კადნიერი ბლოგერი ბაქოს ციხეშია" />

ლაპშინის საქმე: რა, როგორ და რატომ?

კადნიერი ბლოგერი ბაქოს ციხეშია

მოგზაური-ბლოგერის, ალექსანდრ ლაპშინის მინსკიდან ბაქოში გადაყვანა, ჩემი დაკვირვებით, ყველაზე განხილვად თემად იქცა აზერბაიჯანულ (და, შესაძლოა, სომხურ) მედიასა და სოციალურ ქსელებში. ამ სიახლემ, როგორც ჩანს, დაჩრდილა ცნობა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცის, ჩინგიზ ყურბანოვის ცხედრის დაბრუნების შესახებ (აზერბაიჯანში გვამის ექსტრადიციას დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ).

რა მოხდა?

არსებობს ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი. იგი რუსეთის, ისრაელისა და უკრაინის მოქალაქეა და საკუთარი გვერდი აქვს „ლაივჯორნალში“, სადაც მოგზაურობაზე წერს. სიმართლე გითხრათ, 2016 წლის დეკემბრამდე არც კი ვიცოდი, ვინ იყო ლაპშინი – მიუხედავად იმისა, რომ უკვე 10 წელია, საკუთარი ბლოგი მაქვს „ლაივჯორნალზე“.

ლაფშინი 2011 წლის აპრილში და 2012 წლის ოქტომბერში ეწვია ყარაბაღს. ამ ვიზიტის განხორციელებამდე მას აზერბაიჯანის ხელისუფლების ნებართვა არ აუღია. მეტიც – შესაბამისი უწყებისათვის ფორმალური შეტყობინებაც კი არ გაუგზავნია. იგი სომხეთის ტერიტორიის გავლით ჩავიდა ყარაბაღში. აზერბაიჯანს კი სომხეთთან ჯერ კიდევ მოუგვარებელი კონფლიქტი აქვს მთიანი ყარაბაღის გამო. ამდენად ლაპშინმა დაარღვია აზერბაიჯანის კანონი სახელმწიფო საზღვრის შესახებ.

აზერბაიჯანული ვერსიით, ყარაბაღიდან დაბრუნებული ლაპშინი საჯარო განცხადებებში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს. ამ ყველაფრის გამო ალექსანდრ ლაპშინი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ «შავ სიაში» შეიყვანეს, რომელშიც არასასურველი პირები არიან წარმოდგენილნი.

მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ რას წარმოადგენს „შავ სია“.

+
2013 წლის 8 აგვისტოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა „არასასურველი ადამიანებისგან“ შემდგარი სია, რომელშიც 330 ადამიანი შედის. ამ ჩამონათვალში სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების დეპუტატები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სტუდენტები, მხატვრები, არტისტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.
მეზობელ საქართველოსგან განსხვავებით, სადაც 2009 წლიდან მოქმედებს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, აზერბაიჯანში არათუ კანონი, არამედ ხელმისაწვდომი ინსტრუქციაც კი არ არსებობს იმ უცხოელებისთვის, რომლებსაც მთიანი ყარაბაღში სურთ ჩასვლა. ყველაფერი ინდივიდუალური მიდგომით წყდება – ჩინოვნიკების დონეზე.

ბევრი კრიტიკოსი ლაპშინის შემთხვევას ქართული წარმოშობის რუსი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის კაზუსს ადარებს. პავლიაშვილი არამხოლოდ უკანონოდ ჩავიდა ყარაბაღში, არამედ „არცახის დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი“ მიძღვნილ კონცერტზეც გამოვიდა. ამის შემდეგ სოსო საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში შეიყვანეს.

თუმცა, გასული წლის ნოემბერში აზერბაიჯანული წარმოშობის ცნობილმა რუსმა ბიზნესმენმა, ემინ აღალაროვმა (ილჰამ ალიევის ყოფილმა სიძემ) სოსო ბაქოში მიიწვია და საქველმოქმედო კონცერტის გამართვა შესთავაზა. სოციალური ქსელების მომხმარებლების პროტესტის მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ პავლიაშვილის გვარი „შავი სიიდან“ ამოიღო – მიუხედავად იმისა, რომ მომღერალს ბოდიშიც კი არ მოუხდია საჯაროდ.

სიაში შეყვანილი ზოგიერთი ადამიანი (მაგალითად იტალიელი საესტრადო მომღერალი ალ ბანო და კიდევ ერთი რუსი ბლოგერი და მოგზაური არტემი ლებედევი) მოგვიანებით ბოდიშის წერილებს გზავნიდა და აღნიშნავდა, რომ ყარაბაღში სიცრუის გზით შეიტყუეს. ასეთ პირებიც ამოიღეს სიიდან.

გამომდინარე იქიდან, რომ მთიანი ყარაბაღში ლეგალურად ჩასვლის მკაფიოდ გაწერილი პროცედურა არ არსებობს, ადამიანებს „უმცირესი წინააღმდეგობის გზით“ მოქმედება უწევთ, რათა აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის უწყების (და, ღმერთმა არ ქნას, ძალოვანი სტრუქტურების) გულისწყრომა არ დაიმსახურონ.
აზერბაიჯანის ჰუმანიტარული კვლევების საზოგადოების დირექიტორი, რომელსაც მშვიდობისმყოფელობის დიდი გამოცდილება აქვს, ყარაბაღში ჩამსვლელებს ასეთ რჩევას აძლევს – უცხო ქვეყნის მოქალაქე (კერძო პირი, ჟურნალისტი ან პროექტის მონაწილე), რომელიც ყარაბაღში ერევნის გავლით აპირებს ჩასვლას (სხვა გზა არ არის აზერბაიჯანის აგდამის რაიონში არ დგას საკონტროლო გამშვები პუნქტი – ქართულ-აფხაზური ადმინისტრაციული საზღვრისგან განსხვავებით, სადაც, მდინარე ენგურის ხიდზე, ასეთი პუნქტი არსებობს), პირველ რიგში, აზერბაიჯანის ვიზა უნდა მიიღოს საკუთარ ქვეყანაში.

ამის შემდეგ ყარაბაღში ჩასვლის მსურველმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეტა სამინისტროს ფაქსი, ან ელექტრონული წერილი უნდა გაუგზავნოს, რომელშიც ვიზიტის მიზნები, ვადები და სხვა დეტალები იქნება აღნიშნული. განცხადებას აზერბაიჯანის ვიზის ქსეროასლიც უნდა ერთვოდეს თან. როგორც წესი, ასეთი მიმართვა საკმარისია ხოლმე . მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეკითხვები გაუჩნდება, სასურველია, უპასუხოთ ამ შეკითხვებს – იმისთვის რათა თავიდან აიცილოთ სანქციები აზერბაიჯანის მხრიდან.

ლაპშინმა არამხოლოდ არ გააფრთხილა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო(მას რუსული პასპორტი აქვს და, ამდენად, ვიზა არ სჭირდება), არამედ, აზერბაიჯანის ხელისუფლების მოსაზრებით, უკიდურესად თავხედური ნაბიჯი გადადგა – მიუხედავად იმისა, რომ „შავ სიაში“ იმყოფებოდა, მან კიდევ ერთხელ გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი და ამჯერად სპეციალურად უკრაინული პასპორტი გამოიყენა. „შავ სიაში“ იგი რეგისტრირებულია სახელით „ალექსანდრ“, უკრაინულ პასპორტის მიხედვით კი მას „ოლექსანდრი“ ჰქვია. ამიტომ სისტემამ ბლოგერი ვერ ამოიცნო. ამის შემდეგ იგი ტრაბახობდა ინტერნეტში და ამბობდა, რომ მოხერხებულად გააცურა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები.

რატომ მოხდა ეს?

ლაპშინამდეც ბევრი უცხოელი ჩასულა უკანონოდ მთიან ყარაბაღში. ამჟამად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს „შავ სიაში“ 335 ადამიანია შესული, ორი წლის წინ კი „არასასურველი პირების“ ჩამონათვალში 400-ზე მეტი ადამიანი შედოდა. რატომ გამოცხადდა დევნა მაინცდამაინც ლაპშინზე? რატომ დააპატიმრეს მინსკში და რატომ მოხდა მისი ექსტრადირება ბაქოში? ამ შეკითხვაზე პასუხის რამდენიმე ვერსია არსებობს.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ლაპშინი უკიდურესად გამომწვევად იქცეოდა. „შავ სიაში“ მოხვედრის შემდეგ მან კიდევ ერთხელ დაარღვია აზერბაიჯანის საზღვარი და ასეთი „გმირობის“ ჩადენის შემდეგ ტრაბახი დაიწყო. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის – ბლოგის ერთ-ერთ „პოსტში“, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის გადაკვეთას ეძღვნებოდა, ლაპშინმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია ჰეიდარ ალიევი, რომელიც აზერბაიჯანში საერთოეროვნულ ლიდერად ითვლება.

ანუ შესაძლოა, ამ შემთხვევაში, პირად წყენასა და შეურაცხყოფასაც აქვს ადგილი.“ლაივჯორნალში“ გამოქვეყნებული ის პოსტი უკვე წაშლილია ლაპშინის გვერდიდან, მაგრამ ეს მასალა ძალიან ბევრმა მომხმარებელმა გააზიარა ინტერნეტში: “ჩემპიონთა ლიგის მატჩი: აზერბაიჯანის რესპუბლიკა საშა ლაპშინის წინააღმდეგ. ანგარიში 1:0 ბლოგერის სასარგებლოდ! ”

ძალიან ხშირად, არასამართლებრივ სახელმწიფოში (სწორედ ასეთ ქვეყნად მივიჩნევ აზერბაიჯანს) საუბარი ისეთ ცნებაზე დადის, როგორიცაა „გაგება“. ლაპშინმა ეს „გაგება“ არ გაითვალისწინა და ამიტომაც დაისაჯა.

მეორე ახსნა – დაძაბულობა რუსულ-ბელარუსულ ურტიერთობებში. ლაპშინის მინსკში დაკავება რუსულ-ბელარუსული ურთიერთობების გამწვავებას დაემთხვა.

დაძაბულობა რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობების გამწვავება დაიწყო მას შემდეგ, რაც მინსკი შეეცადა, გადაეხედა რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირის ფასი და ათას კუბურ მეტრ გაზში 132-ის ნაცვლად 73 დოლარი გადაეხადა. 30 დეკემბერს მინსკმა საკუთარი ინიციატივით, 7,7 პროცენტით გაზარდა რუსული ნავთობის ტრანზიტის ტარიფი. ამას გარდა, ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალტერნატიულ მომწოდებლებს მოურიგდა. მის მიერ ჩამოთვლილ „დისტრიბუტორ სახელმწიფოთა“ შორის ირანისა და ყაზახეთის გვერდით აზერბაიჯანიც ფიგურირებდა. მოსკოვსა და მინსკს შორის არსებულმა კონფლიქტურმა მდგომარეობამ ბელარუსის აგრარული პროდუქციის რუსეთში იმპორტირების საკითხზეც იმოქმედა.
მზარდი დაძაბულობის დამატებით სიმპტომად იქცა ის, რომ ბელარუსმა უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისა და ევრაზიული კავშირის სამიტებში, რომლებიც 2016 წლის 26 დეკემბერს გაიმართა სანქტ-პეტერბურგში. შედეგად ბელარუსმა ხელი არ მოაწერა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჯო კოდექსს, რის გამოც ეს დოკუმენტი ძალაში არ შესულა.

ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი პირველი მედიამუშაკი არაა, რომელიც მინსკსა და მოსკოვის კონფრონტაციის გამო დაზარალდა. 2016 წელს ბელარუსში სამი რუსი ავტორი დააკავეს იმის გამო, რომ მათ მიერ ინტერნეტგამოცემებში – „რეგნუმში“, „ლენტა რუსა“ და „ევრაზია დეილიში“ – გამოქვეყნებული სტატიები „ერებს შორის შუღლის გაღვივებას“ ემსახურებოდა“, – იუწყება „კავკაზსკი უზელი“.

რას უნდა ველოდოთ მომავალში?

ლაფშინის დაკავების საფუძვლად აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლი იქცა:

  • 318.2 (“ადამიანთა ჯგუფის მიერ აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთა შესაბამისი დოკუმენტების გარეშე, ან სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლითა და წინასწარი განზრახვით”);
  • 281.2 (“საჯარო მოწოდებები ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლისკენ, ძალადობრივი რეჟიმის დამყარებისკენ, საკონსტიტუციო მოწყობის ძალადობრივი გზით შეცვლისკენ, ან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ. მსგავსი შინაარსის მქონე მასალების გავრცელება არაერთხელ, ან პირთა ჯგუფის მიერ”).

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ლაფშინს აზერბაიჯანში, მაქსიმუმ, რვაწლიანი პატიმრობა ელის.

ბევრი კომენტატორი თანხმდება, რომ საჩვენებელი სასამართლო პროცესის შემდეგ ლაფშინს, სავარაუდოდ, რუსეთს, ან ისრაელს (რომელიმეს იმ სახელმწიფოთაგან, რომელთა მოქალაქეცაა თავად განსასჯელი) გადასცემენ; თუმცა, ბაქოს შეუძლია, ამ „ოპერაციიდან“ გარკვეული სარგებელი მიიღოს.

მაგალითად, რუსეთის ერთი მოქალაქის (ალექსანდრ ლაპშინის) გაცვლა რუსეთის სხვა მოქალაქზე – დილგამ ასკეროვზე, რომელიც მთიანი ყარაბაღის საპატიმროში იმყოფება.

უფრო დეტალურად ქელბაჯარელის პატიმრების შესახებ.

+
2015 წელს ასკეროვი და მისი თანამემამულე, შაჰბაზ გულიევი სომხური მხარის მიერ კონტროლირებად ქელბაჯარის რაიონში დააკავეს და დააპატიმრეს. აზერბაიჯანული ვერსიის მიხედვით, ასკეროვსა და გულიევს კანონი არ დაურღვევიათ, რადგანაც აზერბაიჯანის ტერიტორიის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში გადაადგილდებოდნენ (მათ განაცხადეს, რომ წინაპრების საფლავების მონახულება სურდათ). სომხური ვერსიით, ისინი დივერსანტები არიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თადარიგის ოფიცრების“ თავმჯდომარემ, უზეირ ჯაფაროვმა განაცხადა, რომ ერთი მოქალაქის (ლაპშინის) დაცვითა და მეორეს (ასკეროვის) უფლებების უგულებელყოფით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ორმაგ სტანდარტებს უშვებს. ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანულ მხარეს ქელბაჯარელი პატიმრების გამოხსნის ახალი შანსი გამოუჩნდა.

ცალკე უნდა აღინიშნოს ლაპშინის მინსკიდან ბაქოში ექსტრადირების მეთოდი. აეროპორტში ნიღბებსა და კამუფლაჟის ტიპის ფორმებში გამოწყობილი ოთხი ოფიცერი დახვდა – ისე, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელს. სოციალური ქსელების ბევრმა მომხმარებელმა მიაქცია ყურადრება იმას, რომ ამ ოპერაციის შესასრულებლად მიღებული ზომები არ შეესაბამებოდა თავად მოვლენის მასშტაბს. მაგალითად, ფეისბუკის მომხმარებელმა, კინომცოდნე ულვი მეხტიმ აზერბაიჯანელი ძალოვანების ქმედება „ბეღურის წინააღმდეგ არტილერიის გამოყენებას“ შეადარა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ელმარ მამედიაროვმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და ისრაელის საელჩოებმა მის უწყებას საპროტესტო ნოტები გამოუგზავნეს. “რუსეთის ფედერაციის კონსული ლაპშინს ხვალ, ან ზეგ შეხვდება – ისე, როგორც ამას ვენის კონვენცია ითვალისწინებს. საელჩოს მასთან ურთიერთობის საშუალება ექნება. დღეს ტექნიკურ დეტალებს გადავწყვეტთ. მე უკვე შევხვდი რუსეთის ელჩს და მასთან ერთად განვიხილე ეს საკითხი“, – განაცხადა მამედიაროვმა „რია ნოვოსტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ისრაელი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ბლოგერის საქმეს . ქნესეთის (ისრაელის პარლამენტის) წევრი ქსენია სვეტლოვა მიიჩნევს, რომ ამ საქმეში სახელმწიფოს უმაღლესი რანგის პირები უნდა ჩაერიონ – მ.შ. ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც.

«გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია ისრაელის მოქალაქეზე, რომელმაც სახელმწიფო ჯარში, სამხედრო ნაწილებში იმსახურა, მიმაჩნია, რომ ისრაელმა პასუხი უნდა აგოს მის სიცოცხლესა და კეთილდღეობაზე», — განაცხადა სვეტლოვამ სააგენტო Eurasia daily-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ლაპშინის დასაცავად სიტყვით გამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის პირველი ომბუდსმენი, ლარისა ალავერდიანი, რომელიც ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას „სამართლებრივი განუკითხაობის წინააღმდეგ“.

მისი შეფასებით, რუსეთისა და ისრაელის მოთხოვნები ლაპშინის ექსტრადიციასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისად მწვავე, რაც იმით აიხსნება, რომ ორივე ქვეყანა აზერბაიჯანს აწვდის იარაღს. „ლაფშინის ისტორიაში საქმე გვაქვს ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქის ინტერესების ცინიკურ უგულებელყოფასთან. რუსეთმა და ისრაელმა იარაღის გაყიდვით მიღებული მყისიერი ხეირი არჩიეს.

საინტერესოა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მის დასაცავად რაიმე სახის განცხადება არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ „ოლექსანდრ“ლაპშინი უკრაინის მოქალაქეც გახლავთ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ