100-ზე მეტი პოლიტპატიმრიდან მხოლოდ თორმეტი გათავისუფლდება" />

„დიდმა შეწყალებამ“ აზერბაიჯანში იმედგაცრუება გამოიწვია

100-ზე მეტი პოლიტპატიმრიდან მხოლოდ თორმეტი გათავისუფლდება

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილმა „დიდმა შეწყალებამ“ საზოგადოებაში გულწრფელი იმედგაცრუება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ალიევმა 634 პატიმარი შეიწყალა, ამ სიაში  140-ზე მეტი პოლიტპატიმრიდან მხოლოდ თორმეტი შევიდა. თანაც, როგორც უფლებადამცველები იუწყებიან, ბევრ მათგანს პატიმრობის ვადა ისედაც ეწურებოდა.

შეწყალება ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დაანონსდა პარლამენტში, თანაც – მმართველი პარტიის ლიდერი რამდენიმე დეპუტატის მიერ. მაგალითად, პარტია „იენი აზერბაიჯანის“ აღმასრულებელი მდივნის მოადგილე სიავუშ ნოვრუზოვი ყარაბაღში ნაბრძოლი პატიმრების და „ოპოზიციის მავნე გავლენის ქვეშ მოხვედრილი ახალგაზრდა აქტივისტების“ გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა.

ცნობილი აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, ქალთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ნოველა ჯაფაროლღუ ამბობდა:

„დარწმუნებულები ვართ, რომ მალე აზერბაიჯანში აღარც ერთი პოლიტპატიმარი არ დარჩება“.

თუმცა, შეწყალება არ შეეხოთ

  • ყარაბაღის ომის ვეტერანებს, პოლიციის საგანგებო დანიშნულების რაზმის ყოფილ მეომრებს (რომლებსაც, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის ბრალდების გამო, სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი);
  • ოპოზიციური პარტიის „რესპუბლიკური ალტერნატივა“-ს ლიდერს ილგარ მამედოვს ( რომელიც მასობრივი არეულობების მოწყობის ორგანიზებაშია ბრალდებული);
  • „ძეგლის ტუსაღებს“ – ახალგაზრდა აქტივისტებს, რომლებმაც ჰეიდარ ალიევის ქანდაკებას პოლიტიკური ლოზუნგები მიაწერეს. გიასა იბრაგიმოვსა და ბაირამ მამედოვს ნარკოტიკების გავრცელებისთვის 10-10 წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი;
  • გამომძიებელ ჟურნალისტს აფგან მუხტარლის, რომელსაც, კონტრაბანდისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, თავისუფლება ექვსი წლით აქვს აღკვეთილი;
  • ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილეს გეზიალ ბაირამლის, რომელსაც კონტრაბანდაში ბრალდებით 4-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

და ბევრ სხვა ცნობილ პატიმარს, რომლებიც უფლებადამცველი ორგანიზაციების პოლიტპატიმართა სიაში ირიცხებიან.

შეწყალებულ  პოლიტიკურ პატიმართა შორის ძირითადად არიან რელიგიური აქტივისტები, რომლებსაც დაბა ნარდრანში არეულობის ორგანიზება ედებათ ბრალად.

და „ჰიჯაბის ტუსაღები“, რომლებიც სკოლებში ჰიჯაბის ტარებას აპროტესტებდნენ.

ასევე გათავისუფლებულია პარტია „სახალხო ფრონტის“ აქტივისტი ელნურ ფარაჯევი, რომელიც, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდების გამო, 2017 წლიდან იხდის სასჯელს, ასევე – დიაბეტით დაავადებული მწერალი სადაი შეკერლი, რომელიც 2015 წლის დეკემბერში მუქარის ძალით გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს.

ბევრი უფლებადამცველი შეწყალების სიით მიღებულ იმედგაცრუებას არ მალავს. პოლიტპატიმართა დაცვის ცენტრის კოორდინატორმა ოქტაი გიულალიევმა „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს უთხრა: „ჩვენი სიის მიხედვით, ასორმოცდაათამდე პოლიტპატიმარი ისევ პატიმრობაში რჩება“.

მან დასძინა, რომ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრების პრობლემის გადასაწყვეტად პოლიტიკური ნება არ გამოავლინა.

 „პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ „დიდი შეწყალება“ მზადდებოდა. შეწყალების კომისია პერიოდულად სხდომებს აწყობდა, „ჟონავდა“ ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტდა პოლიტპატიმართა პრობლემას, რათა საერთაშორისო კრიტიკისთვის ბოლო მოეღო. და აი, დღეს ირკვევა, რომ ეს ყველაფერი სიცრუე იყო. 12 შეწყალებული პოლიტპატიმრიდან ოთხს პატიმრობის ვადის ამოწურვამდე მხოლოდ ერთი კვირა ჰქონდა დარჩენილი“, –  ციტირებს გიულალიევის ნათქვამს „კავკაზსკი უზელი“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ