ინფორმაცია რობერტ კოჩარიანის ოფისის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დაადსტურეს" />

ერევანში პუტინი დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტის ცოლს შეხვდა

ინფორმაცია რობერტ კოჩარიანის ოფისის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დაადსტურეს

Vladimir Putin, Robert Koçaryan, Yerevan

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ერევანში 1 ოქტომბერს თავისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის საელჩოში მივიდა, სადაც ის სომხეთის ექს-პრეზიდენტის მეუღლეს ბელა კოჩარიანს შეხვდა.

შეხვედრა შედგა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ პუტინი კოჩარიანის მეუღლეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ორმხრივი შეხვედრის დაწყებამდე შეხვდა.

შეხვედრის ფაქტი რობერტ კოჩარიანის ოფისის ხელმძღვანელმა დაადასტურა. თუმცა, ვიქტორ სოგომონიანი შეხვედრის დეტალების შესახებ დასმულ ყველა შეკითხვას პასუხობდა, რომ მას სხვა არაფრის თქმა არ შეუძლია.

შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ასევე დაადასტურა, რომ შეხვედრა შედგა. მაგრამ დეტალები არც დმიტრი პესკოვს უცნობებია.

ინტრიგა ისაა, რომ ექს-პრეზიდენტი კოჩარიანი და პუტინი მეგობრულ ურთიერთობას არ მალავენ. ამავდროულად, სომხეთის მეორე პრეზიდენტი საკონსტიტუციო წყობის დამხობის ბრალდებით „1 მარტის“ საქმეზეა დაპატიმრებული.

საუბარია 2008 წლის მოვლენებზე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო დემონსტრანტების დარბევის დროს 10 ადამიანი დაიღუპა. იმ მომენტისთვის პრეზიდენტი ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, სერჟ სარგსიანი აირჩიეს. თუმცა, იმ მომენტისთვის მას უფლებამოსილების აღსრულება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა. აი, რატომ არის კოჩარიანი ბრალდებული პროტესტის ჩახშობასა და 10 ადამიანის დაღუპვაში.

რის გარკვევა მოხერხდა რუსეთის პრეზიდენტისა და კოჩარიანის მეუღლის შეხვედრის შესახებ?

ყოფილ პირველ ლედისთან შეხვედრის დეტალები

მხოლოდ ტელეგრამ-არხი „ბაგრამიან-26“, თავის წყაროზე დაყრდნობით, წერს:

  „ბელა კოჩარიანმა პუტინს მოკლედ უამბო კოჩარიანის უფლებების  ყველა იმ „დარღვევის“ თაობაზე, რაც სომხეთის მართლმსაჯულებამ დაუშვა.

პუტინმა თანაგრძნობა გამოხატა, რომ კოჩარიანი აქამდე ციხეში იმყოფება, და მწუხარება გამოთქვა, რომ მას თავისი მეგობრის გათავისუფლების საკითხზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია“.

წყაროს თქმით, ბელა კოჩარიანის თხოვნაზე, რომ რაიმე ეღონა, პუტინმა უპასუხა: მას სომხეთის საშინაო საქმეებში ჩარევა არ შეუძლია, რადგან მათ ახალ რევოლუციურ ხელისუფლებასთან წინა  ხელისუფლებისგან განსხვავებული ურთიერთობები აქვთ.

რა უსწრებდა წინ პუტინის ჩამოსვლას

ვლადიმირ პუტინის ჩამოსვლა პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილებოდა. ეჭვების მიზეზი სომხეთის მედიაში გამოქვეყნებული ის ინფორმაცია იყო, რომ რუსეთის ლიდერი ერევანში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავიდოდა, თუკი მას ძველ მეგობართან, სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერ კოჩარიანთან შეხვედრის საშუალება მიეცემოდა. და მხოლოდ სხდომამდე ერთი კვირით ადრე კრემლმა დაადასტურა, რომ პუტინი ერევანში ჩავიდოდა.

ინფორმაცია პუტინი-კოჩარიანის შეხვედრის შესახებ უფრო დიდი მსჯელობის საგნად მაშინ იქცა, როდესაც რუსეთის ლიდერის ჩამოსვლის წინა დღეს სომხეთის ექს-პრეზიდენტი ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს. მაშინ ადგილობრივმა კომენტატორებმა ივარაუდეს, რომ პუტინის დღის წესრიგში კოჩარიანთან შეხვედრა მაინც დაგეგმილი იყო.

თუმცა, კოჩარიანი იმავე დღეს, გამოკვლევების დასრულებისთანავე  ციხეში დაბრუნდა, და მეგობართან მისი შეხვედრა არ შედგა.

რობერტ კოჩარიანის საქმის ყველა დეტალი

2018 წლის ივლისში რობერტ კოჩარიანს 2008 წლის „1 მარტის“ საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წყობის დამხობის ბრალდება წარედგინა.

საქმე 2008 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გამარჯვებულად სერჟ სარგსიანი გამოაცხადა. მაგრამ სომხეთის ოპოზიციამ, რომელსაც სათავეში პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ედგა, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატი იყო, საპროტესტო აქციები გამართა. ოპოზიციონერები ტერ-პეტროსიანის გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ და არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვდნენ.

დემონსტრაციის დარბევის დროს სამხედრო იარაღი გამოიყენეს, დაიღუპა 10 ადამიანი.

ქვეყნის პრეზიდენტი იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით არჩეულ სერჟ სარგსიანს უფლებამოსილების აღსრულება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა. ამიტომ, ახლა დემონსტრაციის მკაცრად დარბევა ბრალად კოჩარიანს ედება.

„1 მარტის“ საქმეზე გამოძიება  სომხეთის 2018 წლის „ხავერდოვან“ რევოლუციამდე ერთი ადგილიდან არ იძვროდა. ახალმა ხელისუფლებამ, რევოლუციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით, ამ საქმეს ხელი მალევე მოჰკიდა.

2018 წლის 28 ივლისს ექს-პრეზიდენტი ამ საქმეზე პირველად დააპატიმრეს. თუმცა, ორ კვირაში ის გაათავისუფლეს.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ მისი დაკავების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. გათავისუფლების საფუძვლად კონსტიტუციის ის მუხლი იქცა, რომელიც რობერტ კოჩარიანის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, ხელშეუხებლობას ეხებოდა.

კოჩარიანმა საპატიმრო საკანი 2018 წლის აგვისტოში დატოვა.

2018 წლის 7 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ექს-პრეზიდენტის ხელმეორედ დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოიტანა.

იმ დღიდან სომხეთის მეორე პრეზიდენტი 2019 წლის 18 მაისამდე ისევ ციხეში იმყოფებოდა.

ამ დღეს, კოჩარიანის ადვოკატების მიერ მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაყენებული შუამდგომლობის განხილვის შემდეგ მოსამართლე დავიდ გრიგორიანმა მისი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება გამოიტანა. მან გაითვალისწინა მთიანი ყარაბაღის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების – ბაკო სააკიანისა და არკადი გუსაკიანის შუამდგომლობა. ისინი სასამართლოს სთხოვდნენ, რომ კოჩარიანისთვის აღმკვეთი ღონისძიება მათი თავმდებით შეეცვალა, და გაეთვალისწინებინა კოჩარიანის ღვაწლი „ორი სომხური რესპუბლიკის შექმნის საქმეში, ასევე ყარაბაღის ომსა და სომხური ჯარის შექმნაში შეტანილი მისი უდიდესი წვლილი“.

თუმცა, 2019 წლის თებერვლიდან კოჩარიანის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდებაა წარდგენილი – ქრთამის სახით 927 მილიონი დრამის(დაახლოებით  $3 მილიონი) აღებაში”. ამის შესახებ მეწარმე სილვა ამბარცუმიანმა განაცხადა.

კოჩარიანმა განაცხადა, რომ მეორე საქმე მასზე იმისთვის არის აღძრული, რომ მისი ქონება დაყადაღდეს. საკონსტიტუციო წყობის დამხობის საქმე, ქონების კონფისკაციის სახით, დამატებით სანქციას არ ითვალისწინებს – მაგრამ, სავარაუდო ქრთამის აღების საქმის შემთხვევაში, ეს  შესაძლებელია.

ბოლოს რობერტ კოჩარიანი 25 ივლისს დააპატიმრეს.

ექს-პრეზიდენტი მის წინააღმდეგ წაყენებულ არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს და მათ პოლიტიკურ დაკვეთად და სომხეთის ახლანდელი ხელისუფლების მხრიდან ვენდეტად მიიჩნევს.


ასევე წაიკითხეთ