უკრაინა მინერალური წყლის გიგანტ IDS Ukraine-ზე კონტროლის დამყარებას ცდილობს: დავა პატარკაციშვილების წილსაც ეხება
პატარკაციშვილების დავა უკრაინაში
უკრაინის ხელისუფლება ცდილობს კონტროლი მოიპოვოს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანიაზე, IDS Ukraine-ზე. კომპანიის თითქმის ნახევარს სანქცირებული რუსი ბიზნესმენები ფლობენ, 34.83%-იანი წილი კი გარდაცვლილი ქართველი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის.
კიევის მიერ დაწყებული პროცესი სწორედ ამ წილსაც შეიძლება შეეხოს, მიუხედავად იმისა, რომ პატარკაციშვილების ოჯახი სანქცირებული არ არის.
The Guardian-ის ინფორმაციით, უკრაინის აქტივების მოძიებისა და მართვის სააგენტო ARMA ცდილობს IDS Ukraine-ის აქტივები დამოუკიდებელ მმართველს გადასცეს. პარალელურად, აქციონერები უკრაინის უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში კომპანიის ნაწილის ან მთლიანად ნაციონალიზაციას ეწინააღმდეგებიან.
IDS Ukraine აწარმოებს უკრაინაში ფართოდ ცნობილ მინერალური წყლის ბრენდებს, მათ შორის „მორშინსკას“, „მირგოროდსკას“ და „ალიასკას“. კომპანიის შეფასებით, მისი აქტივების ღირებულება დაახლოებით 8 მილიარდი გრივნაა, რაც დაახლოებით 180 მილიონი დოლარია.

სანქცირებული რუსი ბიზნესმენები და პატარკაციშვილები
IDS Ukraine-ის უშუალო მფლობელი კვიპროსში რეგისტრირებული International Distribution Systems Limited-ია. კომპანია IDS Borjomi International-ის ჯგუფში შედის, რომელშიც „ბორჯომის“ მწარმოებელი IDS Borjomi-ც არის გაერთიანებული.
ჯგუფის საბოლოო აქციონერთა სტრუქტურა ასეთია: 49.99% სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს ეკუთვნით, 34.83% — პატარკაციშვილების ოჯახს, 7.73% — საქართველოს მთავრობას, ხოლო დარჩენილი დაახლოებით 7.45% სხვა აქციონერებზე მოდის.
IDS Ukraine-ის ცნობით, კომპანიის 18.23%-იანი არაპირდაპირი წილის მფლობელია მიხაილ ფრიდმანი, „ალფა ჯგუფის“ თანადამფუძნებელი და რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი.
ფრიდმანი დასავლეთისა და უკრაინის სანქციების ქვეშ იმყოფება. სანქციების დასაბუთებაში ნახსენებია მისი კავშირები რუსეთის ხელისუფლებასთან და ვლადიმირ პუტინთან.
IDS Ukraine აცხადებს, რომ სანქციების დაწესების შემდეგ ფრიდმანს კომპანიის მართვასა და გადაწყვეტილებებზე გავლენა აღარ აქვს.
რას ითხოვს ARMA
ARMA-ს ხელმძღვანელი იაროსლავა მაქსიმენკო ამბობს, რომ სააგენტოს IDS Ukraine-ის დამოუკიდებელი მმართველისთვის გადაცემის მცდელობისას სამართლებრივი და ბიუროკრატიული დაბრკოლებების გადალახვა არაერთხელ მოუწია.
უკრაინული მედიის ცნობით, მმართველის შესარჩევად ჩატარებულ სამეტაპიან აუქციონში გაიმარჯვა კომპანია „უკრკაპიტალმა“, რომელიც ბანკ „უკრაინული კაპიტალის“ მფლობელ სერგეი ბელაშოვს ეკუთვნის.
მაქსიმენკოს განცხადებით, არსებული მენეჯმენტის პირობებში არსებობს ფულის გათეთრებისა და კომპანიის აქტივებიდან ღირებულების გატანის რისკი.
The Guardian-ი ხაზს უსვამს, რომ ასეთი დანაშაულის ჩადენის შესახებ ოფიციალური დასკვნა არ არსებობს.
ARMA-ს ხელმძღვანელის თქმით, პატარკაციშვილების ოჯახის საინვესტიციო სტრუქტურამ, New World Value Fund Limited-მა, სააგენტოს თანამშრომლები სავარაუდო უკანონო ქმედებებში დაუსაბუთებლად დაადანაშაულა. მაქსიმენკომ ეს განცხადებები „დეზინფორმაციად“ შეაფასა.
პატარკაციშვილების ოჯახი კი მიიჩნევს, რომ სანქციების არმქონე აქციონერების ქონების ჩამორთმევა დაუშვებელია.
ოჯახის წარმომადგენლის განცხადებით, თუ უკრაინაში მათი საკუთრების უფლების დაცვა ვერ მოხერხდება და აქტივი მაინც ჩამოერთმევათ, ისინი საერთაშორისო სასამართლოებს მიმართავენ.
ოჯახი ასევე ამბობს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას „ერთგულად უჭერს მხარს“ და მიაჩნია, რომ მის მიმართ არსებული მიდგომა უსამართლოა.
კომპანია ბრალდებებს უარყოფს
IDS Ukraine არ ეთანხმება ARMA-ს მიერ გამოთქმულ ეჭვებს.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია უკრაინის კანონმდებლობის, მათ შორის საგადასახადო და ფინანსური წესების დაცვით მუშაობს.
IDS Ukraine-ის თქმით, არც ერთ უკრაინულ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის საგადასახადო სამსახურს, კომპანიაში ფულის გათეთრების, თანხების უკანონოდ გატანის ან სხვა მსგავსი ფინანსური დარღვევის ფაქტი არ დაუდგენია.
კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია მსგავსი ბრალდებების საფუძველზე მიმდინარე რაიმე გამოძიების შესახებ.
IDS Ukraine-ის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ კომპანიას მუშაობა არც ერთი დღით არ შეუწყვეტია და უკრაინის მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება სარაკეტო და დრონებით თავდასხმების მიუხედავად განაგრძო.
კიბერშეტევის საკითხი
დავის ფონზე ARMA-მ კიდევ ერთი ბრალდება გააჟღერა: სააგენტოს განცხადებით, IDS Ukraine-ისთვის დამოუკიდებელი მმართველის მოძიების ერთ-ერთი მცდელობის დროს მისი სისტემები კიბერშეტევის სამიზნე გახდა.
თუმცა უცნობია, ვინ იდგა თავდასხმის უკან. The Guardian-ის ცნობით, პატარკაციშვილების ოჯახი კიბერშეტევასთან დაკავშირებული რაიმე ეჭვის ობიექტი არ ყოფილა.
IDS Ukraine-ში მიიჩნევენ, რომ ARMA-ს განცხადებებმა შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს თავდასხმა თავად კომპანიას უკავშირდებოდა.
„ეს ინფორმაცია უბრალოდ მცდარია და რეალურად საერთოდ არ არის რელევანტური“, — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა The Guardian-თან.
პატარკაციშვილების ოჯახის აქტივები
ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც 2008 წელს ლონდონში 52 წლის ასაკში გარდაიცვალა, რუსეთში გამდიდრდა და მოგვიანებით საქართველოში არაერთი მსხვილი აქტივი შეიძინა, მათ შორის ტელეკომპანია „იმედი“.
2002 წელს მან „ბორჯომი“ შეიძინა, რის შემდეგაც ბიზნესმა უკრაინის ბაზარზეც გააფართოვა საქმიანობა.
2007 წელს პატარკაციშვილი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოწინააღმდეგე გახდა და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ცესკოს მონაცემებით, მან ხმების 7.1% მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა.
მისი გარდაცვალების შემდეგ, The Guardian-ის ცნობით, დაახლოებით 6 მილიარდ ფუნტად შეფასებული ქონება მეუღლეს, ინა გუდავაძეს, და შვილებს, ლიანა და ია პატარკაციშვილებს გადაეცათ.
პატარკაციშვილების ოჯახმა მოგვიანებით თავისი ქართული აქტივების ნაწილი გაასხვისა. მათ შორის იყო „იმედიც“.
2013 წელს ოჯახმა IDS Borjomi-ში, მათ შორის IDS Ukraine-ში, საკონტროლო პაკეტი „ალფა ჯგუფს“ მიჰყიდა.
ლიანა პატარკაციშვილი ამჟამად ბრიტანულ თეატრალურ ინდუსტრიაში მუშაობს და საპროდიუსერო კომპანია Sage & Jester-ს ხელმძღვანელობს. The Guardian-ის მიხედვით, 2025 წელს კომპანიამ დეზინფორმაციის თემაზე იმერსიული სპექტაკლი Storehouse დადგა.

როგორ აღმოჩნდა საქართველოს მთავრობა IDS-ის აქციონერი?
IDS-ის საკუთრების სტრუქტურაში საქართველოს მთავრობა 2022 წელს გამოჩნდა.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ „ალფა ჯგუფთან“ დაკავშირებული რუსი ბიზნესმენების წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებმა IDS Borjomi-ს პრობლემები შეუქმნა. კომპანიამ „ბორჯომის“ ორივე ჩამომსხმელი ქარხნის მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა.
იმავე წლის ივნისში საქართველოს მთავრობას IDS Borjomi International-ის 7.73%-იანი წილი უსასყიდლოდ გადაეცა.
გარიგების შედეგად მაშინდელმა მაკონტროლებელმა აქციონერმა საკონტროლო ფუნქცია დაკარგა, დირექტორთა საბჭოში მისი წარმომადგენლობა რვიდან ორ წევრამდე შემცირდა, ხოლო საბჭოს თავმჯდომარე მთავრობის წარმომადგენელი გახდა.
ამის შემდეგ „ბორჯომის“ ქარხნებმა მუშაობა განაახლეს.
საქართველოს მთავრობისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს უკრაინაში IDS Ukraine-ის გარშემო მიმდინარე დავაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.