სამი შვილის დედა, 37 წლის ოთინაშვილი რუსმა სამხედროებმა "საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის" დააკავეს" />

მაია ოთინაშვილის დედა ამბობს, რომ ცხინვალის იზოლატორში მყოფი მისი შვილი ნაცემია

სამი შვილის დედა, 37 წლის ოთინაშვილი რუსმა სამხედროებმა "საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის" დააკავეს

29 სექტემბერს სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი ცხინვალის იზოლატორში რჩება.

37 წლის სამი შვილის დედა საკუთარ  მიწის ნაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის კაკალს აგროვებდა.

ამჟამად ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. როგორც მისი დედა, გალინა ქელეხსაევა ამბობს, მისი შვილი ნაცემია.

ამ ინფორმაციას დაკავებულის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც:

“საოკუპაციო ხაზზე დაკავებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით, ჩვენთვის ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ნაცემია. მათი განცხადებით, ცემა მოხდა ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს ჰყავს ადვოკატი, მასაც არ მიეცა მაია ოთინაშვილის მონახულების საშუალება. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული არ მოუნახულებია არც ერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ ეჭვს,” – წერს ის საკუთარ ფეისბუკზე. 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ოთინაშვილს ცხინვალის მხარემ 10 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ “ცხელი ხაზის” საშუალებით, ცხინვალის ოფიციალური წარმომადგენლისგან, ეგორ კოჩიევისგან მიიღო.

თუმცა, მანამდე ცნობილი იყო, რომ ლენინგორის სასამართლომ მაია ოთინაშვილს “საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის” ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კა-გე-ბე-ს) ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე ამ დრომდე დევს ინფორმაცია, სადაც წერია, რომ ოთინაშვილმა წინასწარ პატიმრობაში ორი თვე უნდა გაატაროს:

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონფლიქტის ზონაში საქართველოს მოქალაქეებს რუსი სამხედროები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ.

როგორც წესი, ამ  ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის გადახდას აკისრებენ და მალევე ათავისუფლებენ.

თუმცა, ამჯერად ასე არ მოხდა.

სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მაია ოთინაშვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს.

მაია ოთინაშვილის დედა – გალინა ქელეხსაევა ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

“რადიო თავისუფლებას” ქელეხსაევამ უთხრა, რომ დაკავებულის მოსანახულებლად იზოლატორში არც ნათესავები და არც “წითელი ჯვრის” წარმომადგენლები არ შეუშვეს.

ქელეხსაევას თქმით, დაკავების დროს მისმა შვილმა წინააღმდეგობა გაუწია ნიღბიანებს, რის გამოც ის სცემეს. ქელეხსაევა არ გამორიცხავს, რომ მის შვილზე ცხინვალის იზოლატორშიც იძალადეს. მისი აზრით, სწორედ ამიტომ მოიფიქრეს აბსურდული ბრალდება და შეუფარდეს  წინასწარი პატიმრობა, რომ დრომ გაწელონ და ძალადობის კვალი გავიდეს.

მაია ოთინაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს სახალხო დამცველი. განცხადებაში თვითმხილველთა ნაამბობზე დაყრდნობით წერია, რომ ოთინაშვილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საკუთარ ნაკვეთზე, მავთულხლართებიდან 50 მეტრში ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს.

ასევე წაიკითხეთ: “ახალი ხურვალეთი”  – ერთმანეთის გვერდი-გვერდ ჩამწკრივებული 139 კოტეჯი, სადაც დევნილებმა ახალი ცხოვრება დაიწყეს. როგორ გამოსდით ეს მათ?

ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე. მისი თქმით, შესაბამისი ორგანოები და უწყებები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, “რომ უახლოეს საათებში ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდეს თავის შვილებს და თავის ოჯახს”.

მისი თქმით, მობილიზებულია ასევე ყველა საერთაშორისო რესურსი. „საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას,” – განაცხადა ბახტაძემ.

ასევე წაიკითხეთ: გაეროში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ “რუსეთის მიერ ოკუპირებული  სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას იმყოფებიან”.

_____________

•   გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ხურვალეთი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფელია. იგი გორიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. ხურვალეთი განსაკუთრებით დაზარალდა ე.წ. “ბორდერიზაციის”  პროცესის გამო, რომელსაც რუსი სამხედროები კონფლიქტის ზონაში მავთულხლართების გავლებით ახორციელებენ.

მავთულხლართებმა სოფელი ორად გაყო – სოფლის ერთი ნაწილი თბილისის იურისდიქციის ქვეშ დარჩა, მეორე ნაწილს კი, რუსი და ოსი სამხედროები აკონტროლებენ.

ასევე წაიკითხეთ: როგორ ცხოვრებენ მავთულხლართით გაყოფილ სოფლებში? რეპორტაჟი კონფლიქტის ზონიდან


•   აგვისტოს ომის შემდეგ რუსმა სამხედროებმა, რომლებიც კონფლიქტის ზონის მთელს პერიმეტრზე დგანან,  ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თეთრ-მწვანე ბანერები დაკიდება დაიწყეს წარწერით „სახელმწიფო საზღვარი“ და „სამხრეთი ოსეთი“ .  საზღვრის ფუნქციას მავთულხლართი ასრულებს, რომელსაც მონიშნულ ადგილებზე ავლებენ.  რუსული და ოსური მხარე ამ პროცესს “ბორდერიზაციას” უწოდებს. მათი თქმით, საზღვრის გავლებისას ისინი ძველი, ომამდელი, საბჭოთა დროის რუკით ხელმძღვაბელობენ. მათი თქმით, “სახელმწიფო საზღვრის” გავლება ხდება ახალგორის რაიონის გასწვრივ ისე, რომ ახალგორის ყველა სოფელი სამხრეთ ოსეთის ფარგლებში მოექცეს.

ქართული მხარე ამ პროცესს “მცოცავ ანექსიას” უწოდებს და აცხადებს, რომ რუსული მხარე ყოველ ჯერზე ახალ ქართულ მიწას იტაცებს.  მავთულხლართების გავლება ხშირ ხდება ქართულ სოფლებში ისე, რომ ეს სოფლები შუაზე იყოფა. შედეგად, ათეულობით ოჯახს საძოვრები, წინაპართა საფლავები და ა.შ. “საზღვრის” იქეთ დარჩა. 

ეს 83 წლის დათა ვანიშვილია, რომელიც სოფელ ხურვალეთში ცხოვრობს. მავთულხლართების გავლების შემდეგ, მისი სახლი ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ვანიშვილმა უარი თქვა სახლის დატოვებაზე. მასთან ხშირად მიდიან ჟურნალისტები და ის მავთულხლართის მეორე მხრიდან ესაუბრება. 18 ივნისი, 2018 წელი. ფოტო: REUTERS/ დავით მძინარიშვილი

•  ე.წ. “სახელმწიფო საზღვართან” გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ რუსი სამხედროები. ისინი აკავებენ ადამიანებს მათ შორის, იმ ადგილებშიც, სადაც ჯერ არ არის გავლებული მავთულხლართი და  არც “საზღვრის” აღმნიშვნელი აბრაა. 

კონფლიქტის ზონიდან ხშირია ცნობები იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ან საქონელს აძოვებდა საკუთარ სოფელში, ან ჯონჯოლს აგროვებდა ახლომდებარე ტყეში.

ასევე წაიკითხეთ: საქართველოს პარლამენტმა, ე.წ. “მაგნიტსკის სიის” მსგავსი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” მიიღო. სიაში ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს

ბოლო გახმაურებული შემთხვევა აგვისტოს ბოლოს მოხდა, როდესაც რუსმა სამხედროებმა თრუსოს ხეობაში ხუთი ქართველი ახალგაზრდა დააკავეს, რომლებიც ზურგჩანთებით სალაშქროდ იყვნენ წასული. ახალგაზრდების გათავისუფლებას რამდენიმე დღე და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა დასჭირდა. დაკავებულებს, როგორც წესი, ცხინვალის იზოლატორში ათავსებენ და ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. 

•  რუსი სამხედროების გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს პატრულირებენ.


ასევე წაიკითხეთ