სომხეთის პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ყარაბაღისა და ქვეყნისთვის სხვა აქტუალურ საკითხებზე საუბრობდა" />

„ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში არ იქნება“ – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ყარაბაღისა და ქვეყნისთვის სხვა აქტუალურ საკითხებზე საუბრობდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ფაშინიანის სიტყვა 17 წუთს გრძელდებოდა. გთავაზობთ მისი სიტყვიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვან გზავნილებს.

რევოლუცია და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თავის გამოსვლა ნიკოლ ფაშინიანმა „ხავერდოვანი რევოლუციით“ დაიწყო. ის კიდევ ერთხელ მოჰყვა, თუ როგორ მოახერხეს მან და მისმა მომხრეებმა ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა.

 „სომეხმა ხალხმა იმ რევოლუციაში, რომელსაც არავინ მოელოდა, უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. ძალადობის, მსხვერპლის და არეულობის გარეშე. ჩვენ მიზნად ვისახავდით სიყვარულისა და სოლიდარობის რევოლუცია მოგვეხდინა. ჩვენ სულ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ნებისმიერ ძალადობას გამოვრიცხავთ. როდესაც… ჩვენი არაძალადობრივი პრინციპისადმი ერთგულება ვუჩვენეთ, მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ მთელი ჩვენი ქვეყანა აღდგა, ერთობითა და სოლიდარობით. ჩვენ გამარჯვებისთვის მშვიდობიანი დემონსტრაციების ფარგლებში  ერთი გასროლაც კი არ დაგვჭირვებია, ასევე არ ყოფილა  არც ერთი მსხვერპლი“.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე გაიხსენა, რომ სომხეთის პარლამენტმა ის პრემიერად საზოგადოების ზეწოლით აირჩია. თანაც მან აღნიშნა, რომ ეროვნული საკრებულოს ახლანდელი შემადგენლობა ხალხის ნებას არ გამოხატავს, რადგან წინა არჩევნები გაყალბდა.

 „სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად მნიშვნელოვან გამოცდად იქცა  ერევნის ქალაქის უხუცესთა საბჭოს არჩევნები, რომელიც ნიუ-იორკში ჩემს გამგზავრებამდე ჩატარდა. ის ფაქტი, რომ გამარჯვებულს ყველა კანდიდატმა მიულოცა და არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ, სომხეთში ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნაზე მეტყველებს.  სწორედ იგივე სულისკვეთებით ვემზადებით სომხეთში საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სომხეთის უცვლელ რეალობად იქცევა“ .

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ მისი ხელისუფლება ხალხის ნების გამოხატვის გარანტიას არამხოლოდ არჩევნების საშუალებით იძლევა, არამედ რეფერენდუმებითაც.

სირია და ყარაბაღი

პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი თავის სიტყვაში გლობალური კრიზისების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ   სომხეთი მზადაა სირიაში ჰუმანიტარული მისიის გასაფართოვებლად.

 „სომეხთა დიდი თემი სირიაში, გაგრძელებული კრიზისის გამო,  ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას. სომხეთი წვლილის შეტანას ცდილობს, და ყველაზე მოწყვლად რეგიონებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. სომხეთი მზადაა თავისი ჰუმანიტარული მისია გააფართოვოს, რომელიც სირიაში ჩვენი თემის საარსებო საჭიროებების გადაწყვეტისკენაა მიმართული“.

სომხეთის ლიდერი  ყარაბაღის კონფლიქტის თემასაც შეეხო.  მან კიდევ ერთხელ გამოთქვა თავისი თეზისი იმის შესახებ, რომ არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

 „თუკი აზერბაიჯანი მართლაც მშვიდობიანი დარეგულირების პრინციპების  ერთგულია, მან მოლაპარაკებები ამ კონფლიქტის მთავარ მხარესთან – მთიან ყარაბაღთან  უნდა დაიწყოს. აზერბაიჯანი შემთხვევას არ უშვებს, არ აღნიშნოს, რომ ყარაბაღი მისი ტერიტორიების ნაწილი უნდა იყოს. იმავდროულად ის აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. კითხვა შემდეგშია: როგორ შეუძლია აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის მიმართ პრეტენზიების გამოთქმა ისე, რომ მას არ ელაპარაკოს? ეს როგორ უნდა მოხდეს? ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი აზერბაიჯანის ხელისუფლებას ტერიტორიის მიღება სურს, და არა – ხალხის“.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხებისგან ყარაბაღის გაწმენდისკენ მიისწრაფვის.

 „ამგვარად, მთიანი ყარაბაღი შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ ყარაბაღისთვის აზერბაიჯანის ნაწილად ყოფნა სრულ განადგურებას ნიშნავს. ამრიგად, ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილი არ უნდა გახდეს, რათა სომეხი ხალხის ახალი გენოციდი აღიკვეთოს“.

ფრანკოფონიის სამიტი

სიტყვის დასასრულს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა, რომ რამდენიმე კვირაში სომხეთში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტი გაიმართება და ყველა ერევანში მიიწვია.

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ