ლომი კლეოპატრას ვეტერინარული პროცედურა. სცენები თბილისის ზოოპარკიდან. ვიდეო
გაზიარება
გაზიარება
ლომის ოპერაცია თბილისის ზოოპარკში
ამ ვიდეოში ნახავთ ლომ კლეოპატრას ვეტერინარულ პროცედურას ზოოპარკში. კლეოპატრას ბრჭყალი ჩაბრუნებული ჰქონდა, რაც ძლიერ ტკივილს იწვევდა, რის გამოც ვეტერინარების ჩარევა გახდა აუცილებელი. პროცედურის ჩასატარებლად ლომი ნარკოზით დააძინეს.
მსგავსი მანიპულაცია საკმაოდ მტკივნეულია, ამიტომ აუცილებელია ცხოველი ანესთეზიის ქვეშ იმყოფებოდეს, რათა სტრესი და ტკივილი მაქსიმალურად შემცირდეს.
თბილისის ზოოპარკის ვეტერინარი, სანდრო ბაგათელია, განმარტავს, რომ ლომების შემთხვევაში იგივე ტიპის პრეპარატები გამოიყენება, რაც კატებსა და ძაღლებში, თუმცა დოზირება განსხვავებულია. მისი თქმით, „უსაფრთხო დაძინების“ პერიოდი- დრო, როდესაც ვეტერინარს შეუძლია ცხოველთან უსაფრთხოდ მიახლოება და პროცედურის ჩატარება, დაახლოებით საათნახევარია, ხოლო ნარკოზის სრული ეფექტი შესაძლოა 4 საათამდე გაგრძელდეს, რადგან გამოყენებული პრეპარატებიდან ერთ-ერთი ორგანიზმში სწორედ ამ ხნის განმავლობაში რჩება. კლეოპატრა ზოოპარკის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და ადამიანებთან შეგუებული ლომია, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს როგორც მის ყოველდღიურ მოვლას, ისე ვეტერინარული პროცედურებისთვის მომზადებას.
მტაცებელ-პრიმატების განყოფილების უფროსი, თამთა აფრიდონიძე, აღნიშნავს, რომ ბრჭყალის ჩაბრუნება ტყვეობაში მყოფ ცხოველებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ბუნებრივ გარემოში ცხოველები ბრჭყალებს აქტიურად იცვითებენ — ნადირობის, გადაადგილებისა და გარემოსთან მუდმივი კონტაქტის შედეგად, თუმცა ზოოპარკში ეს პროცესი ნაკლებად ინტენსიურია. შედეგად, ბრჭყალი შესაძლოა ზედმეტად გაიზარდოს და ჩაბრუნდეს, რაც ტკივილსა და ანთებას იწვევს.
მსგავსი შემთხვევები სხვა მტაცებლებშიც გვხდება, მაგალითად, ვეფხვებსა და ლეოპარდებში, ასევე ხშირია ჩლიქოსნებში. დროული ვეტერინარული ჩარევა ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექცია, კოჭლობა და ცხოველის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.