რომელი პოლიტიკური ძალები მიდიან პარლამენტში, წინასაარჩევნო პერიოდის სკანდალები და რას უნდა ველოდოთ " />

საპარლამენტო არჩევნების დღე სამხრეთ ოსეთში: მოკლედ – რაც უნდა ვიცოდეთ

რომელი პოლიტიკური ძალები მიდიან პარლამენტში, წინასაარჩევნო პერიოდის სკანდალები და რას უნდა ველოდოთ

დღეს, 9 ივნისს, სამხრეთი ოსეთი ახალ პარლამენტს ირჩევს.

17 საარჩევნო ოლქში, საერთო ჯამში, 99 კანდიდატია დარეგისტრირებული. 60 მათგანი პარტიის წარდგენილია, 38 კი – დამოუკიდებელი. არჩევნები პირველად იმართება შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით.

წინასაარჩევნო პერიოდში, პრაქტიკულად, არ ყოფილა საუბარი პროგრამებზე, არც პარტიების და არც დამოუკიდებელი კანდიდატების მხრიდან.

მთელი კამპანია შემოიფარგლა მმართველი პარტიის, „ერთიანი ოსეთის“ საყოველთაო კრიტიკითა და აგიტაციით, რომელიც „ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას“ შეეხებოდა. ყველა მონაწილე პოლიტიკური პარტია მთავარ აქცენტს რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებსა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე აკეთებდა.

წინასაარჩევნო პერიოდის პირველ ეტაპზე ასევე გაჩნდა იმედი, რომ ახალი, ახალგაზრდა პოლიტიკოსები გამოჩნდებოდნენ პარლამენტში – და შემდეგ იმედგაცრუება, რომ ეს არ მოხდება, იმდენად, რამდენადაც ზოგიერთი მათგანი რეგისტრაციისას დაბლოკეს.

ყველაფერზე ცოტა კონკრეტულად:

 არჩევნების სამხრეთ ოსეთში: ვინ იყრის კენჭს და რა უნდა ვიცოდეთ

• რას ნიშნავს რუსეთ-საქართველოს შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის შესახებ? მოკლედ სკანდალურ დოკუმენტზე

არჩევნები ციფრებში

ამ არჩევნებში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიები: „ერთიანი ოსეთი“, „ხალხის ერთობა“, „სახალხო პარტია“, „ნიხასი“, „კომუნისტური პარტია“, „ფიდიბასტაე“ (მამული) და „ერთობა“.

არჩევნებზე დასაკვირვებლად, დაახლოებით, 50 დამკვირვებელი ჩამოვიდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დამკვირვებელთა შორის არიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები გერმანიიდან, ფინეთიდან, ბელგიიდან, იაპონიიდან და იტალიიდან.

არჩევნები შემდგარად ჩაითვლება, თუკი ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა 50 პროცენტზე მეტი. პარტიებს 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა სჭირდებათ, ერთმანდატიანი და დამოუკიდებელი კანდიდატები კი გაიმარჯვებენ იმ შემთხვევაში, თუკი ხმათა უბრალო უმრავლესობას მოიპოვებენ.

ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთში, ასევე, ვლადიკავკაზში, მოსკოვსა და სოხუმში გახსნილ საარჩევნო უბნებში. თუმცა, აქ მხოლოდ პარტიებისთვის შეიძლება ხმის მიცემა.

საარჩევნო ბიულეტენში ისევ დააბრუნეს გრაფა „ყველას წინააღმდეგ“.

ფავორიტები და ოპოზიციონერები

საარჩევნო რბოლაში ფავორიტად მმართველი პარტია, „ერთიანი ოსეთი“ მიიჩნევა. ეს არის მოქმედი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პარტია, თუმცა ახლა მას საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ალან ტადტაევი ხელმძღვანელობს.

წინა საპარლამენტო არჩევნებზე, 2014 წელს, ამ პარტიამ ადგილების დიდი უმრავლესობა დაისაკუთრა (34-დან 20). ექსპერტები ფიქრობენ, რომ ახალ პარლამენტშიც ამ პარტიას ექნება ადგილების უმრავლესობა.

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ქვეყანაში ჩამოვიდა ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, რომელიც ბოლო პერიოდში ერთ-ერთ წამყვან ოპოზიციონერად მიიჩნევა.

კოკოითი ღიად მოუწოდებს მოსახლეობას ორი პარტიის მხარდაჭერისკენ. მათგან ერთ-ერთი, მისი მფარველობით შექმნილი „სახალხო პარტიაა“. მეორე არჩევენი კი, პოლიტიკოსის აზრით, უნდა გაკეთდეს „კომუნისტურ პარტიაზე“. არაოფიციალური ინფორმაციით, კომპარტიაში კოკოითის არანაკლები მხარდამჭერია გაერთიანებული.

თუმცა, ექსპრეზიდენტის ეს აქტიურობა კატეგორიულად არ მოეწონა სამხრეთ ოსეთში ბევრ პოლიტიკურ ძალას.

პარტიის ლიდერი, სტანისლავ კოჩიევი აცხადებს, რომ კომუნისტები არ დაუშვებენ გარედან ჩარევას და არც კოკოითის მხარდაჭერას საჭიროებენ.

„ჩვენ თვითკმარი პარტია ვართ და არ ვართ დამოკიდებული არც ოპოზიციასა და არც ხელისუფლებაზე“, – განაცხადა კოჩიევმა.

კოკოითის კრიტიკით გამოვიდა ექსპრეზიდენტი თიბილოვიც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ადრე თავად კოკოითი გამოვიდა თიბილოვის ძალიან მკაცრი კრიტიკით და ბრალდებებიც წაუყენა მას, კერძოდ, ქონებრივი დეკლარაციის ფალსიფიცირებაში დაადანაშაულა.

„დესტრუქციული“ უწოდა საარჩევნო პროცესში კოკოითის როლს პარლამენტის სპიკერმა, პიოტრ გასიევმა.

ახალგაზრდა პოლიტიკოსების არშემდგარი მონაწილეობა

წინასაარჩევნო პერიოდში, სამხრეთ ოსეთში ბევრი ფიქრობდა, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკაში ახალ ლიდერებს შემოიყვანდა.

პირველ რიგში, საუბარია წლის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტია „ნიხასმა“ განაცხადა ორ სხვა პარტიასთან გაერთიანების თაობაზე – „ალანთა კავშირსა“ და „ახალ ოსეთთან“.

სამივე პარტიას შედარებით ახალგაზრდა პოლიტიკოსი ხელმძღვანელობს.

თუმცა, ისინი თავიდანვე პრობლემებს შეეჯახნენ.

„ალანთა კავშირი“ პოლიტიკურ პარტიად არ დაარეგისტრირეს, ამის მიზეზად კი პარტიულ დოკუმენტებში არსებული პრობლემები დაასახელეს.

მოგვიანებით, როგორც პარტიულ, ისე დამოუკიდებელ კანდიდატებს არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირების უფლება.

წინასაარჩევნო სკანდალები

ოპოზიციამ მოქმედი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი სოფლებში პროპაგანდისტული სამუშაოების მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით წარმართვაში დაადანაშაულა.

ასევე, „სახალხო პარტია“ და ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყვნენ.

დიდი ხმაური ატყდა, როდესაც პარტიის მიერ წარდგენილმა დეპუტატობის კანდიდატმა, ალან გაბარაევმა, 1 ივნისს, ტელედებატებისას წაიკითხა განცხადება, რომლითაც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ პროვოკაციების მომზადებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი ის რესპუბლიკაში ჩავიდოდა.

თუმცა, მოგვიანებით კოკოითი დიდი ზარზეიმით ჩავიდა სამშობლოში, ამომრჩეველთან შეხვედრები გამართა და „სახალხო პარტიის“ აგიტაცია ჩაატარა.

„სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებს თავიანთი კანდიდატის, ალან გაბარაევის განცხადებების გამო თავის მართლება და იმის თქმა მოუწიათ, რომ ეს მისი პირადი მოსაზრება იყო და პარტიის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავდა.

4 ივნისს, „სახალხო პარტიის“ სხვა დეპუტატმა, ამირან დიაკონოვმა, ასევე ტელედებატებისას, უარყო გაბარაევის განცხადება:

„არავინ აპირებდა ექსპრეზიდენტისთვის შემოსვლის ან გადაადგილების შეზღუდგას“.

წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე გამწვავების მიუხედავად, ზოგადად არჩევნების დღე მშვიდად დაიწყო და ასევე მიმდინარეობს.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ