ვარაუდი სამი პარტიის გაერთიანებააზე არ გამართლდა " />

არჩევნების სამხრეთ ოსეთში: ვინ იყრის კენჭს და რა უნდა ვიცოდეთ

ვარაუდი სამი პარტიის გაერთიანებააზე არ გამართლდა

სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები პარლამენტის ახალ შემადგენლობას 2019 წლის 9 ივნისს აირჩევენ. მაგრამ დიდ ცვლილებებს, ალბათ, ნაკლებად უნდა ველოდოთ.

ძირითადი დეტალები

კანდიდატებსა და პარტიებს კენჭისყრის გამართვამდე 20 დღე მიეცათ, საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად.

თუმცა, ადგილობრივი ექსპერტები ამბობენ, რომ მთელი კამპანია შემოიფარგლა მმართველი პარტიის, „ერთიანი ოსეთის“ მიმართ კრიტიკითა და აგიტაციით, რომელიც „ხალხისთვის ცხოვრების გაუმჯობესებაზე“ იყო აგებული.

• ცხინვალი: ადამიანის უფლებების შესახებ სკანდალის შემდეგ ალაპარაკდნე

• პრეზიდენტი და მეფე დემოკრატიის პირობებში

„სამწუხაროდ, არასაკმარისია შინაარსიანი დისკუსია სამხრეთ ოსეთის მომავლის თაობაზე. და ეს ტრადიციულად ახასიათებს ხოლმე არჩევნებს სამხრეთ ოსეთში. ეს არის ხმის მიცემა ფიგურებისთვის და არა კონკრეტული პოლიტიკური კურსისთვის.

და გაურკვეველია – მაშინ, სადაა პოლიტიკური მოედანი, რომელზედაც პოლიტიკურ კურსს განიხილავენ. კიდევ სად უნდა იყოს, თუ არა არჩევნებზე? და საერთოდ, განიხილება კი ოდესმე პოლიტიკური კურსი?, – განუცხადა JAMnews-ს კავკასიის პრობლემებისა და რეგიონული უსაფრთხოების ცენტრის თანამშრომელმა, ნიკოლაი სილაევმა.

საარჩევნო ფორმატში ერთი სიახლეა. არჩევნები შერეული სისტემით გაიმართება – ერთმანდატიანი ოლქებითა და პარტიული სიებით.

„შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემის უპირატესობა ისაა, რომ ის დეპუტატობის შესაძლებლობას აძლევს იმ ხალხსაც, რომელთაც რომელიმე პარტიის წევრობა არ სურთ“, – უთხრა JAMnews-ს ერთმანდატიან ოლქში დეპუტატობის კანდიდატმა, როლანდ ქელეხსაევმა.

არჩევნები ციფრებში

სამხრეთ ოსეთში, საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში, რესპუბლიკის 17 საარჩევნო ოლქში 34 დეპუტატს აირჩევენ, რომლიდანაც 9 – დედაქალაქზე, ცხინვალზე მოდის.

პოლიტიკური პარტიები 34 სადეპუტატო სავარძლიდან 17-ისთვის შევლენ კონკურენციაში.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 60 კანდიდატი დაარეგისტრირა, რომლებიც რესპუბლიკაში მოქმედი 8 პოლიტიკური პარტიიდან შვიდს წარმოადგენენ.

კიდევ 39 კანდიდატი არჩევნებზე დაუშვეს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი.

რუსული მედიის ცნობით, საარჩევნო ხმის უფლებით სარგებლობას, დაახლოებით, 39 ათასი ადამიანი შეძლებს. სულ, ოფიციალური წყაროებით, სამხრეთ ოსეთში 53 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

არჩევნების ფავორიტი

საარჩევნო რბოლის ფავორიტად მმართველი პარტია, „ერთიანი ოსეთი“ მიიჩნევა. ეს მოქმედი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პარტიაა, თუმცა, ახლა, მას საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ალან ტადტაევი ხელმძღვანელობს.

წინა საპარლამენტო არჩევნებზე, 2014 წელს ამ პარტიამ დიდი უმრავლესობა მიიღო (34-დან 20 დეპუტატი) და ახლაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალ პარლამენტში კონტროლი დაკარგოს.

სამხრეთ ოსეთის პრაქტიკულად ყველა პარტიის მსგავსად, „ერთიანი ოსეთის“ ოფიციალური საარჩევნო პროგრამაც დაფუძნებულია რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებსა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე გაკეთებულ აქცენტებზე.

სხვა პრეტენდენტები და ოპოზიცია

მოსალოდნელია, რომ პარლამენტში კიდევ ორი პოლიტიკური ჯგუფი შევა.

ერთი – ეს არის „სახალხო პარტია“, რომელიც ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად ოპოზიციონერის, ედუარდ კოკოითის მხარდაჭერით შეიქმნა. მან ოფიციალურად მოუწოდა მოსახლეობას „სახალხო პარტიის“ მხარდაჭერისკენ.

„სახალხო პარტიის“ კანდიდატების შეხვედრა ამომრჩეველთან

მეორე – სოციალისტური პარტია „ხალხის ერთობაა“. ის წინა პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვისადმი ლოიალურად იყო განწყობილი, თუმცა ახლა ამის დეკლარირებას არ აკეთებს.

წინა, 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამ პარტიებმა, შესაბამისად, 4 და 6 ადგილი მიიღეს.

პარლამენტში მანდატების მიღების კიდევ ერთი პრეტენდენტი – პოლიტიკური პარტია „ნიხასია“. ის სხვადასხვა გამოცემის სათაურებში 2019 წლის თებერვალში მოხვდა, როდესაც პარტიების გაერთიანების სურვილის შესახებ განაცხადეს „ახალმა ოსეთმა“ და „ალანთა კავშირმა“. თუმცა, პარტიები მხოლოდ ნაწილობრივ გაერთიანდნენ, რამდენადაც „ალანთა კავშირს“ უარი ეთქვა იურიდიულ რეგისტრაციაზე.

სამხრეთ ოსეთში გავლენიანი პოლიტიკოსების უმრავლესობა – უფროსი თაობაა. პოტენციური კავშირი საინტერესო იყო იმით, რომ მას შეეძლო, ერთად, ერთ პარტიაში შეეკრიბა შედარებით ახალგაზრდა პოლიტიკოსები.

პარტია „ნიხასი“ საკუთარი თავის პოზიციონირებას ახდენს, როგორც მმართველი პარტიის, „ერთიანი ოსეთის“ ოპოზიციაში მდგომის. თუმცა, 2017 წლამდე ის ხელისუფლების პარტია იყო, სამხრეთ ოსეთის ექსპრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის გარემოცვისა და მისდამი ლოიალურად განწყობილი ჩინოვნიკების მიერ 2013 წელს შექმნილი.

სამხრეთ ოსეთში, მთლიანობაში, არცთუ ისე კარგად იხსენებენ „ნიხასის“ მმართველობას და პარტიას საკმაოდ უჭირს ამომრჩეველთა დარწმუნება, რომ ნამდვილად შეუძლია რეალური ცვლილებების მიღწევა და მნიშვნელოვან ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბება.

პარტია „ნიხასს“, რომელმაც ბოლო არჩევნებზე მხოლოდ 4 მანდატი მიიღო, სერიოზული პრობლემები შეექმნა რეგისტრაციისას, პარტიულ დოკუმენტაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ნავარაუდევი დარღვევების გამო.

პარტიის რამდენიმე წევრს, რომლებიც პარლამენტში პარტიული სიით აპირებდნენ მოხვედრას, უარი ეთქვათ.

ბორტის მიღმა დარჩენილთა შორის არიან – იუსტიციის ყოფილი მინისტრი ალან ჯიოევი, რომელიც პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და „ნიხასის“ თავმჯდომარის, დავიდ სანაკოევის ძმა – ალექსეი სანაკოევი.

ალექსეი სანაკოევისთვის უარის თქმის მიზეზად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ის ფაქტი დაასახელა, თითქოს მას საქართველოს მოქალაქეობა აქვს.

პარლამენტში ყოფნის 5 წლის განმავლობაში, პარტია „ნიხასმა“ – ახლა უკვე ცხინვალის ყოფილი მერის, ალან ალბაროვის ხელმძღვანელობით – პოპულარობის მოპოვება ვერ მოახერხა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ პარტიას რეალური შედეგების მიღწევა გაუჭირდება.

საინტერესო მომენტები

პირველად ხდება ისე, რომ რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში – ლეონიდ თიბილოვი, საკუთარ კანდიდატურას აყენებს პარლამენტის დეპუტატობაზე.

ამ არჩევნებზე კენჭს იყრის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დავიდ სანაკოევიც.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ