ჩეჩნეთში ეს თარიღი 2011 წლიდან აღარ აღინიშნება" />

დღეს ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორაციის დაწყებიდან 73 წელი სრულდება

ჩეჩნეთში ეს თარიღი 2011 წლიდან აღარ აღინიშნება

დღეს, 23 თებერვალს ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორაციის დაწყებიდან 73  წელი სრულდება.
ინგუშეთში გაიმართა მიტინგი, რომელიც ამ ტრაგიკული თარიღის ხსოვნას მიეძღვნა. ნაზრანში, პოლიტიკური რეპრესიების შედეგად დაზარალებული ადამიანების მემორიალთან გამართულ აქციაში დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკის მეთაური იუნუს-ბეკ ევკუროვი, რომელმაც ინგუშების დეპორტაციაზე პასუხისმგებელ პირებს “ტერორისტები” უწოდა. 
ოპერაცია კოდური სახელწოდებით “ოსპი” (“ჩეჩევიცა”), რომლის დროსაც ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ში მცხოვრები ჩეჩნებისა და ინგუშების უდიდესი ნაწილი ყაზახეთსა და შუა აზიაში გადაასახლეს, 1944 წლის 23 თებერვალს დაიწყო და იმავე წლის 9 მარტამდე გრძელდებოდა. რეპრესიის მიზეზებად მასობრივი დეზერტირობა, ომის დროს ჯარში გაწვევისაგან თავის არიდება და საბჭოთა არმიის ზურგში შეიარაღებული ამბოხების მომზადება დასახელდა. დეპორტაციის დროს ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან  თითქმის 500 ათასი ადამიანი გადაასახლეს.
ჩეჩნებმა და ინგუშებმა სამშობლოში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1957 წელს მიიღეს. ხოლო საბჭოთა კავშირის კანონი “რეპრესირებული ხალხების რეაბილიტაციის შესახებ” კი მხოლოდ 1989 წელს მიიღეს.
არსებული შეფასებების თანახმად, დეპორტაციის შედეგად “ენკავედეს” თანამშრომლების ქმედებების, შიმშილის, სიცივისა და გაჭირვების გამო, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი დაიღუპა.
2011 წელს ჩეჩნეთის რეპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც გლოვის დღე შეიცვალა და ამჟამად ეს დღე, 23 თებერვლის ნაცვლად, 10 მაისს აღინიშნება (2004 წლის 9 მაისის ტერაქტის შედეგად დაღუპული პრეზიდენტის, ახმატ კადიროვის სამახსოვროდ). მიღებული გადაწყვეტილება კადიროვმა ასე ახსნა: “არ მინდა, რომ გლოვის დღე რუსეთის საერთოსახელმწიფოებრივ დღესასწაულებს ემთხვეოდეს (23 თებერვალს  რუსეთში სამშობლოს დამცველის დღე აღინიშნება).
“კავკაზსკი უზელის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის თებერვალში კავკასიის ხალხების ასამბლეის თავმჯდომარემ, რუსლან კუტაევმა  გააკრიტიკა რეგულაცია, რომელიც 23 თებერვალს სამგლოვიარო ღონისძიებების ჩატარებას კრძალავს. ამის შემდეგ იგი დააკავეს და ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით, ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამასთან, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch აცხადებდა, რომ კუტაევის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა სწორედ იმ შემთხვევას უკავშირდება, როდესაც იგი დეპორტაციის წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა.

ასევე წაიკითხეთ