ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგში FARA-ს საქმეზე მესამე მხარის პოზიცია წარადგინა — საია
FARA-ს საქმე
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ცნობით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და ე.წ. FARA-ს საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა.
კომისარმა სასამართლოს წერილობითი მოსაზრება წარუდგინა, რომელიც, საიას განცხადებით, მხოლოდ კანონის შეფასებით არ შემოიფარგლება და ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც მიმოიხილავს.
ორგგანიზაციის განმარტებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, სამოქალაქო სექტორისთვის თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველყოს.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებული FARA-ს კანონი 2025 წლის 31 მაისიდან ამოქმედა. ქართული FARA მიზანში იღებს და საქმიანობას უზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. კანონპროექტით FARA-ს გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით. FARA-ს კანონით ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს უცხოური ძალის ჩარევად და ასევე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი – აგენტად.
საიას ცნობით, კომისარი მესამე მხარის მოსაზრებით მანამდე სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე ე.წ. „რუსული კანონის“ საქმეშიც ჩაერთო.
კომისარი მიიჩნევს, რომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიღება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების ნაწილია და უარყოფითად აისახება მედიისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, რომლებიც ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე მუშაობენ.
მისი შეფასებით, კანონის დებულებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, რომლებიც გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს ეხება. კომისარი ასევე მიუთითებს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპზე.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის შეფასებით, კანონი ბუნდოვან ფორმულირებებს შეიცავს და „პოლიტიკური საქმიანობის“ ცნებას ზედმეტად ფართოდ განმარტავს. მისი თქმით, ეს ართულებს ლეგიტიმურ საერთაშორისო თანამშრომლობასა და უცხოურ ჩარევას შორის ზღვრის დადგენას და გაურკვეველს ხდის, კონკრეტულად ვისზე ვრცელდება კანონის მოთხოვნები.
კომისარი ასევე აღნიშნავს, რომ კანონი ქმნის მკაცრი ადმინისტრაციული კონტროლის რეჟიმს, რომელიც, მისი შეფასებით, თავისი სიმკაცრით რუსულ „უცხოეთის აგენტების“ კანონებს უახლოვდება. წესების განზრახ დარღვევისთვის კანონით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
მისივე შეფასებით, ტერმინ „აგენტს“ საზოგადოებრივ აღქმაში ნეგატიური დატვირთვა აქვს, რის გამოც კანონის ამოქმედება სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზაციას უწყობს ხელს. კომისარი ასევე მიუთითებს ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების „სახელმწიფოს მტრებად“ მოხსენიების კამპანიაზე.
კომისრის მოსაზრებით, კანონი კონკრეტულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეხება მათი უცხოური დაფინანსების გამო, რაც განსხვავებულ მოპყრობას ქმნის. ამ გარემოებებზე დაყრდნობით, კომისარი ვარაუდობს, რომ ევროპულმა სასამართლომ შესაძლოა კანონის მიღება იმ ფართო შეზღუდვების ნაწილად მიიჩნიოს, რომელთა მიზანი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციების დაშინება და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციაა.
კომისარი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“ ცალკე არ განიხილავს და მას საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებულ სხვა საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთობლიობაში აფასებს.
მისი შეფასებით, აღნიშნული კანონის მიღებამდე დაახლოებით ექვსი თვით ადრე ძალაში შევიდა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ე.წ. „რუსული კანონი“, რომელიც უცხოეთიდან 20%-ზე მეტი დაფინანსების მქონე ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ რეგისტრაციას ავალდებულებს.
კომისარი ხაზს უსვამს, რომ ორივე კანონი ერთდროულად მოქმედებს.
ამასთან, მისი თქმით, 2025 წლის 1 აპრილს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა 14 სხვადასხვა კანონში და გააუქმა სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
იმავე დღეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით „უცხოურ ძალებს“ აუდიოვიზუალური მაუწყებლების პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება და მათგან მომსახურების შესყიდვა აეკრძალათ. ამასთან, გაიზარდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები, მათ შორის, გაფრთხილების გაცემის, ჯარიმის დაკისრებისა და ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების მიმართულებით.
კომისარი ასევე მიუთითებს „გრანტების შესახებ“ კანონში ეტაპობრივად შეტანილ ცვლილებებზე. 2025 წლის 16 აპრილის ცვლილებების მიხედვით, უცხოელ დონორებს გრანტის გასაცემად მთავრობის ნებართვა სჭირდებათ, ხოლო უნებართვო გრანტის მიღება გრანტის ორმაგი ოდენობით დაჯარიმებას იწვევს.
2025 წლის 12 ივნისს გრანტის ცნება გაფართოვდა და მასში ტექნიკური დახმარებაც შევიდა, მათ შორის ტექნოლოგიების, ცოდნისა და ექსპერტიზის გადაცემა.
2026 წლის 4 მარტის ცვლილებებით კი გრანტის განმარტებაში შევიდა ნებისმიერი ფულადი ან მატერიალური გადაცემა, რომელიც შესაძლოა ხელისუფლებაზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად იქნას გამოყენებული. ამასთან, მთავრობის ნებართვა გახდა საჭირო საზღვარგარეთ რეგისტრირებული იმ იურიდიული პირებისთვის გრანტის გასაცემადაც, რომელთა საქმიანობა საქართველოს უკავშირდება.
იმავე ცვლილებებით სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში კომერციული სუბიექტებისთვის „პოლიტიკური საქმიანობისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის — სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
„გრანტების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ექვს წლამდე პატიმრობა, ხოლო „პოლიტიკური საქმიანობის“ მიზნით ფულის გათეთრებისთვის 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
კომისარი ასევე აღნიშნავს ცვლილებებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. ახალი წესების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის წევრობა აეკრძალათ იმ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროებიდან მოდის. აკრძალვა სამუშაო კონტრაქტის შეწყვეტიდან რვა წლის განმავლობაში მოქმედებს.
2025 წლის 26 ივნისს მიღებული ცვლილებებით შეიცვალა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით ცილისწამების განმარტებაც, ხოლო მტკიცების ტვირთი მოსარჩელიდან მოპასუხეზე გადავიდა. კომისრის შეფასებით, ამ ცვლილებამ შესაძლოა თვითცენზურას შეუწყოს ხელი.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ასევე მიუთითებს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც პროტესტებსა და შეკრების თავისუფლებას უკავშირდება. მისი თქმით, პარლამენტმა მოკლე ვადებში და სამოქალაქო საზოგადოებასა და სახალხო დამცველთან სათანადო კონსულტაციების გარეშე რამდენიმე კანონი მიიღო, რომლებმაც შეკრების თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდა.
კომისრის შეფასებით, ჯანსაღი დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლისა და საქმიანობის ეფექტიანი ხელშეწყობა. მისი თქმით, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობასა და პრაქტიკაში დაცული უნდა იყოს.
კომისარი ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნისა და შენარჩუნების ვალდებულება, რათა მათ საქმიანობა შეუფერხებლად შეძლონ, 2023 წლის მაისში მიღებულ რეიკიავიკის დეკლარაციაშიც არის დადასტურებული.
მისი შეფასებით, საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები აღნიშნულ პრინციპებს ეწინააღმდეგება და დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, სამოქალაქო სექტორისთვის თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველყოს.