იუსტიციის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ სამუდამო პატიმრობამისჯილს ასევე შეუძლია გამოსწორდეს და ის საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს" />

სომხეთში სამუდამო პატიმრობამისჯილი ადამიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

იუსტიციის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ სამუდამო პატიმრობამისჯილს ასევე შეუძლია გამოსწორდეს და ის საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

უპრეცედენტო გადაწყვეტილება

სასამართლომ სამუდამო პატიმრობამისჯილი კარენ ოგანესიანის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლომ მას ასევე დაუდგინა ხანგრძლივი საცდელი ვადა – 10 წელიწადი. კარენ ოგანესიანი პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ის 1996 წელს აშშ-ში ორმაგი მკვლელობის ჩადენისთვის იყო მსჯავრდებული. 2009 წელს ის სომხეთს გადასცეს, სადაც პატიმრობის ვადას გათავისუფლებამდე იხდიდა.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, ოგანესიანი მუშაობდა კომპანიაში, რომელიც უსაფრთხოების სისტემების დადგმით იყო დაკავებული, და მას თავდაცვის მიზნით, იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. ტრაგიკული ინციდენტი სამუშაო დღის შემდეგ მოხდა. ოგანესიანი სხვებთან ერთად შეხვდა წარმოშობით ლათინურ ამერიკელ ორ ძმას. მათ შორის ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც ოგანესიანმა ძმები დახოცა.

თავად მსჯავრდებული ირწმუნება, რომ კონფლიქტის დროს გაიგონა გასროლის ხმა და მიწაზე დაგდებული მეგობარი დაინახა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა:

„ჩემ საქციელს ვნანობდი, ვნანობ და ვინანებ. ამავდროულად იმის თქმა შემიძლია, რომ ამ დღეს იმ ქუჩაზე დანაშაულის ჩადენის მიზნით არ მივსულვარ. უბრალოდ, მივიყვანე მეგობარი, რომელიც თავის მექსიკელ მეგობარ ქალს უნდა შეხვედროდა“.

კარენ ოგანესიანის ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ მუხლი სამუდამო პატიმრობამისჯილებსაც ეხებათ, თუმცა სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება, მრავალი წელიწადია, არ მიუღია.

რა შეიცვალა და რა არის მოსალოდნელი

კარენ ოგანესიანის ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტროში უკვე მიესალმნენ. უწყებაში მიაჩნიათ, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების პუნქტი სამუდამო პატიმრობამისჯილებსაც უნდა ეხებოდეთ.

„ხელისუფლება სამუდამო პატიმრობამისჯილებს სხვანაირად უყურებს. მიგვაჩნია, რომ დიახ, სამუდამო პატიმრობამისჯილი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ასევე შეიძლება გამოსწორდეს და საზოგადოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენდეს. ასეთი ადამიანები კი, რასაკვირველია, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში არ უნდა იმყოფებოდნენ“, – მიაჩნია სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პირველ მოადგილეს არტურ ოვანესიანს.

სამინისტროში ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შესწორებების შეტანას ითვალისწინებენ. სამუდამო პატიმრობამისჯილების ვადაზე ადრე გათავისუფლების რამდენიმე საქმეზე  შესაბამისმა კომისიამ უკვე  დადებითი დასკვნა გამოიტანა. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. სომხეთის იუსტიციის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილება პატიმრების სასარგებლოდ იქნება მიღებული და მათ მალე გაათავისუფლებენ.

იუსტიციის სამინისტროში დარწმუნებულები არიან, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემამ, შესაძლოა, ციხეების გადატვირთულობის პრობლემა გარკვეულწილად გადაწყვიტოს.

რამდენი სამუდამო პატიმრობამისჯილია სომხეთში

სომხეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სამუდამო პატიმრობა 97 ადამიანს აქვს მისჯილი. მათ შორის 32-ს სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა მისჯილი, თუმცა 2001 წელს სომხეთის ევროპის საბჭოში შესვლის შემდეგ სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეიცვალა. ეს ევროპის საბჭოს წინაშე ქვეყნის ერთ-ერთი ვალდებულება იყო.

ციხიდან მოწერილი წერილების ავტორი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

სამუდამო პატიმრობამისჯილი იური სარკისიანი 2017  წლიდან წერს წერილებს JAMnews-ის რედაქციას.

მან ციხეში უკვე 24 წელიწადი გაატარა. სომხეთის უზენაესმა სასამართლომ მას გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი, რომელიც 2003 წელს სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. ამჟამად იური სარკისიანი მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

ვებგვერდზე ასევე ნახავთ: იური სარკისიანის წერილი – „იქ, სადაც სიზმარს რეალობაზე მეტი უპირატესობა აქვს“

იური სარკისიანმა იმიტომ მოგვწერა, რომ საკუთარი აზრის გადმოცემა სურდა და მიაჩნდა, რომ საზოგადოებას „იქით მხარეს“ მცხოვრებთათვის უნდა მოესმინა. ჩვენ მას დავთანხმდით – და ასე დაიბადა ჩვენი პროექტი „ წერილები ციხიდან“. ამ 10 წერილში ის საკუთარ ისტორიას გვიამბობს და თავის განცდებს გვიზიარებს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ