პლაკატები მოსკოვში: მოქმედებენ თუ არა რადიკალი ნაციონალისტები ბაქოს წინააღმდეგ კრემლის დაუკითხავად?
აქცია რუსეთში აზერბაიჯანის წარმომადგენლობის წინ
მაშინ როცა რუსეთში თავისუფალი პოლიტიკური აქციები იშვიათობად იქცა, 27 აგვისტოს, მოსკოვში, რადიკალი ნაციონალისტების ჯგუფმა აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლობის წინ აქცია გამართა. მონაწილეებმა სამი პლაკატი განათავსეს, გადაიღეს ვიდეო და ის Telegram-არხზე გამოაქვეყნეს, რომელსაც ათიათასობით გამომწერი ჰყავს.
Azərbaycanın Rusiya səfirliyinin qonaq evi qarşısında naməlum şəxslər tərəfindən Azərbaycan əleyhinə təxribatın videosu pic.twitter.com/3CkEXuYacp
— Unikal.az (@UnikalOrgPortal) August 27, 2026
მცირერიცხოვანი აქცია კითხვას აჩენს: შეუძლიათ თუ არა რუსეთში მოქმედ რადიკალ ნაციონალისტურ ჯგუფებს, სადაც ოპოზიციური შეხედულებების საჯაროდ გამოხატვა მკაცრად იზღუდება, ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში კრემლის თანხმობის გარეშე ჩარევა?
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი ჯერ არ არსებობს. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, შეიტყო თუ არა კრემლმა აქციის შესახებ მოგვიანებით. უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, რა ჩარჩოებს უწესებს ხელისუფლება მსგავსი ჯგუფების საქმიანობას.
არ არსებობს მტკიცებულება, რომ აქცია რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით იყო ორგანიზებული. თუმცა ის ფაქტი, რომ ეს ჯგუფი უკვე მეორედ გამოდის აზერბაიჯანის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც რუსეთში სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციის საჯაროდ გამოხატვას ხელისუფლება განსხვავებულად ეპყრობა, აჩენს კითხვას, სარგებლობენ თუ არა მსგავსი ჯგუფები ხელისუფლების განსაკუთრებული კეთილგანწყობით.
რას წერია სამ პლაკატზე?
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პლაკატები საელჩოს მთავარ შენობასთან კი არა, მისი სტუმრების სახლთან განათავსეს.
აქციას Telegram-არხი „პირდაპირი მოქმედება Z“ აშუქებდა, რომელიც საკუთარ თავს ედუარდ ლიმონოვის პარტია „სხვა რუსეთის“ საინფორმაციო რესურსად მოიხსენიებს.
პლაკატებზე აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წამებაში ადანაშაულებდნენ, ხოლო პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ამის დამალვაში. ასევე ეწერა ლოზუნგები: „რუსების სისხლი თქვენს ხელებზეა“ და „ხელი აიღეთ რუსეთის მოქალაქეებზე“.
ორგანიზატორების განცხადებაში აზერბაიჯანში რვა რუსეთის მოქალაქის პატიმრობა, ივან კნიაზევის, სემიონ ურალოვისა და ალექსეი ჩადაევის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, ბაქოს პოზიცია უკრაინის საკითხზე და 2023 წელს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების დაღუპვა ერთიანი „ანტირუსული პოლიტიკის“ გამოვლინებებად არის წარმოდგენილი.
განცხადებაში ასევე საუბარია აზერბაიჯანულ დიასპორაზე, რომელსაც ორგანიზატორები „ჩრდილოვანი ბიზნესის“ წარმოებაში ადანაშაულებენ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს „მიუღებელი პროვოკაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ ინციდენტი შესაძლოა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის გაგრძელება იყოს, რომელსაც, უწყების მტკიცებით, რუსეთის რამდენიმე მედიარესურსი აწარმოებს. ბაქომ მოსკოვს მომხდარის გამოძიება და დიპლომატიური წარმომადგენლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოსთხოვა.
Azərbaycan Respublikasının Rusiya Federasiyasındakı Səfirliyinin qonaq evi qarşısında təxribatla bağlı açıqlama
— MFA Azerbaijan 🇦🇿 (@AzerbaijanMFA) August 27, 2026
⬇️⬇️⬇️https://t.co/YPLnFLJ4Mx
Statement on the provocation in front of the Guest House of the Embassy of the Republic of Azerbaijan in the Russian Federation… pic.twitter.com/D9TwDicyqr
ერთი წლის წინ: იმავე ჯგუფის აქცია
მომხდარის შემთხვევით ქუჩის აქციად მიჩნევას ართულებს კიდევ ერთი დეტალი – თარიღი.
2025 წლის 27 აგვისტოს იმავე მოძრაობის სამმა წევრმა სანქტ-პეტერბურგში აზერბაიჯანის საკონსულოსთან აქცია გამართა. მაშინ ისინი პოლიციამ დააკავა.
წინა აქციის დროს გაჟღერებული ბრალდებები განსხვავებული იყო. მონაწილეები ბაქოსა და ანკარას შორის კავშირს, უკრაინის მხარდაჭერას და ენერგეტიკის ბაზარზე აზერბაიჯანისა და რუსეთის კონკურენციას აპროტესტებდნენ.
მომდევნო თვეებში საკონსულოსთან ასევე იმართებოდა პიკეტები ლოზუნგით: „რუსოფობია დაავადებაა“.
ის ფაქტი, რომ ახალი აქცია ზუსტად ერთი წლის შემდეგ გაიმართა, წინა კამპანიის გაგრძელების შთაბეჭდილებას ქმნის. თუმცა ორგანიზატორებს არ დაუზუსტებიათ, იყო თუ არა თარიღი შეგნებულად შერჩეული.
კრემლთან ახლოს თუ კრემლის წინააღმდეგ?
„სხვა რუსეთი ე.ვ. ლიმონოვის სახელობის პარტია“ არარეგისტრირებული პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც ეროვნული ბოლშევიკური პარტიის ყოფილმა წევრებმა შექმნეს. რუსეთის სასამართლომ ეროვნული ბოლშევიკური პარტია 2007 წელს ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო და აკრძალა.
ორგანიზაციის იდეოლოგია რუსულ ნაციონალიზმს, საბჭოთა ნოსტალგიასა და იმპერიულ იდეებს აერთიანებს.
მისი წევრები მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. ზოგიერთი მათგანი რუსეთის მხარესაც იბრძოდა. მოძრაობის „ინტერბრიგადების“ ქვედანაყოფი დონბასში 2014 წლიდან მოქმედებს.
ამ თვალსაზრისით, ჯგუფის საგარეო-პოლიტიკური რიტორიკა კრემლის ძირითად ხაზს არ ეწინააღმდეგება.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ორგანიზაციას კრემლი პირდაპირ აკონტროლებს. ნაციონალ-ბოლშევიკები სხვადასხვა დროს რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგაც გამოსულან.
2025 წლის ოქტომბერში მოძრაობის ოთხი წევრი მოსკოვში ცენტრალური ბანკის შენობასთან გამართული აქციის დროს დააკავეს. 2026 წლის თებერვალში კი ორგანიზაციის აქტივისტებმა მოსკოვში „როსკომნადზორის“ ოფისის კარზე ბოქლომი ჩამოკიდეს და აქციის ადგილიდან წავიდნენ.
18 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კნიაზევის, ურალოვისა და ჩადაევის განცხადებები აზერბაიჯანთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციას არ ასახავს.
თავის მხრივ, ნაციონალ-ბოლშევიკებმა აზერბაიჯანთან დაკავშირებით ბოლო განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადანაშაულეს იმაში, რომ უწყებამ ამ ადამიანების დასაცავად პოზიცია არ დაიკავა. ორგანიზაციის მტკიცებით, სახელმწიფო „უცხოური სტრუქტურების“ ინტერესებს რუსეთის მოქალაქეების ინტერესებზე მაღლა აყენებს.
სხვა სიტყვებით, აქცია მიმართული იყო არა მხოლოდ ბაქოს, არამედ მოსკოვის პოლიტიკის წინააღმდეგაც, რომელსაც მისი ორგანიზატორები „ზედმეტად რბილად“ მიიჩნევენ.
რამდენად განსხვავებულად ექცევა ხელისუფლება მსგავს ჯგუფებს?
თავად ნაციონალ-ბოლშევიკებსაც პერიოდულად აკავებენ და ადმინისტრაციულ პატიმრობას უსჯიან. ამიტომ მათი წარმოდგენა, როგორც ხელშეუხებელი ჯგუფისა, რომელიც კრემლის ყველა მითითებას ასრულებს, ზედმეტად გამარტივებული იქნებოდა.
მეორე მხრივ, რუსეთში პოლიტიკური აქციების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება ერთგვაროვანი არ არის.
OVD-Info-ს ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ივლისამდე ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვის გამო 20 ათასზე მეტი დაკავება დაფიქსირდა.
ამავდროულად, უკრაინაში ომის მხარდამჭერ ჯგუფებს, რომლებიც ხელისუფლებას უფრო მკაცრი მოქმედებებისკენ მოუწოდებენ, საჯარო ღონისძიებების გამართვის, შემოწირულობების შეგროვებისა და სოციალურ ქსელებში აქტიური საქმიანობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ექსტრემიზმის საკითხებზე მომუშავე Counter Extremism Project კრემლსა და ნაციონალ-ბოლშევიკებს შორის ურთიერთობას „არასასიამოვნო ალიანსად“ აღწერს: ჯგუფი ხელისუფლებას აკრიტიკებს და მისი წევრები პერიოდულად დაკავებულები არიან, თუმცა უკრაინაში მათ საქმიანობასა და ზოგადად ომის მხარდამჭერ აგიტაციას ხელისუფლება გაცილებით უფრო შემწყნარებლურად ეკიდება.
ეს მოდელი არ ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან გამართული აქცია სახელმწიფოს დაკვეთით იყო ორგანიზებული. თუმცა ის კვლავ აჩენს კითხვას: რომელ აქციებს აღკვეთს ხელისუფლება დაუყოვნებლივ და რომელთა გამართვის საშუალებას ჩარევის გარეშე იძლევა?
უფლებების დაცვა თუ ეთნიკური ზეწოლა?
აზერბაიჯანში დაკავებული რუსეთის მოქალაქეების მდგომარეობა კვლავ აჩენს კითხვებს, რომლებზეც პასუხები ჯერ არ არსებობს.
მათი დაკავების შემდეგ გავრცელებულ კადრებში ზოგიერთ მათგანს სახეზე ძალადობის კვალი ეტყობოდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია მსჯავრდებული დმიტრი ფიოდოროვის შესახებ, რომლის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც გაუარესდა და რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ახლობლებს ვეღარ ცნობს.