პარტია "სახალხო ფრონტის" ლიდერსა და კიდევ შვიდ ადამიანს არასანქცირებულ მსვლელობაში მონაწილეობისთვის 1450 დოლარამდე ჯარიმების გადახდა დაეკისრათ " />

დაკავებული აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები გაათავისუფლეს

პარტია "სახალხო ფრონტის" ლიდერსა და კიდევ შვიდ ადამიანს არასანქცირებულ მსვლელობაში მონაწილეობისთვის 1450 დოლარამდე ჯარიმების გადახდა დაეკისრათ

აზერბაიჯანული პარტია “სახალხო ფრონტის” თავმჯდომარე ალი ქერიმლი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯამილ ჰასანლი და კიდევ დაახლოებით 50 აქტივისტი, რომლებიც 17 ნოემბერს დააპატიმრეს, უკვე გათავისუფლებულები არიან.

ყველა მათგანს „არასანქცირებულ მსვლელობაში“ მონაწილეობის მიღება ედება ბრალად, ქერიმლის დამატებით – აქციის ორგანიზებაც. სასამართლომ რვა ადამიანს, მათ შორის ქერიმლისაც, სხვადასხვა ოდენობის ჯარიმების გადახდა დააკისრა -235 დოლარიდან 1450 დოლარამდე. მსვლელობის დანარჩენ მონაწილეებს ადმინისტრაციული გაფრთხილება მიეცათ.

• აზერბაიჯანში პოლიციამ რესპუბლიკის დღის აღასანიშნავად გამართული საზეიმო მსვლელობა დაარბია 

• აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს ბრალი კონტრაბანდაში დასდეს და მას თავისუფლების სამი წლით აღკვეთა მიუსაჯეს   

• 2017 წელი აზერბაიჯანში: პირველი ვიცე-პრეზიდენტის გამოჩენა, ჟურნალისტის გატაცება და სხვა     

„არასანქცირებულ მსვლელობად“ ხელისუფლება მიიჩნევდა ბაქოს „შაჰიდების ხეივანში“ დასაფლავებული საბჭოთა ინტერვენციისა და ყარაბაღის ომის მსხვერპლთა საფლავებზე ყვავილების დადების მცდელობას. ეს ყველაფერი ეროვნული აღორძინების 30-ე წლისთავს ეძღვნებოდა.

ეროვნული აღორძინების დღე (17 ნოემბერი) აზერბაიჯანში 1992 წლიდან აღინიშნება. 1988 წელს, ამ დღეს დაიწყო საერთო სახალხო მოძრაობა „მეიდანი“(„მოედანი“).ბაქოს მთავარ მოედანზე ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა და ხელისუფლებისგან მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში უფრო აქტიური მონაწილეობის მიღებას მოითხოვდნენ. სადღეღამისო მიტინგი 19 დღეს მიმდინარეობდა და ის 1988 წლის 5 დეკემბერს საბჭოთა ჯარმა დაარბია. მაშინ მოძრაობა „მეიდანის“ დაახლოებით 400 აქტივისტი დააპატიმრეს. ეს მოძრაობა სსრკ-სგან აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევა.

რა მოხდა

ოპოზიციური ორგანიზაციების აქტივისტები 17 ნოემბერს საღამოსკენ შაჰიდების ხეივნისკენ გაემართნენ, მაგრამ ისინი პოლიციამ შეაჩერა. დააპატიმრეს დაახლოებით 50 ადამიანი, თავად ალი ქერიმლისა და დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს მეთაურის ჯამილ ჰასანლის ჩათვლით.

სახალხო ფრონტის აქტივისტები ბაქოს საბაილის რაიონის პოლიციის შენობასთან გამოვიდნენ და თავიანთი თანაპარტიელების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. იმავე დღის საღამოს დაკავებულების თანდათან გათავისუფლება დაიწყეს.

ერთ-ერთი უკანასკნელი ჯამილ ჰასანლი გათავისუფლდა, და თქვა, რომ პოლიციაში მასა და ქერიმლის ახსნა-განმარტების დაწერა მოსთხოვეს, მაგრამ ორივე მათგანმა ამის ადვოკატების გარეშე გაკეთებაზე უარი განაცხადა.

„დაკითხვა არ ყოფილა. ჩვენ უბრალოდ ვისხედით, ხოლო პოლიციის თანამშრომლები რაღაცას ელოდნენ“, – აღწერა თავისი პოლიციაში ყოფნა ჰასანლიმ. იმ ბრალდების საპასუხოდ, რომ ისინი მსვლელობას უკანონოდ ატარებენ, დაკავებულებმა უპასუხეს, რომ ეს არ იყო პოლიტიკური მსვლელობა, და მათ დღესასწაულის აღსანიშნავად დაღუპული გმირების საფლავებზე ყვავილების დაწყობა სურდათ. საბოლოოდ, ღამისკენ უკვე ყველა დაკავებული გაათავისუფლეს, ალი ქერილმლისა და მისი შვიდი თანამებრძოლის გარდა.

დაკავების შედეგები

მთელი ღამისა და მომდევნო დღის განმავლობაში გაურკვეველი იყო, თუ სად იმყოფებოდნენ ალი ქერიმლი და მისი მეგობრები, და რა ელოდათ მათ. ცნობილი იყო მხოლოდ, რომ მათ ბრალდება ადმინისტრაციული კოდექსის 513.2-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული (არაკანონიერ მსვლელობაში მონაწილეობა), ქერიმლის კი ასევე ბრალი ედებოდა 513.1-ე მუხლის მიხედვით ( ორგანიზატორის მიერ შეკრებების, მიტინგების, , დემონსტრაციების, ქუჩის მსვლელობების ჩატარების ორგანიზებისა და ჩატარების წესების დარღვევა). 19 ნოემბერს დილით სასამართლომ ალი ქერიმლის ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დააკისრა და გაათავისუფლა.

სასამართლოს შენობასთან ქერიმლის პარტია “სახალხო ფრონტის” რამდენიმე ასეული აქტივისტი ელოდებოდა.

 „მე თქვენ მოგიწვიეთ მათ საფლავებზე ყვავილების დაწყობაში მონაწილეობის მისაღებად, ვინც ჩვენთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო. გმადლობ, რომ გამოგვეხმაურეთ. თუმცა, ხელისუფლებას ამის შეეშინდა და ჩვენი დაპატიმრება გადაწყვიტა. არავის აქვს უფლება, მოქალაქეებს გმირების ხსოვნისადმი პატივის მიგება აუკრძალოს, არც ჩვენ ვაღიარებთ ამგვარ აკრძალვას „შაჰიდების ხეივანში“ მაშინ მივალთ, როდესაც საჭიროდ მივიჩნევთ“, – უთხრა მათ ქერიმლიმ.

მისი ნაამბობით, მსვლელობის მონაწილეთა დაპატიმრების არგუმენტად სასამართლო იმას ასახელებდა, რომ „შაჰიდების ხეივანში“ უცხოელი ტურისტები აპირებდნენ მისვლას. ოპოზიციონერმა ასეთ დასაბუთებას „დაცინვა და სისულელე“ უწოდა.

რატომ მოხდა ეს

 „აზერბაიჯანის ოპოზიცია, სამწუხაროდ, ისეთ პირობებშია ჩაყენებული, რომ იძულებულია, საკუთარი არსებობის შესახსენებლად სადღესასწაულო თარიღები გამოიყენოს“, – ამბობს JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი, – ამ წლის 28 მაისს, პირველი აზერბაიჯანული რესპუბლიკის გამოცხადების დღეს, სხვა ოპოზიციურმა პარტიამ „რესპუბლიკურმა ალტერნატივამ“ მსვლელობა ჩაატარა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამაარსებელთა მონუმენტთან ყვავილები დააწყო. მაშინ ერთ-ერთი ლიდერი  – აზერ ჰასიმლი ასევე დააკავეს და მოგონილი ბრალდებით ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რატომ არ ქმნის ხელისუფლება ნორმალურ პირობებს ოპოზიციონერი აქტივისტების შეკრებისთვის? როგორც, ჩანს მათ „ჯინის ბოთლიდან“ გამოშვების და მოძრაობაზე კონტროლის დაკარგვის ეშინიათ“.


ასევე წაიკითხეთ