“საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვერ ვიტყვი”

 გალის ქართული მოსახლეობის არჩევანი - აფხაზური თუ ქართული პასპორტი?

თუ აქამდე გალში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზური პასპორტის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება შეეძლოთ, ამჯერად უკვე არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

2016 წლიდან აფხაზეთში ახალი პასპორტების დარიგებას აპირებენ. ამის შესახებ სოხუმმა უკვე ოფიციალურად განაცხადა. 

გალში პასპორტების თემაზე ნებისმიერ ახალ ამბავს, უკვე ერთი წელია,  შიშითა და სიფრთხილით ელიან.  ახალი პასპორტიზაციის პროცესზე ზუსტი ინფორმაცია აქ არავის აქვს, მხოლოდ სოხუმიდან ჩამოღწეული ჭორები თუ ვრცელდება. ეს გაურკვევლობა კი დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის.

76 წლის ნორა გ. მეუღლესთან ერთად გალში ცხოვრობს. შვილი და შვილიშვილები თბილისში ჰყავს. მოხუცებმა სახლ-კარი არ მიატოვეს. აქაურობას უვლიან. ბაღში ხეხილი აქვთ, მანდარინი, ცოტა სიმინდი.

“შარშან ინსულტი მქონდა. სასწრაფომ ძალიან დააგვიანა, საავადმყოფოში რომ წამიყვანეს, იქ არც აპარატურა ჰქონდათ და არც წამლები. ენგურის ხიდზე საზღვარი 7 საათზე იკეტება, ამიტომ დილამდე ზუგდიდში ვერ ჩამიყვანეს. ძლივს გადავრჩი, _ იხსენებს ქალბატონი ნორა.

იგი ამბობს, რომ გალში ცხოვრება რთულია. მძიმე კრიმინოგენული ვითარებაა; ყველა ფეხის ნაბიჯზე კორუფცია, რაიონში ნორმალური საავადმყოფოც კი არ არის.

„თუ საქართველოს პასპორტს ჩამოგვართმევენ, ხშირად ვეღარ გადავალთ საზღვარს… არადა, ცუდად რომ გახდეს ადამიანი, რა უნდა ქნას? აქ ვერ უშველიან. საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვერ ვიტყვი, რადგან ნორმალურ სიცოცხლეზე მომიწევს უარის თქმა. შვილებს თუ ვერ ვნახავ, რისთვის მინდა ცხოვრება? მომიწევს აქედან წასვლა, და ის ტკივილი, რაც 22 წლის წინ განვიცადე, ისევ განმიახლდება“, _ ამბობს ქალბატონი ნორა.

პენსია გალში 500 რუბლიდან (8 დოლარი) იწყება. გალელები უსაფრთხოებაზე და სხვა ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებზეც ჩივიან. ამბობენ, რომ პოლიციასა თუ გამგეობაში ელემენტარული საქმის მოსაგვარებლად ფულს ითხოვენ.

გალში მცხოვრებ 70 წლის გივი დ. -ს ყველაზე მეტად ის აშინებს, რომ პასპორტიზაციის პროცესმა, შესაძლოა, ვითარება დაძაბოს და აქაურ მყიფე მშვიდობას საფრთხე შეუქმნას.

„ამ მიწის და ჰაერის გარეშე მოვკვდები, მაგრამ არც ისეთი ცხოვრება მინდა, შვილებს თუ ვერ ვნახავ. აფხაზეთი ჩემთვის ყველაფერია, ისე როგორც ჩემი ოჯახი. არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ ორიდან არჩევნის გაკეთება მომიწევს, _ ამბობს გივი.

ლალი ოჯახთან ერთად გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ აფხაზურმა მთავრობამ მას პასპორტი ჩამოართვა და დროებითი დოკუმენტი მისცა. ამ დოკუმენტით დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთა დიდ სირთულეს წარმოადგენს.

„ არც კი ამიხსნეს, რა მიზეზით ჩამომართვეს პასპორტი. მითხრეს, _ ახლები უნდა დავარიგოთო. პენსიას იმ მოწმობით ვიღებ, რაც პასპორტის ნაცვლად მაქვს. აფხაზეთის მოქალაქეობის დაკარგვით საკუთარ სახლ-კარს და მიწას დავკარგავთ, რომელსაც 22 წელია, არ ვთმობთ. ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ ასე რთულადაც არ იქნება საქმე, უბრალოდ კონტროლი გამკაცრდება საზღვარზე და ასე ხშირი მიმოსვლა არ იქნება,_ ამბობს ლალი.

უკვე მესამე წელია, მანჩო მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში მუშაობს. რუსეთში გალიდან წავიდა _ აფხაზური საზღვარგარეთის პასპორტით. ოჯახიც მოსკოვში ჰყავს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნის წინაშე აღმოჩნდება, აფხაზეთის მოქალაქეობას აირჩევს. „თბილისში სამსახური ვერ ვიპოვე… ცოლი და შვილი ხომ უნდა ვარჩინო? ამიტომ, მოსკოვში უნდა დავრჩე, სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს,“ _ ამბობს ის.

გალში კარგად ესმით, რომ ახალი პასპორტიზაციის სამიზნე, სწორედ, აფხაზეთში მცხოვრები ქართველები არიან. ამას არც სოხუმში უარყოფენ.

‘აფხაზებს არ მოსწონთ, მათ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები რომ ცხოვრობენ. ჩვენ ხომ, თითქმის ყველას, ქართული პასპორტებიც გვაქვს. არც ის მოსწონთ, ხშირად რომ ვკვეთთ საზღვარს და თბილისში ჩავდივართ’, – ამბობენ გალში.

თუკი ახალი პასპორტიზაციის პროცესი გალელებს მართლაც დააყენებს არჩევანის წინაშე, ეს მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაართულებს.

გალის მაცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში აქაურ ქართველებს კიდევ ერთხელ მოუწევთ საკუთარი სახლ-კარის დატოვება.

როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დაცვას? აქვს თუ არა თბილისს რაიმე გეგმა ამ საკითხთან დაკავშირებით?

აფხაზეთის ახალ პასპორტიზაციაზე თბილისში ჯერჯერობით საკმაოდ ფრთხილი კომენტარები კეთდება.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი JAMnews-თან საუბრისას ამბობს, რომ ქართული მხარე არ არის წინააღმდეგი, აფხაზეთში მცხოვრებმა ქართველებმა აფხაზური საბუთები აიღონ:

“სამართლებრივად აფხაზეთის მოქალაქეობა არ არსებობს. თუმცა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ გალში მცხოვრები ადამიანებისთვის, იმ საბუთის აღება, რასაც აფხაზური მთავრობა პასპორტს უწოდებს, მნიშვნელოვანია.

ციხელაშვილის თქმით, ქართული მხარის ინტერესია, რომ ქართულმა მოსახლეობამ გალი არ დატოვოს: “ჩვენ ინტერესი არ არის ის,  რომ აფხაზეთში მცხოვრებმა ქართველებმა საკუთარი სახლ-კარი დატოვონ. პირიქით, იქ უნდა დარჩნენ და გამაგრდნენ. თუკი ამ საბუთის აღება მათ, სამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, რაიმე შეღავათს მისცემს, ჩვენ პრობლემას არ შევუქმნით, – ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღნიშნული საკითხის ჟენევის დისკუსიების ფორმატში განხილვას აპირებს. “ამ დისკუსიაში ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ოკუპაციის პირობებში უწევთ ცხოვრება. ელემენტარულად, მათი ადამიანური უფლებები დაცული უნდა იყოს, – ამბობს ციხელაშვილი.

ტერმინოლოგია, რომელიც გამოყენებულია სტატიაში, ყოველთვის არ გამოხატავს რედაქციის პოზიციას

ასევე წაიკითხეთ