რობერტ კოჩარიანის ადვოკატები მათი მისამართით არსებული მუქარისა და შეურაცხყოფის შესახებ საუბრობენ
დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები მათი მისამართით არსებული მუქარებისა და შეურაცხყოფის შესახებ იუწყებიან. კერძოდ, ერთ-ერთმა მათგანმა აიკ ალუმიანმა განაცხადა, რომ მისი მისამართით მუქარები იმ მომენტიდან დაიწყო, რაც მან რობერტ კოჩარიანის დაცვას მოჰკიდა ხელი.
„მწერენ, – დაისჯები. ქვეყნის მოღალატე ხარ, და რობერტთან ერთად გასამართლდები; შენ ხალხის წინააღმდეგ წახვედი, და ვიცით სადაც ცხოვრობო“-, ამბობს აიკ ალუმიანი.
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ კოჩარიანი, სხვა პირებთან წინასწარ შეთქმულებასა და საკონსტიტუციო წყობის დამხობაშია ბრალდებული. საუბარია 2008 წლის 1 მარტის მოვლენებზე. 2008 წლის 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმ პოლიტიკური ბლოკის მომხრეები, რომელსაც სათავეში სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ პეტროსიანი ედგა, არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვდნენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგების მიხედვით გამარჯვებულად სერჟ სარგსიანი გამოაცხადა. მაგრამ იმ მომენტისთვის მას უფლებამოსილების აღსრულება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა.
ამ მოვლენების დროს ქვეყნის პრეზიდენტი ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო. მან საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. 2008 წლის პირველ მარტს დემონსტრაციის დარბევის დროს საომარი იარაღი გამოიყენეს, დაიღუპა ათი ადამიანი – რვა სამოქალაქო პირი და პოლიციის ორი თანამშრომელი.
ალუმიანს მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოები საქმის კურსში არიან სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მრავალრიცხოვანი შეურაცხყოფისა და მუქარის შემთხვევების თაობაზე, მაგრამ დამნაშავეთა დასასჯელად ნაბიჯებს არ დგამენ. მას ასევე მიაჩნია, რომ მათი მისამართით არსებული მუქარა – სასამართლოზე ირიბად ზეწოლის მცდელობაა.
„არასდროს მინახავს ადვოკატების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება. და ეს ჩემთვის საშიში პრეცედენტების სიმპტომებია. ყველა მხრიდან ამბობენ, რომ სასამართლოზე ზეწოლა არ იქნება. და ვხედავ , რომ ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა მართლაც არ არის. მაგრამ სასამართლოზე თუ ასეთი მკაცრი საზოგადოებრივი ზეწოლა განხორციელდება, რაღაზეა საუბარი. მოსამართლემ, რომელმაც განაჩენი უნდა გამოიტანოს, არ შეიძლება, რომ საკუთარ თავზე ეს ზეწოლა არ იგრძნოს“.
კოჩარიანის ადვოკატს კოლეგებმა და უფლებადამცველებმა მხარი დაუჭირეს.
ადვოკატმა არგიშტი კივირიანმა თავისი Facebook-ის გვერდზე დაწერა:
„როგორც ვხვდები, Facebook-ში კენჭისყრის საფუძველზე უნდა გამოვავლინოთ ერის მოძულეები და სასამართლოსა და ძიების გარეშე დავხვრიტოთ. რა დაცვა, რის ადვოკატი…“
უფლებადამცველი ავეტიკ იშხანიანი მიიჩნევს, რომ ყველაფერი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სამართლებრივი გაუნათლებლობის ბრალია:
„ჩვენმა საზოგადოებამ ჯერ არ იცის, თუ რა არის სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლიანი განხილვა. და მე განსაკუთრებულად ვწუხვარ იმაზე, რომ მათ შორის ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან“.
უნდა აღინიშნოს, რომ Facebook-ის სომხურ სეგმენტში, უკვე ორი კვირაა, მსჯელობენ რობერტ კოჩარიანის დაპატიმრების შესახებ. ბევრი მომხმარებელი ექს-პრეზიდენტის ადვოკატებს აკრიტიკებს, და მიაჩნიათ, რომ მათ ყოფილი პრეზიდენტის დაცვისთვის ხელი არ უნდა მოეკიდათ.
„მთელი ცხოვრება დანაშაულების დაფარვას ეხმარებოდნენ. სამწუხაროა, რომ ეს 37 წელი არ არის, რომელზეც ლაპარაკობთ, თორემ კოჩარიანს დიდ ხნის წინათ დახვრეტდნენ“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
„ფულმა დაგაბრმავათ? ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. წარმოიდგინეთ, მსხვერპლებს შორის თქვნი ახლობლები რომ ყოფილიყვნენ“, – დასძენს მეორე.