საიდუმლო არავისთვისაა, რომ აფხაზები სამკურნალოდ საქართველოში დადიან" />

სიცოცხლე, თუ სიკვდილი

საიდუმლო არავისთვისაა, რომ აფხაზები სამკურნალოდ საქართველოში დადიან

საიდუმლო არვისთვისაა, რომ აფხაზეთის მოქალაქეები სამკურნალოდ საქართველოში დადიან. სავსებით შესაძლებელია, რომ იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საქართველოდან სამედიცინო დახმარება მიიღო, რამდენიმე ასეულს უდრიდეს.

რამდენიმე დღის წინათ გამოცემაში “Аbkhazeti.info” გამოქვეყნდა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გაატარა  ენგურზე აფხაზმა მესაზღვრემ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ექვსი წლის  ბავშვი, რომელსაც საბუთები არ ჰქონდა.

თვითმხილველების გაცხადებით, მესაზღვრეს უთქვამს, რომ მისი დედა ონკოლოგიური დაავადება აწუხებს და მას ქართველი ექიმები მკურნალობენ. “დედაჩემს ქართველი ექიმები ხელის გულზე ატარებენ. რომც დავკარგო სამსახური, ამ ბავშვს მაინც გავატარებ საზღვარზე,”- ამბობდა აფხაზი მესაზღვრე.

ამას წინათ ასეთი შემთხვევაც იყო, რომ აფხაზეთის მოქალაქემ “ფეისბუკის” საშუალებით მადლობა გადაუხადა ქართველ ექიმებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი ახლო ნათესავის გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა.

ის პაციენტები, რომლებმაც ქართული სამედიცინო სერვისით ისარგებლეს, ძალიან იშვიათად გამოხატავენ მადლიერებას, რადგან მათ კოლექტიური საზოგადოებრივი აზრი კიცხავს. თუმცა, სრული სიმართლეა, რომ აფხაზების დიდი ნაწილი სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოში ჩადის.

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მსჯელობენ ამის შესახებ. საზოგადოებაში ჯერ კიდევ ასე დგას საკითხი – რა აიძულებს აფხაზებს, რომ სამკურნალოდ თბილისში ჩავიდნენ; და რა უფრო მნიშვნელოვანია – სიცოცხლე, თუ პრინციპები.

აფხაზური მედიცინის დაბალი დონე

ამ საკითხს ორი განზომილება აქვს – წმინდა ჰუმანიტარული და პოლიტიკური. მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ აფხაზეთში მედიცინა კრიტიკულად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი, რუსლან სმირი მთავარ პრობლემად თანამედროვე აღჭურვილობის ნაკლებობასა და ზოგიერთი სამედიცინო პროფესიის სპეციალისტების (კარდიოქირურგების, ბავშვთა სხვადასხვა მიმართულების ქირურგების, ალეგროგოლოგების, ინფექციონისტებისა და სხვ.) სიმცირეს მიიჩნევს.

“შედეგად, ადამიანი დგება არჩევანის წინაშე – ის ან რუსეთში უნდა წავიდეს, ან – საქართველოში. საქართველო ქმნის პირობებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები იქ ჩავიდნენ და იმკურნალონ. და ხალხიც საქართველოში ჩადის.”

რუსლან სმირის თქმით, ქართული მედიცინის მომსახურებით ძირითადად ონკოლოგიური და ინფექციური დაავადებების, აივ ინფექციისა და ჰეპატიტის მქონე პაციენტები სარგებლობენ.

“ბავშვობიდან თირკმელების პრობლემა მაქვს. რუსეთში მკურნალობის საშუალება არ მაქვს, რადგან ჩემი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვარ. ნაშოვნ ფულს სამკურნალოდ თუ გამოვიყენებ, ჩემი შვილები მშივრები დარჩებიან,” – ამბობს სოხუმელი იური გინდია.

მისი ნათესავები საქართველოში ცხოვრობენ და სწორედ მათი საშუალებით გაარკვია მან ყველა წვრილმანი.

“თბილისში რომ ჩავედი, უკვე მელოდებოდნენ. კარგად მიმიღეს. იქ ერთი თვე გავატარე და ამ პერიოდის განმავლობაში არავის მოუთხოვია ფული. სრულიად უფასოდ მიმკურნალეს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე იყო – მხოლოდ ახალ აპარატურას იყენებდნენ, კვალიფიციური ექიმები მმკურნალობდნენ, კლინიკა კი თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამებოდა. პირველი კურსი გავიარე. უახლოეს მომავალში კიდევ ვაპირებ იქ ჩასვლას.”

იურის თქმით, როდესაც მისმა ნაცნობებმა გაიგეს, რომ ის თბილისში მკურნალობდა, ზოგიერთმა მას “მოღალატე” უწოდა. “მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ სამშობლოს ვუღალატე. უბრალოდ მივიღე დახმარება, რომელსაც სამშობლოში ვერავინ აღმომიჩენს,” – ამბობს ის.

“საქართველოში სამკურნალოდ იმიტომ ჩავედი, რომ ქალური პრობლემები მქონდა. აფხაზეთში არ არიან ისეთი გინეკოლოგები, რომლებიც ოპერაციას ჩამიტარებდნენ. საქართველოში ნათესავები მყავს და ამ პროგრამაში მათ საშუალებით ჩავერთე,” – ეს ამბავი კიდევ ერთი მსგავსი გამოცდილების შესახებ არის, თუმცა ქალმა, რომელმაც საკუთარი ისტორიავინც ეს გვიამბო, გვთხოვა, რომ მისი სახელი არ გვეხსენებინა.

“კერძო საავადმყოფოში დამაწვინეს. ძალიან კარგი კლინიკაა, რომელშიც კარგი ექიმები მუშაობენ. თუ აფხაზეთიდან ხარ, პირდაპირ ხვდები საუკეთესო კლინიკაში. არავის უთხოვია, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიმეღო. ასეთი ჭორები სრული ნონსენსია. წარმატებით ჩამიტარდა ოპერაცია და ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სამშობლოს ვუღალატე,” – განაცხადა მან.

პოლიტიკა მას შემდეგ, რაც პოლიტიკა წავიდა

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირებისათვის საქართველოში სამედიცინო მომსახურების გაწევის ორგანიზების იდეის ავტორად შეიძლება მიხეილ სააკაშვილი მივიჩნიოთ, მაგრამ მისი მმართველობის დროს ეს პროგრამა პოლიტიზებული იყო. ის ადამიანები, ვისაც საქართველოში სურდა ჩამოსვლა, იძულებულნი ხდებოდნენ, საქართველოს მოქალაქეობა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, პასპორტი და ამ პასპორტის საფუძველზე განსაზღვრული დაზღვევა მიეღოთ. და ეს ყველაფერი არ არის.

არ იყო გამორიცხული, რომ აფხაზეთიდან, ან სამხრეთ ოსეთიდან ჩამოსული პაციენტი საავადმყოფოს დერეფნებში გადაყროდა სატელევიზიო გადამღებ ჯგუფს, რომელიც კლინიკაში იმიტომ იყო მოსული, რომ ზემოაღნიშნულ პაციენტის შესახებ სიუჟეტი გადაეღო.

მოკლედ რომ ითქვას, ადამიანებს კი ეხმარებოდნენ, მაგრამ ეს წმინდა წყლის პოლიტიკა და პიარი იყო.

ამჟამად ყველაფერი სხვაგვარადაა. ქართულ კლინიკებში მკურნალობა თითოეული პაციენტის პირადი საქმეა, და არა პოლიტიკური პროექტი. მოქალაქეობის მიღებას აღარავის აძალებენ, მაგრამ აფხაზებს ძველებურად უფასოდ და საუკეთესო კლინიკებში მკურნალობენ. თან, ამ საკითხის გარშემო “პიარკამპანიასაც” აღარ ეწევიან.

თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიტიკა ამ პროგრამის ნაწილად რჩება.

უპირატესობა მხოლოდ ეთნიკური აფხაზებს ენიჭებათ.

ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა ის, რომ გალის რაიონის მოსახლეობა, რომლის უმრავლესობასაც საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ, ვერ ხვდებიან ზემოაღნიშნულ პროგრამაში და უფასო და საუკეთესო ხარისხის სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობენ.

ასევე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ კლინიკებში ნაკლები ენთუზიაზმით იღებენ აფხაზეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ეთნიკურად აფხაზები არ არიან.

“ამ პროგრამით გალელებს არ მკურნალობენ, იმიტომ რომ ისინი ქართველები და საქართველოს მოქალაქეები არიან. შეიძლება, ექიმების ზოგიერთი კონსულტაცია მიიღონ უფასოდ, მაგრამ – მხოლოდ ზოგიერთი! თბილისში  ჩასვლა თითოეულ გალელს 120 ლარი [$60] უჯდება და თან,  ფულის გადახდა მრავალ პროცედურაშიც უწევს,” – განაცხადა რაიონის მკვიდრმა, რომელმაც წინა რესპოდენტის მსგავსად, გადაწყვიტა, ინკოგნიტოდ დარჩენილიყო.

შედეგად შეიქმნა საპირისპირო დინება – აფხაზური საბუთების მქონე გალელების დიდი ნაწილი სამკურნალოდ სოხუმში ჩადის ხოლმე.

პერსპექტივები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები აფხაზებისათვის საქართველოში

2016 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ანუ უშუალოდ აფხაზეთის საზღვართან, 220-ადგილიანი თანამედროვე მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა იგეგმებოდა. აღნიშნულ საავადმოფოში საქართველოში საკეთესო სამედიცინო პერსონალი იქნება წარმოდგენილი – ის ექიმები, როლებიც რუხის კლინიკაში იმუშავებენ, ამჟამად სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში (მ.შ. ევროპის ქვეყნებში, რუსეთსა და ისრაელში) გადიან სტაჟირებას.

სამედიცინო ცენტრის გვერდით სამვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება იგეგმება.

ქართული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 20 მილიონი დოლარი დაიხარჯება. აქ დაახლოებით 600 ადამიანი იმუშავებს

სიმბოლურია, რომ საბჭოთა პერიოდში რუხში ქართულ-აფხაზური მეგობრობის ფესტივალები იმართებოდა. ახლა მეგობრობის სიმბოლო სამედიცინო ცენტრი იქნება.

სიცოცხლე ან პრინციპები

შექმნილ მდგომარეობას აფხაზეთის ხელძღვანელობა საზღვრის გადაკვეთის პირობების გამკაცრებით პასუხობს. მაგრამ ამ ზომების ეფექტიანობა ეჭვს იწვევს.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ უკიდურეს შემთხვევებში, აფხაზური სამედიცინო დაწესებულებები ქართველ კოლეგებს თავად მიმართავენ ხოლმე დასახმარებლად. რამდენჯერმე ზუგდიდან აფხაზეთში რეანომობილიც ჩამოვიდა იმისთვის, რომ ავადმყოფები წაეყვანა.

ამას გარდა,  საქართველოში მოხვედრა ადვილია სოჭიდან, საიდანაც ბათუმისა და ფოთის მიმართულებით საზღვაო ტრასპორტი მოძრაობს.

“რამდენიმე წლის წინათ, სოხუმელი ექიმების შეცდომის გამო, კინაღამ ახალშობილი შვილი დავკარგე. ბავშვი რეანომობილით ჩავიყვანეთ თბილისში, სადაც ის ქართველმა ექიმებმა გადაარჩინეს. ეს რომ არა, ჩემი შვილი უბრალოდ მოკვდებოდა,” – ამბობს სოხუმის კიდევ ერთი მკვიდრი (მისი თხოვნით, მის სახელს არ ვამჟღავნებთ).

მისი თქმით, ამ ამბავს აფხაზეთში სახელმწიფო დონის სკანდალი მოჰყვა. “ფაქტობრივად, გაისმოდა მოსაზრებები, რომელთა მიხედვით, პოლიტიკური ინტერესები ჩვენი შვილების სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია. თუმცა, მე გადავწყვიტე, რომ მეორე შვილი საქართველოში გამეჩინა, და გასულ წელს თბილისში მშვენიერი გოგონა, ჩემი მეორე შვილი დაიბადა.”

სრულიად აშკარაა, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთში ვერ იქნება ჯანდაცვის ისეთი დონე, რომ აფხაზეთშივე (ქვეყნიდან გაუსვლელად) ხარისხიანი სამედიცინო დახმარების მიღების საშუალებას მოგვეცეს.

“პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ხშირად გვყავს ისეთი ავადმყოფები, რომელთა განკურნებისთვის მთელი ახალი საავადმოფოს აშენებაა საჭირო,” – ამბობს ქირურგი რუსლან სმირი.

“არ გვაქვს რენტგენის აპარატი, რომ ლეიკოზის დიაგნოზი დავსვათ. აღარაფერს ვამბობ იმ სპეციალისტებსა და ტექნიკაზე, რომელიც ამ დაავადების სამკურნალოდაა საჭირო. ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როდესაც ნაღვლის ბუშტის ქვები პაციენტს სადინრში გაეჭედა, ამ ოპერაციას კი ჩვენ ვეღარ ჩავატარებდით, ამიტომ იძულებულები გავხდით, ავადმყოფი რუსეთში გაგვეგზავნა.”

პრობლემა ნაწილობრივ გადაწყდება, თუკი აფხაზეთსა და რუსეთს შორის ფორმალური საკითხები მოგვარდება და ავადმყოფებს საშუალება მიეცემათ, სამედიცინო დახმარება რუსეთში მიიღონ. მაგრამ ქართულ მედიცინასთან კონკურენცია მაინც რთული იქნება.

იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საქართველოში გადაარჩინეს. მათი ახლობლების ხარჯზე კი, ამ ქვეყნის მიმართ საკმაოდ ლოიალურად განწყობილი ადამიანების ფართო წრე იქმნება. ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა, საქართველოში აფხაზეთს   რომ განიხილავდნენ მეზობელ ქვეყნად, რომელთანაც აუცილებლად უნდა მოხდეს ურთიერთობის ნორმალიზება

მაგრამ თუ იმას გავითვალისწიებთ, რომ თბილისი აფხაზეთის “ქართულ სამყაროსთან” ინტეგრაციას გეგმავს, შეიძლება ითქვას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სიტუაცია არაპროგნოზირებადია.

გამოსავალი: 1)აკრძალვა; 2)გმობა; 3)განვითარება

“ვერასდროს გავუგებ იმ ადამიანებს, რომლებიც სამკურნალოდ საქართველოში დადიან. მე მათ მოღალატეებად მივიჩნევ. სწორედ ქართველები ხოცავდნენ ჩვენს ძმებს, ახლა კი ჩვენ მათთან ჩავდივართ, რომ ვიმკურნალოთ. უმჯობესია, ფული ისესხოს ადამიანმა და რომელიმე სხვა ქვეყანაში წავიდეს,” – მიიჩნევს აფხაზეთის მკვიდრი თენგიზ კიუტი.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ეს ორი ვარიანტი (აკრძალვა და/ან იმ ადამიანების გმობა, რომლებმაც ღირებლებებს შორის სიცოცხლე აირჩია პრიორიტეტად) საზოგადოებაში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. მეორე მხრივ კი, თუკი აფხაზეთი უკვე შედგა როგორც სახელმწიფო და პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ღირებულებების კომპლექსი, მაშინ ამა თუ იმ მიზეზით საქართველოში წამსვლელი ადამიანების მიმართ  გამოვლენილი უნდობლობა მხოლოდ ცნობიერებაში დალექილი წარსულის კოპლექსების დემონსტრირებაა.

ჩვენ უკიდურესი მობილობის ეპოქაში ვცხოვრობთ. ადამიანებს საშუალება აქვთ, გააკეთონ არჩევანი და იქ წავიდნენ, სადაც უკეთესი პროდუქტებია, სადაც უფრო ხარისხიანი მედიცინაა, სადაც უფრო მეტი ფულის შოვნის საშუალებაა და ა.შ. ასეა მთელ მსოფლიოში. ჩვენს მეზობლად არის მთელი ქვეყანა, რომელსაც სურს, რომ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის მიმზიდველი იყოს. საქართველოში არ არის ისეთი ეკონომიკა, რომელიც აფხაზეთიდან შრომითი რესურსების მოზიდვასა და განსაკუთრებულად მიმზიდველი საყოფაცხოვრებო გარემოს შექმნას შეძლებდა. მაგრამ საქართველო ცხოვრების ხარისხს იძლევა იქ, სადაც შეუძლია.

პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანები იქ სამკურნალოდ დადიან, არამედ ის, რომ აფხაზეთი გამუდმებულ კოლაფსშია. ჩვენ ადამიანურ კაპიტალს დავკარგავთ და ეს აუცილებლად საქართველოსთან არ იქნება დაკავშირებული. ბევრი ადამიანი თავის ცხოვრებისეულ მიზნებს რუსეთში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში სახავს.

ვიდრე ჩვენთან ნამდვილი განვითარება არ დაიწყება, გრძელვადიან პერიოდში, სამომავლო ბრძოლაში დამარცხებულები აღმოვჩნდებით.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ