ვიდეო ბლიც-ინტერვიუ მათთან, ვისაც პასუხი აქვს" />

არის თუ არა აფხაზეთში ოჯახური ძალადობა?

ვიდეო ბლიც-ინტერვიუ მათთან, ვისაც პასუხი აქვს

თავიდანვე ისეთი ადამიანების აზრი გვინდოდა მოგვესმინა, ვინც ექსპერტი, პარლამენტარი ან სპეციალისტი-ფსიქოლოგი არ არის; არამედ უბრალოდ, იმ ადამიანების აზრი, რომლებიც სხვადასხვა სამსახურში მუშაობენ და სხვადასხვანაირი ხელფასი აქვთ. გვინდოდა გაგვეგო ფართო საზოგადოების პასუხი კითხვაზე – არის თუ არა ოჯახური ძალადობა აფხაზეთში მწვავე თემა, რომელიც ყურადღებას მოითხოვს?

მაგრამ კამერის წინ ლაპარაკი არავინ ისურვა. არც დიქტოფონში – ანონიმურობის პირობით.

და მაშინ ამ კითხვით ექსპერტებს, პარლამენტარებსა და ფსიქოლოგებს მივმართეთ, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ პირველად ქუჩაში გამოკითხულთაგან არავინ ისურვა კითხვაზე პასუხის გაცემა, ბევრ რამეზე მეტყველებდა.  

რესპუბლიკაში ოჯახური ძალადობის თემით ყველაზე მეტად დაკავებულია აფხაზეთის ქალთა ასოციაცია. ამ საკითხზე მუშაობა მათთვის ძალიან რთულია, რადგან არავითარი სტატისტიკა არ არსებობს.

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრებზე მხოლოდ ქალები მიდიოდნენ და მიწვეულთაგან არც ერთი მამაკაცი არ მისულა.

არც ისე დიდი ხნის წინ მათ დაასრულეს გამოკვლევა, რომლისთვისაც დაწვრილებითი ინტერვიუ აიღეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც, თავიანთი საქმიანობის გამო,  მსხვრპლთანაც და აგრესორებთანაც კავშირში არიან – მილიციელებისგან, ექიმებისგან, იურისტებისგან, უფლებადამცველებისგან და დეპუტატებისგან. ასევე, ასოციაციამ დისკუსიისთვის თავი მოუყარა სხვადსხვა ადამიანს და შეეცადა ფართო სურათი მიეღო.

გამოკვლევა მივიდა დასკვნამდე, რომ აფხაზეთში არსებული ოჯახური ძალადობის მასშტაბები საზოგადოების სერიოზულ შეშფოთებას უნდა იწვევდეს.

2017 წელს ასოციაციასთან მუშაობა დაიწყო კრიზისულმა ცენტრმა. ცენტრის იურისტი მაია შირიკოვა ამბობს, რომ საზოგადოების მენტალიტეტის თავისებურებებიდან გამომდინარე, იქ მისვლა და საკუთარი ამბის მოყოლა ყველა ქალისთვის დიდ სტრესს წარმოადგენს.

 „ქალი არანაირად არ არის დაცული. კანონმდებლობა მზად არ არის მის დასაცავად – მაგალითად, რომ შეძლოს იმ ადამიანთან გაყრა, ვისთანაც ცხოვრება არ სურს და ეს მისთვის კატასტროფად არ იქცეს. ალიმენტები, ქონების გაყოფა – ამის მიღწევა ქალისთვის იმდენად ძნელია, რომ ის ხშირად იმ დასკვნამდე მიდის, რომ ამ ყველაფერს  ვერც მორალურად, ვერც ფსიქოლოგიურად და ვერც მატერიალურად ვერ გაუმკლავდება, და ისევ იმ ადამიანთან აგრძელებს ცხოვრებას“

რა უნდა გაკეთდეს?

იურისტი ოლეგ პაპასკირი ამბობს, რომ საკმარისია იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სადაც ამ პრობლემის გადაჭრას აქტიურად ცდილობენ – რას გვეუბნება ეს გამოცდილება?

პირველ რიგში, საჭიროა  საგანგებო კანონის მიღება, რომელიც „ოჯახური ძალადობის“ ცნებას ამკვიდრებს და რეაგირების მექანიზმებს ითვალისწინებს.

რატომ არის საჭირო ცალკე კანონი? იმიტომ, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლი და მოძალადე ერთ სახლში იმყოფებიან. თუ ორი ადამიანი ქუჩაში იკამათებს ან იჩხუბებს, შემდეგ თითოეული თავის სახლში მიდის. ოჯახური ძალადობის დროს კი ინციდენტის შემდეგ მსხვერპლი აგრესორის სიახლოვეს რჩება – ეს არამხოლოდ ახალი აგრესიის რისკს წარმოადგენს, არამედ ეს მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლაცაა.  

ბევრ ქვეყანაში არსებობს კანონი, რომელიც მოძალადეს მსხვერპლთან გარკვეული მეტრების მანძილზე მიახლოებას უკრძალავს, და ეს კანონი, ყველგან სადაც ის გამოიყენება, მომავალში ინციდენტების საგრძნობ შემცირებას იწვევს.

„აფხაზეთში ასეთი კანონი არ არის, ის არც პარლამენტის გეგმაშია, არც დისკურსში, ის ახლო მომავალში საერთოდ არ არსებობს“, – ამბობს ოლეგ პაპასკირი.

აფხაზეთის ქალთა ასოციაციამ ასეთი კანონპროექტი ჯერ კიდევ სამი წლის წინ მოამზადა, მაგრამ დეპუტატებმა თქვეს: „ეს რაში გვჭირდება? „აფსუარა“ ხომ გვაქვს (ტრადიციული ღირსების კოდექსი)“, – ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი ნათელა აკბა.

ასოციაცია აპირებს, რომ პარლამენტში ამ საკითხს უახლოეს მომავალში დაუბრუნდეს. მათი ექსპერტები ამბობენ, რომ ოთხი მოქმედებით სიტუაციის კარდინალურად შეცვლა შეიძლება:

  • ოჯახური ძალადობის საპირისპირო ქმედების კანონის მიღება;
  • მილიციაში საგანგებო ქვედანაყოფის შექმნა, რომელიც ოჯახური ძალადობის პრობლემით დაკავდებოდა;
  • ქალთა და ბავშვთა უფლებების დამცავი სპეციალური ომბუდსმენის თანამდებობის შემოღება;
  • და მეტი კრიზისული ცენტრის შექმნა იმ ქალებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
*ფოტო: აგნეშკა ზიელონკა
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ