რას ნიშნავს რუსეთ-საქართველოს შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის შესახებ? მოკლედ სკანდალურ დოკუმენტზე
გადამწყვეტ ფაზაში შედის მუშაობა დოკუმენტგზე, რომელმაც რუსეთსა და საქართველოს შორის ტვირთების მოძრაობის მონიტორინგი უნდა დაარეგულიროს.
საუბარია ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიულ გზებზე – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით.
ამ დოკუმენტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2011 წელს, საქართველოს წინა ხელისუფლებამ დაიწყო, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებას „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ“.
ბოლოს ეს საკითხი 2018 წლის მაისში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრაზე განიხილეს. თუმცა, მაშინ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
დღეს – 6 თებერვალს ერთმანეთს სამუშაო ჯგუფები შეხვდებიან. ეს სამუშაო ჯგუფები შეთანხმების რეალიზაციის მიზნით შეიქმნა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოდ, რომ შეთანხმება მალე ამუშავდება.
• საქართველომ აფხაზებსა და ოსებს „უკეთესი მომავლისკენ ნაბიჯი” შესთავაზა.
• ჩრდილოეთ ოსეთი-საქართველო: უხილავი კავშირები
• მოსაზრება: ქართულ-აფხაზური ჩიხი
ამ შეთანხმების ირგვლივ დღემდე ბევრი კითხვაა – რას ნიშნავს ეს ხელშეკრულება, რაზე თანხმდებიან მხარეები და სად არის ყველაზე დიდი წინააღმდეგობა; რას მოუტანს ეს შეთანხმება საქართველოს, და რატომ არის მისი ამუშავებით დაინტერესებული სომხეთი?
JAMnews მოკლედ და გასაგებად გაგარკვევთ ამ სკანდალური დოკუმენტის არსში.
რა არის შეთანხმების არსი და კონკრეტულად რა წერია დოკუმენტში?
შეთანხმებას ხელი 2011 წლის ნოემბერში, შვეიცარიის შუამავლობით გამართული ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის მოეწერა.
მხარეები ანუ რუსეთი და საქართველო შემდეგ პირობებზე შეთანხმდნენ:
• საქართველო მიდის დათმობაზე და თანხმდება რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში;
• თავის მხრივ მოსკოვი მიდის დათმობაზე და თანხმდება, რომ საერთაშორისო მონიტორებმა შეამოწმონ ყველა ტვირთი, რომელიც რუსეთიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისკენ მიემართება.
რუსეთი ამ მონიტორინგის სასტიკი წინააღმდეგი იყო, რადგან 2008 წელს ეს ორი ტერიტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ტვირთების მონიტორინგზე დათანხმება კი, აფაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ერთგვარად აზიანებდა.
დიდი ხნის განხილვის შემდეგ მხარეები რთულ კომპროიმისზე შეთანხმდნენ. კერძოდ:
საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნება სამი „სავაჭრო დერეფანი“.
ერთი მათგანი მოიცავს აფხაზეთს:
მეორე – სამხრეთ ოსეთს:
მესამე – ზემო ლარსის მოქმედი გამშვები პუნქტის ტერიტორიას:
ერთობლივი შეთანხმებით გადაწყდა, რომ ყველა ტვირთის მონიტორინგს, რომლებიც ამ „დერეფნებში“ გაივლის, დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებელი – შვეიცარიული კომპანია SGS განახორციელებს.
საუბარია ტვირთებზე, რომლებიც იმოძრავებს რუსეთიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე საპირისპირო მიმართულებით – თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (ან მათი გავლით).
დოკუმენტის თანახმად, სულ ჯამში მონიტორინგის ხუთი პუნქტი შეიქმნება:
რუსული მხრიდან: სოჭთან, როკის გვირაბთან და ვლადიკავკაზთან (ლარსთან)
საქართველოს მხრიდან: მდინარე ენგურზე და გორის მახლობლად.
შეთანხმებაში შეგნებულად არ არის ნახსენები აფხაზეთისა სა სამხრეთ ოსეთის სტატუსი, მხოლოდ გეოგრაფიული კოორდინატებია მითითებული.
მნიშვნელოვანი შენიშვნა – შეთანხმება თავისთავად არ ითვალისწინებს სატრანსპორტო მიმოსვლის გახსნას რომელიმე მიმართულებით.
რატომ ვერ მოხერხდა შეთანხმების შესრულება რვა წლის განმავლობაში?
მზადებას შეთანხმების შესრულების დასაწყებად როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხრიდან რამდენიმე წელი დასჭირდა. პროგრესი 2018 წელს იქნა მიღწეული, როდესაც როგორც საქართველომ, ასევე რუსეთმა, გააფორმეს კონტრაქტები შვეიცარიულ კომპანია SGS-თან.
2019 წლის იანვარში დასრულდა ყველა პროცედურა, რაც საჭირო იყო შეთანხმების პრაქტიკულად განხორციელების დასაწყებად. მათ შორის – SGS-ს გადაერიცხა თანხები მისი მომსახურების ასანაზღაურებლად.
თანხა ოფიციალურად არ საჯაროვდება, თუმცა რუსული გამოცემა “კომერსანტის” ინფორმაციით, თითოეულმა მხარემ კომპანიას წლიურად 5 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.
მაგრამ პროცესის დაწყება მაინც ვერ მოხერხდა. ამის მიზეზი შეთანხმების მუხლების განსხვავებული ინტერპრეტაცია გახდა.
განსხვავებული ინტერპრეტაცია – რაშია საქმე?
რადგანაც დოკუმენტი საჯარო არ არის და არასდროს გამოქვეყნებულა, ეს მისი ფართოდ ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.
ცნობილია, რომ რადიკალურად განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ხელი შეუშალა 2018 წელს მოსკოვსა და თბილისს პროექტის პრაქტიკულ რეალიზაციაზე შეთანხმებულიყვნენ.
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სხვაობამ „ტვირთების მონიტორინგის“ და „საბაჟო შემოწმების“ ცნებებს შორის. მონიტორინგი გზის ნებისმიერ ეტაპზე ტვირთის შემოწმებას გულისხმობს, ხოლო საბაჟო შემოწმება სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთისას ხდება.
ქართული მხარის მტკიცებით, შეთანხმებაში საუბარია მონიტორინგზე, ხოლო რუსული მხარის აზრით – საბაჟო შემოწმებაზე.
2019 წლის 6 თებერვლის შეხვედრის წინ რუსულმა მედიამ ნამდვილი კამპანია წამოიწყო იმის დასამტკიცებლად, თითქოს საქართველომ პოზიცია შეიცვალა. თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს კატეგორიულად უარყო.
4 თებერვალს რუსულმა გამოცემა “კომერსანტმა” გამოაქვეყნა სტატია შეთანხმების ახლო მომავალში ამოქმედების შესახებ. როგორც ინკოგნიტო რუსმა დიპლომატმა გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, „შეთანხმების მთავარი არსი ისაა, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოს ახალი საბაჟო საზღვრები დაფიქსირდა“.
მეორე რუსულმა გამოცემა ლენტა.რუ-მ მოიყვანა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის სიტყვები იმის შესახებ, რომ საქართველო პრაქტიკულად პოზიციებს თმობს:
„არსებითად, შეთანხმება საქართველოს ავალდებულებს აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი როგორც დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიები“.
„საქართველო რუსეთის წინაშე მნიშვნელოვან დათმობაზე მიდის“, – ასეთი სათაურით გამოვიდა ანალიტიკური სტატია რუსულ საქმიან გამოცემა „ვზგლიად“-ში.
საქართველოში ბევრი ადამიანი ამგვარმა ინტერპრეტაციამ აღაშფოთა. სოციალური ქსელების ზოგირეთმა მომხმარებელმა მთავრობას მუქარებიც კი შეუთვალა, რათა მან „ღალატი“ არ გაბედოს.
„ამ შეთანხმებით, რომელსაც მე მივაღწიე 2012 წელს, საგუშაგოები მხოლოდ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე უნდა განთავსდეს. ამ კაპიტულაციას ოლიგარქ ივანიშვილის მხრიდან კატასტროფული შედეგები ექნება საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის!“, – დაწერა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებოდ განაცხადა, რომ 6 თებერვლის შეხვედრაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე რაიმე საბაჟო პუნქტების განლაგების განხილვა არ იგეგმება და ამ ცნობებს დეზინფორმაცია უწოდა.
მინისტრის თქმით, შეთანხმება „ითვალისწინებს სატრანზიტო კორიდორების მონიტორინგს“ და „არანაირი საუბარი არ არის რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსების თაობაზე“.
ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა, რომელსაც უშუალო შეხება აქვს როგორც მოლაპარაკებების პროცესთან, ასევე შეთანხმების რეალიზაციასთან, JAMnews-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ტვირთების მონიტორინგს, რომელსაც, შეთანხმების თანახმად, შვეიცარიული კომპანია განახორციელებს, არანაირი კავშირი არ გააჩნია რაიმე საბაჟო პუნქტების გახსნასთან.
„ეს სრულიად განსხვავებული საკითხებია“, – თქვა დიპლომატმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა კომერსანტთან ინტერვიუში 4 თებერვალს განაცხადა, რომ საკითხის „პოლიტიზება“ და „სწრაფი გარღვევის მოლოდინი“ არ ღირს.
თებერვლის ბოლოს კარასინი ზურაბ აბაშიძესთან მორიგ შეხვედრაზე შეთანხმების რეალიზაციის პროცესის განხილვას აპირებს.
„წინ რთული ტექნიკური და ლოგისტიკური სამუშაო გველის, ის დროსა და მონდომებას მოითხოვს“, – თქვა კარასინმა.
გაიხსნება თუ არა ტრანზიტი?
ორივე მხრიდან საკითხის „პოლიტიზების“ წინააღმდეგ მოწოდებების მიუხედავად, თავიდანვე ამ თემამ პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა.
საქართველოს ხელისუფლებამ 2011 წელს, დოკუმენტის ხელმოწერისთანავე განაცხადა, რომ მიზანს მიაღწია, რადგან ფსოუზე და როკის გვირაბთან დამოუკიდებელი დამკვირვებლები დადგებიან.
საზოგადოების ნაწილმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე ზოგიერთმა რუსმა ექსპერტმა შეთანხმება დაგმეს, რადგან რუსეთმა ის ისე გააფორმა, რომ სოხუმის და ცხინვალის აზრი არ უკითხავს. ეს კი აღქმულ იქნა, როგორც რუსეთის მიერ აღიარებული რესპუბლიკების სუვერენიტეტის უპატივცემულობა.
პოლიტიკური დებატების მეორე ეტაპი 2016 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთში საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენაზე ალაპარაკდნენ, 2011 წლის შეთანხმების საფუძველზე.
მაშინ ოპოზიციამ საქართველოში მთავრობა გააფრთხილა, საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადადგას.
სომხეთი, როგორც დაინტერესებული მხარე
რუსეთ-საქართველოს ტრანზიტის ამ ისტორიაში კიდევ ერთი დაინტერესებული მხარე არსებობს – სომხეთი. მისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან სახმელეთო მიმოსვლის ალტერნატიული გზები, ზემო ლარსის გარდა, რომელიც ზამთარში ხშირად იკეტება და ზაფხულშიც არც ისე დიდი გამტარუნარიანობა აქვს.
2016 წელს პრემიერმა კვირიკაშილმა არ გამორიცხა სომხეთისთვის ალტერნატიული დერეფნის ამოქმედება 2011 წლის შეთანხმების საფუძველზე, როკის გვირაბის გავლით. ოღონდ – მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში, თუ ზემო ლარსი დაიკეტებოდა.
მაგრამ სომხური ტვირთების ტრანზიტის საკითხი საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებაზეა დამოკიდებული, მათ შორის – 2011 წლის შეთანხმების პირობების ინტერპრეტირების თაობაზე.