როგორ ცხოვრობენ ქართველები გალში" />

დროის კაფსულა

როგორ ცხოვრობენ ქართველები გალში

 1

დიდი ხანია, შევნიშნე – საკმარისია თქვა, რომ გალში მიდიხარ, მაშინვე კითხვებს დაგაყრიან და თანაგრძნობანარევ გაოცებას გამოხატავენ. გაგრაც ამის “ზღვარზეა”, თუმცა  ასეთ რეაქციას მაინც არ იწვევს. ეს 

არც არის გასაკვირი, რადგან გალი შორეული, სახიფათო და თითქმის არამშობლიური ადგილია  – ყოველ შემთხვევაში, ასე  აღიქვამს სურათს თითქმის მთელი აფხაზი ახალგაზრდობა.

ჩემი ნაცნობი ახალგაზრდებიდან გალში თითქმის არავინ არის ნამყოფი. ან რატომ უნდა ყოფილიყვნენ? ჩემი მეგობრები საქართველოში არ ჩადიან, არც საზღვრისპირა სოფლებში ჰყავთ ნათესავები და არც გალის ღირსშესანიშნაობების შესახებ გვსმენია რაიმე (ჯერჯერობით). ყველაზე სუსტი მოტივაციაც კი არ არსებობს.

არადა, გალის რაიონის ზოგიერთი სოფლის მოსახლეობის რაოდენობა მთელ ოჩამჩირეს აღემატება.

დიდი ხნის განმავლობაში  გალი არც ჩემთვის არსებობდა; არც მე – მისთვის, და არც ის – ჩემთვის. მხოლოდ ის მახსოვს, რომ დაახლოებით ექვსი წლის წინათ სოხუმი-მოსკოვის მატარებელში ერთი გალელი ახალგაზრდა კაცი დამემგზავრა. უკვე დიდი ხანი იყო, რაც მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობდა, მაგრამ მთელი გზა მაინც გალის მოსახლეობის უფლებებების დაცვაზე ლაპარაკობდა, რომელთა დარღვევა, პირადად მე, სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია.

და მაშინ პირველად დავფიქრდი, რომ სადღაც, ჩვენს გვერდით მიედინება ცხოვრება, რომელის შესახებაც არაფერი ვიცით, და რომელშიც ასეთ ახალგაზრდებს სოხუმში ჩამოსვლის ეშინიათ და მოსკოვში მიემგზვრებიან.

აღმოსავლეთო, გაიხსენი

 ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ აღმოსავლურ ქალაქში თითქმის ხუთჯერ ვიყავი და ყოველი მომდევნო ჩასვლა წინაზე სულ უფრო უნიკალური იყო. გალი – ეს არის ვიღაცის დიდი, შეუსრულებელი დავალება.


ადგილობრივ მოსახლეობასთან საერთო ენის გამონახვა პირდაპირი მნიშვნელობით ჭირს. შევეცადე დავლაპარაკებოდი მათ რუსულად, აფხაზურად, სომხურადაც კი – თუმცა, ამაოდ. ათობით ადამიანი ფართო ღიმილითა და სრული გაუგებრობით აღსავსე მზერით მხვდებოდა და მაცილებდა. 

მახსოვს ის შოკი, რომელიც გალის სკოლების მონახულებით მივიღე. კედლის გაზეთები – ქართულად, ირგვლივ ყველა მეგრულად ლაპარაკობდა, სახელმძღვანელოებს საქართელოს განათლების სტრუქტურების ბეჭდები ერტყა, სააქტო დარბაზშიიდან კი ქართულ ხალხური სიმღერის ხმა მოისმოდა. თავი სარკის მიღმა სამყაროში მეგონა.

 2015 წლის 1-ლი სექტემბრიდან რაიონის სკოლები გადავიდნენ სწავლების ახალ პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც, სასწავლო პროცესის უდიდესი ნაწილი რუსულად უნდა მიმდინარეობდეს. განისაზღვრა დამატებითი საათებიც – მოსწავლეებისთვის საკითხების მშობლიურ ენაზე განმარტების მისაღებად.

როდის დაიბადა არძინბა?

  2016 წლის 13 ივნისი. გალი, ქვედა ზონა. თაგილონის საშუალო სკოლის მეთერთმეტე კლასი ალგებრის გამოცდას აბარებს. 

წელს საშუალო სკოლას 14 მოსწავლე ამთავრებს. თითოეული მათგანი მარტო ზის მერხთან. მერხები და დაფები მეორე სართულის დერეფანშია გატანილი. გოგონები – მარცხნივ, ბიჭები – მარჯვნივ. დაფაზე დავალება ქართული ასო-ნიშნებით წერია. ზუსტი მეცნიერებების სფეროში ჩემი განათლების ნარჩენები საკმარისი აღმოჩნდა, რომ გამერჩია – ერთი უტოლობა, ერთი ფუნქცია და სამი განტოლება.

 სკოლის მათემატიკოსი საეროდ ვერ ლაპარაკობს რუსულად. დირექტორი მიახლოვდება და მაჩვენებს კონვერტს, რომელშიც აფხაზეთის განათლების სამინისტროდან მიღებულ საგამოცდო დავალება დევს. ეს დოკუმენტი, ცხადია, რუსულ ენაზეა შედგენილი. დირექტორი თემურ ჯოლოგუა მიხსნის, რომ ქართულადაც უნდა ითარგმნოს, რადგან ბავშვები უბრალოდ ვერ გაიგებენ დავალების არსს. 



დირექტორმა ბოლოსწინა მერხთან მჯდომ გოგონასთან მიმიყვანა. “ეს გოგონა ფრიადოსანია!” თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გოგონა მხოლოდ მათემატიკაში იყო ფრიადოსანი. მისი ალაპარაკება  ვერ შევძელი. გოგონა ღიმილითა და გულწრფელი მორიდებით ყველა შეკითხვაზე მპასუხობდა: “არ შემიძლია” (“не могу”); თუმცა, ჩემი შეკითხვები გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე ფუნქციის გამოკვლევა და მისი გრაფიკის შედგენა.

ამასობაში სამასწავლებლოში დაიწყო გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას შეხვედრა პედაგოგებთან. შევდივარ და მესმის, რომ საუბარი პასპორტებს შეეხება. ნადარიაია ნელა და დაბეჯითებით განმარტავს. 

“მათ, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, აფხაზეთის მოქალაქეობას მივცემთ, მაგრამ ასეთი პირების რაოდენობა არც ისე დიდია,” – იწყებს ნადარაია. საუბარი ჩიხში შედის.

“კარგი. აი, თქვენ თავს აფხაზეთის მოქალაქეებად მიიჩნევთ. მითხარით, როდის დაიბადა ლენინი,” – მოულოდნელ კითხვას სვამს თემურ ნადარაია. 1870 წლის 22 აპრილი – თაგილონის სკოლის სამასწვლებლო პასუხს ერთობლივად აკოწიწებს. “და ვლადისლავ არძინბა როდის დაიბადა?” სიჩუმე ჩამოვარდა. მასწავლებლები ერთმანეთის მიყოლებით ასახელებენ თვეებს, შემდეგ კი ცდილობენ რიცხვი გამოიცნონ. ამაოდ. 

მთელი ამ დროის განმავლობაში კუთხეში ჩუმად ზის ორმოცდაათიოდე წლის სანდომიანი ქალი. მოხდენილი, გრძელი სარაფანი აცვია, დიდი, ლამაზი თვალები და დაღლილი მზერა აქვს. “1945 წლის 14 მაისს, ეშერაში”, – ამბობს ის.



თემურ ნადარაია შეკითხვების დასმას აგრძელებს. ამჯერად აფხაზის ხალხის სამამულო ომის დაწყების თარიღის დასახელებას ითხოვს. ამ შეკითხვას კიდევ უფრო ავისმომასწავებელი დუმილი მოჰყვა. ყველა იმ ქალს უყურებს და ვხვდები, რომ მან იცის. რა თქმა უნდა, იცოდა. ნადარაიამ კიდევ რამდენიმე შეკითხვა დასვა, მაგრამ მე და გალინა ივანოვნას უკვე აღარ გვესმოდა.

საერთო ენის გარეშე

გალინა ივანოვნა არდაშელია, უკვე 28 წელია, თაგილონის საშუალო სკოლაში მუშაობს. თუმცა, 1988 წელს ის პოლტაველი გალია იურიევა იყო. თაგილონში გათხოვდა, რუსული ენის მასწავლებლის კვალიფიკაცია მიიღო და მას შემდეგ მის ცხოვრებაში თითქმის არაფერი შეცვლილა. თუმცა, ახლა გალინა ივანოვნა ზოგჯერ ქართულად და მეგრულად უფრო კარგად ლაპარაკობს, ვიდრე მშობლიურ რუსულ ენაზე.

 პოლტავაში დედა ჰყავს, რომელთანაც სტუმრად ჩადის ხოლმე. საქართველოს გავლით, ცხადია. ამჟამად გალინა ივანოვნა არდაშელია საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ამ თემაზე ბევრი არ გვილაპარაკია.

“ჩვენი აფხაზეთი მშვენიერი, მდიდარი მხარეა, სადაც ჩინებული ადამიანები ცხოვრობენ. აფხაზი ხალხი ძალიან ერთგულია – არასდროს გიღალატებენ , – ამბობს გალინა ივანოვნა; პედაგოგები ვართ და პოლიტიკა ჩვენგან შორსაა. ჩვენი საქმე ბავშვებისათვის განათლების მიცემაა. ჩემმა უმცროსმა ქალიშვილმა დღეს მათემატიკა ჩააბარა. უნდა, რომ სოხუმში გააგრძელოს სწავლა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.”

“იცით რატომ ვერ უპასუხეს შეკითხვას არძინბას შესახებ? – მოულოდნელად მკითხა ჩემმა თანამოსაუბრემ, – იმის ნახევარიც კი არ ესმით, რასაც ეს კაცი ამბობს. რომ ესმოდეთ, ალბათ უპასუხებდნენ კიდეც. ჩვენ ხომ გასულ წელს აღვნიშნეთ არძინბას სამოცდაათი წლისთავი.” გალინა ივანოვნას ჰგონია, რომ დამამშვიდა.

“უბრალოდ, ჩვენ აქედან არსად წავალთ. ეს ჩვენი სახლია და ის აფხაზეთშია. ჩემი ორი უფროსი ქალიშვილი საქართველოშია გათხოვილი, მაგრამ აქ ჩამოსვლისას ამბობენ, რომ აფხაზეთში ჩამოდიან. ჩემი პატარა შვილიშვილიც კი იმას ამბობს, რომ ბებია აფხაზეთში ცხოვრობს, და არა საქართველოში,” – ამბობს გალინა ივანოვნა. 

”ხალხი შეძლებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას. შეხედეთ, რა კარგი გზა დაგვიგეს. შუქის პრობლემები აღარ გვაქვს. ვფიქრობ, ცოტაღა დარჩა.”

ალბათ გალინა ივანოვნამ გამოიცნო ჩემი შემდეგი  შეკითხვა და იმის მოყოლა დაიწყო, თუ რა რთულია გალში რუსული ენის სწავლება. “ძალიან ძნელია. აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა ამ ბავშვების მშობლებს განათლების მიღებაში შეუშალა ხელი. ბევრ მათგანს სკოლაში საერთოდ არ უვლია. არათუ რუსული, ფაქტიურად არც ერთი ენა არ იციან სათანადოდ. ჩვენს გარემოში ძალიან რთულია, 45 წუთში ყველაფერი მისცე ბავშვს,” – ამბობს პედაგოგი. 


თუმცა, გალინა ივანოვნა თავის მოსწავლეებს აქებს კიდეც. ამბობს, რომ ბავშვები ცდას არ აკლებენ – უკვე მშვენივრად კითხლობენ და კარნახებსაც კარგად წერენ. მთავარი პრობლემა კატასტროფულად მწირი ლექსიკური მარაგია, რის გამოც, ბავშვები სასაუბრო დონეზეც კი ვერ ფლობენ ენას.

წელს გამოსაშვებმა კლასმა რუსული ენის გამოცდა კარნახის სახით ჩააბარა. გამოცდა კარგი შედეგებით დასრულდა. რუსული ენის სახელმძღვანელოები გალში აფხაზეთის განათლების სამინისტროს შეაქვს.

“ეს პროგრამა ძალიან რთულია ჩვენი ბავშვებისთვის. რეალურად, ისინი არც ერთ ენას არ ფლობენ. სკოლაში მოსვლისას ბავშვმა მხოლოდ მეგრული იცის. მისთვის ქართულიც და რუსულიც უცხო ენებია. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში, რუსული ენის არცოდნის პრობლემა გადაწყდება. მშობლები დაინტერესებულები არიან, რომ ეს საკითხი მოგვარდეს,” – აღნიშნავს გალინა ივანოვნა.

ჩემი რუსული ენის მასწავლებელსაც გალინა ერქვა. თუმცა, ალექსეევნა იყო და სოხუმში, “მაიაკზე” ცხოვრობდა. საინტერესოა, უყვართ თუ არა თაგილონელ მოსწავლეებს რუსული ლიტერატურა. გადავწყვიტე, მათაც გავსაუბრებოდი.

სკოლის პირველ სართულზე ერთ-ერთ ღია კარში ალალბედზე შევდივარ. თოთხმეტიოდე წლის გოგონები ემოციურად განიხილავენ რაღაცას. ჩემი შესვლისთანავე ჩუმდებიან. ვცდილობ ავუხსნა, რომ მაინც არაფერი მესმის და შეუძლიათ ლაპარაკი გააგრძელონ. გოგონებს ეცინებათ და ჩემს მოქმედებას ელოდებიან. “დიდხანს ელოდებოდით ზაფხულს?” – ვეკითხები მათ. “ვაშა, არდადეგები!” – დამტვრეული რუსულით მპასუხობს ერთ-ერთი მათგანი და ყველა იცინის. და ყველაზე დიდი ხნის ნანატრი სკოლის არდადეგებისადმი მიძღვნილ საერთო მხიარულებას მეც ვუერთდები.

კაბინეტის კუთხეში რამდენიმე კედლის გაზეთია გაკრული. ყველა ქართულადაა ნაწერი, მაგრამ ილუსტრაციების მიხედვით ვვარაუდობ, რომ ბიოლოგიის კაბინეტში მოვხვდი. ერთ-ერთ გაზეთზე ჩემთვის გასაგები ასო-ნიშნები ამოვიკითხე – “Капсула времени” (“დროის კაფსულა”).

გალი მართლაც დროის კაფსულაა და მგონი, მომწონს კიდეც დროდადრო მასში მოხვედრა.

Thumbnail and cover copy

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს


ასევე წაიკითხეთ