ექსპერტი ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ მხარეთა პოზიციებზე საუბრობს" />

ყარაბაღის კონფლიქტი: „მშვიდობის შესახებ სერიოზული საუბარი შედგა“

ექსპერტი ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ მხარეთა პოზიციებზე საუბრობს

29 მარტს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა შედგა. ყარაბაღის კონფლიქტის საკითხთა ექსპერტი თათულ აკოფიანი იმ ჟურნალისტების რიცხვში იყო, რომლებიც ავსტრიის მოლაპარაკებებს აშუქებდნენ. გთავაზობთ მისეულ შეფასებას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ვენის სასტუმრო „ბრისტოლში“: შეიცვალა თუ არა მხარეთა პოზიციები და რას შეიძლება ველოდეთ უახლოეს მომავალში.

მოლაპარაკებების დასრულებისთანავე

ვიდრე ვენიდან უკან, ერევნისაკენ მიმავალი სამთავრობო ბოინგი სიმაღლეს კრეფდა, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თვითმფრინავში ჟურნალისტებთან რიგ-რიგობით მიდიოდა, ხელს ართმევდა და თავშეკავებული ღიმილით ეკითხებოდა:

– როგორ ხართ, ყველაფერი რიგზეა?

როდესაც ჩემთან მოვიდა, მე თვითონ ვკითხე:

– როგორ ხართ, ყველაფერი რიგზეა? ალიევთან შეხვედრის შემდეგ რა განწყობა გაქვთ?

– კარგი, ძალიან კარგი, – დარწმუნებით თქვა მან.

სომხეთის პრემიერს ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან ვიცნობ, მის ჟურნალისტურ და პოლიტიკურ კარიერას ოცი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი, მისგან მრავალი ინტერვიუ ამიღია და ხავერდოვანი რევოლუციის დღეებში მასთან ერთად ათობით კილომეტრი გავიარე [საპროტესტო მოძრაობა 2018 წლის აპრილში, რომელიც სომხეთის მეორე ქალაქ გიუმრიდან ერევნისკენ მსვლელობით დაიწყო, შემდეგ კი მისი მონაწილეები მსვლელობებს დედაქალაქში მართავდნენ – JAMnews]. ის ასეთი მშვიდი და დაწყნარებული არასდროს მინახავს, როგორიც – ვენიდან ერევნისკენ მიმავალ თვითმფრინავში.

• ალიევის და ფაშინიანის პირველი ოფიციალური შეხვედრის შეჯამება

იცვლება თუ არა ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ საქართველოს პოზიცია?

სომხეთის პრემიერი დიდ პოლიტიკის, აზერბაიჯანთან პირდაპირი საუბრის, შაბათობისა და საკუთარი ოჯახის შესახებ

მოლაპარაკებების პირველი შეფასება                                    

მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ავსტრიის სომხურ თემთან შეხვედრისას ფაშინიანი დაელოდა, ვიდრე აპლოდისმენტები და შეძახილები „ნი-კოლ, ნი-კოლ“ დაცხრებოდა და მაშინვე მოლაპარაკებების შესახებ დაიწყო ლაპარაკი. მან პრეზიდენტთან შეხვედრა აქაც დადებითად შეაფასა.

 „ვერ ვიტყვი, რომ მოლაპარაკებებში გარღვევა, რევოლუცია მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო პროცესი, რომელიც იმ საკითხებზე ლაპარაკის საშუალებას გვაძლევს, რაც ჩვენს დღის წესრიგში დგას. ეს ძალიან ღრმა, სერიოზული პრობლემაა, და მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმ ატმოსფეროს არსებობა, რომელშიც საკუთარი პოზიციების გამოთქმას, საუბარს და ერთმანეთის გაგებას შევძლებთ“,  – თქვა პრემიერმა ვენაში სომხეთის საელჩოს ხალხით სავსე დარბაზში.

სომხეთის პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვენაში შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ის რიგით მეოთხე იყო, თუმცა პირველი იყო, სადაც ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესი არსებითად განიხილებოდა.

2016 წლის აპრილის ომიდან – სამი წლის, და 2018 წლის აპრილის ხავერდოვანი რევოლუციიდან ერთი წლის შემდეგ ყარაბაღის საკითხის მოგვარების ახალი ეტაპი დადგა. კონფლიქტის მხარეები და საერთაშორისო მოთამაშეები დაზავების გამყარებაზე, კონფლიქტის მხარეებს შორის უშუალო კავშირის მექანიზმების გაუმჯობესებაზე, ჰუმანიტარულ სფეროში შესაძლო თანამშრომლობასა და მშვიდობისთვის ხელის შემწყობი ატმოსფეროს შექმნის აუცილებლობაზე უფრო დაბეჯითებით საუბრობენ.

სწორედ მტრული განცხადებებისა და სიძულვილის პროპაგანდის გამომრიცხავ ატმოსფეროში ხდება შესაძლებელი კონსტრუქციული დიალოგის გამართვა, სადავო საკითხებზე მსჯელობა და მხარეებისთვის, თუნდაც მტკივნეული, მაგრამ სიტუაციიდან ღირსეული გამოსავლის მოძებნა – გადაწყვეტილება, რომელიც რეგიონს და მის ხალხს ხანგრძლივ მშვიდობას მოუტანს.

სომხეთის პოზიცია

რა საკითხებია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების პროცესში ოფიციალური ერევნისთვის:

პირველი. ფაშინიანს არაერთხელ უთქვამს, რომ სომხეთს არ აკმაყოფილებს ის ფორმატი, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მოქმედებს – ერევანი-ბაქოს უმაღლესი დონის შეხვედრები, რომელშიც სტეფანაკერტი არსებითად წარმოდგენილი არ არის.

ყარაბაღის მხარის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან სომხეთი, რომელიც მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების ერთადერთ გარანტს წარმოადგენს, მოლაპარაკებებზე, შესაძლო პროგრესსა და კონფლიქტის გადაწყვეტაზე, რაც მთავარია, ხანგრძლივ მშვიდობაზე სრულფასოვან პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

მეორე. ერევნისთვის ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა წერტილიდან გაგრძელდება მოლაპარაკებები. ფაქტობრივად, პროცესი 2001 წელს ყაზანში შეჩერდა, როდესაც ალიევმა დარეგულირების სამუშაო დოკუმენტი უარყო. 2016 წლის აპრილში კონფლიქტის მოგვარებას სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ოთხდღიანმა ომმა, რომელიც არც ბაქოს გამარჯვებად იქცა და არც ერევნისა და სტეფანაკერტის დამარცხებად. მაგრამ ამ ომმა მოლაპარაკებების საფუძველი შეარყია და მხარეებს შორის ნდობა მინიმუმამდე დაიყვანა.

მესამე. თუკი კონფლიქტის მოგვარების საფუძველს მადრიდის დოკუმენტი ან მისგან წარმოქმნილი სამპრინციპიანი ვარიანტი წარმოადგენს:

  • ეროვნული თვითგამორკვევა;
  • ტერიტორიული მთლიანობა;
  • ძალის გამოყენების ან ძალის გამოყენების შესახებ მუქარის გამორიცხვა

მისი ექვსი ელემენტით:

  • მთიანი ყარაბაღის გარდამავალი სტატუსი;
  • აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნება;
  • სახმელეთო კორიდორი სომხეთსა და ყარაბაღს შორის;
  • მთიანი ყარაბაღის საბოლოო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა;
  • დევნილებისა და იძულებით გადასახლებული პირების დაბრუნება;
  • უსაფრთხოების გარანტიები;

მაშინ ეს პუნქტები დაზუსტებას მოითხოვს, რათა ყველა პუნქტის სხვადასხვაგვარად წაკითხვის შესაძლებლობა გამოირიცხოს.

მეოთხე. სომხეთს აინტერესებს: კონფლიქტი მართლაც მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, თუ აზერბაიჯანული მხარე ალტერნატივად ომის განხილვას გააგრძელებს, როგორც ეს 2016 წლის აპრილში მოხდა? საჭიროა თუ არა კონფლიქტში ჩართული საზოგადოების მშვიდობისთვის მზადება, თუ საომარ რიტორიკას და სიძულვილის პროპაგანდას ვუბრუნდებით?

შეიცვალა თუ არა აზერბაიჯანის პოზიცია?

აზერბაიჯანში მოლაპარაკებებში სომხეთის ყოფილი პრეზიდენტების რობერტ კოჩარიანისა და სერჟ სარგსიანის როლი ახლანდელი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის როლისგან გამიჯნულია. თანაც, მათდამი დამოკიდებულებას ის განსაზღვრავს, რომ პირველი ორი მთიან ყარაბაღში დაიბადა და ომში მონაწილეობდნენ, ფაშინიანი კი სომხეთში დაიბადა, და დიდი ანგარიშით, ომთან ან კონფლიქტთან კავშირი არ ჰქონია. თუმცა, ყარაბაღის კონფლიქტისადმი სომხეთის მხარის მიდგომას პიროვნებები არ განაპირობებენ, რადგან ეს მთელი სომეხი ხალხის უსაფრთხოების საკითხია.

აზერბაიჯანისთვის ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რა წერტილიდან გაგრძელდება მოლაპარაკებები. ბაქო ისევ მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევა მხოლოდ საბჭოთა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში შეიძლება განიხილებოდეს.

ბაქოსთვის მოლაპარაკებების ერთადერთ მისაღებ ფორმატს ერევანთან მაღალ დონეზე გამართული მოლაპარაკებები წარმოადგენს. ამით აზერბაიჯანი ცდილობს, საერთაშორისო დონეზე იმის აღქმა გაამყაროს, რომ  ეს კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის ტერიტორიულ დავას წარმოადგენს, და სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი დაიპყრო.

ფაშინიანი მიღებული „მემკვიდრეობით“ უკმაყოფილოა

ფაშინიანი საჯარო გამოსვლებისა და კერძო საუბრების დროს არ მალავს, რომ სერჟ სარგსიანის მიერ დატოვებული მოლაპარაკებების „მემკვიდრეობით“ უკმაყოფილოა.

პირველი. ფაშინიანს აღელვებს, რომ ის მოლაპარაკებების პროცესს იმ სიტუაციაში აგრძელებს, როდესაც მოკავშირე სახელმწიფოები დარწმუნებულები არიან, რომ მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ხუთი რაიონი, რაიმე სტატუსის გარეშე, აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნდეს.

მეორე. მადრიდის პრინციპები, ან 6 ელემენტისგან შემდგარი 3 პრინციპი, რომელთა შესახებაც კოჩარიანის და სარგსიანის პრეზიდენტობის დროს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მიუღებელია, ვიდრე მათი სხვადასხვაგვარად წაკითხვის შესაძლებლობა არსებობს.

ახლახან სტეფანაკერტში ფაშინიანმა მოლაპარაკებების პროცესისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები გაახმოვანა:

  • იღებს თუ არა სომხეთი 6 ელემენტისგან შემდგარ 3 პრინციპს, რასაც ეუთოს მინსკის ჯგუფის თავმჯდომარეები მოლაპარაკებების საფუძვლის სახით სთავაზობენ?
  • რას შეიძლება ნიშნავდეს ეს პრინციპები პრაქტიკაში და ვინ არის მათ განმარტებაზე უფლებამოსილი?

ის, როგორც ეს პრინციპები აზერბაიჯანს ესმის, სომხეთისთვის მიუღებელია, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მესამე. უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ხალხის მშვიდობისთვის მზადება. ფაშინიანს მიაჩნია, რომ ხალხის მშვიდობისთვის მზადება მოლაპარაკებებში ჩართული ერთი-ერთი მთავრობის ამოცანა ვერაფრით იქნება, ეს ერთობლივი სამუშაოა. ფაშინიანის მიერ გაკეთებული მშვიდობისთვის მზადების განცხადებები რევოლუციური, უჩვეულო და უპრეცედენტოა:

 „აზერბაიჯანელი ხალხის მშვიდობისთვის მზადება არამხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ სომხეთის ხელისუფლების მონაწილეობითაც უნდა მიმდინარეობდეს. ყარაბაღის საკითხის მოგვარების ნებისმიერი ვარიანტი სომხეთის, აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლებისთვის მისაღები უნდა იყოს. ეს იყო ჩემი წვლილი არამხოლოდ სომხეთისა და ყარაბაღის მაცხოვრებელთა, არამედ აზერბაიჯანელი ხალხის მშვიდობისთვის მზადებაში.

ჩვენ აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან შესაბამის განცხადებებსა და ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მზად ვარ, დიალოგი არამხოლოდ პრეზიდენტთან გავაგრძელო, არამედ აზერბაიჯანელ ხალხთანაც, რადგან დარწმუნებული ვარ: აზერბაიჯანელი ხალხი ისეთივე მშვიდობისმოყვარეა, როგორც – სომხეთის და მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლები“.

მეოთხე. ფაშინიანი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში მთიანი ყარაბაღის მონაწილეობა – ეს სომხეთის ახირება არ არის, და მით უფრო – არც წინაპირობა. ეს იმ ფაქტის უბრალო კონსტატაციაა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში სტეფანაკერტის ჩართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ფაშინიანი აღნიშნავს, რომ მას შეუძლია და უფლებაც აქვს, რომ მოლაპარაკებები სომხეთის სახელით წარმართოს, თუმცა კონფლიქტი მთიან ყარაბაღს ეხება. აქედან გამომდინარე, სტეფანაკერტის პოზიციას ვინმე უნდა წარმოადგენდეს. მთიან ყარაბაღში არის არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული ხელისუფლება. ამავდროულად, ყარაბაღის მოსახლეობა სომხეთის არჩევნებში არ მონაწილეობს.

 „მათ ჩემთვის თავიანთი ინტერესების სადმე წარდგენის მანდატი არ მოუციათ. მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლებს ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლები, რომლებიც მოლაპარაკებების პროცესში უნდა მონაწილეობდნენ“, – აღნიშნავს ფაშინიანი.

ვენაში შეხვედრის შემდეგ ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ „მოლაპარაკებების ფორმატი ისევ ძველებური დარჩა, და მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს, როგორც ეს მრავალი წლის განმავლობაში იყო“.

დასკვნა

მოლაპარაკებების ფორმატი უდავოდ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა წერტილიდან განახლდება მოლაპარაკებები. თუმცა, ეს საკითხები, დიდი ანგარიშით, მოგვარებადია.

ყველაზე მთავარი სხვა რამაა: სურთ თუ არა მხარეებს მშვიდობა, თუ მშვიდობის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ ამ მშვიდობისთვის საფასურის გადასახდელად მზად არ არიან. თუკი ისინი მტკივნეული კომპრომისებისთვის მზად არ არიან, მაშინ სიტუაცია „არ ომი, არც მშვიდობა“ კიდევ ათეული წლების განმავლობაში შენარჩუნდება, სულ ახალი ადამიანების სიცოცხლეს შეიწირავს, და აპრილის ომის მსგავს, ოღონდ სახელწოდებაშეცვლილ ომებს გაუხსნის კარს.

 

თათულ აკოფიანი –ქსელური გამოცემა „სივილ ნეტ“-ის ანალიტიკოსი, სომხური კვლევების ცენტრის „ანი“-ს კოორდინატორი და წიგნების  – „მწვანე და შავი: არცახული დღიური“ და „ხედვა არარატიდან: სომხები და თურქები“ – ავტორი.

 


ასევე წაიკითხეთ