რატომ არ ხერხდება ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯის/ქეშიშდაღის პრობლემის მოგვარება" />

უძველესმა სამონასტრო კომპლექსმა შესაძლოა საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს დაუპირისპიროს

რატომ არ ხერხდება ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯის/ქეშიშდაღის პრობლემის მოგვარება

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის არადელიმიტირებულ ტერიტორიაზე არსებული უძველესი სამონასტრო კომპლექსი ორ ქვეყანას შორის სერიოზული დიპლომატიური დავის მიზეზი გახდა, რამაც ორივე ქვეყანაში ნეგატიური პოლიტიკური განცხადებები და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

საუბარია ისტორიულ ძეგლზე, რომელსაც საქართველოში დავით გარეჯს უწოდებენ, აზერბაიჯანში კი – ქეშიშდაღს ან ქეშიქჩიდაღს.

2018 წელს ევროპულმა ორგანიზაციამ, Europe Nostra-მ ამ უნიკალური ისტორიული ძეგლის მიმოხილვა დაასრულა. მის ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთო ჯამში კომპლექსი 21 ეკლესიასა და 5 ათას სენაკს მოიცავს. მაშინვე Europe Nostra-მ ის კაცობრიობისთვის მნიშვნელოვან ძეგლთა სიაში შეიტანა, რომელსაც განადგურება ემუქრება.

რამდენადაც კომპლექსი დაახლოებით მეექვსე საუკუნეში შეიქმნა, ორივე მხარეს განსხვავებული წყაროები და ისტორიული ფაქტები აქვს. საზღვარი პირდაპირ კომპლექსზე გადის და ამ თემაზე ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არაერთხელ განახლებულმა მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით ვერაფერთან მიგვიყვანა.

• აზერბაიჯანული ნაღმები საქართველოში

• Freedom House: საქართველოში დემოკრატია გაუარესდა. რა ხდება მეზობელ ქვეყნებში?

საქართველო ამტკიცებს, რომ ეს ქართული კულტურის ძეგლია. აზერბაიჯანში კი მიაჩნიათ, რომ კომპლექსი ალბანური კულტურის ნაწილია და ქართველებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

საერთო ჯამში საქართველო-აზერბაიჯანის 480-კილომეტრიანი საზღვრის 35 პროცენტი არადელიმიტირებული რჩება, მაგრამ ეს საკითხიც მშვიდ მდგომარეობაში რჩებოდა ათეულობით წლის განმავლობაში. სასულიერო პირებსა და ტურისტებს თავისუფლად შეეძლოთ მოენახულებინათ დავით გარეჯი საქართველოს მხარიდან, მათ შორის, გადასულიყვნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პასპორტების შემოწმებისა და შეზღუდვების გარეშე.

და უცებ სიტუაცია ისტორიული ძეგლის გარშემო მკვეთრად გამწვავდა 2019 წლის აპრილ-მაისში.

რა მოხდა?

თემა მას შემდეგ ამოვიდა წინა პლანზე, რაც 20 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯში ჩავიდა და საკუთარ ტერიტორიაზე ქართველ მესაზღვრეებს შეხვდა.

იქ პრეზიდენტმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანია მუშაობა განაახლოს ორმხრივმა კომისიამ და საზღვრის დელიმიტირება მოხდეს. მალევე, აზერბაიჯანულმა მხარემ, რამდენიმე დღით დაკეტა კომპლექსთან წვდომა, რამაც საქართველოში მწვავე უარყოფითი რეაქციები გამოიწვია.

რამდენიმე პოლიტიკოსის მხრიდან მკვეთრი კომენტარი გაისმა, გამოჩნდა მკვეთრი პუბლიკაციები მედიაში. ანალოგიური ვითარება შეიქმნა აზერბაიჯანშიც.

მართალია, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბრიდან სამ დღეში დავით გარეჯის კომპლექსი გაიხსნა, თემა ორივე მხარისთვის აქტუალური დარჩა. კერძოდ, საქართველოში დაიწყო საზოგადოებრივი მოძრაობა „დავით გარეჯის დასაცავად“. რამდენიმე ასეული აქტივისტი ჩავიდა ადგილზე და საქართველოს მხარეს, მთის კალთებზე „ცოცხალი ჯაჭვი“ შექმნა – ადამიანები რამდენიმე საათის განმავლობაში ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ.

ახლა აქტივისტების ეს ჯგუფი აპირებს, რომ დავით გარეჯში პერმანენტული აქცია დაიწყოს.

ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალების ცნობით, აზერბაიჯანულ მხარეს მესაზღვრეთა რაოდენობა გაიზარდა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ისტორიულკულტურული ნაკრძალი, მღვიმეების კომპლექსი „ქეშიქჩიდაღი“

ბაქოში მიაჩნიათ, რომ საქართველოში გაკეთებული განცხადებები სიტუაციას ართულებს

„სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შესასვლელის დახურვის გადაწყვეტილება ოფიციალურმა ბაქომ მიიღო. და ეს დაკავშირებული იყო მესაზღვრეებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან. ამის შემდეგ საქართველოში ბევრმა ოფიციალურმა პირმა დაიწყო მისი სიტყვების გამეორება. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ეს განცხადებები ერთი ცენტრიდან იმართებოდა“, – განუცხადა JAMnews-ს კვლევით ცენტრ „ატლასის“ ხელმძღვანელმა, ანალიტიკოსმა ელჰან შაჰინოღლუმ.

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ილგარ ველიზადეც თვლის, რომ ქართულმა მხარემ მოახდინა თემის პოლიტიზირება.

„საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება ბაქოში პოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნიეს. ამის შემდეგ დაიწყო აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო“, – განაცხადა ველიზადემ JAMnews-თან საუბრისას.

მუბარიზ კარაევი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა, ამბობს, რომ ზურაბიშვილის სიტყვები ერთგვარი მოვლენათა ჯაჭვის გაგრძელება იყო.

„ამ წლის დასაწყისში ახალქალაქში ყარაბაღის ომის სომეხი მონაწილის ეგლის დადგმა; 23 აპრილს თბილისში გამართული მსვლელობა, რომელიც „სომხების გენოციდს“ მიეძღვნა; პანკისის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის სამართალდამცველებთან შეტაკება.

ამ მოვლენების ფონზე დავით გარეჯის კომპლექსის საკითხის გამოჩენა საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის ერთგვარი შეტყობინება უნდა იყოს. ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს სახელმწიფოს პოლიტიკური ვექტორი“, – უთხრა JAMnews-ს კარაევმა.

2019 წლის 3 მაისს, ანუ სწორედ სამონასტრო კომპლექსის გარშემო წარმოქმნილი დავის ეპიცენტრში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნა ხალაფ ხალაფოვი, მიუხედავად იმისა, რომ ის სულ რაღაც 5 თვით ადრე გაათავისუფლა თანამდებობიდან. ამასთან, ხალაფოვი ისევ დაინიშნა პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად საზღვრებთან დაკავშირებულ საკითხებში.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის გარშემო ახლა სიტუაციის გამწვავების მიზეზი ორი ქვეყნის მმართველი სტრუქტურების ნორმალური პოლიტიკური კომუნიკაციის ნაკლებობაა.

„პრეზიდენტი ალიევი პირადად არ იცნობს საქართველოს ახლანდელ ფორმალურ ლიდერს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თავკაცი – ძლიერი ფიგურა არ არის. ხელისუფლებაში პრაქტიკულად არავინ არის, ვინც უბრალოდ შეძლებდა ბაქოში დარეკვას და საკითხის გადაწყვეტას“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ JAMnews-თან საუბრისას.

„საზღვრის დელიმიტირების საკითხი 2007 წელს პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, თუმცა შემდეგ მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომი და ეს საკითხი მიატოვეს. 2012 წელს კი უკვე ხელისუფლება შეიცვალა, რომელმაც ყველაფრის ახლიდან დაწყება გადაწყვიტა. ყველა შემთხვევაში საჭირო იყო კომუნიკაცია არა მხოლოდ ხელისუფლებებს, არამედ, საზოგადოებას, ისტორიკოსებსა და სხვებს შორის, მაგრამ ასეთი არაფერი გაკეთებულა“.

ტერიტორიების გაცვლა, როგორც გამოსავალი?

პოლიტოლოგი ილგარ ველიზადე იხსენებს, რომ ტერიტორია, რომელზეც პრეტენზიას გამოთქვამს საქართველო, დე ფაქტოდ აზერბაიჯანის კუთვნილი მიწაა:

„მიუხედავად იმისა, რომ დელიმიტაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ეს სახელმწიფო საზღვარია. ის შეიძლება გაიხსნას და დაიხუროს ნებისმიერ დროს. აზერბაიჯანული მხარე არ არის ვალდებული, ვინმეს რამე აუხსნას. უნდა გაითვალისწინონ, რომ აქ სასაზღვრო საკონტროლო გამშვები პუნქტი არ არის“.

ველიზადე საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გაჭიანურებას პროცესის დახურულობას უკავშირებს.

მისი თქმით, ქართული მხარე სხვადასხვა დროს აზერბაიჯანს ტერიტორიის გაცვლას სთავაზობდა – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვა ტერიტორიის გადაცემას ძეგლის ნაწილის სანაცვლოდ, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება. ოფიციალურმა ბაქომ ამ წინადადებებზე უარი განაცხადა.

ანალიტიკოს ელჰან შაჰინოღლუს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს აზერბაიჯანთან, ოფიციალური ბაქო ამ თემის მიმართულებით დათმობებზე არ წავა.

„ოფიციალურმა თბილისმა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებისას რიტორიკა უნდა შეცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაძაბულობა უარყოფითად აისახება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. აზერბაიჯანში ასევე ისმის მოწოდებები, რომ დაიწყოს „ავტონომიის მოთხოვნა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის“. ყველაფერი, რაც ხდება, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და აზიანებს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს“, – მიაჩნია შაჰინოღულს.

ისტორიამ არ უნდა გაყოს ხალხები და სახელმწიფოები, მას შეუძლია ისინი გააერთიანოს – ასეთი მოსაზრება გამწვავებული ვითარებისას ყოველთვის პოპულარული არ არის. მაგრამ ქართველი პოლიტოლოგი, გელა ვასაძე მიიჩნევს, რომ ეს დავით გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით ყველაზე სწორი მიდგომა იქნებოდა:

„საზღვარი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ახლა არსებობს, საბჭოთა პერიოდში სამეურნეო საქმიანობაზე გათვლით გაავლეს. იმ დროს არ იყო დაყოფა ქართულად და ალბანურად, ეს საერთო სულიერი ცენტრი იყო.

აქედან გამომდინარე, დღეს საკითხის მოსაგვარებლად არ არის საჭირო საზღვრის დემარკაცია. პრობლემას დიდი ხანია გადაწყვეტდა საერთო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის შექმნა“.

რატომ არის ასეთი რთული საზღვრის სწორედ ამ მონაკვეთის დელიმიტირება?

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტირება-დემარკაციის ორმხრივი ქართულ-აზერბაიჯანული კომისია 1996 წელს შეიქმნა. ის განსაკუთრებული აქტიურობით არასოდეს გამოირჩეოდა, რამდენიმე წელი კი საერთოდ არ მუშაობდა – კომისიის უკანასკნელი სხდომა ბაქოში, 2011 წელს გაიმართა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ლეილა აბდულაევას ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის არსებული 480-კილომეტრიანი საზღვრიდან 314 კილომეტრია შეთანხმებული. დანარჩენი 166 კილომეტრის შესწავლა კი ექსპერტების დონეზე მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზღვრის საკითხზე კომენტარი „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუშიც გააკეთა. მან თქვა, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლის დროისთვის ყველაზე ახალი იყო 1938 წლის რუკები, სადაც მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვრებია. ამის შემდეგ ახალი რუკები აღარ ყოფილა“.

სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მარტივი იურიდიული საკითხია.

თუმცა, ლეილა აბდულაევა ამბობს, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხის განხილვა მიმდინარეობს, 1:500000 მასშტაბისაა – ანუ ფაქტობრივად სქემატურია.

„ეს რუკა არის დოკუმენტი, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკებმა მიიღეს. მოგვიანებით, 1942 წელს სსრკ-მ მიიღო გადაწყვეტილება ახალი, უფრო გარკვეული, 1:100000 მასშტაბის რუკების მომზადების შესახებ. ამას გარდა, არსებობს კიდევ 1963 წელს გამოცემული რუკა, რომელიც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა. სამუშაო ჯგუფის დონეზე საზღვრის დელიმიტაციის საკითხის განხილვისას სწორედ ამ რუკებს ეყრდნობიან. ამ დრომდე ამის გამო არანაირი პრობლემა არ შექმნილა“, – ამბობს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი.

მაგრამ, როგორც ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, პრობლემა რუკებში არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დელიმიტაციის კომისია მუშაობას უახლოეს მომავალში განაახლებს, როგორც ამას ორივე მხრიდან გვპირდებიან პოლიტიკოსები – ისტორიული ძეგლის საკითხის გადაწყვეტა ძალიან რთული იქნება. როგორც JAMnews-ს მუბარიზ კარაევმა განუმარტა, – „გორაკის სამხრეთ-დასავლეთის ფერდობზე შემაღლებას აზერბაიჯანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რაც ისტორიული ძეგლის საკითხს პოლიტიკურ პრობლემად აქცევს“.

როგორი შეიძლება იყოს შედეგები?

სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ეკონომიკური პროექტები, ძირითადად, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით ხორციელდება: ეს, პირველ რიგში,  ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენებია, ასევე, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.

„საქართველო აზერბაიჯანული ენერგომატარებლების ფანჯარაა და ტვირთის საზღვარგარეთ გასატანად, დერეფნის როლს ასრულებს. ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ 88 მილიონი დოლარი შეადგინა“, – ამბობს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ნატიკ ჯაფარლი.

„და საქართველოს სავაჭრო ბრუნვაშიც აზერბაიჯანის წილი მაღალია – 9 პროცენტი, რითაც ის მესამე ადგილს იკავებს რუსეთისა და თურქეთის შემდეგ. ძირითადად, აზერბაიჯანიდან საქართველოში ენერგომატარებლებისა და გაზის ექსპორტი ხდება. და საქართველოს ყველაზე მსხვილი გადასახადების გადამხდელიც, კომპანია „Socar-Georgia“-ა“.

აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ქართულ ეკონომიკაში საერთო ჯამში 3 მილიარდი დოლარი ჩადო და 2012 წლიდან ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა.

„ილჰამ ალიევის პიკი“

2007 წლის 19 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას მღვიმეების კომპლექს „ქეშიქჩიდაღის“ სახელმწიფო ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალად გამოცხადების შესახებ, რომელიც აზერბაიჯანის აგსტაფის რაიონის ტერიტორიაზე არსებული ქედის ნაწილია. ნაკრძალის ტერიტორიაზე სტრატეგიულად ყველაზე მაღალ წერტილს „ილჰამ ალიევის პიკი“ ეწოდა.

previous arrow
next arrow
Slider

ასევე წაიკითხეთ