პოლიციური და ჟურნალისტური გამოძიებები მივიდა დასკვნამდე, რომ გერმანული ქალაქი ერფურტი სომხური ორგანიზებული დანაშაულის ცენტრად გადაიქცა " />

გერმანული პოლიცია სომხური მაფიის საქმიანობას სწავლობს

პოლიციური და ჟურნალისტური გამოძიებები მივიდა დასკვნამდე, რომ გერმანული ქალაქი ერფურტი სომხური ორგანიზებული დანაშაულის ცენტრად გადაიქცა

გერმანია, თიურინგიის გზაზე. REUTERS/Michaela Rehle

გერმანული პოლიციის ანგარიშის თანახმად, რომელიც ადგილობრივ ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში, ცნობილი გახდა, რომ ამ ქვეყანაში სომხეთიდან ჩამოსულმა ადამიანებმა ორგანიზებული დანაშაულის ფართო ქსელი შექმნეს. ადგილობრივი გამოცემები, ასევე, გერმანიაში სომხეთის ელჩის საეჭვო როლზეც წერენ.

გამოძიების დასაწყისი

გერმანიაში საჯარო გახდა პოლიციის ანგარიში, რომლის ავტორებიც ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე მივიდნენ: „გერმანიაში სომხური მაფია არსებობს“.

• მოლდოვა: ბრძოლა ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ თუ მოქალაქეების კონტროლი?

საიდუმლო ანგარიში შეადგინეს გამოძიების შედეგად, რომელსაც გერმანიის სხვადასხვა რეგიონის სისხლის სამართლის გამოძიების ექვსი დეპარტამენტი, გერმანიის ფედერალურ პოლიციასთან, გერმანულ დაზვერვასა და ევროპოლთან ერთად ატარებდა.

ლაპარაკია ისეთ დანაშაულებრივ საქმიანობებზე, როგორიცაა ფულის გათეთრება, ყალბი ფულის დამზადება, პროსტიტუცია და ნარკოტიკებით ვაჭრობა.

გამოძიება მთელი 2018 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ ცალსახა დასკვნების მიუხედავად, ზაფხულში გაყინეს. ხელისუფლებამ ეს პერსონალისა და ტექნიკის ნაკლებობით ახსნა.

თიურინგიის საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტი, ლუდვიგ კენდზია ამბობს, რომ მას კარგად ესმის, როგორ დაიწყო ეს გამოძიება:

„2014 წლის გაზაფხულზე, პოლიციიდან ჩვენმა წყარომ გვირჩია, ყურადღება გაგვემახვილებინა სომხეთიდან ჩამოსულ რამდენიმე ადამიანზე“.

სწორედ ამის წინ, პოლიციამ ქალაქ ერფურტში დააფიქსირა ორი სომეხი ემიგრანტისა და იტალიური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა.

„ესენი იყვნენ გერმანიაში მცხოვრები ახალგაზრდები, სადაც ისინი სომხეთიდან მშობლებთან ერთად 1990-იანებში გადმოსახლდნენ. ახლა ისინი ფლობენ რესტორნებს და ლუდის ბარებს, დადიან ძვირადღირებული ავტომობილებით. რასაკვირველია, ჩვენ დავინტერესდით, საიდან აქვთ მათ ფული“, – იხსენებს კენდზია.

მოწმეების გარეშე

გამოძიება ნელა მიმდინარეობდა იმ დრომდე, სანამ 2014 წლის ივლისში, ერფურტში, კაზინოს მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა არ მოხდა. მსხვერპლი გახდა ადამ ზ. ადგილობრივი ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერი.

მსროლელების ვინაობისა და მოტივის დადგენა ვერ მოხერხდა – პოლიციელების მტკიცებით, საიმედო მოწმეების მოძებნა შეუძლებელია.

ამ ფაქტს სხვა ძალადობრივი ქმედებები მოჰყვა. 2016 წლის ივნისში, ერფურტის საზოგადოებრივი სახლის შესასვლელში ცივი იარაღის გამოყენებით თავს დაესხნენ მოლდოველ ემიგრანტს. ბრალი სამ სომეხ ემიგრანტს წაუყენეს, რომლებიც ორი წლით ადრე, კაზინოსთან მომხდარი სროლის ადგილას იმყოფებოდნენ.

2017 წლის აპრილში ერფურტში ბრძოლის გასამართად ჩავიდა სომხური წარმოშობის მოკრივე, არტურ აბრაჰამი. ამ ბრძოლისას პირველ რიგებში დაუფარავად ისხდნენ სწორედ ის სომეხი ემიგრანტები, რომლებსაც პოლიცია კაზინოსთან მომხდარ სროლასთან აკავშირებს. ბრძოლის დასრულების შემდეგ ადამიანების ჯგუფი თავს დაესხა ვინმე კარო მურატს, რომელიც ასევე მონაწილეობდა კაზინოსთან მომხდარ ამბებში.

როდის შეშფოთდნენ პოლიტიკოსები

2017 წლის ოქტომბერში 15 ადამიანი თავს დაესხა რესტორან „კრისტოფელის“ მფლობელ სომეხ ემიგრანტს. გენერალურმა პროკურორმა ტომას რიბელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თავდასხმა საჯაროდ მოხდა.

„დამნაშავეები უკვე აღარ აქცევენ ყურადღებას მოწმეებსა და სათვალთვალო კამერებს. ეს საშიშ სიტუაციას ქმნის“, – განაცხადა რიბელმა.

„მე შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ დამნაშავეები შუადღისას მოქმედებდნენ“, – განაცხადა თიურინგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გეორგ მაიერმა.

პოლიცია დარწმუნებულია, რომ საქმე მხოლოდ ერფურტის ტერიტორიით არ შემოიფარგლება – დამნაშავეების კავშირები სწვდება ლაიფციგს, ჰამბურგს, დასავლეთ გერმანიას, ასევე, საფრანგეთსა და ბელგიას.

„ჩვენ დავადგინეთ კავშირები სხვადასხვა დაჯგუფებას შორის და მივედით დასკვნამდე, რომ ისინი ერთი მსხვილი ორგანიზაციის შემადგენელი ნაწილები არიან“, – ამტკიცებს ჟურნალისტი ლუდვიგ კენდზია.

უფრო მეტიც, სომხური მაფია იტალიურთან ერთად მუშაობს. ლუდვიგ კენდზია, რომელიც პოლიციის ანგარიშს გაეცნო, ამბობს, რომ დადგენილია პირდაპირი კავშირები სომხეთის ერთ-ერთ ქალაქში მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფთან, თუმცა მისი დასახელების უფლება არ აქვს.

ამასთან, მან უარყო გერმანიაში სომხეთის ლობისტების მტკიცება იმის შესახებ, რომ მისი გამოძიება ამ ქვეყანაში სომხური საზოგადოების დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

„ჩვენ არავისზე არ გვინდა იარლიყის მიწებება. ჩვენ ყურადღება მივაქციეთ პოლიციის მიერ დადგენილ ფაქტებს. ასევე, მოგვმართა ბევრმა სომეხმა ემიგრანტმა, რომლებიც მზად არიან თანამშრომლობისთვის, რათა ნათელი მოეფინოს ამ კითხვებს, რადგან არ უნდათ, რომ მაფიის მიერ იყვნენ დისკრედიტირებულნი“.


ასევე წაიკითხეთ