სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ბრალი რევოლუციის ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს დასდეს" />

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ფაშინიანის გუნდსაც შეეხო

სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ბრალი რევოლუციის ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს დასდეს

სომხეთში კორუფციის წინააღმდეგ გაჩაღებული მკაცრი ბრძოლა უკვე პრემიერ-მინისტრის გუნდს, ანუ მათაც შეეხო, ვინც ხელისუფლებაში გასული წლის აპრილის რევოლუციის შემდეგ მოვიდა. სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელს დავიდ სანასარიანს ბრალად სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ედება. მისი უფლებამოსილება შეჩერებულია.

კერძოდ რა ედება ბრალად სანასარიანს

სანასარიანთან დაკავშირებული ისტორია ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო. მაშინ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული სამსახურის ჩინოვნიკები: სახელმწიფო შესყიდვების კონტროლის სამმართველოს უფროსი სამველ ადაიანი და სამედიცინო აღჭურვილობათა სპეციალისტი გევორგ ხაჩატრიანი – სისიხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს. ეს საქმე გემოდიალიზისთვის განკუთვნილი სამედიცინო აღჭურვილობის შემოტანასთან დაკავშირებულ ტენდერში სავარაუდო ჩარევის გამო აღიძრა.

სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ორივე თანამშრომელს ბრალად ედება

  • სახელმწიფო შესყიდვების პროცესში უკანონო ჩარევა,
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება,
  • კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლა.

გამოძიების მონაცემების თანახმად, 2018 წლიდან ისინი სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესში უკანონოდ ერეოდნენ და ტენდერებში კონკრეტული სავაჭრო ორგანიზაციების გამარჯვებას უზრუნველყოფდნენ.

როდესაც ამ სამსახურის ჩინოვნიკების დაკავების შესახებ გახდა ცნობილი, სანასარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი მან სამსახურში პირადად მიიღო:

 „სამველ ადაიანი და გევორკ ხაჩატრიანი – სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ერთ-ერთი სანიმუშო და საუკეთესო თანამშრომლები არიან“.

თავად სომხეთის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელს დავიდ სანასარიანს ბრალდება 18 აპრილს წაუყენეს. ეროვნული უშიშროების სამსახური იუწყება, რომ სისიხლის სამართლის საქმის ფარგლებში აღმოჩენილია სანასარიანის ბრალეულობის დამადასტურებელი ფაქტები. მას ბრალად ედება, რომ არამხოლოდ ვალდებულებებს არ ასრულებდა, არამედ საკუთარ მდგომარეობას იმ კომპანიის სამეწარმეო საქმიანობის გასავითარებლად იყენებდა, რომელსაც ფაქტობრივად მისი თანამშრომლები მართავენ.

ამასთან დაკავშირებით დავიდ სანასარიანისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელს და თავის რევოლუციურ თანამებრძოლს დავიდ სანასარიანს მოუწოდა, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა. საუბარია უფლებამოსილების დროებით შეწყვეტაზე. თუმცა, პრემიერის პრეს-მდივნის თქმით, ნიკოლ ფაშინიანი სანასარიანის თანამდებობიდან მოხსნას არ აპირებს, რადგან უდანაშაულობის პრეზუმფციას აფასებს“.

რას ამბობს წაყენებული ბრალდების შესახებ თავად სანასარიანი

დავიდ სანასარიანი საკუთარ დანაშაულს არ აღიარებს. მან განაცხადა, რომ მის სახელს კორუფციასთან ვერავინ ვერასდროს დააკავშირებს. სანასარიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:

 „ახალი სომხეთისთვის ბრძოლა გრძელდება. ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები შეთითხნილია, და ამას დამტკიცება არ ესაჭიროებაკენედის მკვლელობაში ჩემი დადანაშაულება უფრო საფუძვლიანი იქნებოდა, ვიდრე იმაში, რომ მე კორუფციასთან რაიმე კავშირი მაქვს“.

 „ პოლიტიკური დევნა გამორიცხულია“

სომხეთის ეროვნული საკრებულოს ვიცე-სპიკერმა ლენა ნაზარიანმა სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ პოლიტიკური დევნის შესაძლებლობა გამორიცხა.

 „ასევე გამოვრიცხავ, რომ დანაშაულის შემთხვევაში, ვინმე დაუსჯელი დარჩეს“, – აღნიშნა ნაზარიანმა.

მისი თქმით, მმართველი პარტია კორუფციასთან ბრძოლაში ადამიანების თავისიანებად და სხვებად დაყოფას არ დაიწყებს.

 „ვფიქრობ, ამაში უკვე დარწმუნდით“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

 ვინ არის დავიდ სანასარიანი

დავიდ სანასარიანი დიდი ხნის განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტი იყო. 2007 წლიდან ის პარტია „მემკვიდრეობის“ წევრი იყო, თუმცა გასულ წელს ის მიეკედლა პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“, რომლის ლიდერი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანია.

სანასარიანი 2018 წლის „ხავერდოვანი“ რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი და აქტიური მონაწილე იყო

სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შესახებ

კანონი სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შექმნის შესახებ სომხეთის პარლამენტმა 2018 წლის თებერვალში მიიღო. ახალ სამსახურს სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ აუდიტისა და კონტროლის საკითხებში ფართო უფლებამოსილებები აქვს. თანაც, ის მხოლოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება.

სანასარიანი სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გასული წლის მაისში დაინიშნა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ