საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 11 მაისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ადასტურებს.
რეზოლუციას მხარი 68-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 28 წავიდა. მის მისაღებად საჭირო იყო მინიმუმ 49 ხმა.
დოკუმენტი საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მხარი დაუჭიროს მიზნობრივი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ, ევროპარლამენტის მოწოდებისა და აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული სანქციების მსგავსად.
ტექსტში წერია, რომ საფრანგეთის მთავრობამ უნდა გადახედოს იმ გარემოებებს, რომლებშიც ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი გადაეცა და განიხილოს მისი ჩამორთმევის საკითხი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა “სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის არის მობილიზებული“.
რეზოლუცია გმობს საქართველოს მთავრობის “ავტორიტარულ მიმართულებას“, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ “არაპროპორციული ძალის გამოყენებას“.
ტექსტში ასევე აღნიშნულია BBC-ის გამოძიება, რომლის შესახებაც დეპუტატები წერენ, რომ ამ მიგნებებმა “სერიოზული განგაში გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში“ და შეშფოთებას “ამყარებს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ Toxicology Reports-ში გამოქვეყნებული კვლევა“. რეზოლუცია მხარს უჭერს საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნასაც.
დოკუმენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, ძალაში დატოვონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება იქამდე, სანამ ქვეყანა არ დააკმაყოფილებს პოლიტიკურ კრიტერიუმებს, მათ შორის პოლიტიკური პლურალიზმის, ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მიმართულებით.
რეზოლუციაში საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს საქართველოში “დემოკრატიულ აქტორებს“, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიასა და აკადემიურ ინსტიტუტებს.
დეპუტატები ასევე მოუწოდებენ საფრანგეთის მთავრობას, საჯაროდ დაგმოს “გარე ჩარევა“, განსაკუთრებით “რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე“.
რეზოლუციაში ასევე მოთხოვნილია პოლიტპატიმრების, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერებისა და ახალგაზრდა დემონსტრანტების, დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს, მოარგოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მექანიზმები ქვეყანაში არსებულ ინსტიტუციურ გარემოს ისე, რომ შენარჩუნდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა.
დოკუმენტი ასევე მოითხოვს, რომ ევროკავშირის მომდევნო სანქციების პაკეტში შევიდეს ზომები, რომლებიც მიზნად დაისახავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო გვერდის ავლის აღკვეთას საქართველოს გავლით.
რეზოლუციის ბოლოს ნათქვამია, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა ღიად უნდა დარჩეს იმ პირობით, რომ ქვეყანა შეასრულებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და შეწყდება კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე ზეწოლა.