აქცია დავით გარეჯში
დავით გარეჯში 5 მაისს რამდენიმე ასეულმა ქართველმა აქტივისტმა აქცია გამართა – მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს მთის ქედზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის იმ მონაკვეთზე, რომელიც დავით გარეჯის უძველეს სამონასტრო კომპლექსზე გადის. შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
• აზერბაიჯანული ნაღმები საქართველოში
დავით-გარეჯი – ეს არის უნიკალური, კლდეში გამოკვეთილი პატარა ქალაქი, რომელიც 25 კილომეტრზეა გადაჭიმული. ის მოიცავს 21 მონასტერს და საერთო, ჯამში, დაახლოებით, 5 ათას სენაკს. მათგან ყველაზე ძველები ჩვენი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეს მიეკუთვნება. ზოგიერთი მონასტერი საკმაოდ პატარაა და ბევრ მათგანში შენარჩუნებულია მე-8-მე-14 საუკუნეების ფრესკები. კომპლექსის მთავარი მონასტერი – წმინდა დავითის ლავრაა.
ზუსტად დავით-გარეჯზე გადის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი. კომპლექსის დიდი ნაწილი, მათ შორის, უდაბნოს მონასტერი, მთის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განლაგებული.
დავით-გარეჯი დიდი ხანია ორ მხარეს შორის განხილვის საგანია, რამდენადაც საზღვარი ამ რაიონში არადელიმიტირებულია – მთლიანობაში ეს არის საქართველო-აზერბაიჯანის 446-კილომეტრიანი საზღვრის მესამედი. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ორმხრივი, საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა, მაგრამ მას შემდეგ პროცესი წინ არ წასულა.
ასეთი ფორმით მათ პროტესტი გამოხატეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ ორი კვირის წინ საქართველოს მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზის გადაკეტვის გამო.
როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი შეკრების მიზანია სწორად დაანახონ საზოგადოებას როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში და მის ფარგლებს გარეთ, რომ დავით გარეჯი საქართველოა და იქ გადაადგილების შეზღუდვა ქვეყნებს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას არ შეესაბამება.
„ჩვენ ბუნებრივია არ გვინდა არ ომი არც დაძაბულობა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ და მყარად, მშვიდად და მშვიდობიანად დავიცავთ ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელის არავისთვის გადაცემის არც ფუფუნება და არც უფლება არ გვაქვს,“-განაცხადა ტელეკომპანია “რუსთავი-2”-თან საუბრისას “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ.
აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის კომპლექსში შემავალ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი 26 აპრილს ისევ გახსნეს – ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამი დღის განმავლობაში ის გადაკეტილი ჰქონდათ.