ჟურნალისტური გამოძიებების არც ერთი ფიგურანტი არ დაზარალებულა. მათი ავტორი კი ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავეს " />

რუს ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს პატიმრობა ემუქრება

ჟურნალისტური გამოძიებების არც ერთი ფიგურანტი არ დაზარალებულა. მათი ავტორი კი ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავეს

ივან გოლუნოვი – ცნობილი რუსი ჟურნალისტია. ის ცნობილია, როგორც გამომძიებელი-ჟურნალისტი. მის პუბლიკაციებს შორის არის გამოძიება დედაქალაქის მერიაში გამეფებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ. ის მუშაობდა გამოცემებში „ვედომოსტი“, „Forbes“, РБК, „Слон“ და ტელეკომპანია „Дождь“-ში.

ამჟამად ის გამოცემა „მედუზას“ კორესპონდენტია.

6 ივნისს, ივან გოლუნოვი მოსკოვის ცენტრში დააკავეს. შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ნარკოტიკების გასაღებაშია ეჭვმიტანილი. დაპატიმრებისას და პოლიციის განყოფილებაში მის წინააღმდეგ გამოიყენეს ფიზიკური ძალა, უარი უთხრეს ადვოკატთან დარეკვის უფლებაზე და 24 საათი ხელბორკილდადებული გააჩერეს.

7 ივნისს, როდესაც გოლუნოვის დაპატიმრებისა და მისთვის წარდგენილი ბრალის შესახებ ინფორმაცია გახმაურდა, ამან საზოგადოების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. ასობით ადამიანი მივიდა მოსკოვის პოლიციის განყოფილებასთან და შენობის პიკეტირება სცადა. აქციის ბევრი მონაწილე დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს.

გოლუნოვის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას 24 საათის განმავლობაში, მისმა 3 ათასზე მეტმა კოლეგამ მოაწერა ხელი – ჟურნალისტებმა, რედაქტორებმა და პროდუსერებმა. იმავე მოთხოვნით შექმნილმა საერთო პეტიციამ კი იგივე დროის განმავლობაში 20 ათასზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა. „ნოვაია გაზეტას“ დამფუძნებელმა დიმიტრი მურატოვმა და რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა ხელი მოაწერეს თავდებობას სასამართლოში. „მედუზას“ რედაქციამ გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ნათქვამია:

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ივან გოლუნოვი უდანაშაულოა. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ გოლუნოვს მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნიან. ვიცით, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში მას ემუქრებოდნენ. ვიცით, რომელ სტატიებთან დაკავშირებით ემუქრებოდნენ და ვხვდებით, ვისგან მოდიოდა ის“.

8 ივნისს, პოლიციის განყოფილებაში, სადაც გოლოვინია მოთავსებული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. ექიმმა განაცხადა, რომ პაციენტს, სავარაუდოდ, ნეკნი ჰქონდა გატეხილი და ტვინის შერყევის ნიშნები აღენიშნებოდა, ასევე, დააფიქსირა სისხლჩაქცევა. ექიმის მიერ შეთავაზებულ ჰოსპიტალიზაციაზე გამომძიებელმა უარი განაცხადა.

სოციალური ქსელების მომხმარებლები და გოლუნოვის კოლეგები მომხდარზე საკუთარ შესაფასებებს გამოთქვამენ:

“ნოვაია გაზეტა” მხარს უჭერს კოლეგების განცხადებას, რომლებიც ითხოვენ საფუძვლიან, დამოუკიდებელ და ობიექტურ გამოძიებას და ასევე, ჩვენ მოვითხოვთ უწყობრივ და საპროკურორო შემოწმებას ინფორმაციის, რომელიც ივან გოლუნოვის, როგორც დაკავებულის უფლებების დარღვევას შეეხება, ძირითადად ადვოკატის არ შეშვებისა და ფიზიკური ძალადობის შესაძლო გამოყენების თაობაზე.

„ივან გოლუნოვის გამოძიებებში თითქმის არ იყო პოლიტიკა – მხოლოდ ციფრები, რომლებიც წარმოაჩენენ თანამდებობის პირთა და ხელისუფლებასთან აფილირებული ბიზნესების ეკონომიკურ დანაშაულებს“ – ნაწყვეტი ტელეკომპანია „დოჟდის“ განცხადებიდან.

“თავხედური და უსინდისო პროვოკაცია ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის მიმართ – სხვა არაფერია გარდა ჰიბრიდული მცოცავი გადატრიალების განხორციელებისა, იმ სახელისუფლებო და ძალოვანი სტრუქტურების ინტერესებით, რომლებიც შემდგომ წლებში, რუსეთში, გარდაუვალი ძალაუფლების გადაცემის შედეგად საკუთარი პოზიციების დაკარგვით არიან შეშინებულები”, – ცნობილი ჟურნალისტის, არკადი დუბნოვის ფეისბუქ-ანგარიშიდან.


ასევე წაიკითხეთ