ხელისუფლებისა და ექსპერტების მოსაზრებები განსხვავებულია" />

უნდა დაიხუროს თუ არა ატომური სადგური სომხეთში და საჭიროა თუ არა ახლის აშენება?

ხელისუფლებისა და ექსპერტების მოსაზრებები განსხვავებულია

ფოტო: გაიანე მკრტიჩიანი, JAMnews

სომხეთში განიხილავენ, თუ რა მოუხერხონ 41-წლიან ატომურ სადგურს: დახურონ და ახალი ააშენონ, თუ მისივე არსებობა გაახანგრძლივონ.

მეცამორის ატომური სადგური სომხეთ-თურქეთის საზღვრიდან 16 კილომეტრში მდებარეობს და უსაფრთხოების თვალსაზრისით, სომხეთისთვისაც და თურქეთისთვისაც ფრიად მგძრძნობიარე ობიექტს წარმოადგენს.

სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარაფირებულ „ყოველმხრივი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმებაში, რომლის ტექსტიც ახლახან გასაჯაროვდა,  ატომურ სადგურზეც არის ლაპარაკი. შეთანხმებაში ამტკიცებენ, რომ 1976 წელს საექსპლუატაციოდ ამოქმედებული სადგური უნდა დაიკეტოს და ახლით შეიცვალოს – თუმცა, მითითებული არ არის,  ეს როდის და როგორ უნდა მოხდეს.

„ვფიქრობ, ჩვენს წინაშე ატომური სადგურის დაკეტვის ვადების დადგენის ამოცანა დგას. ადრე თუ გვიან ამ პრობლემის წინაშე დავდგებით, ხომ არ შეიძლება მისი მუდმივად ექსპლუატირება“, – ამბობს ენერგეტიკული გეოპოლიტიკისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი არმენ მანველიანი.

სომხეთის ხელისუფლება წლობით იძლეოდა ახალი ატომური სადგურის აშენების პირობას. ეს თემა სომხეთის მოქმედი პრეზიდენტის სერჟ სარგისანის წინასაარჩევნო დაპირებების ჩამონათვალში შედიოდა. სულ ახლახან ვიცე-პრემიერმა ვაჩე გაბრიელიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ გეგმაზე უარს არ ამბობს და ახალი ატომური სადგურის მშენებლობა, შესაძლოა, 2022-2023 წლებში დაიწყოს.

მაგრამ, ახლა პირველად გაისმა საჯაროდ ქვეყნის ხელისუფლების ეჭვები იმის თაობაზე, ღირს თუ არა ამის გაკეთება.

 „დავუშვათ, რომ ახალი ატომური სადგური გვექნება… მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, ხვალ რომ აღმოჩნდეს – თურმე, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, იმავე რაოდენობის ენერგიის მიღება ატომური სადგურის გარეშეც შესაძლებელია და მაშინ, ჩვენ მიერ ატომური სადგურის საშუალებით წარმოებული ენერგია მომხმარებლისთვის ბევრად ძვირი გახდება. მაშ, რომელი გზით ჯობს, წავიდეთ? რასაკვირველია, თანამედროვე ტექნოლოგიების გზით“, – უთხრა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა დავიდ არუთიუნიანმა.

თუმცა, სომხეთში მას ბევრი ექსპერტი არ ეთანხმება.

ეკონომისტი ვილენ ხაჩატრიანი ამბობს, რომ მსოფლიო ჯერ იმ დონემდე არ არის მისული, რომ ატომური ენერგია მზის, კინეტიკური ან სხვა ენერგიით შეიცვალოს.

„ატომური სადგურის დაკეტვა მნიშვნელოვნად გააუარესებს რეგიონში სომხეთის პოზიციებს. გარდა ამისა, ატომური სადგურის დაკეტვის პროცესი თავისთავად არ არის მარტივი. ამას წლები სჭირდება“, – ამბობს ხაჩატრიანი.

ამჟამად მეცამორის ატომური სადგური სომეხი მომხმარებლის 40 პროცენტს უზრუნველყოფს. ეს სამხრეთ კავკასიაში ერთდერთი ატომური სადგურია. ატომური სადგურის შენობას შეუძლია 9 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრას გაუძლოს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სომხეთი არასტაბილურ ზონაში მდებარეობს.

ექსპერტი ვაგე დავიტიანის თქმით, ატომური სადგურის ახალი ბლოკის მშენებლობას დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი დასჭირდება, და ესეც იმ შემთხვევაში, თუ ეს საშუალო სიმძლავრის ბლოკი იქნება – 600 მგბტ, ანუ ამისთვის სერიოზული ინვესტიციებია საჭირო, მაგრამ სადგურის დაკეტვა, მისი აზრით, სომხეთს ელექტროენერგიის ექსპორტირების საშუალებას მოუსპობს და ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც დარტყმა იქნება.

“შესაძლო მიმართულება, რომელმაც ენერგიის ატომური წარმოება შეიძლება ჩაანაცვლოს – ეს არის ჰიდროენერგეტიკა. ამჟამად, ჰიდროელექტროსადგურებზე ელექტროენერგიის წარმოების 20-25% მოდის. ვითარდება ასევე ენერგიის განახლებადი წყაროები, მაგრამ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა. ატომური სადგურის გარეშე, სომხეთი საკმაოდ ხელმისაწვდომ ენერგიის წყაროს დაკარგავს. ბლოკადის პირობებში, ეს ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე დარტყმა იქნება“, – მიაჩნია ვაგე დავითიანს.  

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ