კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს
გაზიარება
გაზიარება
ეპიფანე შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
“დღეს, ღვთის კურთხევითა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). გულითადად ვულოცავ მოძმე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახლად არჩეულ წინამძღვარს ამ მაღალი და საპასუხისმგებლო მოწოდების მიღებას“, — ნათქვამია ეპიფანეს განცხადებაში.
მისივე განცხადებით, შიო III ეკლესიის ხელმძღვანელობას ილია II-ის მრავალწლიანი მსახურების შემდეგ იღებს.
“ვუსურვებ ახლად არჩეულ პატრიარქს მრავალ კურთხეულ წელს მსახურებაში, სიბრძნეს, სულიერ ძალასა და ღვთის შეწევნას, რათა იყოს ქართველი ხალხის სულიერი წინამძღოლი. დაე, უფალმა აკურთხოს ეს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში და წარუძღვეს მას ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი 11 მაისს აირჩია. ქვეყნის 142-ე პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა, რომელსაც გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ შიო III უწოდა.
არჩევნების შედეგებით, მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობს მხარი 9-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს – შვიდმა. ერთი ხმა გაუქმდა.