აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა დიდი სათხილამურო კურორტის აშენებას გეგმავს. საზოგადოება ამას ეწინააღმდეგება
გაზიარება
გაზიარება
სათხილამურო კურორტი აფხაზეთში
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონში მსხვილი სათხილამურო კურორტის მშენებლობას გეგმავს. პროექტი მათი შეფასებით, სოხუმის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გაზრდის და მშპ-ს 25%-ით გააფართოებს.
თუმცა ინიციატივამ ადგილობრივ მოსახლეობაში მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება კრიტიკული კომენტარები, სადაც მოქალაქეები შიშობენ, რომ მასშტაბური ტურისტული ინფრასტრუქტურა მთიან ეკოსისტემას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
პროექტი რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით მუშავდება და 200-კილომეტრიანი სათხილამურო ტრასების ქსელის შექმნას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე წარმოდგენილია მხოლოდ მომავალი 6000-ნომრიანი სასტუმროს მაკეტი, რომელიც ცოტა ხნის წინ “მინერალნიე ვოდში” გამართულ კავკასიის საინვესტიციო ფორუმზე წარადგინეს.
აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის, თეიმურაზ მიქვაბიას განცხადებით, პროექტს შეუძლია დაახლოებით 6000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა როგორც უშუალოდ კურორტზე, ასევე მასთან დაკავშირებულ სექტორებში, მათ შორის ლოჯისტიკაში, კვებისა და საკვების წარმოებაში.
მისივე თქმით, პროექტი ჯერ საწყის ეტაპზეა და საპროექტო დოკუმენტაციამდე არ მისულა.
“ამ დროისთვის მხოლოდ ზოგადი ხედვები არსებობს. ვცდილობთ განვსაზღვროთ, რა არის შესაძლებელი ჩვენი ლანდშაფტისა და სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით,“ — განაცხადა მან.
თუმცა გარემოსდაცვითი რისკების შესახებ დისკუსია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო გარემოსდაცვითი სამსახურის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაას“ ლიდერმა თემურ გულიამ განაცხადა, რომ მსგავსი მასშტაბის მშენებლობა ეკოსისტემისთვის “შეუქცევად შედეგებს“ გამოიწვევს.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საფრთხე იშვიათი ფლორისა და ფაუნის ბუნებრივი ჰაბიტატების განადგურებაა. გულია ამტკიცებს, რომ ტრასებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა ტყეების გაჩეხვასა და რელიეფის შეცვლას მოითხოვს, რაც ბუნებრივი გარემოს ფრაგმენტაციას, გამრავლებისა და კვების არეალების დაკარგვას და მცენარეთა სახეობების გაქრობას გამოიწვევს.
მისივე შეფასებით, პრობლემად რჩება დაბინძურების რისკიც. მშენებლობა, სატრანსპორტო დატვირთვის ზრდა, ჩამდინარე წყლები, ნარჩენები და ხმაური, შესაძლოა, წყლისა და ნიადაგის ხარისხზე აისახოს.
გულია ასევე აფრთხილებს, რომ პროექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს რეგიონის წყლის ბალანსზე, გამოიწვიოს მიწისქვეშა წყლების დონის შემცირება და ბუნებრივი წყალსაცავების დაშრობა.
მისი თქმით, ტურიზმის ზრდა დამატებით საფრთხეებსაც შექმნის, მათ შორის ნიადაგის ეროზიას, მცენარეული საფარის დაზიანებასა და ბრაკონიერობის ზრდას.
“ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პრობლემებისა, რასაც მსგავსი პროექტი გამოიწვევს. როდესაც საბოლოოდ გადაწყვეტთ ჩვენი მთების ფულის სანაცვლოდ განადგურებას, მაშინ სრულ სურათსაც დაინახავთ.“ – ამბობს გულია.