 წევრი, რომელთაგან 41-ი ჩართულია საპატრიარქოს ბიზნეს საქმიანობაში. სინოდის წევრთა უმრავლეოსობა სოლიდური ქონების მფლობელია. 

—   საპატრიარქოს 40 ბიზნეს-კომპანია აქვს, 4 სხვა კომპანიაში წილი და 105 არასამთავრობო ორგანიზაცია.

—   საპატრიარქოს ბიზნეს და არასამთავრობო საქმიანობის მთავარი მიმართულებაა განათლების სფერო. თუმცა, ნავთობის იმპორტიოირი და ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანიებიც აქვთ.

 კანონმდებლობა

სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობას 2002 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კონსტიტუციური შეთანხმება არეგულირებს.

ეს დოკუმენტი კონსტიტუციის შემდეგ ყველაზე მაღალი იურიდიული ძალის მქონე აქტია საქართველოში. აღნიშნული შეთანხმება მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფოს თანასწორის სტატუსს ანიჭებს და სხვა რელიგიურ თემებთან შედარებით, განუზომლად დიდ პრივილეგიებს აძლევს.

ამ დოკუმენტის გამო ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ არაერთხელ გააკრიტიკა საქართველო. ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ:

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული შეთანხმებისთვის “კონსტიტუციური” სტატუსის მინიჭება სეკულარული სახელმწიფოს ყველანაირ პრინციპს ეწინააღმდეგება.

ეს კიდევ არაა ყველაფერი. პარლამენტს ამ დოკუმენტის არა თუ გაუქმება, მასში სულ მცირე ცვლილების შეტანაც კი, პრაქტიკულად, არ შეუძლია. კანონის თანახმად, დეპუტატების სამმა მეხუთედმაც რომ მოინდომოს, ვერაფერს შეცვლის, რადგან ნებისმიერი ცვლილებისთვის ეკლესიის თანხმობაა აუცილებელი.

ბევრად უფრო მარტივია საქართველოში თავად კონსტიტუციის შეცვლა.

1995 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში კონსტიტუცია 33-ჯერ შეიცვალა და ამჟამადაც მისი რადიკალურად შეცვლის პროცესი მიმდინარეობს.

რა პრივილეგიებს ანიჭებს მართლმადიდებელ ეკლესიას საკონსტიტუციო შეთანხმება?

ძალიან ბევრს. მაგალითად, ეკლესია არ იხდის გადასახადებს. კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად “ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია – მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.” გადასახადებში იგულისხმება მოგების, დამატებითი ღირებულებისა და ქონების გადასახადი.

ის სახელმწიფოს ექსკლუზიური პარტნიორია განათლების სფეროში. მაგალითად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას. ასევე, დოკუმენტში წერია, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლება ნებაყოფლობითია, თუმცა იმ დათქმით, რომ სასწავლო პროგრამის დადგენა, შეცვლა, მასწავლებლის დანიშვნა და გათავისუფლება ეკლესიის მონაწილეობით ხდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრივილეგია, ის არის, რომ ამ შეთანხმების მიხედვით, მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი ხელშეუვალობით სარგებლობს. ანუ ილია მეორის დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლება, ვიდრე ის პატრიარქია. კონსტიტუციის თანახმად, იმავე უფლებით ქვეყანაში კიდევ ერთი ადამიანი სარგებლობს – ქვეყნის პრეზიდენტი.

ასევე შეთანხმებაში წერია, რომ სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად აღიარებს მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს, მათ ნანგრევებს და ასევე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული. ბუნდოვანი ჩანაწერი – “მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინია განლაგებული” – ეკლესიას ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მაგალითად, ხშირად, საპატრიარქო სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ იღებს საძოვარ, სახნავ, სათიბ და ტყის ნაკვეთებს, სადაც ახლომახლო კი დგას ეკლესია, მაგრამ მას სულ რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი უჭირავს.

არცერთი ეს პრივილეგია არ აქვთ სხვა კონფესიებს.

რატომ მიაქვს ეკლესიას სახელმწიფო ქონება?

 მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ოფიციალურ განცხადებებში განმარტავენ, რომ ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული მიწები და ფული იმ ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც ეკლესიას მე-19 და მე-20 საუკუნეებში ჯერ რუსეთის იმპერიამ, შემდეგ კი საბჭოთა კავშირმა მიაყენა. სწორედ ამ ქონებას იბრუნებს ეკლესია უკვე 27 წელია, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ის ფაქტი, რომ სახელმწიფო არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ მეფის რუსეთის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებაზეც იღებს პასუხისმგებლობას, დიდ ბუნდოვანებას აჩენს. კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის ჩანაწერების მიხედვით, 1860 წლამდე, მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე მსხვილი ფეოდალური ორგანიზაცია იყო და სამეფოებად დანაწევრებული ქვეყნის სხვადასხვა მხარეში, აურაცხელ ქონებასა და ტერიტორიას ფლობდა – 700 000 ჰექტარ მიწის ფართობს, მონასტრებს, საგანძურს და ასევე უამრავი საეკლესიო ყმასაც.

კონკრეტულად რა ოდენობის ზარალის ანაზღაურებაზეა საუბარი?

ეს არავინ იცის. 2002 წელს მიღებული კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, უნდა შექმნილიყო სპეციალური კომისია, რომელიც ზუსტად დაითვლიდა ზიანის ოდენობას. ეს კომისია სულ რამდენჯერმე შეიკრიბა, თუმცა ზიანის ოდენობა არ დაუთვლია. შესაბამისად, დღემდე უცნობია, რის საფუძველზე უხდის მთავრობა ყოველწლიურად ეკლესიას ფულს, კიდევ რამდენი დარჩა გადასახდელი და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი.

საბჭოთა მთავრობის მიერ ჩამორთმეული ყველა საკულტო ნაგებობა საპატრიარქომ, ჯერ კიდევ 1990 წელს დაიბრუნა.

ხოლო 2002 წელს გაფორმებული შეთანხმების შემდეგ სახელმწიფომ საპატრიარქოს 6 270 ჰექტარი მიწის ფართობი გადაუფორმა და სახელმწიფო ხაზინიდან მინიმუმ 285 მილიონი ლარი გადასცა.

რა სქემით ხდება ეკლესიისთვის მიწების გადაცემა?

ნაკვეთების ეკლესიის საკუთრებად დარეგისტრირება“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს დაიწყო.

უძრავი ქონების ეკლესიისთვის გადაცემის პროცესი ასეთია: პრეზიდენტი გასცემს ბრძანებულებას; შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აფორმებს ნასყიდობის ხელშეკრულებას; ბოლოს კი, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი ქონებას, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, ან 1 აშშ დოლარად ყიდულობს. “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს შექმნილი მიწის გადაცემის ეს სქემა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც შენარჩუნდა.

მიწების დიდი ნაწილი საპატრიარქოს უსასყიდლოდ ან დროებით მმართველობაში აქვს გადაცემული. ამასთან, ხშირად არ არის დაზუსტებული, რამდენია ეს “დროებითი მმართველობა”.

საჩუქრები: დასაუთოებელი მაგიდა და სამშობიარო სახლი

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საჯარო დოკუმენტებში ჩანს, რომ სახელმწიფო საპატრიარქოს მიწების და ფულის გარდა სხვა სახის საჩუქრებსაც უძღვნის. საჩუქრების სია საკმაოდ ეკლექტურია. საჩუქრების შორისაა დასაუთოებელი მაგიდაც, ავტომობილებიც და საავადმყოფოც.

სამშობიარო სახლი და კარდიოლოგიური კლინიკა თბილისში, რომელიც საპატრიარქომ ედუარდ შევარდნაძის მთავრობისგან მიიღო; ასევე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გადაცემული – ათი ათას ცალი აგური, 885 ლარის მორი, ხმის გამაძლიერებელი სისტემა, 80 კგ. თითბერი და “ქართული ოცნების” ძღვენი – 32 ცალი ქუდი, კომპასი, ქამარი, ფეხსაცმელი, 16 ცალი მათარა, 1 სეიფი, ალუმინის ქვაბი, 2 ავტობუსი, ათი ათასი ცალი ტუფის ქვა და სხვა.

25 მილიონი ყოველ წელს

მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დათვლილი არ არის, სახელმწიფო საპატრიარქოს ყოველწლიურად ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონ ლარს ურიცხავს.

კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმებიდან დღემდე ბიუჯეტიდან ეკლესიისთვის 285 მილიონია გადარიცხული.

საპატრიარქო თავის განცხადებებში ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფოსგან მიღებული 25 მილიონი არის რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ეკლესია ამ ფულს ისევ საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სოციალური საქმიანობის დასაფინანსებლად იყენებს.

როგორ ხარჯავს საპატრიარქო მთავრობისგან მიღებულ მილიონებს, საჯარო ინფორმაცია არ არის. სახელმწიფო არ აკონტროლებს, თუ რა მიზნით მოიხმარს ეკლესია ბიუჯეტიდან გადარიცხულ ფულს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, საპატრიარქოს ფინანსების შემოწმება არ შეუძლია.

კვლევაში კარგად ჩანს, რომ ყველაზე მეტ დაფინანსებას და მიწებს ეკლესია იმ დროს იღებს, როდესაც ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ან სოციალური ვითარებაა. ამ გზით, ხელისუფლება ცდილობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის ლოიალობა მოიპოვოს, – აღნიშნავენ ექსპერტები.

საპატრიარქოს ბიზნესი

“ინდიგოს” მიერ მოძიებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 1997 წლიდან დღემდე, საპატრიარქომ 40 კომპანია დააფუძნა, 4 სხვა კომპანიაში წილი შეიძინა და 105 არასამეწარმეო-არაკომერციული იურიდიული პირი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია დაარეგისტრირა.

“ინდიგოს” კვლევამ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა – საპატრიარქოს უმთავრესი ბიზნეს-ინტერესი და მის მიერ დაფუძნებული კომპანიების თუ ორგანიზაციების უმრავლესობის საქმიანობა განათლების სფეროს უკავშირდება.

განათლება საპატრიარქოს აშკარა პრიორიტეტია. 44 კომპანიიდან 22-ის საქმიანობის სფერო სწორედ განათლებაა; 105 არაკომერციული ორგანიზაციიდან უმეტესობა ან უნივერსიტეტია, ან სამრევლო და საეკლესიო სკოლა. საპატრიარქოს ალტერნატიული განათლების სისტემის მთავარი მიზანი ახალგაზრდების ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისად აღზრდაა.

განათლების შემდეგ, საპატრიარქოს ინტერესების სფეროში მეორე ადგილზეა სოფლის მეურნეობა, შემდეგ მშენებლობა, ჯანდაცვა და მედია.

საჯარო დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული ერთი კომპანია ნავთობ პროდუქტების იმპორტითა და რეალიზაციითაა დაკავებული, ერთი კი ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებს. საპატრიარქო ასევე რაგბის კლუბ “ბაგრატსაც” ფლობს.

არავინ იცის, რა ფული შედის სახელმწიფო ბიუჯეტში ამ კომპანიებიდან. იხდიან თუ არა ისინი გადასახადებს? თუ ნავთობროდუქტები და ალკოჰოლიც “საეკლესიო მოთხოვნილების საგნების” კატეგორიაშია შედის და კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათები ეხება.

ინფორმაცია კომპანიების ფინანსური მდგომარეობისა და მათ მიერ ბიუჯეტისთვის გადახდილი გადასახადების შესახებ საჯარო არ არის. შემოსავლების სამსახურს, კანონის მიხედვით, არც იმის გათქმა ევალება, შეუმოწმებიათ თუ არა ოდესმე საპატრიარქოს მფლობელობაში მყოფი კომპანიები და აღმოუჩენიათ თუ არა იქ რაიმე სახის ფინანსური დარღვევა.

ყველაზე მდიდარი სინოდის წევრები

საჯარო დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ წმინდა სინოდის 47 წევრიდან უმრავლესობა საკმაოდ მდიდარი ადამიანია. ბევრი მათგანი დიდი ოდენობით მიწას, სხვა უძრავ ქონებას და 41-ი მათგანი ჩართულია საპატრიარქოს ბიზნეს საქმიანობაში.

სინოდის თავმჯდომარე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საჯარო რეესტრის მონაცემებით უძრავ ქონებას არ ფლობს. ერთადერთი საკუთრება, მცხეთაში არსებული მიწის ნაკვეთი პატრიარქმა 2008 წელს თავის ძმისშვილს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრს გადასცა საჩუქრად. პატრიარქის გარდა, სინოდში არის კიდევ მხოლოდ 5 წევრი, რომელთა სახელზეც საჯარო რეესტრში არავითარი ქონება არ ირიცხება.


ასევე წაიკითხეთ