ერგნეთში მოვითხოვეთ ჰუმანიტარული მიდგომის დაფიქსირება, რათა ყველა უკანონოდ დაკავებული დაბრუნდეს ოჯახში — სუს
შეხვედრა ერგნეთში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 134-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ბოლო შეხვედრის შემდეგ განვითარებული მოვლენები და უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება განიხილეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებულ რეჟიმს.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ მოითხოვა უკანონოდ დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება და საკუთარ ოჯახებთან დაბრუნება.
„მოთხოვნილ იქნა ჰუმანიტარული მიდგომის დაფიქსირება, რათა ყველა უკანონოდ დაკავებული დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში. ამაში მხარი დაგვიჭირეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც. ამ ეტაპზე კონკრეტულ შედეგებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან კონსულტაციები გრძელდება“, – განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები, რომლებიც წინა შეხვედრიდან 134-ე შეხვედრამდე პერიოდში დაფიქსირდა.
„ჩვენი პოზიციები დიამეტრულად გაიყო ამჯერადაც და ამაზე თანხვედრის წერტილი ვერ იქნა გამოკვეთილი“, – აღნიშნა ანთაძემ.
ქართული მხარის წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხიც. სუს-ის განცხადებით, მოთხოვნა შეეხებოდა მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის ან წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემას და სამართლის აღსრულებას.
შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო „ბორდერიზაცია“ და ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ტენდენციებზე.
ქართულმა მხარემ ასევე მკაცრად მოითხოვა უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
IPRM-ის მომდევნო შეხვედრა 22 ოქტომბერს გაიმართება.
რა არის IPRM
IPRM არის პრაქტიკული საკომუნიკაციო და პრობლემების განხილვის ფორმატი, რომელიც თბილისისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ყოველდღიური უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების მოსაგვარებლად შეიქმნა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (Incident Prevention and Response Mechanism — IPRM) 2009 წელს შეიქმნა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ცხინვალის მიმართულების IPRM-ის შეხვედრები თავდაპირველად დვანში ტარდებოდა, შემდეგ კი ერგნეთში გადავიდა. შეხვედრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM) და ეუთო (OSCE) თანაფასილიტაციას უწევენ და დისკუსიას უძღვებიან.
ფორმატში მონაწილეობენ ქართული მხარის, რუსეთის და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. მისი მთავარი მიზანია, რომ მხარეებმა პირდაპირი კომუნიკაციის გზით განიხილონ საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული კონკრეტული ინციდენტები და მოსახლეობის პრობლემები, რათა დაძაბულობა შემცირდეს და კონკრეტული საკითხების მოგვარება მოხდეს.
კონკრეტულად რას განიხილავენ?
ძირითადი საკითხებია:
- უკანონო დაკავებები და დაკავებულთა გათავისუფლება;
- გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა;
- ე.წ. ბორდერიზაცია: ღობეების, მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვა;
- საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების ინციდენტები;
- ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გახსნა/დახურვა;
- ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემები;
- სარწყავი წყლისა და სხვა პრაქტიკული საკითხები.