კომენტარები ბაქოდან, ერევნიდან და თბილისიდან" />

იცვლება თუ არა საქართველოს პოზიცია ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით?

კომენტარები ბაქოდან, ერევნიდან და თბილისიდან

2019 წლის დასაწყისიდან, რამდენიმე მოვლენამ მიიპყრო აზერბაიჯანი-სომხეთი-საქართველოს სამკუთხედის ექსპერტების ყურადღება ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებთან დაკავშირებით. კერძოდ, დისკუსია გამოიწვია:

• საქართველოს სომხურ სოფელში, ყარაბაღის ომის მონაწილე სომეხი მებრძოლის ძეგლის დადგმამ. აზერბაიჯანულ და ქართულ სოციალურ ქსელებში ბევრი შეშფოთდა, ექსპერტები საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველომ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის პრინციპი დაარღვია.

•  თებერვალში, ქართველი დეპუტატის სკანდალურმა გამოსვლამ, ქართველების უფლებებზე აზერბაიჯანში და აზერბაიჯანელებისაზე – საქართველოში. უფლებადამცველებმა დეპუტატი საქართველოს მოქალაქეების ეთნიკურ სეგრეგაციაში დაადანაშაულეს.

• საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებმა ბაქოში ვიზიტისას 27 თებერვალს და ერევანში სტუმრობისას, 13 მარტს. სალომე ზურაბიშვილმა ქართულ-აფხაზური და ყარაბაღის კონფლიქტები შეადარა და თქვა, რომ ორივეს ოკუპაცია უდევს საფუძვლად. და ისევ დაიწყო დისკუსია იმაზე, რომ საქართველომ დაარღვია ნეიტრალიტეტი სომხეთისა და აზერბაიჯანის, როგორც ყარაბაღის კონფლიქტის მხარეების მიმართ.

ნამდვილად იცვლება თუ არა საქართველოს პოზიცია ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით? ეს კითხვა დავუსვით ექსპერტებს ბაქოში, ერევანსა და თბილისში.

აზერბაიჯანი

ელჰან შაჰინოღლუ, კვლევითი ცენტრის, „ატლასის“ დირექტორი:

„სომხეთში, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია მშვიდობით საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის. ზურაბიშვილის ეს სიტყვები შესაბამის კონტექსტში უნდა გავიგოთ – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი ომის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, გამწვავდება სიტუაცია საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის. ახალი ომის შემთხვევაში, საქართველო გვერდით დარჩენას ვერ შეძლებს. სამწუხაროდ, ზურაბიშვილმა ერევანში სიტყვით გამოსვლისას არ გაიმეორა ის, რაც თქვა ბაქოში – რომ კონფლიქტები უნდა გადაიჭრას ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით. ანუ მან ბაქოში ერთი ილაპარაკა, ერევანში – მეორე.

ბაქოში კიდევ ერთი კითხვა გააჩინა იმან, რომ ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტი დაპატიჟა ბათუმში გასამართ სატრანსპორტო კომუნიკაციების კონფერენციაზე. სამხრეთ კავკასიაში ძირითადი სატრანსპორტო კომუნიკაციები გადის აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით – სომხეთის გვერდის ავლით. ამიტომ, თუკი სომხეთი მიიღებს კონფერენციაში მონაწილეობას – შესაძლოა, კითხვის ქვეშ დადგეს აზერბაიჯანის მონაწილეობა. იმდენად, რამდენადაც აზერბაიჯანი არ მონაწილეობს სომხეთთან საერთო რეგიონულ პროექტებში.

ამიტომ, საქართველოს არჩევანის გაკეთება მოუწევს“.

შაჰინ რზაევი, JAMnews-ის პოლიტიკური კომენტატორი:

„პრეზიდენტი საქართველოში – ნომინალური ფიგურაა. ხელისუფლებაში იგივე პარტია, „ქართული ოცნება“ დარჩა, აქედან გამომდინარე, საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ვექტორის რაიმე ცვლილებაზე, არ უნდა იყოს.

2012 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამ, აზერბაიჯანი საქართველოსთან დააახლოვა. საქართველოს წინა ხელისუფლება უფრო მეტად პროდასავლური იყო – და ამიტომ, აზერბაიჯანისა და სომხეთის ავტორიტარულ მმართველებს „თვალში ეკალივით ესობოდა“. 2012 წლის შემდეგ, უფრო ადვილი გახდა მოლაპარაკება, მათ შორის, პირად დონეზე.

მაგალითად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება, გაცილებით რთულად წარმოსადგენია სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში.

მეზობლების ურთიერთობისთვის სერიოზული გამოცდა იყო ჯავახეთის რეგიონში მომხდარი ინციდენტი, როდესაც სომეხ ბოევიკს გაუხსნეს ძეგლი და თანაც, ღონისძიებაში საქართველოს ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ.

სხვადასხვა ვერსია იყო იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო. მათ შორის, საუბრობდნენ იმაზეც, რომ ეს მესამე ქვეყანამ მოიფიქრა საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის გეგმა ეროვნებათაშორისი კონფლიქტების გაღვივებით.

ჩემი აზრით, ამას ეს გამოთქმა უფრო შეეფერება: „არ უნდა ეძებო ღრმა აზრი იქ, სადაც ყველაფრის ახსნა ბანალური სისულელით შეიძლება“.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის სხვა გამონათქვამებს – მაგალითად, „ოკუპაციის“ შესახებ – უნდა გავიხსენოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ადრეც უშვებდა ასეთ ლაფსუსებს. ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში არანაირი ცვლილებები არაა, მით უმეტეს, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით“.

სომხეთი

აკოფ ბადალიანი, პოლიტიკური მიმომხილველი:

„აზერბაიჯანი ცდილობს, საქართველო სომხეთზე ზეწოლის პლაცდარმად განიხილოს და ამისათვის ისეთ საბაბს იყენებს, როგორიცაა ძეგლის დადგმა. აქ გადამწყვეტ როლს ოფიციალური თბილისის პოზიცია თამაშობს. თბილისმა ეს არ უნდა დაუშვას, იმიტომ რომ ეს საქართველოს სუვერენიტეტის საკითხია. ამის შედეგად, აზერბაიჯანი საქართველოსთვის კარნახის შესაძლებლობას მიიღებს.

სალომე ზურაბიშვილის ბაქოში გაკეთებული განცხადება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, უპრეცედენტოა. ასეთი განცხადებები ადრეც იყო და სხვა ქვეყნების მხრიდან, მაგრამ მთლიანობაში ამ განცხადებებს ყარაბაღთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს.

უპრეცედენტო იყო ყარაბაღის კონფლიქტის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან შედარება. არცერთ ქართველ მაღალჩინოსანს არასოდეს შეუდარებია ეს კონფლიქტები. ისინი ერთმანეთისთვის არცერთ საერთაშორისო სტრუქტურასაც არ შეუდარებია. ყარაბაღი საერთოდ არაფრისთვის შეუდარებიათ, მისი ნიუანსების გათვალისწინებით.

ამ თვალსაზრისით, სალომე ზურაბიშვილმა დიდი დიპლომატიური და პოლიტიკური შეცდომა დაუშვა. და, პირველ რიგში, ეს არაადეკვატური განცხადება არ გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან. ამავდროულად, ჩვენ გვესმის, რომ ეს მხოლოდ შეზღუდული უფლებამოსილების მქონე პრეზიდენტის განცხადებებია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერევანს არასოდეს დაუშვია, რომ თბილისს ეჭვი შეპარვოდა მის პოლიტიკაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.

სომხურ-ქართული ურთიერთობები საკვანძოა მთლიანად კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისთვის. სომხეთი და საქართველო, მიუხედავად მათი განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ვექტორებისა, სტრატეგიული თვალსაზრისით, უსაფრთხოებისა და ინტერესების ერთ გემში სხედან.

ფართო გაგებით საქართველომ თავისი ევროატლანტიკური ვექტორითა და ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ მისწრაფებით, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი შემაკავებელი როლი ითამაშოს კავკასიის უსაფრთხოების სისტემაში – რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე, ანდაც, სტაბილურობის შენარჩუნებაზე მაინც“.

ჯონი მელიქიანი, პოლიტოლოგი, რეგიონული კვლევითი ცენტრი:

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ძეგლი 1990-იან წლებში დადგეს და ცოტა ხნის წინ მხოლოდ აღადგინეს. საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა სიტუაციას და არ დაუშვეს საკუთარ ტერიტორიაზე ეთნიკური კონფლიქტი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. ისინი მომავალშიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს კონფლიქტი მათ ტერიტორიაზე არ გადავიდეს. ბაქოში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რაც შეეხება. ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან არსებობს ერთგვარი ჯენტლმენური შეთანხმება სომხეთსა და საქართველოს შორის – არ წამოწიონ და არ მისცენ ხმა სხვადასხვა არენაზე ერთმანეთის წინააღმდეგ, რითაც თავიდან იცილებენ ორივე მხარისთვის უსიამოვნო სიტუაციებს. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ეს შეთანხმება უკვე აღარ მოქმედებს.

სალომე ზურაბიშვილის სომხეთის პარლამენტის სპიკერთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე ახსენეს, რომ ერევანში არაერთგვაროვნად აღიქვეს საქართველოს პრეზიდენტის ბაქოში გაკეთებული განცხადება „ტერიტორიის ოკუპაციის შესახებ“. და ეს იყო თავისებური შეტყობინება ოფიციალური თბილისისთვის. საქართველოში არ უნდა დაივიწყონ, რომ სომხეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მირზოიანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თბილისმა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ძველი მიდგომა უნდა შეინარჩუნოს – რომელიც რამდენიმე საერთაშორისო პრინციპზეა დაფუძნებული. ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში მთავარ როლს ასრულებს ეუთოს მინსკის ჯგუფი, საქართველო კი ამ ორგანიზაციის წევრია და მხარი უნდა დაუჭიროს ყველა პრინციპს, კონკრეტულად: ძალის არგამოყენება, ხალხთა თვითგამორკვევის უფლება და ტერიტორიული მთლიანობა.

საქართველო

თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი (GIPA):

„საქართველოს პრეზიდენტის მოქმედებებსა და განცხადებებში ვერანაირ პოლიტიკურ კონტექსტს ვერ ვხედავ. ის უბრალოდ ყველგან დადის, სადაც შეუძლია – და მეტი არაფერი. იმაში, რომ ის თავდაპირველად წავიდა აზერბაიჯანში და შემდეგ სომხეთში – აშკარად არანაირი სტრატეგია არაა. ის, რაც მან თქვა ბაქოში, ყარაბაღს ოკუპირებული ტერიტორია უწოდა და შემდეგ გაემგზავრა ერევანში – საერთოდ წარმოუდგენელია.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მას საერთოდ არაფერი ესმის ქართულ პოლიტიკაში. ნებისმიერმა ახალგაზრდამ, რომელსაც საქართველოს საგარეო პოლიტიკა აინტერესებს, იცის, რომ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველო მტკიცე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. არ შემიძლია გავიხსენო არცერთი მაღალჩინოსანი, განსაკუთრებით პრეზიდენტი, რომელიც ასეთ განცხადებას გააკეთებდა და ან სომხეთის, ან აზერბაიჯანის მხარეს დაიჭერდა.

ზურაბიშვილის განცხადებები სერიოზულად არ უნდა მიიღო. მისთვის მთელი ეს ვიზიტები – უბრალოდ „მოგზაურობებია“.

ღმერთმა დაგვიფაროს იმისგან, რომ მისი განცხადებები ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი იყოს. მაგრამ მისი განცხადებები, გარკვეულწილად, ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

რაც შეეხება საქართველოს როლს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში. იმისათვის, რომ რაღაც სერიოზული როლი შეასრულოს – საქართველოს უნდა ჰქონდეს სერიოზული გავლენა რეგიონში და ჰყავდეს ავტორიტეტული ლიდერები, რომლებსაც უსმენენ. არც ერთი და არც მეორე საქართველოს არ აქვს. იქ ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნები არიან პროცესის მოდერატორები და მათაც კი არაფერი გამოსდით.

ასევე, არ უნდა დავივიწყოთ რუსეთის ფაქტორი. რუსეთი გავლენიანია – და ის არ არის დაინტერესებული კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირებით.

ერთადერთი, რაც ახლა საქართველოს შეუძლია – შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი ამ კონფლიქტში და არ დაუშვას მისი განახლება. და ეს ეხება ჯავახეთში ძეგლის დადგმის ისტორიასაც. ყველაფერი, რაც იქ მოხდა – ესაა შედეგი იმ ქაოსის, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია გამეფებული.


ასევე წაიკითხეთ