JAMnews-ის რეპორტაჟი სტამბულიდან ძლიერი მეზობლის ისტორიული არჩევანის შესახებ " />

თურქეთი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის

JAMnews-ის რეპორტაჟი სტამბულიდან ძლიერი მეზობლის ისტორიული არჩევანის შესახებ

16 აპრილს თურქეთში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელსაც ყველა ერთხმად  ისტორიულს უწოდებს. კენჭისყრის ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, თურქეთი ძველებური უკვე აღარ იქნება.

გადაწყვეტილებას 55 მილიონი თურქი ამომრჩეველი იღებდა.  ისინი ამას აკეთებდნენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ივნისში  სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შემოიღეს.

16 აპრილის საღამოს მონაცემებით, რეფერენდუმზე გამოტანილ კითხვას დადებითად უპასუხა ხმის მიმცემთა 51-მა პროცენტმა. უარყოფითად – 48 პროცენტმა.

 რა წყდებოდა

საერთო ჯამში, თურქეთის კონსტიტუციის 18 მუხლის ბედი წყდებოდა. თუკი ამომრჩევლები უპასუხებენ  – „დიახ“ პრეზიდენტ ერდოღანს, რომლის ინიციატივაც იყო მოცემული რეფერენდუმი, მაშინ

  • თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტოდ გადაიქცევა
  • პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უქმდება, მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზიდენტის ხელში გადადის;
  • პარლამენტარები მინისტრების დაბარებასაც კი ვეღარ შეძლებენ, არამედ უბრალოდ წერილობითმოთხოვნებს გაუგზავნიან მათ;
  • მოსამართლეებისა და პროკურორების უზენაეს საბჭოს სათავეში ჩაუდგება იუსტიციის მინისტრი , რომელსაც, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, პრეზიდენტი ნიშნავს;
  • პრეზიდენტის ზედიზედ ორჯერ მეტად არჩევა არ შეიძლება, მაგრამ თუკი პარლამენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ პარლამენტიც და პრეზიდენტიც ხელახლა აირჩევა, მაგრამ პრეზიდენტის მეორე ვადა მეორედ აღარ ითვლება, და ასე უსასრულობამდე. 

ძალა – ძალის წილ?

რეფერენდუმის წინ თურქეთში საზოგადოებრივი აზრის ყველანაირი გამოკითხვა იმაზე მეტყველებდა, რომ შეთავაზებულ რეფორმებს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც დაახლოებით თანაბარი რაოდენობით ჰყავდა. პროგნოზების უმეტესობა იქითკენ იხრებოდა, რომ  ამომრჩევლები „არა“-ს იტყოდნენ, თუმცა ამას ერთმნიშვნელოვნად ვერავინ ამტკიცებდა.

სტამბული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდამჭერი და საწინააღმდეგო პლაკატებით იყო აჭრელებული. ქუჩის აგიტაციაში  „Evet“ („დიახ!“)-ის მომხრეთა მოწადინება უფრო შეინიშნებოდა . მათი მთავარი კოზირი იყო პრეზიდენტ ერდოღანის პორტრეტი. სოციალურ ქსელებში მათი ოპონენტები უფრო აქტიურობდნენ – „Hayir!“. ბოლო დღეების ყველაზე პოპულარული ხუმრობა ფეისბუკის თურქულ სეგმენტში: „თქვი რაიმე სექსუალური თურქულად. არა!“

ორ ბანაკს შორის გამძვინვარებული კამათი მიმდინარეობდა.

ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ახალი უფლებამოსილებების გარეშე, პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთს ძლევამოსილ ქვეყნად ვერ აქცევს. (ის პრეზიდენტ ტრამპს წააგავს არამარტო ამ ლოზუნგით, არამედ თავის მომხრეებისადმი მიმართვის მანერითაც  – მოკლე ფრაზებითა და დრამატული შეყვირებებით).

სხვები მათ პასუხობდნენ, რომ თურქეთი ახალი შუა საუკუნეების და უმოწყალო ავტორიტარიზმის ზღვარზე დგას. ერდოღანის მოწინააღმდეგეთა შორის განსაკუთრებით ქალები აქტიურობდნენ.

მაგალითად, ქალთა უფლებების დამცავი მოძრაობის „კადერის“ აქტივისტ  ჟასმინ ბეკტაშს  ღრმად სწამს, რომ ერდოღანის წარმატებას, რომელიც მუდამ „ტრადიციული ისლამის ფასეულობებით“ აპელირებს, შედეგად მოჰყვება ადრეული ქორწინების პრობლემისადმი უგულისყურო დამოკიდებულება,  გაუპატიურების შემთხვევების ზრდა და ოჯახური ძალადობის ლეგალიზაცია.

ამავე დროს სტამბულის ქუჩებში თვალში საცემია სამოქალაქო მშვიდობისა და თანხმობის ვითარება, აგრესიის არარსებობა.

ქალის მუსლიმურმა თავსაბურავებმა და სრულიად დაფარულმა სახეებმა შესამჩნევად იმატა. ამავდროულად არც იმ გოგონების რიცხვმა იკლო, რომლებსაც ისე თამამდ აცვიათ, რომ ნიცის სანაპიროს შეშურდება. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ გამუდმებით შეხვდებით ისეთ კომპანიას, რომელშიც ამ ორივე ჯგუფის წაემომადგენლები ერთმანეთს მხიარულად ებაასებიან. ხელში ყველას ერთანაირი პაკეტები უკავია – „Mango“, „Marx & Spencer“, „Max Mara“.

ან, თუნდაც,  ცენტრალურ ისკიტიალის ქუჩაზე ერთმანეთისგან 50 მეტრის დაშორებით  მიტინგს მომხრეებიც ატარებენ და მოწინააღმდეგეებიც. აგიტაციის მეთოდებიც მსგავსია – რიტმული სიმღერები და ცეკვები.

მაგრამ არის განსხვავებაც.

ერთ ნაწილს – სტაციონარული სცენა აქვს: ღია ფართობი რომელიღაც შენობის პირველ სართულზე. მეორე ნაწილს – ცარიელი ქუჩა.

და პირველები უყოყმანოდ უშვებენ მეორე ნაწილს თავიანთ ტუალეტში.

 

 გაურკვევლები

შესაძლოა, კენჭისყრის შედეგი ისეთებმა განსაზღვრეს, ვინც საკუთარი არჩევანი ბოლო დღისთვის გადადო. ასეთი ადამიანი ცოტა არ იყო.

იმიტომ, რომ თანხმობასა და უარს შორის   წყალგამყოფი სწორ ხაზზე  არ გადის. საქმე მხოლოდ ღარიბებისა და მდიდრების განსხვავებულ შეხედულებებს არ ეხება. არც ახალგაზრდებსა და ხანში შესულებს. კარგი ევროპული განათლების მქონე ადამიანებს და თურქული პროვინციებიდან ახალჩამოსულებს, რომლებიც დედაქალაქში თავიანთ შანსს ეძებენ. თურქული საზოგადოება გაცილებით რთულად არის მოწყობილი.

მაგალითად, ამ რეფერენდუმზე რისთვის უნდა დაეჭირა მხარი ისეთ ადამიანს, როგორიც  ილმაზ ოზლიუკია?

ის წარმოშობით ღარიბი ქურთული სოფლიდანაა. ოჯახში პირველია, ვინც განათლება მიიღო (დღეში სამ საათს ანდომებდა სკოლაში ფეხით წასვლა-წამოსვლას). ირგვლივ ისეთი ადამიანების გარემოცვა ჰქონდა, რომლებმაც კარგად იცოდნენ კალაშნიკოვის ავტომატის დაშლა-აწყობა, მაგრამ წყალსადენი არსდროს თვალით არ ენახათ.

ის ოჯახთან ერთად სტამბულში გადასახლდა, ქუჩაში პლასტიკური პაკეტებით ვაჭრობდა, და იშვიათად იყო მაძღარი. თვი გაიტანა, საკუთარი ტურისტული ბიზნესი წამოიწყო – თან წარმატებული;  თვითონ რამდენიმე ენაზე ლაპარაკობს. მრავალრიცხოვან და-ძმასაც დაეხმარა ფეხზე დადგომაში და ახლა მზადაა, თავის ორ შვილს უმაღლესი განათლება მისცეს.

მისი წარმატებული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი პრეზიდენტ ერდოღანის მმართველობის ხანას ემთხვევა. რას უნდა მისცეს ხმა?

ილმაზმა, რომელიც თავს თურქეთისა და სტამბულის პატრიოტად მიიჩნევს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იმ მომენტამდე გადადო, ვიდრე საარჩევნო უბანზე  ბიულეტენს ხელში არ აიღებდა.

მათი მიდგომა, ვისაც ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა, ალბათ ყველაზე ზუსტად  სტამბულის აზიური და ევროპული ნაწილების შემაერთებელ ბოსფორის ხიდზე მდგომმა ერთ-ერთმა მეთევზემ განსაზღვრა. ამ მეთევზეებისთვის ეს ჰობი კი არა, სამუშაოა. დაჭერილი თევზი დაუყოვნებლივ  ნაპირზე, შემდეგ ტაფაზე  და საბოლოოდ   მრავალიცხოვანი კაფეებიდან  ერთ-ერთის მაგიდაზე ხვდება.

„ჩემთვის სულ ერთია, – თქვა მან, – პრეზიდენტი თევზს  არ განაგებს“.

რას უნდა ელოდონ მეზობლები

რეფერენდუმის ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, ეს ქვეყანა ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო  ფაქტორად დარჩება  სამხრეთი კავკასიის ყველა ქვეყნისთვის. რას უნდა ელოდონ ისინი?

საქართველო

ქართველ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რა შედეგითაც უნდა დასრულდეს რეფერენდუმი,  ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს.

გიორგი რუხაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი JAMnews-თან საუბრისას:

“როგორც უნდა დასრულდეს რეფერენდუმი, ეს საქართველოსთვის თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის“ და რეგიონის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის,  როლს არ შეცვლის. თურქეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად დარჩება, ისევე როგორც საქართველო თურქეთისთვის”.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნოდარ ხარშილაძე JAMnews-თან საუბრისას:

“როგორც არ უნდა დასრულდეს რეფერენდუმი, ამას საქართველოსთვის მნიშვნელობა არ ექნება. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს თურქეთთან და ერდოღანის საქართველოსადმი დამოკიდებულებაც ძალიან პოზიტიურია როგორც ორმხრივი ურთიერთობების  თვალსაზრისით, ისე რეგიონული თანამშრომლობის ფორმატში. ასე რომ, ერდოღანის პოზიციების გაძლერება ჩვენთვის არანაირად ცუდი არ იქნება. მთავარია, რომ თურქეთის შიდა პროცესები დემოკრატიულად წარიმართოს და უწესრიგობა არ იყოს”.

აზერბაიჯანი

პოლიტოლოგი ელჰან შაჰინოღლუ მიიჩნევს, რომ რეფერენდუმის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც თურქეთში  კოალიციური მთავრობები ერთმანეთთან ვერ შეთანხმდნენ:

“ერდოღანისა და მისი მომხრეების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმით თურქეთი ვერ განვითარდება. იყო ბევრი სკნდალი. მოხდა ეკონომიკური ქაოსი. ხოლო როდესაც უფლებამოსილება მთავრობის ხელში გადავა, მთავრობის წევრები შეიძლება გარედან დაინიშნონ. ანუ, არგუმენტი ისაა, რომ ფართო უფლებამოსილების მქონე პრეზიდენტი მთავრობასაც გააკონტროლებს, და ასევე რეფორმების გატარებას შეძლებს”.

ისტორიკოსი ალტაი გეიუშევი რეფერენდუმს თურქეთის დემოკრატიისთვის მიყენებულ დიდ დარტყმად მიიჩნევს:

“ერდოღანის ხასიათში ძლიერი ავტორიტარული მიდრეკილებები იკვეთება. ამ ცვლილებებმა, შესაძლოა, დიდი დარტყმა მიაყენოს თურქეთის დემოკრატიას. ამიტომაც, პრინციპულად ვეწინააღმდეგები ამას.  უნდა ვაღიაროთ, რომ 90-იანი წლებიდან, 20-25 წლის განმავლობაში თურქეთი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. მან მსოფლიო პოლიტიკაში საკუთარ ნიშას მიაგნო. ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როდესაც თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკა იყო.  ახლა კი, ფაქტობრივად, ამ მიღწევებს ხაზი გადაუსვეს”.

სომხეთი

ალექსანდრ ისკანდარიანი, პოლიტოლოგი, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი:

“დღეს თურქეთში პერსონალისტური რეჟიმის გაძლუიერება მიმდინარეობს… თურქეთში მომხდარი ეს ცვლილებები სომხეთს არაფერს კარგს, თუმცა  განსაკუთრებულად ცუდსაც არაფერს უქადის. ნაკლებსავარაუდოა, თურქეთი ისეთი  აგრესიული ქვეყანა გახდეს, რომ ყველა მეზობელთან ომი დაიწყოს. დღესდღეობით  თურქეთიდან რაიმე სერიოზული საფრთხე არ არსებობს. ის ენერგია, რომლითაც ერდოღანი ახალი წესრიგის დამყარებას ცდილობს, შიდა პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტისკენაა მიმართული.

პარადოქსი ისაა, რომ სომხეთი თურქეთისთვის დასავლეთია. პოლიტიკური თვალსაზრისით, თურქეთისთვის სომხეთის საკითხი ყოველთვის დასავლეთთან მისი ურთიერთობის ნაწილი იყო. თურქეთი ვერ გაუმკლავდა იმ ამოცანას, რომ ევროპული სამყაროს ნაწილი გამხდარიყო. ამ ქვეყანაში ცვლილებები იმის იმედით ხდებოდა, რომ ევროკავშირს შეუერთდებოდნენ. ახლა ასეთი იმედი არ არსებობს. რაღაში სჭირდება თურქეთს გენოციდის აღიარება, და  ურთიერთობის მოგვარება სომხეთთან, რომელიც მისთვის  ინტერესს არ წარმოადგენს, ხოლო ევროპული პერსპექტივა აღარ არსებობს? ვერ ვიტყვით, რომ უახლოეს წლებში ურთიერთობები შეიძლება დალაგდეს”.


ასევე წაიკითხეთ