ქეთი ციხელაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, დადგინდეს ობიექტური გარემოებები ამ ძალიან მძიმე ფაქტთან დაკავშირებით" />

სოხუმის ინფორმაციით, გალში ქართველმა თავი მოიკლა. თბილისი გამოძიებას ითხოვს

ქეთი ციხელაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, დადგინდეს ობიექტური გარემოებები ამ ძალიან მძიმე ფაქტთან დაკავშირებით

გალის ცენტრი. ფოტო: გალ ტვ

გალის რაიონში 29 წლის ეთნიკურად ქართველმა, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ინფორმაცია აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით მიაწოდა.

• გალში ქართულად ლაპარაკი რეკომენდებული არ არის

• გალის ქართული მოსახლეობის არჩევანი – აფხაზური თუ ქართული პასპორტი?

• ქართველები აფხაზეთში: დარჩა ერთი გადასასვლელი 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1990 წელს დაბადებული, ეთნიკურად ქართველი ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელია გალის რაიონის მკვიდრი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია საპატიმროში იმყოფებოდა, სადაც მან თავი მოიკლა.

კონკრეტულად რა მიზეზით იყო ის დაკავებული, ამ ეტაპზე უცნობია. ასევე უცნობია, იყო თუ არა ის გატაცებული (გალის რაიონში ხშირია ეთნიკური ქართველების გატაცების შემთხვევები_JAMnews).

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, რომ ქართული მხარე გამოიყენებს “მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს” რათა კვარაცხელიას გარდაცვალების ობიექტური გარემოებები დაადგინოს.

ამ ინფორმაციას გუშინ გვიან ღამე საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი.

მინისტრის თქმით, ქართული მხარე აპირებს დაადგინოს კვარაცხელიას გარდაცვალების კონკრეტული დეტალები.

მისი თქმით, საქმეში უკვე ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები.

“დღეს სამივე თანათავმჯდომარე იმყოფება საქართველოში. ხვალ მიემგზავრებიან სოხუმში… მათი ვიზიტისას ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი” – აღნიშნა ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე და გარემოებების დაზუსტების მიხედვით მოხდება საქმის კვალიფიკაცია.

სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირაკლი კვარაცხელიას 11 მარტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ამ ინფორმაციას სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი რეზო ქობალია აწვდის.

ქობალიას ინფორმაციით, კვარაცხელია, სავარაუდოდ, ნაბაკევი-თაგილონის საზღვარზე დააკავეს (გალის რაიონის სოფლები_JAMnews).

„ინფორმაციას ვაზუსტებ სხვადასხვა წყაროსთან. ბოლოს რა ინფორმაციაც მივიღე, იყო ის, რომ თაგილონიდან მიიყვანეს ექიმი ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე. როგორც ამბობენ, მდგომარეობა იყო მძიმე, სხვა დეტალებზე არ საუბრობენ“, – აღნიშნა მან.

JAMnews-ის ცნობა: გალის რაიონი

გალის რაიონი აფხაზეთის ადმინისტრაციული ერთეულია. 2011 წლის აღწერის მიხედვით, გალში პრაქტიკულად მხოლოდ ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ (მოსახლეობის 98.21 პროცენტი).

• გალში ყაჩაღობების სავალალო სტატისტიკა

•  გიგა ოთხოზორიას მკვლელობა

მათი სტატუსი, მრავალი წელია, გაურკვეველია. ისინი არც საქართველოს მოქალაქეებისთვის გათვალისწინებული ყველა ბენეფიტით სარგებლობენ და არც აფხაზეთის მოქალაქეობა აქვთ (2017 წლის მონაცემებით, 17,800 ადამიანიდან მხოლოდ 340-ს  ჰქონდა აფხაზური პასპორტი).

რაიონი უშუალოდ ესაზღვრება მდინარე ენგურს, რომელიც  აფხაზეთის ომის შემდეგ კონფლიქტური მხარეების გამყოფ ზოლად არის მიჩნეული. გალშია ენგურჰესი – უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული საწარმო, რომელსაც ქართველები და აფხაზები, კონფლიქტის მიუხედავად, ომის შემდეგ ერთობლივად მართავენ.

ძირითადი პრობლემები, რომლებიც გალის ქართულ მოსახლეობას აწუხებს:

სასაზღვრო რეჟიმის გამკაცრება;

მშობლიურ – ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა;

ჯანდაცვის პროგრამების არარსებობა;

აფხაზური მოქალაქეობა და მასთან დაკავშირებული სირთულეები .

გარდა ამისა, გალში წლებია შექმნილია მძიმე კრიმინოგენული ვითარება. აქ ხშირია მკვლელობები, ყაჩაღობები, ფულის გამოძალვა და ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მიზნით.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ