"ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანესი მისია"- პოლიტიკოსები შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავენ
გაზიარება
გაზიარება
შიო III-ს პატრიარქად არჩევა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 11 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო მუჯირი აირჩია. სინოდის 39 წევრიდან მის კანდიდატურას მხარი 22-მა დაუჭირა. ახალი პატრიარქი ეკლესიის ისტორიაში შიო III-ის სახელით იქნება ცნობილი.
პოლიტიკოსებმა და პარტიებმა შიო III-ს პატრიარქად არჩევა მიულოცეს.
შიო III-ის არჩევას მალევე გამოეხმაურნენ პოლიტიკური პარტიები და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები. კოალიციამ „ლელო – ძლიერი საქართველო“ განაცხადა, რომ ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გააგრძელებს „ეროვნული ერთიანობის, საზოგადოებრივი თანხმობისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების საქმეში“ მნიშვნელოვანი როლის შესრულებას.
მისალოცი განცხადება გაავრცელა პარტიამ „გახარია საქართველოსთვისაც“. პარტიამ შიო III-ს „ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში“ წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ეკლესია მშვიდობისა და ეროვნული ერთიანობის საყრდენად უნდა დარჩეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, გლდანის ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ შიო III „მაქსიმალურად ახლოს იქნებოდა ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან“.
სააკაშვილმა ასევე მოუწოდა ახალ პატრიარქს, გააგრძელოს ილია II-ის გზა და გადადგას ნაბიჯები „რუსული გავლენისა და ნარატივების აღმოსაფხვრელად“.
ახალი პატრიარქის არჩევა მიულოცეს მმართველი პარტიის ლიდერებმაც. ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ შიო III-ს ეკლესიისა და ქვეყნის მსახურება უწევს ისეთ დროს, როდესაც საზოგადოებას „განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა“.
“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შიო III ღირსეულად გააგრძელებს იმ „დიდ სულიერ მემკვიდრეობას“, რომელიც ილია II-მ შექმნა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პატრიარქის მსახურებას „მძიმე ჯვარი“ უწოდა, ხოლო მიხეილ ყაველაშვილმა ახალ პატრიარქს „ნაყოფიერი და ღვთივკურთხეული მსახურება“ უსურვა.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი 11 მაისს აირჩია. ქვეყნის 142-ე პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა, რომელსაც გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ შიო III უწოდა.
არჩევნების შედეგებით, მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობს მხარი 9-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს – შვიდმა. ერთი ხმა გაუქმდა.