იყვნენ თუ არა ქართველი სნაიპერები „მაიდანზე“? - რას იძიებს უკრაინის პროკურატურა
20 თებერვალს, კიევში, ინსტიტუტსკიას ქუჩაზე მომიტინგეებსა და ძალოვნებს შორის მომხდარი ყველაზე მძაფრი დაპირისპირების დროს ევრომაიდანის 48 მონაწილე მოკლეს. დახვრეტებში მილიცია „ბერკუტის“ სპეცდანაყოფის ეგრეთ წოდებული „შავი როტას“ მეომრებს ადანაშაულებენ. ახლა ექს-“ბერკუტელების“ ხუთი წევრი კიევის სვიატოშინსკის სასამართლოში საბრალდებო სკამზე ზის. „ბერკუტელების“ დაცვა მათ ბრალეულობას უარყოფს, თავად მეომრებს კი სასამართლოში ჩვენება აქამდე არ მიუციათ.
13 თებერვალს სვიატოშინსკის სასამართლოსთვის ჩვენება მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცა, მაგრამ ერთი დღით ადრე ის უკრაინიდან გაასახლეს. სააკაშვილი ეგრეთ წოდებულ „ქართველ სნაიპერებთან“ დაკავშირებით უნდა დაეკითხათ.
გასული წლის ნოემბერში იტალიის მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა უჩვენეს ფილმი, რომელიც მაიდანის მოვლენების „ალტერნატიულ“ ვერსიებს წარმოადგენს. ფილმის გმირები ჰყვებიან, რომ უკრაინის ოპოზიციამ ბრძანება გასცა, ცეხცლი ძალოვნებისთვისაც გაეხსნათ და მეპროტესტეებისთვისაც. ექს-„ბერკუტელების“ ადვოკატები ცდილობენ, სასამართლო ამ ვერსიის სანდოობაში დაარწმუნონ.
ჰრომადსკოე შეეცადა, გაერკვია, თუ ვინ არიან „ქართველი სნაიპერები“.
რა იყო იტალიურ ფილმში?
ჯან მიკალესინის მასალაში „უკრაინა, დაფარული სიმართლე“, რომელიც 2017 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდა, ინტერვიუს იძლევა სამი ადამიანი, რომლებმაც თავი კობა ნერგაძედ, ზალოგი კვარაცხელიად და ალექსნდრე რევაზიშვილად წარადგინეს. ავტორების მტკიცებით, ჟურნალისტებმა „მაიდანის მოვლენების მოწმეებთან“ ინტერვიუ 2017 წლის ზაფხულში მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჩაიწერეს.
სიუჟეტის გმირები ამბობენ, რომ მათ კოორდინირებას საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი მამუკა მამულაშვილი უწევდა. კერძოდ, კობა ნერგაძე ჰყვება, თუ როგორ გადაიბირეს ის თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში (როგორც ჩანს, საუბარია პარტიაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც 2004 – 2013 სააკაშვილი ხელმძღვანელობდა). ის ასევე გვიჩვენებს ვითომდა საქართველოს უშიშროების სამსახურის თანამშრომლის „მოწმობას“, რომელშიც რამდენიმე ორთოგრაფიული შეცდომაა დაშვებული (მაგალითად, სიტყვა certificate დაწერილია ასო k-თი, с-ს ნაცვლად – certifikate).
ფილმის მეორე გმირი, ზალოგი კვარაცხელია ამბობს, რომ საქართველოს ჯარში სამსახურისას სნაიპერი იყო. ფილმის გმირები ასევე ასახელებენ „კურატორების“ გვარებს – უკრაინის მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მათი თქმით, ისინი კიევში 2013 წლის ბოლოს ყალბი დოკუმენტებითა და გამოგონილი სახელებით ჩავიდნენ. ხოლო მაიდნის მოვლენების მწვავე ფაზის დროს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რამდენიმე რაზმის წევრები იყვნენ და სასტუმრო „უკრაინასა“ და კიევის კონსერვატორიაში (ეს ორივე შენობა დამოუკიდებლობის მაიდანზე მდებარეობს) იყვნენ დაბანაკებულები. მათი მტკიცებით, ამ რაზმებში გაწევრიანებული იყვნენ ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, კერძოდ – ლიტველები.
ერთ-ერთი გმირის ნაამბობით, დაპირისპირების გამწვავების დროს კიევის მთავარ მოედანზე რაზმს „ბერკუტის“ თანამშრომლებისთვის ცეცხლის გახსნა უბრძანეს. შემდეგ კი ჯგუფის კოორდინატორისგან მოვიდა ბრძანება, რომ ცეცხლი მეპროტესტეებისთვისაც გაეხსნათ. სიუჟეტის გმირი ირწმუნება, რომ მისი კოლეგები აღშფოთდნენ, ეს პროვოკაციად აღიქვეს და სროლაზე უარი განაცხადეს. მისი თქმით, მალე მაიდანზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი და დაღუპული პირველი ადამიანები გაჩნდნენ.
ფილმის გმირებმა ასევე დაასახელეს „კურატორების“ გვარები – უკრაინის იმდროინდელი ოპოზიციის წარმომადგენლები. „სიკვდილის ლეგიონების“ უკან ვითომდა უმაღლესი რადას ახალანდელი სპიკერი ანდრეი პარუბი, პარტია „სახალხო ფრონტის“ სახალხო დეპუტატი სერგეი პაშინსკი და დამოუკიდებელი სახალხო დეპუტატი ვლადიმირ პარასიუკი იდგნენ.
2017 წლის 15 ნოემბერს უკრაინულ ტელეარხ Newsone-ზე პირდაპირი ეთერის დროს „ოპოზიციური ბლოკის“ სახალხო დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა მოულოდნელად „ქართველი სნაიპერების შესახებ“ მოყოლა დაიწყო. მისი ეს ბრალდება იყო სააკაშვილის მისამართით, რომელთანაც მას სტუდიაში დებატი ჰქონდა:
„ქართული ჯარის გენერალმა ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, რომ სნაიპერები, რომლებიც მაიდანზე ისროდნენ, სააკაშვილს ეკუთვნოდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თქვა, რომ პირადად იცის იმ სნაიპერების გვარები, რომლებიც სააკაშვილს აქ ჩამოჰყავდა“.
თავის მხრივ, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს სიმართლე არ არის, ისინი კი ვინც რიაბინოვიჩს ვითომ „ქართველი სნაიპერების“ შესახებ უამბო – რუსეთის აგენტები არიან.
პროკურატურა დახვრეტებში „ქართველი სნაიპერების“ მონაწილეობას უარყოფს
ჰრომადსკოე დაუკავშირდა გენერალური პროკურატურის სპეცგამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელს სერგეი გორბატიუკს, რომლის ხელქვეითებიც „მაიდანის საქმეებს“ იძიებენ. მისი თქმით, ამ გვარების მქონე ადამიანები – ნერგაძე, კვარაცხელია და რევაზიშვილი – ევრომაიდანის პერიოდში უკრაინის ტერიტორიაზე არც კი შესულან.
გორბატიუკი ასევე ამბობს, რომ გამოძიებამ ჩაატარა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი, აგრეთვე – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ბალისტიკური ექსპერტიზა, და 20 თებერვალს დაჭრილი აქტივისტების დაკითხვა.
„არ არსებობს იმის დამადასტურებელი არანაირი მონაცემები, რომ 20 თებერვალს დაზარალებულებს სასტუმრო „უკრაინადან“ ესროდნენ. მიღებული მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელია იმის მტკიცება, რომ ისროდნენ იქიდან, სადაც „ბერკუტის“ ეგრეთ წოდებული „შავი როტა“ იმყოფებოდა“, – ამბობს გორბატიუკი.
წაიკითხეთ ასევე: მაინც „ბერკუტში“ სამსახურს ავირჩევდი — ზეციური ასეულის დახოცვაში ბრალდებული
და მაინც, ინსტიტუტსკაიაზე დახვრეტების საქმის გამომძიებლებმა, სააკაშვილი „ქართველ სნაიპერებთან“ დაკავშირებით წინასწარ დაკითხეს:
„სააკაშვილმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ ამ ადამიანებს არ იცნობდა. გარდა ამისა, მოიყვანა ისეთი მონაცემები, რომლებიც ეგრეთ წოდებული „ქართველი სნაიპერების“ განცხადებებს ძალიან საეჭვოს ხდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ის სასამართლოზე დაიკითხოს, რათა დაკითხვის დროს მისი ნაამბობი დადასტურდეს“.
პროკურატურამ იტალიაში, მაკედონიასა და სომხეთში მოთხოვნები გააგზავნა, რათა ფილმის გმირებსა და ავტორებს დაკავშირებოდა, მაგრამ პუბლიკაციის მომენტისთვის პასუხები ჯერ მოსული არ არის, სამართალდამცავებთან კონტაქტზე არავინ გამოსულა.
სვიატოშინსკის სასამართლოში სააკაშვილის დაკითხვის წინა დღეს ის უკრაინიდან გაასახლეს. ახლა პროკურორებსა და ადვოკატებს მისი დაკითხვა ვიდეოკავშირის საშუალებით მოუწევთ. ამის გაკეთება უახლოეს ხანში გაჭირდება, რადგან საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ თხოვნა უნდა გაეგზავნოს იმ ქვეყანას, სადაც უკრაინიდან გასახლებული პოლიტიკოსი გაჩერდება.
წაიკითხეთ ასევე: სააკაშვილის „ფრენა“
იანვარში სააკაშვილმა ჰრომადსკოესთან „ქართველი სნაიპერების“ მაიდანზე ყოფნის ვერსიის შესახებ კომენტარი გააკეთა:
„არავითარი ქართველი სნაიპერები არ არსებობენ, არიან რუსი მსახიობები, ГРУ-ელები და სხვა ჯაშუშები. იტალიურმა არხმა კი, რუსული პროპაგანდის გავლენით, ამის შესახებ სიუჟეტი გააკეთა. ამის შემდეგ უკრაინაში ამ ფაქტებს ამოწმებენ, რუსული პროპაგანდის მონაცემების შემოწმებაზე რესურსებს ხარჯავენ“.
როგორ აღმოჩნდნენ „ქართველი სნაიპერები“ სვიატოშინსკის სასამართლოში?
„ბერკუტის“ ექს-მეომრების დამცველები ამ ფილმის 2014 წლის 20 თებერვლის მოვლენების ალტერნატიულ ვერსიად წარმოჩენას ცდილობენ. ადვოკატებს სურთ სასამართლო იმაში დაარწმუნონ, რომ „ზეციური ასეული“ სწორედ „უცნობმა სნაიპერებმა“ დახოცეს და არა „ბერკუტმა“.
„ბერკუტელების“ ადვოკატმა ალექსანდრ გოროშინსკიმ ჰრომადსკოეს უამბო, რომ მან კოლეგებთან ერთად საერთაშორისო მოთხოვნები გააგზავნა, რათა ეგრეთ წოდებული „ქართველი სნაიპერები“ ვიდეოკავშირის საშუალებით დაეკითხა. ამისთვის კი საჭიროა, რომ იმ ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა, სადაც ამ სიუჟეტის გმირები ცხოვრობენ, ვიდეოკონფერენციის ჩატარებაზე ოფიციალური თანხმობა გასცენ. ადვოკატებს პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
„ჩემ მიერ დაკითხულ მოწმეებს არ განუცხადებიათ, რომ უშუალოდ თავად გამოიყენეს იარაღი. მათ განაცხადეს, რომ იმის მოწმეები გახდნენ, თუ როგორ იყენებდნენ იარაღს კონკრეტული პირები. მოწმეების თქმით, ესენი იყვნენ საქართველოსა და ბალტიისპირეთის მოქალაქეები. თუმცა, ზუსტ ჩვენებებს თავადაც მოგვიანებით წარმოადგენენ. ისინი ჯერ ხომ სასამართლოს არ დაუკითხავს“, – თქვა მან
ამავდროულად ადვოკატს არ მოუყოლია, თუ ზუსტად რა შეკითხვების დასმას აპირებდნენ ექს-„ბერკუტელების“ ადვოკატები სააკაშვილისთვის, და რა როლს ანიჭებენ მას ევრომაიდანის მოვლენებში.
„ჩვენ მიხეილს დაკითხვაზე ველოდებოდით, – თქვა მან, – იმედი გვქონდა, რომ ის შეძლებდა მაიდანის მოვლენებში დღევანდელი ჩინოვნიკების მონაწილეობის თაობაზე ჩვენთვის ბევრი საინტერესო გარემოება ეცნობებინა“
რა არის ცნობილი „გამოძიების“ ავტორის შესახებ?
„ქართველი სნაიპერების“ შესახებ მასალის ავტორია სამხედრო ჟურნალისტი ჯან მიკელესინი, წარსულში ნეოფაშისტური ორგანიზაციის „ახალგაზრდული ფრონტის“ წევრი. ის გაზეთ Il Giornale-ის აქტიური ავტორია. ეს გამოცემა სილვიო ბერლუსკონის (იტალიელ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს) ეკუთვნის.
მიკელესინის ვიდეორეპორტაჟი პირველად ნაკლებად ცნობილ ვებგვერდზე Gli Occhi della Guerra („ომის თვალები“) გამოჩნდა, ხოლო მას შემდეგ გახმაურდა, რაც ის უჩვენეს ეროვნულ „მე-5 არხზე“, რომელიც ასევე ბერლუსკონის ეკუთვნის.
მისი ჰოლდინგის მედია უკრაინის კონფლიქტს ხშირად პრორუსული თვალსაზრისით აშუქებს, რაც გასაკვირი არც არის – ბერლუსკონი ხომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობარია.
ვებგვერდ Gli Occhi della Guerra-ზე უკრაინასთან დაკავშირებული მასალები მანამდეც ქვეყნდებოდა. მაგალითად, რამდენიმე რეპორტაჟი ბოევიკების მიერ კონტროლირებადი დონბასის ტერიტორიიდან, რომლებიც კონფლიქტს მხოლოდ სეპარატისტების თვალსაწიერიდან აშუქებდა. არის ასევე ინტერვიუ ეგეთ წოდებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბოევიკებთან, რომლებიც ჰყვებიან, რომ დონბასში დაღუპული იტალიელი ფოტოგრაფის ანდრეა როკელის გვამი სწორედ მათ იპოვეს, და მის დღუპვაში უკრაინელ ჯარისკაცებს ადანაშაულებენ.
ეს ვიდეომასალები იტალიურ „მე-5 არხზეც“ გაუშვეს – ეროვნული გვარდიელის ვიტალი მარკივის შესახებ სიუჟეტში, რომელიც იტალიაში ფოტოგრაფ როკელის მკვლელობისთვის დააპატიმრეს.