რეპორტაჟი პანკისის ხეობიდან, რომელშიც მაჩალიკაშვილების ოჯახის ტრაგედიაა მოთხრობილი" />

პანკისში მშვიდობა აღარ არის

რეპორტაჟი პანკისის ხეობიდან, რომელშიც მაჩალიკაშვილების ოჯახის ტრაგედიაა მოთხრობილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარ სახლში პანკისის ხეობაში. იანვარი, 2018 . ფოტო დავით ფიფია, JAMnews

პანკისის ხეობის მკვიდრი მალხაზ მაჩალიკაშვილი, უკვე ორი თვეა, საქართველოს პარლამენტის წინ პროტესტს გამოთქვამს, და მართლმსაჯულების აღსრულებას მოითხოვს. გასული წლის იანვარში მისი 19 წლის ვაჟი თამერლანი სპეცდანიშნულების რაზმის მიერ მიყენებული ჭრილობის შედეგად საკუთარ საძინებელში გარდაიცვალა. მალხაზი, ზაზა სარალიძესთან ერთად, რომლის ვაჟი – დათო გასული წლის პირველ დეკემბერს ჩხუბის დროს მოკლეს, ქუჩაში დარჩენას მანამდე აპირებენ, ვიდრე მათი შვილების მკვლელები არ დაისჯებიან. ეს რეპორტაჟი პანკისის ხეობიდან, რომელშიც მაჩალიკაშვილების ოჯახის ტრაგედიაა მოთხრობილი,  2018 წლის 29 იანვარს გამოქვეყნდა.

ბოლო წლებში პანკისის ხეობა შედარებით მშვიდად ცხოვრობდა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მიერ 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციების შემდეგ, რომლებიც სირიის ომის გამოძახილი გახდა, სიმწრით მიღწეული სტაბილურობა ეჭვქვეშ დადგა.

«მეხის გავარდნა» პანკისის თავზე

თოვლიან მთებს შორის მოქცეულ ხეობაში გარეგნულად დღესაც სრული სიმშვიდეა. ერთი შეხედვით, ეს ადგილი საქართველოს სხვა რეგიონებისგან გარეგნულად ცოტათი თუ განსხვავდება. მხოლოდ მინარეთებით, უცნაური ფორმის წვერებიანი მამაკაცებით ქუჩებში, ასევე იმით, რომ აქ ალკოჰოლის ყიდვა ცოტა რთულია.

სინამდვილეში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხეობაში ვითარება საგრძნობლად დაიძაბა. განსაკუთრებით 10 იანვრის შემდეგ, როდესაც 26 დეკემბრის ღამეს სპეცრაზმის მიერ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. მაშინ პანკისში ტერორისტების მხარდაჭერის ბრალდებით კიდევ ხუთი ადგილობრივი დააკავეს. ძალოვნების მტკიცებით, თემირლანს ხელში ხელყუმბარა ჰქონდა, რასაც ოჯახი კატეგორიულად უარყოფს.

• თბილისში პარლამენტის შენობასთან პრემიერის გადადგომას მოითხოვენ. რა ხდება საქართველოში

• რატომ მიდიან სირიაში პანკისელი ბიჭები?

• სირიის ომი. როდის და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი

ნატყვიარი  თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ადგილას. ფოტო დავით ფიფია  JAMnews. პანკისის ხეობა, 2018 წლის იანვარი.

სპეცოპერაციამ და 19 წლის ახალგაზრდის სიკვდილმა პანკისში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. თემირლანის დასაფლავებას უპრეცედენტოდ ბევრი, ათას ადამიანამდე დაესწრო.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პირველი ოფიციალური პირი გახდა, რომელმაც მაჩალიკაშვილების ოჯახი 16 იანვარს მოინახულა. იმ დღეს, ყინვისა და თოვლის მიუხედავად, სახლთან მრავალი ადგილობრივი მაცხოვრებელი მივიდა. დახურულ კარს მიღმა ოჯახთან თითქმის ერთსაათიანი საუბრის შემდეგ სახლიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ გამოძიებამ ოჯახს მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს – როგორც თემირლანის ბრალეულობის მტკიცებულებების, ასევე სპეცოპერაციის თაობაზე – “კითხვები, რაც ოჯახის წევრებს უჩნდებათ, გვიჩნდება ჩვენც”, – განაცხადა ლომჯარიამ.

• სამხრეთ ოსეთმა და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს

• ისლამური სახელმწიფოს ბებიები 

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯასის წევრები, უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი, მასწავლებელი ლუიზა მუთოშვილი, ჟუსნალისტი ისლამ გორგიშვილი და სალაფიტური თემის წარმომადგენელი მუსა პანკისელი ჩატარებული სპეცოპერაციისა და მიმდინარე გამოძიების შესახებ: 

კითხვები ადგილობრივებს მართლაც ბევრი აქვთ: “გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ კანონის ფარგლებში მოხდება გამოძიება და დადგინდება სინამდვილე. ჩვენ გვაქვს პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდა ეს ოპერაცია. ჩემი აზრით, ის ჩატარდა ძალიან ცუდად”– ამბობს უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი. იგი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ახალგაზრდები უბრალოდ დაკითხვაზე რომ დაებარებინათ, ტრაგიკული ინციდენტის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

ხეობის მაცხოვრებლებს თემირლანის ბრალეულობის არ სჯერათ. ყოველ შემთხვევაში მტკიცებულებები, რაც უსაფრთხოების სამსახურმა წარადგინა – კადრები, რომლებზეც თემირლანი ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან ერთად თბილისის მაღაზიებში დადის, მათთვის სარწმუნო არ აღმოჩნდა.

ოჯახის წევრები და ახლობლები გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში. ფოტო აგნეშკა ზიელონკა, JAMnews. პანკისის ხეობა,  2018 წლის იანვარი. 

პრაქტიკულად ყველა, ვისაც პანკისში ვესაუბრეთ, ერთ და იგივეს ამტკიცებს – ახალგაზრდებს, რომლებთანაც ურთიერთობა გამოძიების მთავარი არგუმენტია დაკავებული პანკისელების წინააღდეგ, ხეობაში ბევრი იცნობდა. ამ ახალგაზრდა ჩეჩნებს ხეობაში ბოლო ორი წლის განმავლობოაში რეგულარულად ხედავდნენ. აქაურები მათ საქართველოში მეგზურობას უწევდნენ, რადგან მათ ქართული არ იცონდნენ და არავინ იცოდა, თუ მათ ინტერპოლი ეძებდა.

ამავე დროს, ხელისუფლების წარმომადგენლები დაკავებულთა ბრალეულობაში დარწმუნებულები არიან. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ძალოვნების მონაცემებით, ჩატაევთან კავშირზე გავიდნენ საქართელოს მოქალაქეები „და ხელს უწყობდნენ იარაღის მოპოვებაში, სხვადასხვა ტექნიკური საშუალების შეძენაში, საბანკო მიმოქცევაში და ასე შემდეგ. ესეც ფაქტია და ამასთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები”. თუმცა, ეს მტკიცებულებები საზოგადოებისთვის ჯერ არ წარუდგენიათ.  

ფოტო დავით ფიფია, JAMnews. პანკისის ხეობა, 2018  წლის იანვარი.

პანკისის ხეობაში დაახლოებით 7 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ქისტები არიან. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ხეობამ დროებით 12 ათასამდე ჩეჩენი ლტოლვილი შეიკედლა. 90-ანი წლების ბოლოს და 2000-ნების დასაწყისში საქართველოს ხელისუფლება რეგიონს ფაქტობრივად ვერ აკონტროლებდა და მან კრიმინალის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ადამიანთა გატაცების ცენტრის სახელი გაითქვა. საერთაშორისო მასშტაბით კი პოტენციურ საფრთხესთან ასოცირდებოდა.

რუსეთი მაშინ საქართველოს ჩეჩენი მებრძოლების მხარდაჭერაში ადანაშაულებდა და პანკისის ტერიტორია რამდენიმეჯერ დაბომბა კიდეც.

2003 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სიტუაციის დასტაბილურება და ხეობაზე კონტროლის დამყარება რაიმე ძალის გამოყენების გარეშე მოხერხდა.

ლაფანყურის სპეცოპერაციამაც, რომელსაც რამდენიმე ქისტი შეეწირა და რომელმაც ბევრი უპასუხო კითხვა დატოვა, მიღწეული სტაბილურობა ვერ შეარყია.

ახალმა ხელისუფლებამ რეგიონის განვითარების პოლიტიკა გააგრძელა, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვადახვა პროგრამების დაფინანსების მეშვეობით.

ხეობის ყველაზე დიდ სოფელში – დუისში, ამჟამად ფუნქციონირებს პოლიციის განყოფილება, რამდენიმე არასამთავრობო ორგანოზაციის ოფისები, ინგლისური ენის კურცებიც. აქ კარგი გზებია, ახლახანს გაზიც შეიყვანეს. ერთ წელზე მეტია ფუნქციონირებს ერთადერთი აქაური მედია – სათემო რადიო Way,რომელსაც საერთაშორისო დონორები ეხმარებიან.

ეს ყველაფერი ბოლო წლებში მიღწეული შედეგია. ამ პერიოდს პანკისში დადებითად აფასებენ. თუმცა, როგორც აქაურები მიიჩნევენ, ბოლო მოვლენებმა ამ “სტაბილურ წლებს” შესაძლოა ბოლო მოუღოს.

“მოსახლეობას, ავტორიტეტებს და სახელმწიფოს წინა წლებში დიდი ძალისხმევის გაღება მოუხდა ხეობაში სიტუაციის დასარეგულირებლად… ის რაც მოხდა, მეხის გავარდნასავით იყო ჩვენთვის … ეს ჩვენთვის ძალიან მძმე დარტყმაა”, – ამბობს ხასო ხანგოშვილი.

რადიო Way -ს ჟურნალისტი ისლამ გორგიშვილი ამბობს, რომ ბოლო კვირეების მოვლენებმა “ხაზი გადაუსვა ყველაფერს, რაც აქამდე ხეობაში სახელმწიფომ გააკეთა. ისევ გაიზარდა უნდობლობა ხელსუფლების მიმართ”.

“ბოლო მოვლენებმა იმის შეგრძნება შექმნა, რომ ყველაფერი პრაქტიკულად 2000-ანი წლების დასაწყისში დაბრუნდა”, – ამბობს სალაფიტური თემის იმამის წარმომადგენელი მუსა პანკისელი. მისთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია ძალის ასეთი ფორმით გამოყენება, რადგან ხეობის ნებისმიერი მაცხოვრებელი მზად იყო ჩვენების მისაცემად.

სალაფიტური მეჩეთი დუისში. ფოტო დავით ფიფია, JAMnews. პანკისის ხეობა.

პანკისიდან ისლამურ სახელმწიფოში

სირიაში ე. წ. ისლამური სახელმწიფოს შექმნის მომენტიდან მის რიგებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოხალისეთა ნაკადი დაიძრა. გამონაკლისი არც საქართველოს მუსლიმებით დასახლებული რეგიონები გახდა. ყველაზე მეტად პოპულარული კი ისლამური სახელმწიფოს იდეები, როგორც ჩანს, პანკისში აღოჩნდა.

დღეისთვის შეუძლებელია იმის ზუსტად თქმა, რამდენი ახალგაზრდა გაემგზავრა სირიაში პანკისიდან ისლამური სახელმწიფოს მხარეზე საბრძოლველად. დანამდვილებით მხოლოდ 26 დაღუპულის შესახებ არის ცნობილი.

ადგილობრივები განსაკუთრებით სირიაში არასრულწლოვანთა გამგზავრებამ აღაშფოთა – კანონის თანახმად, მესაზღვრეებს ისინი არ უნდა გაეტარებინათ და იმაში, რომ ისინი მაინც გაემგზავრნენ, აქაურები სახელმწიფოს დანაშაულს ხედავენ.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით – “ჩვენ 2012 წლიდან ძალიან გავამკაცრეთ როგორც კანონმდებლობა, ასევე მაქსიმალური ყურადღება დავუთმეთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნიდან ჩვენი თანამოქალაქეები არ წასულიყვნენ ისლამურ სახელმწიფოში საბრძოლველად და ამან შედეგი გამოიღო. თუკი მანამდე რამდენიმე ათეული ადამიანი იყო გასული, 2012 წლის შემდგომ სულ რამდენიმე ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა”.

ლეილა აჭიშვილმა სოფელ ჯოყოლოდან ამ ომში ორი შვილი დაკარგა. ჰამზათი და ხალიდი ჯერ ავსტრიაში წავიდნენ, იქ ოჯახებიც შექმნეს. 2013 წელს ისლამური სახელმწიფოს მხარეს საომრად უფროსი ვაჟი ჰამზათი გაემგზავრა. შვილის დასაბრუნებლად ლეილამ სირიაში წასვლა გადაწყვიტა. მან შვილთან შეხვედრა მოახერხა და მასთან რამდენიმე დღეს დარჩა, თუმცა სახლში დაბრუნებაზე ვერ დაიყოლია.

დაბრუნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლეილამ მისი დაღუპვის შესახებ შეიტყო. ცოტა ხანში მან გაიგო, რომ ომში მისი უმცროსი ვაჟიც წავიდა, რომელიც მალევე დაიღუპა. დედას შვილების არჩევანი არ მოსწონდა, თუმცა მათზე ზეგავლენა ვერ მოახდინა. შვილების დაღუპვის შემდეგ ლეილამ გადაწყვიტა საკუთარი ამბავი არ დამალოს  – იქნებ ამით სხვა ოჯახები ასეთ უბედურებას გადაარჩინოს.

სალაფიტური თემის იმამის წარმომადგენელი მუსა პანკისელი, სირიაში წასულ პანკისელებზე საუბრისას ამბობს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა:

“ადრე, ისლამური სახელმწიფოს შექმნამდე, ე. წ. ცივლიზებული სახელმწიფოები ამბობდნენ, რომ ბაშარ ასადი ტირანია, საკუთარ ხალხს ხოცავს და ყველას მოუწოდებდნენ იქ ჩასულიყვნენ და ხალხის გვერდით დამდგარიყვნენ. იმ დროს იქ ჩასვლა პრობლემას არ წარმოადგენდა, ამას მთელი მსოფლიო საზოგადოება უჭერდა მხარს. მას შემდეგ, რაც იქ დაიწყო სხვადასხვა მიმართულებებით მოქმედებები, ბევრი ადამიანი მიხვდა ამას, ბევრმა თავი შეიკავა… სამი წელი ხეობიდან იქ არავინ გასულა. თუ ვინმე წასულა, უმრავლესობა თურქეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან წავიდა”.

ხასო ხანგოშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი მიზეზები, რის გამოც ახალგაზრდა ქისტებმა სირიაში წასვლა დაიწყეს, “ხალიფატის” შექნისა და პირველი წარმატებების ეიფორია და ისლამური სახელმწიფოს მომხრეთა აგიტაცია გახდა. გარდა ამისა, მისი თქმით, ქისტებს, როგორც ვაინახებს, მეომრობა “გენებში აქვთ”. ასევე თავისი როლი სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩარევამ შეასრულა, რადგან ბევრ ქისტს რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა სურდა.

“წლების განმავლობაში სირიაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ხელისუფლებისან ვითხოვდით, რომ ჩვენი ახალგაზრდობა არ გაეშვა და საზღვრები ჩაეკეტა”,  – ამბობს უხუცესი. საბოლოოდ, ხანგოშვილის თქმით, საზღვარი სირიაში ბრძოლის მსურველებისთვის მაინც ჩაკეტეს.

ხასო ხანგოშვილი და მუსა პანკისელი პანკისიდან სირიაში საომრად წასული ახალგაზრდების შესახებ:

2015 წლის ბოლოს ისლამური სახელმწიფოსთვის მებრძოლების გადაბირების ბრალდებით ადგილობრივი სალაფიტური მეჩეთის ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი დააკავეს. 2016 წლის მარტში მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მასწავლებელი და სამოქალაქო აქტივისტი ლუიზა მუთოშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაციის ერთ-ერთი მიზეზი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობაა ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმების მიზნით.

საქმე აქაურ ახალგაზრდობას მართლაც პრაქტიკულად არაფერი აქვს – ისევე როგორც საქართველოს ბევრ სხვა რეგიონში. იმ განსხვავებით, რომ სხვა რეგიონებში ახალგაზრდებს ომში მონაწილეობას და დიდებას არავინ სთავაზობს. ცოტა ხნის წინ დუისში სპორტდარბაზი გაიხსნა. თუმცა, ლუიზა მიიჩნევს, რომ მთელი ხეობისთვის ის საკმარისი არ არის.

პანკისის მკვიდრის და ისლამური სახელმწიფოს სამხედრო მინისტრის თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის ფიგურამ, როგორც ჩანს, პანკისელი ახალგაზრდების ჯიჰადისტთა რიგებში მობილიზებისთვის მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ისლამ გორგიშვილი და ლუიზა მუთოშვილი პანკისიდან სირიაში საომრად წასული ახალგაზრდების შესახებ:

პანკისში სპეცოპერაციის შემდეგ ქართული მედიის ყურადღების ცენტრში თემირლან მაჩალიკაშვილის ფეისბუქის გვერდი მოექცა, რომელიც მას “ტემირლან პანკისსკის” სახელით ჰქონდა შექმნილი. ამ გვერდზე იგი თარხან ბათირაშვილის, ასევე ისლამური სახელმწიფოს სხვა მებრძოლების ფოტოებს და ვიდეოებს აქვეყნებდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პანკისელი ახალგაზრდობისთვის ამაში საგანგაშო არაფერია.

“ბათირაშვილის ფოტოებს და ვიდეოებს ფეისბუქზე არა მხოლოდ ქისტები, არამედ ქართველებიც დებდნენ. მისი მისამართით სიმპათიებს ბევრი გამოხატავდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს სიმპათიებს ისლამური სახელმწიფოს მიმართ. ვაინახებს შორის ძლიერია პატრიოტიზმი, სოციალურ ქსელებში ბევრი პოსტავს ჩეჩენი მეომრების ფოტოებს და ვიდეოებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ”, – გვიხსნის ისლამ გორგიშვილი.

თემირლანის და, ნატა მაჩალიკაშვილი ასევე დარწმუნებულია, რომ სიმპათიები ბათირაშვილის მიმართ არა მხოლოდ ქისტებში, არამედ ქართველებშიც არის – “მას სულ ორი ვიდეო ჰქონდა გაზიარებული. ამას ყველა აკეთებს, ვისაც გული შესტკივა სირიაში დაღუპულ ადამიანებზე”,  – ამბობს ის.

თუმცა, როგორც ჩანს, ადგილობრივი ახალგაზრდობისთვის სიმპათიები ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიმართ, რომელთა შორის მათი ნათესავები, მეზობლები და კლასელები არიან, საქართველოსადმი პატრიოტულ გრძნობებს სულაც არ გამორიცხავს.

“როდესაც ერთმანეთში ამ თემაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ვამბობთ, რომ პანკისის არცერთი მცხოვრები, რომელიც ახლა სირიაში იბრძვის, საქართველოს რაიმე ცუდს არასდროს გაუკეთებდა”,  – გვეუბნება ლუიზა მუთოშვილი.

“გაუგებარია, რატომ გვიწევს რაღაცნაირად იმის მტკიცება, რომ გვიყვარს საქართველო”,- ოდნავ ნაღვლიანად გვეუბნება ახალგაზრდა მასწავლებელი. ისლამ გორგოშვილიც იმავე აზრზეა: “ჩვენ საქართველოს ისეთივე მოქალაქეები ვართ, როგორც სხვები და ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია”.

პრაქტიკულად ყველას, ვისაც პანკისში ვესაუბრეთ, ხეობისა და მისი მაცხოვრებლების რეპუტაცია აღელვებს – “ასე ცუდად რატომ მოგვიხსენიებენ?”,  – ამ ფრაზას აქ ხშირად გაიგონებთ.

“როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ აქ ტერორიზმია, აქ ტერორიზმს უჭერენ მხარს, ეს ძალიან გამაღიზიანებელია”, – ამბობს ხასო ხანგოშვილი.

ლეილა აჭიშვილს, რომელმაც სირიაში ორი შვილი დაკარგა, დღეს საკუთარი გესთ-ჰაუსი აქვს, სადაც უცხოელებს მასპინძლობს. ის თავის შეშფოთებას გვიზიარებს: “ისევ დაიწყო საუბრები, რომ აქ ტერორისტები არიან. მეშინია, რომ სტუმრები აქ აღარ ჩამოვლენ”.

მუსა პანკისელი ხეობის შესახებ ნეგატივის გავრცელებაში ზოგიერთ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს. მისი თქმით, პანკისელებს სტაბილურობა სურთ, “რათა ჰქონდეთ საშუალება ეკონომიკა და ტურისტული პოტენციალი განავითარონ”.

“საინფორმაციო ცენტრების ქსელის” რედაქტორი გელა მთივლიშვილი მიიჩნევს, რომ პანკისის მიმართ სტერეოტიპის და სტიგმის გაღრმავების მიზეზი მედიის მიერ ბოლო მოვლენების ზედმეტად დრამატული გაშუქება გახდა – „მედიის ერთი ნაწილი ამბობდა, რომ პანკისში ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება, მეორე ნაწილი კი ამტკიცებდა, რომ პანკისში ფეთქებადსაშიში ვითარება იყო. ეს არ იყო ობიექტური შეფასება მედიის მხრიდან. ხეობაში დაძაბული სიტუაცია მართლაც არის, მაგრამ არა ისეთი, როგორც ამის წარმოჩენას მედიის ნაწილი ცდილობდა”.

ისლამი – ძველი და ახალი

სალაფიზმი  – ისლამის შედარებით ახალი მიმდინარეობა,  რომელსაც ასევე ვაჰაბიზმსაც უწოდებენ, „წმინდა” თავდაპირველი ისლამისკენ დაბრუნებას ქადაგებს. სალაფიზმი სასტიკად იდევნება ჩრდილო კავკასიაში, პანკისში კი ბოლო წლების განმავლობაში დომინანტად იქცა და ტრადიციულ ისლამს თანდათანობით ავიწროვებს.

ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი სალაფოტები არიან, სირიაში მებრძოლი პანკისელები ფაქტობრივად ყველა სალაფიტებს ეკუთვნის. დუისის ცენტრში სალაფიტური მეჩეთის ახალი შენობა დგას.   

სალაფიზმის გავლენის ზრდას, როგორც ჩანს, ცხოვრების წესის გარკვეული გამკაცრებაც მოჰყვება. თუმცა, ჯერჯერობით არც ისე აგრესიული ფორმით. გასული წლის იანვარში დუისის პოლიციის განყოფილების წინ ვიღაცამ საახალწლო ნაძვის ხე დაწვა. მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის დაწვას შეეცადნენ, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობდა. დამნაშავეები ვერ იპოვეს.

უხუცესები ღიად გამოთქვამენ უკმაყოფილებას “რადიკალური ისლამის” გავრცელების გამო. ხასო ხანგოშვილის თქმით, აუცილებელია ისეთი კანონმდებლობა რელიგიების შესახებ, რომ “შეჩერებულ იქნეს ის, ვინც კანონს უხვევს”.

სალაფიტური თემის წარმომადგენელი მუსა პანკისელი ტრადიციული ისლამის ბრძოლას სალაფიზმთან, აღიქვამს როგორც ურთიერთობას ძველსა და ახალ თაობას შორის – “დღეს, დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში 10 წლის ბავშვმა შესაძლოა მეტი იცოდეს, ვიდრე 50-60 წლის ადამიანმა. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს უფროს თაობას, იმის მიუხედავად, ჩვენზე რას ლაპარაკობენ”,  -ამბობს მუსა პანკისელი.

ვაინახებისთვის ტრადიციული იერარქია, რომელშიც უხუცესები ლიდერების პოზიციას იკავებენ, პანკისში სალაფიზმის მოსვლასთან ერთად აშკარად შეირყა.

სოფელი დუისი , ფოტო დავით ფიფია, JAMnews.  პანკისის ხეობა, 2018 წლის იანვარი.

დუისის საშუალო სკოლაში კედლებზე შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის სურათები კიდია. მოსწავლეები შესვენებაზე კამერის წინ მხიარულად პოზირებენ და საჩვენებელ თითებს მაღლა სწევენ – ეს სალაფიტებს შორის პოპულარული ჟესტია, რომელიც ერთი ღმერთის აღიარებას ნიშნავს.

იმის შესახებ, რომ ისლამის რადიკალიზაცია პანკისში საყურადღებო პრობლემაა, “უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის” დირექტორის მოადგილე გიორგი გოგუაძე საუბრობს.

“პანკისში სალაფიზმის გავლენა იზრდება, მაგრამ ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოვხარშოთ… მათ შორის არის ძალიან მცირე ჯგუფი, რომელიც რადიკალური შეხედულებებით გამოირჩევა. საჭიროა კომუნიკაცია სალაფიტურ თემთან”  – ამბობს გოგუაძე. მისი თქმით, სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი სტრატეგია ამ საკითხში და სხვადასხვა უწყებას რადიკალიზაციასთან ბრძოლაში სხვადასხვა მიდგომები აქვთ.

მოსწავლეები სოფელ დუისის სკოლაში, ფოტო დავით ფიფია, JAMnews. პანკისის ხეობა,  2018 წლის იანვარი.

«ყურადღებით უნდა ვიყოთ»

სპეცოპერაციებმა თბილისსა და პანკისში ოპოზიციაში ეჭვები გააჩინა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ამ მხრივ არაერთი კითხვა არსებობს.

„როგორ შემოვიდა საქართველოში საერთაშორისო ტერორისტი ახმედ ჩატაევი, რომელიც არაერთ მძიმე დანაშაულში, მათ შორის სტამბოლის აეროპორტის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი? როგორ მოხვდა იარაღის ასეთი დიდი არსენალი შუაგულ თბილისში?.. ორივე ეს სპეცოპერაცია, ფაქტობრივად, ბევრი არარაციონალური და არაპროფესიონალური მოქმედებით იყო გამორჩეული. იყო თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული პროპორციული ძალა? ჰქონდა თუ არა მას რეალურად იარაღი?.. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს. რეალურად, პასუხგაუცემელი კითხვები აჩენს ხელისუფლების მიმართ უნდობლობას. ხელისუფლება ვალდებულია, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგვცეს”, – გვითხრა დეკანოიძემ.

ექსპერტი გიორგი გოგუაძე მიიჩნევს, რომ ბოლო მოვლენების შედეგად პანკისის მოსახლეობის ნდობა სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების მიმართ საფრთხეში მოექცა.

ექსპერტი გიორგი გოგუაძე პანკისში არსებული სიტუაციისა და შესაძლო საფრთხეების შესახებ 

„ყველა პროგრამა, რომლიც იქ ხორციელდებოდა, დონორების, არასამთავრობო სექტორის და სახელმწიფოს ყველა მცდელობა ახლა საფრთხეშია. მათი მთავარი მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის ხელშეწყობა, რომელიც ახლა კითხვის ნიშნის ქვეშაა”,   – ამბობს ექსპერტი.

ისლამური სახელმწიფოს დაცემასთან ერთად ბევრ ქვეყანას შეექმნა საფრთხე ყოფილი მებრძოლების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ჩატაევის ჯგუფიც თბილისში სწორედ სირიიდან მოხვდა. გიორგი გოგუაძის თქმით – “კატასტროფა მოსალოდნელი არ არის, თუმცა საფრთხე აშკარაა, რადგან ისლამური სახელმწიფოს რიგებში ასზე მეტი საქართველოს მოქალაქე იბრძოდა და სახელმწიფო ყურადღებით უნდა იყოს. ამისთვის კი კოორდინირებული მოქმედება და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაა აუცილებელი”.

სტატია პირველად გამოქვეყნდა 2018 წლის 30 იანვარს

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ