ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ არასანავთობო სექტორის უფრო აქტიურად განვითარების გადაწყვეტილება მიიღო. " />

„თეთრი ოქროს“ შემგროვებელი ქალების ისტორიები. გადაარჩენს თუ არა ბამბა აზერბაიჯანულ ეკონომიკას?

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ არასანავთობო სექტორის უფრო აქტიურად განვითარების გადაწყვეტილება მიიღო.

დიდი ხნის მანძილზე აზერბაიჯანში ნავთობს „შავ ოქროს“ უწოდებდნენ, ბამბას კი – „თეთრ ოქროს“. ბამბის მოსაგროვებლად თითქმის მთელ ქვეყანას (მათ შორის სტუდენტებსა და მეცნიერებს) გზავნიდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, აზერბაიჯანში,ნავთობისგან განსხვავებით, ბამბისთვის არავის ეცალა.

სიტუაცია შეიცვალა 2015 წელს, როდესაც ორი ცუდი ამბავი ერთმანეთს დაემთხვა ერთმანეთს – აზერბაიჯანში ბამბის რეკორდულად მცირე მოსავალი აიღეს, და ნავთობის ფასმა მსოფლიო ბაზარზე ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, რამაც მანათის დევალვაცია გამოიწვია.

იმავე წელს აზერბაიჯანის მთავრობამ მებამბეობის აღორძინების კამპანიის დასაწყისი გამოაცხადა. მთავრობის გეგმით, 2022 წელს აზერბაიჯანში 500 ათას ტონამდე ბამბა უნდა დაიკრიფოს (2015 წელს აღებული 35 ათასის საპირწონედ). ოფიციალური უწყებების განცხადებით, ამგვარად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ეს ორი წლის წინ იყო.

რა მდგომარეობაშია მებამბეობა ორი წლის შემდეგ?

«ღვთის მადლით, მზემ გამოანათა. ასე უკეთესია. 5-10 მანათის გამომუშავების საშუალება გვექნება. როცა წვიმს, შეიძლება ითქვას, რომ ის დღე ჩავარდა. წვიმა რომ გადაიღებს, კიდევ რამდენიმე დღე უნდა ელოდო, სანამ ბამბა გამოშრება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოსავლის აღება».

55 წლის ნაზლი მამედოვა უფალს მადლობას სწირავს იმის გამო, რომ წელიწადის ამ პერიოდისთვის უჩვეულო მზიანი დღე გათენდა და თავის გაცვეთილ კაბასა და ჟაკეტს იცვამს. ძველ თავსაბურავს ისე იხურავს, რომ მხოლოდ თვალები უჩანს. ამის შემდეგ მეუღლის ხელთათმანებსა და ვაჟის მაღალყელიან რეზინის ჩექმებს იცვამს. ასეთი ფეხსაცმლით სიარული სოფელში  ჩვეულებრივი მოვლენაა. თან სადილიც მიაქვს – ორი მოხარშული კვერცხი, პურის 5-6 ნაჭერი, თერმოსში ჩასხმული ჩაი და რამდენიმე კარამელი. ეზოში გადის და თოხს მხარზე იდებს, კუთხეში მიგდებულ დიდ ტომარას იღებს და გზაზე გადის.

დილის 8 საათზე ნაზლი და სოფელში მცხოვრები კიდევ რამდენიმე სხვა ქალი “პაზ”-ის მარკის ძველ, ყვითელ ავტობუსში სხდებიან და ბამბის საკრეფად მინდორში მიდიან.

ქალები ნერვიულად თავებს აქნევენ – თოვლი კარს მოგვადგა, მინდვრები კი მოუკრეფავი ბამბითაა გადათეთრებულიო. ისინი ტომარა-წინსაფრებს იკეთებენ და მუშაობას იწყებენ.

2015-2017 წლებში აზერბაიჯანში ბამბის წარმოება სულ მცირე ორჯერ გაიზარდა.

ეკონომისტი თოღრულ მაშალლი ამბობს, რომ ამ წარმატების მიუხედავად, მებამბეობისთვის „აზერბაიჯანული ეკონომიკის გადამრჩენელის“ სტატუსის მინიჭება ჯერ ძალიან ადრეა.

«მებამბეობის როლი მნიშვნელოვნად იზრდება, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბამბის ექსპორტის წილი ქვეყნიდან გატანილი საქონლის 0,36 პროცენტს შეადგენს. არსებობს კიდევ ერთი პრობლემა – ნედლი ბამბის გაყიდვით კარგ შემოსავალს ვერ მიიღებ – ქვეყანაში ტექსტილის წარმოება და საფეიქრო მრეწველობა უნდა არსებობდეს.

აზერბაიჯანში ბამბის დამუშავებითა და იმპორტით მხოლოდ ორი დიდი კომპანიაა დაკავებული (CTS-Agro და MКТ), რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერს საშუალება არ აქვს, თავსი ბამბა რომელიმე მესამე პირს მიჰყიდოს».

ნაზლი და სოფელში მცხოვრები სხვა ქალები მთელ დღეებს ბამბის მინდვრებში ატარებენ. ისინი ბამბას აგროვებენ და აღებული მოსავლის თითო კილოგრამს ფერმერს 10 გიაპიკად აბარებენ.

გარშემო სიჩუმეა. მხოლოდ ბუჩქების შრიალი ისმის. ზოგჯერ ქალები ერთმანეთს რაღაცას ეკითხებიან და შემდეგ ისევ სამუშაოს უბრუნდებიან. საკმაოდ რთული საქმეა – დღის ბოლოს ერთ მუშას მაქსიმუმ 100 კილოგრამი მოუგროვდება. თითოეულ მათგანს დღეში მაქსიმუმ 10 მანათის გამომუშავება შეუძლია – ამ ფასად ერთი კილოგრამი ძვლიანი საქონლის ხორცის ყიდვა შეიძლება.

მაგრამ ნაზლი და დანარჩენები იძულებულნი არიან, იმუშაონ, იმიტომ რომ ალტერნატივას ვერ ხედავენ. მათი თქმით, რაიონში ქალებისთვის სხვა სამუშაო არ არსებობს.

ზარიფა შუახნის დიასახლისია. იგი ამბობს, რომ მინდორში „უიმედობამ“ მიიყვანა: «ნამდვილი მონური სამუშაოა. დილიდან საღამომდე მუხლჩაუხრელად გიწევს მუშაობა. ნახე, რა ჭუჭყიანი ფეხები მაქვს, მაგრამ ვერაფერს იზამ! სხვა შემოსავალი არ მაქვს. ამიტომ იქ მივდივარ ხოლმე და ბამბას ვაგროვებ – რათა ჩაი და შაქარი მაინც ვიყიდო ოჯახისთვის».

ბამბის კიდევ ერთი შემგროვებლის, გიულარას თქმით, მუშებს ყველაზე მეტად ანაზღაურების გაზრდა სურთ: «10 გიაპიკი ძალიან ცოტაა. კარგი იქნებოდა 20-25 გიაპიკს რომ გვიხდიდნენ. ის მაინც გვეცოდინებოდა, რომ რაიმეს მივიტანთ სახლში. ეს 5-10 მანათი როგორ უნდა მეყოს?».

ნაზლი და მისი თანამშრომლები ფერმერს ბამბას 10 გიაპიკად (დაახლოებით 6 ცენტად) აბარებენ, ფერმერი მოსავალს 50 გიაპიკად (დაახლოებით 30 ცენტად) ყიდის ორი უმსხვილესი „მებამბე“ ფირმიდან ერთ-ერთზე. თავის მხრივ, ზემოაღნიშნული კომპანიები ბამბას საზღვარგარეთ ყიდიან. თოღრულ მაშალლის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ერთი კილოგრამი ბამბის ბოჭკოს ფასი 1,36 დოლარია.

მებამბეობის სისტემა ვერც მთელ ეკონომიკას აძლევს მნიშვნელოვან შემოსავალს, და ვერც ღირსეული ანაზღაურებით უზრუნველყოფს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეში არიან ჩართულნი.

ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი მიიჩნევს, რომ ეს არა ერთი რომელიმე რგოლის, არამედ მთელი სისტემის პრობლემაა.

«პრობლემაა ის, რომ ხელისუფლებას კოლექტიური მეურნეობების დაბრუნება სურს. ბაქოდან იღებენ ბრძანებებს, გარკვეული ტერიტორიაზე ბამბის დათესვის შესახებ. ეკონომიკური თვალსაზრისით, ასეთი მეთოდით შექმნილ მოდელს საერთოდ არ აქვს აზრი. პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მებამბეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია სამუშაო ადგილების შესაქმნელად. სინამდვილეში ასე არ უნდა იყოს. ამერიკაში 12 ჰექტარზე დათესილ ბამბას ერთი მუშა უვლის, ჩვენთან კი 10 ჰექტარზე 24 ადამიანი მუშაობს.

რაც უფრო მეტად იყენებენ მუშახელს, მით უფრო მეტად ეცემა რენტაბელურობა».

როგორ წესი, აზერბაიჯანულ სოფლებში ფოტორეპორტაჟების მომზადება დიდი პრობლემა – ბევრი ქალი ფოტოკამერას ემალება, არ სურთ თავიანთი სახის ფოტოზე გამოცენა.  თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივად იყო – წინააღმდეგობა არავის გაუწევია, იმიტომ რომ ფოტოებზე მხოლოდ მათი თვალები ჩანდა.


ასევე წაიკითხეთ