რატომ არის თურქეთში მუნიციპალური არჩევნები მნიშვნელოვანი, ვინ არიან ძირითადი ფიგურები და რატომ დაიწყო „ბრძოლა სტამბოლისთვის“ " />

თურქეთი, პრეზიდენტის რევანში: სტამბოლის ოპოზიციონერი მერი გადაყენებულია

რატომ არის თურქეთში მუნიციპალური არჩევნები მნიშვნელოვანი, ვინ არიან ძირითადი ფიგურები და რატომ დაიწყო „ბრძოლა სტამბოლისთვის“

პოლიტიკური პრობლემები, რომელიც 2019 წლის მარტში, თურქეთში მუნიციპალურმა არჩევნებმა მოიტანა, კიდევ უფრო მწვავდება. გაუქმებულია სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის წარმომადგენელმა, ექრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა.

ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარ აზრზე დარჩა: ხმის მიცემის პროცედურა დარღვევებით წარიმართა და არჩევნები ახლიდან უნდა გაიმართოს. ის 2019 წლის 23 ივნისს დაინიშნა.

ამ გადაწყვეტილებას მიესალმა პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი. სწორედ მისმა მმართველმა, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ (AKP) გაასაჩივრა არჩევნების შედეგები.

ახალ მერს საკუთარი ოფისის დატოვება, მუშაობის დაწყებიდან ორ დღეში მოუწია.

ექრემ იმამოღლუმ ამ გადაწყვეტილებას „ღალატი“ უწოდა და განაცხადა, რომ „დემოკრატიას თურქეთში ძლიერი დარტყმა მიადგა“.

განმეორებით არჩევნებზე, ერდოღანის პარტიის სახელით, კენჭს იყრის თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბინალი ილდირიმი.

2019 წლის მარტში, ადგილობრივ არჩევნებზე, მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილას დამარცხდა, პირველ რიგში, სტამბოლში. ექსპერტები უკვე მაშინ აფრთხილებდნენ ყველას, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით დასუსტებული ხელისუფლება სახიფათო ხდებოდა.

რატომ გახდა მუნიციპალური არჩევნები თურქეთში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპი, ვინ არიან ძირითადი ფიგურები, რატომ დაიწყო „ბრძოლა სტამბოლისთვის“ და როგორია პროგნოზები – JAMnews-ის მიმოხილვა, რომელიც 2019 წლის აპრილში მომზადდა, სტამბოლში ოპოზიციონერი მერის გამარჯვებისთანავე.

REUTERS/Murad Sezer

ეკონომიკური კრიზისი თურქეთში. პოლიცია პურის ფასს აკონტროლებს

აზერბაიჯანელი სტუდენტები თურქეთში – რატომ არიან იქ უკეთესად

ოპოზიციის ლიდერზე თავდასხმა

21 აპრილს, თავს დაესხნენ თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალის, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ (CHP) ლიდერს, ქემალ ქილიჩდაროღლუს.

ის მხარდამჭერებთან ერთად მონაწილეობას იღებდა ანკარაში, დაკრძალვის პროცესიაში. მიწას აბარებდნენ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჰაქარის პროვინციაში მიმდინარე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. ამ დროს, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა პროცესია გაარღვია და ქილიჩდაროღლუს დაესხა თავს.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ასევე თურქეთის პარლამენტის დეპუტატს „სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან“ ლევენთ გიოქს.

დაცვის თანამშრომლებმა და პოლიციელებმა პარტიის წარმომადგენლები უახლოეს სახლში შეიყვანეს, მაგრამ გაშმაგებული ბრბო უკვე ამ სახლს დაესხა ქვებით თავს. ამასთან, გაისმა მოწოდებები, სახლის ოპოზიციონერებთან ერთად დაწვის შესახებ.

ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ეს თავდასხმა ხელისუფლების ორგანიზებული იყო და ეს იყო რეაქცია მმართველი პარტიის მიერ ჩაგდებულ 2019 წლის 31 მარტის თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებზე.

მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებს ის ფაქტიც, რომ მმართველ პარტიას, AKP-ს, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ხელმძღვანელობს. 2018 წლის ივნისში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე კი მისი მთავარი მოწინააღმდეგე სწორედ ოპოზიციური, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი, მუჰარემ ინჯე იყო.

მმართველი პარტიის, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის აქცია სტამბოლში. 1 აპრილი, 2019. REUTERS/ქემალ ასლანი

მუნიციპალური არჩევნების შედეგები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს თურქეთში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმდენად, რამდენადაც მუნიციპალიტეტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტრადიციულად, რეალური ძალაუფლება და სოლიდური ბიუჯეტი გააჩნიათ. მათი მნიშვნელობა გარკვეულწილად შემცირდა 2017 წელს, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინიცირებული რეფერენდუმით, რომლის შედეგადაც ძალიან გაფართოვდა მისი უფლებამოსილებები. მაშინ საკონსტიტუციო რეფორმები გატარდა, რომელმაც თურქეთის საპარლამენტო რესპუბლიკა საპრეზიდენტოდ გადააქცია.

თურქეთი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის

მაგრამ ამ ცვლილებების მიუხედავად, ყველა ელოდა ადგილობრივ არჩევნებს, როგორც იმის დემონსტრირებას, რეალურად, ვინ არის დღეს თურქეთში უძლიერესი – მმართველი პარტია თუ ოპოზიცია.

ორივე მათგანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, მოეპოვებინათ გამარჯვება სტამბოლსა და ანკარაში.

გაიმარჯვა და საერთო ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტი მუნიციპალიტეტი „დაიპყრო“ ერდოღანის პარტიამ – AKP-მ. მაგრამ, ამასთან ერთად, სწორედ ეს არჩევნები ჩააგდო ყველაზე მეტად ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში მმართველმა პარტიამ.

რამდენიმე ციფრი, რომელიც ამ განცხადებას ადასტურებს:

მმართველმა, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“, მთელი თურქეთის მასშტაბით, ხმათა 44,33 პროცენტი მიიღო. მთავარმა ოპოზიციურმა, „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ – 30,12 პროცენტი.

დანარჩენმა პარტიებმა ერთმანეთში დარჩენილი პროცენტი გაინაწილეს.

წინა მუნიციპალურ არჩევნებთან შედარებით, მმართველმა პარტიამ ცოტა დაკარგა – ხმათა მხოლოდ 1,27 პროცენტი (მაშინ 45,6 პროცენტი აიღო). და ოპოზიციამაც თავისი პროცენტი დიდად ვერ გააუმჯობესა – 2,32 პროცენტით (2014 წელს მათ 27,8 პროცენტი მიიღეს).

მაგრამ, რაც სინამდვილეში დაკარგა ერდოღანის პარტიამ, ძალიან საგრძნობია – ეს არის მთავარი პოსტები მთავარ ქალაქებში. კერძოდ, ანკარაში, სტამბოლში, ანტალიაში, იზმირში, ქირშეჰირში, ბოლუში, ბილიჯიქში, ბილეჯიქში, სინოპში, ართვინში, არდაჰანში, ადანაში, მერსინსა და სხვა.

ანკარაში ვითარება, ალბათ, ყველაზე მძიმედაა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის პოსტი ოპოზიციის კანდიდატმა დაიკავა, მაგრამ ანკარის მუნიციპალიტეტის სხვა რაიონებში გამარჯვება მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიპოვეს.

ვიდეოზე, რომელიც დაკრძალვის პროცესიისას მომხდარი თავდასხმისას გადაიღეს, ჩანს, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუს მუშტი მმართველი პარტიის, AKP-ის წევრმა, ოსმან სარიგიუნმა დაარტყა.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტიდან მალევე, მმართველი პარტია განცხადებით გამოვიდა, რომლითაც მომხდარი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სარიგიუნი პარტიის რიგებიდან გარიცხა. ასევე, დააკავეს ექვსი ადამიანი, რომელთა შორისაც იყო მთავარი წამომწყები – სარიგიუნი.

მაგრამ ხუთი მათგანი დაკითხვიდან მალევე გაათავისუფლეს, სამი დღის შემდეგ კი გამოუშვეს თავად სარიგიუნი. გამოძიების ეტაპზე ისინი გარეთ იქნებიან.

„ბრძოლა“ სტამბოლისთვის

მმართველი პარტიისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება თურქეთის უმსხვილესი მეგაპოლისის, სტამბოლის „დაკარგვა“ აღმოჩნდა, სადაც მერი ოპოზიციის წარმომადგენელი, ექრემ იმამოღლუ გახდა.

„სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის წარმომადგენლები დამარცხებას 17 დღე არ აღიარებდნენ. ქვეყნის ყველა ქალაქში უკვე გამოცხადებული იყო არჩევნების შედეგები, მაგრამ სტამბოლში მმართველმა პარტიამ ფაქტების ფალსიფიცირებაზე გააკეთა განცხადება და განმეორებითი არჩევნების გამართვა მოითხოვა. ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მაგრამ სტამბოლელი ამომრჩევლის ხმები რამდენჯერმე გადაითვალეს.

ქალაქმა არჩევნების შემდგომ ქაოსზე აქტიური რეაგირება მოახდინა. მაგალითად, 13 აპრილს, სტამბოლში, „ბეშიქთაშისა“ და „ბაშაქშეჰირის“ საფეხბურთო გუნდების მატჩისას, ფანებმა ერთხმად მოითხოვეს მანდატის მიცემა ოპოზიციის კანდიდატის, ექრემ იმამოღლუსთვის.

საბოლოოდ ის გამარჯვებულად გამოაცხადეს და სათავეში ჩაუდგა სტამბოლის ადმინისტრაციას.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეობა ძალიან მკვეთრი იყო – შედეგების გამოცხადებისას ოპოზიციის კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმათა 48,80 პროცენტი დააგროვა, მისმა მოწინააღმდეგემ მმართველი პარტიიდან, ბინალი ილდირიმმა კი – 48,55 პროცენტი.

ამასთან ერთად, ხელისუფლების მომხრეები აგრძელებენ საუბარს „სტაბოლისთვის ბრძოლაზე“. მუნიციპალურ არჩევნებზე AKP-ის მოკავშირე, „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ თავმჯდომარე დევლეთ ბაჰჩელიმ განაცხადა:

„არ ღირს საუბარი ამ ისტორიის დასასრულზე, პროტესტი გაგრძელდება“.

ასევე, გაისმა თითქმის მუქარა გავლენიანი პოლიტიკოსის, ნემჯმედინ ერბაქანის მხრიდან. ის თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო 1996-1997 წლებში და ითვლება დღეს თურქეთის წამყვანი იდეოლოგიის, „პოლიტიკური ისლამის“ შემქმნელად. ერბაქანს ასევე, ქვეყნის ახლანდელი პრეზიდენტის, ერდოღანის მასწავლებელსაც უწოდებენ.

სტამბოლში არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ერბაქანმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„სტამბოლი ხელახლა უნდა დავიპყროთ“.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სტამბოლი?

სტამბოლი. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკურ ცხოვრებაში პირველი დიდი მიღწევა, 1994 წელს, სტამბოლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელად არჩევა გახდა.

მას შემდეგ, თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელობისთვის ბრძოლაში, აქ ან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებდნენ, ან კიდევ მისი მოკავშირეები. ყველა მათგანი მხარს უჭერდა „ეროვნული ხედვის“ იდეას, რომელიც ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გამოჩნდა.

გამოდის, რომ სტამბოლის მოსახლეობამ „ეროვნული ხედვის“ 25-წლიანი ჰეგემონია დაასრულა.

სხვათა შორის, ზუსტად იგივე მოხდა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში.

ვინ არის სტამბოლის ახალი (გადაყენებული) მერი, ექრემ იმამოღლუ

 

სტამბოლის ახალი მერი, 49 წლის ექრემ იმამოღლუ, პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე დაკავებული იყო ოჯახური ბიზნესით, რომელიც მემკვიდრეობით ერგო მამისგან.

ის ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრია 2009 წლიდან.

2014 წელს იმამოღლუ სტამბოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელად აირჩიეს. მისი დასახელება ქალაქის მერობის კანდიდატად სიურპრიზი აღმოჩნდა ექსპერტებისთვის, რამდენადაც მანამდე ის ავტორიტეტულ პოლიტიკურ ფიგურად არ მიიჩნეოდა.

„ძალაუფლება ანადგურებს საზოგადოებას“

გაზეთ Sözçü-ს პოლიტიკური მიმომხილველი, ემინ ჩიოლაშანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ლიდერზე თავდასხმა სტიმულირებას გაუწევს მოსახლეობის მკვეთრ პოლარიზაციას, რამაც საბოლოოდ კონფრონტაცია შეიძლება გამოიწვიოს.

მისი აზრით, მმართველობის მრავალი წლის განმავლობაში, მმართველმა პარტია „სამართლიანობა და განვითარებამ“ საზოგადოების მტრებად გამოაცხადა ისინი, ვინც მას არ უჭერდა მხარს – და, არსებითად, დაკავებული იყო საზოგადოების საფუძვლების განადგურებით. სწორედ ამიტომ, ანკარაში მომხდარი თავდასხმა შესაძლოა ერთადერთი ინციდენტი არ იყო. ექსპერტის თქმით, თურქული საზოგადოება შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე შედეგებს შეეჯახოს.

„მათ ხელში ჩაიგდეს სასამართლო, მედია და მათი გამოყენებით წარმოუდგენელ საქმეებს ატრიალებენ“, – დაწერა ემინ ჩიოლაშანმა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ