The Guardian: დღეს სულ უფრო რთულია გაარკვიო, სად მთავრდება დანაშაულებრივი დაჯგუფებები და სად იწყება რუსეთის სახელმწიფო" />

როგორ აქცია ვლადიმირ პუტინმა ქუჩის კრიმინალი მაფიოზურ სახელმწიფო მანქანად

The Guardian: დღეს სულ უფრო რთულია გაარკვიო, სად მთავრდება დანაშაულებრივი დაჯგუფებები და სად იწყება რუსეთის სახელმწიფო

ვლადიმირ პუტინი სააღდგომო წირვაზე მოსკოვში, ქრისტე მაცხოვრის ტაძარში. 8 აპრილი, 2018 წელი. ფოტო: Alexander Zemlianichenko/Pool via REUTERS

უკვე 30 წელია ბრიტანელი პოლიტოლოგი მარკ გალეოტი რუსეთს და რუსეთის ორგანიზებულ დანაშაულს იკვლევს. თავისი დასკვნები მან ბრიტანული გაზეთის The Guardian-ის მკითხველებს გაუზიარა.

JAMnews-ი მოკლედ მოგიყვებათ, რა აღმოაჩინა მკვლევარმა:  

დასაწყისი

მარკ გალეოტი რუსეთში პირველად  ჯერ კიდევ სსრკ-ს პერიოდში ჩავიდა, როგორც სტუდენტი-ისტორიკოსი, რომელიც ამ ქვეყნის შესწავლას იწყებდა. 80-იანების რუსეთში ის გადაეყარა ადამიანებს, რომლებსაც ე.წ. „ავღანელებს“ ეძახდნენ. ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებიც  ავღანეთში საბჭოთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.  

ამ ადამიანებს მძიმე ბიოგრაფია ჰქონდათ. მათ საშინელი მორალური და ფსიქოლოგიური სტრესი გამოიარეს. ჯერ ისინი უცხო ქვეყანაში უსასტიკეს სადამსჯელო ოპერაციაში ჩართეს, შემდეგ კი, სამშობლოში დაბრუნებულებს, საზოგადოებამ ზურგი აქცია. ისინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე მიუღებლობას, გაუცხოებას და საყვედურს  აწყდებოდნენ.

ბევრმა „ავღანელმა“ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებში იპოვა. 

სხვებმა კი, ორგანიზებული დანაშაულის რიგები შეავსეს. ამ წრეში მათი უნარები ძალიან საჭირო იყო. ავღანეთში მათ მიზანში კარგად სროლა და განაღმვის ტექნიკა ისწავლეს და ამ ყველაფერს უკვე სამშობლოში იყენებდნენ.

გვიანი “პერესტროიკის” პერიოდი და 90-იანების დასაწყისი

80-იანები წლების ბოლო საბჭოთა კავშირში რთული ეპოქა იყო, თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბების პერიოდი. ცვლილებების ქარმა მხოლოდ ალღოიან ადამიანებს როდი გაუხსნა კარი; ამ ეპოქამ დიდი  შანსი  მისცა  საბჭოთა კრიმინალურ სამყაროსაც – მათ, ვისაც „კანონიერ ქურდებს“ ეძახიან. 

 

 

ეს იყო კრიმინალური სამყარო, თავისი კანონებით, წესებითა და წარმოდგენებით. განსაკუთრებული ქურდული სუბკულტურაც კი არსებობს. მაგალითად, ქურდის სხეულზე არსებული ტატუების მიხედვით, ექსპერტებს მარტივად შეუძლიათ წაიკითხონ მისი ბიოგრაფია – გამოთვალონ ციხეში გატარებული წლები, და ის მუხლებიც კი დაადგინონ, რისთვისაც ის სასჯელს იხდიდა.

 

 

 

“პერესტროიკის” ქაოსი კრიმინალებს უპრეცედენტო შესაძლებლობებს უხსნიდა. კრიმინალების ტრადიციულ საქმიანობას – ბინების გაქურდვას, ყაჩაღობას, ძარცვას – სიახლეები დაემატა: გამოძალვა, ხარკის სანაცვლოდ ბიზნესის ძალისმიერი დაცვა, პრივატიზაციაში მონაწილეობა, მასშტაბური კონტრაბანდა.

ამ ყველაფერს შედეგად მოჰყვა 1990-იანი წლების განგსტერული ომები, რამაც საბჭოთა, განსაკუთრებით კი რუსეთის ქალაქების ქუჩები მოიცვა – ავტომატების სროლით, აფეთქებებით და კონკურენტების წინააღმდეგ საწამლავის გამოყენებით. ამ ომში განსაკუთრებით ფასობდნენ სპეცსამსახურებში ნამუშევარი, ჯარში მსახურების გამოცდილების მქონე ადამიანები.

შემდეგი ეტაპი

1990-იანი წლები ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში რუსეთის ორგანიზებული დანაშაული უკვე გასცდა ეროვნულ ჩარჩოებს და გლობალურ არენაზე გავიდა.

ამ პერიოდში რუსი კრიმინალები ისეთ საერთაშორისო მნიშვნელობის “სიმაღლეებზე” ავიდნენ, როგორიცაა ავღანური ჰეროინით და კოლუმბიური კოკაინით ევროპის მომარაგება, აფრიკის ლოკალური კონფლიქტების ზონებში იარაღის არალეგალური გაყიდვა, ადამიანებით საერთაშორისო ვაჭრობა.

ორგანიზებული დანაშაულის შემოსავლები სწრაფად მატულობდა და წარმოიშვა ახალი პრობლემა – როგორ „გაეთეთრებინათ“ ფული და შემდეგ როგორ დაებანდებინათ იგი?  ამ ახალი ამოცანის შესრულებას უკვე დაქირავებული მკვლელები აღარ ყოფნიდა. საჭირო იყო სრულიად სხვა სპეციალობის ადამიანები  – პროფესიონალი იურისტები და ფინანსისტები.

სწორედ ამ დროს “ამობრწყინდა”, მაგალითად, სემიონ მოგილევიჩის ვარსკვლავი. 

ამერიკის ფედერალური ბიუროს ვერსიით, ეს კაცი მსოფლიოს ყველაზე ძებნადი დამნაშავეების ათეულში შედის. ის უბრალო კრიმინალი არ არის, რომელიც ძვირფას ნივთებს იპარავს. მოგილევიჩს  რუსეთიდან, თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებულ მრავალმილიარდიან მიტაცებებსა და შემდეგ ამ ფულის დასავლეთის ქვეყნებში  გათეთრებაში ადანაშაულებენ. და ეს ამ კაცის ერთადერთი დანაშაული არ არის.  ეს ყველაფერი რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეს სემიონ მოგილევიჩს სულაც არ უშლის ხელს, რომ მშვიდად და ღიად იცხოვროს მოსკოვში.

პუტინის ეპოქა და კანონზომიერი შედეგი

მარკ გალეოტის აზრით, პუტინის 18-წლიანი მმართველობის განმავლობაში  რუსეთში ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულმა სიტუაციამ თვისობრივად სხვა ხასიათი მიიღო.

დღეს სულ უფრო რთულია გაარკვიო, სად მთავრდება დანაშაულებრივი დაჯგუფებები და სად იწყება რუსეთის სახელმწიფო. ამ ზღვარის წაშლის მთავარი მიზეზი ის სისტემური კორუფციაა, რომელიც ხელისუფლების ყველა დონეს მოიცავს და რომელმაც შეჭამა რუსეთი პუტინის ეპოქაში. 

იმისთვის, რომ რუსეთის სისტემური კორუფციის მასშტაბები უფრო ნათელი იყოს, მარკ გალეოტის თავის სტატიაში ერთი კონკრეტული მაგალითი მოჰყავს, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2016 წელს მოხდა:  რუსეთის ფედრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკის დმიტრი ზახარჩენკოს საქმე. ზახარჩენკოს ბინაში ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 123 მილიონი დოლარი ნაღდი ფული იპოვეს. საეჭვოა, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი ფული იყოს. დიდი ალბათობით საქმე ეხება ე. წ. „ობშიაკს“- დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთობლივ სალაროს. მოცემულ შემთხვევაში, ამ “ობშიაკის” უკან არა “კანონიერი ქურდების”, არამედ პოლიციელების დაჯგუფებაა. 

ეს საკმაოდ კარგი მაგალითია რუსეთში არსებული მდგომარეობის საჩვენებლად.

რუსეთის სახელმწიფო უპრობლემოდ თანამშრომლობს დამნაშავეებთან, როდესაც „ბინძური“ საქმეა გასაკეთებელი, წერს გალეოტი. მაგალითად, როდესაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე კიბერშეტევაა განხორციელებული ან არასასურველი ადამიანია მოსაშორებელი. მარკ გალეოტი მიიჩნევს, რომ სწორედ ასე მოხდა ყოფილი საბჭოთა მზვერავის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის შემთხვევაში, რომლებიც ახლახან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებით მოწამლეს. 

ბრიტანელი მკვლევარის მთავარი დასკვნა ასეთია: რუსეთში სახელმწიფო მაფიას არც მართავს და არც ემორჩილება. რუსეთში სახელმწიფო და მაფია ერთმანეთთან მშვიდობიანად და ნაყოფიერად თანამშრომლობენ, – წერს  იგი. 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ