თუმცა, ამ იდეას არ იზიარებენ უკრაინელი მართლმადიდებლები, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს მიეკუთვნებიან " />

ახლებურად ლოცვა: უკრაინას ეკლესიების გაერთიანება და მართლმადიდებლებს შორის კონფლიქტის მოგვარება სურს

თუმცა, ამ იდეას არ იზიარებენ უკრაინელი მართლმადიდებლები, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს მიეკუთვნებიან

უკრაინის პრეზიდენტი კიევის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქებთან ერთად ადგილობრივი ეკლესიის შექმნის საკითხს განიხილავს, 2018 წლის 18 აპრილი. Mikhail Palinchak/Ukrainian Presidential Press Service/REUTERS 

უკრაინული ტელეარხის „ჰრომადსკოეს“ მასალების მიხედვით 

უკრაინამ ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების გაერთიანების პროცესი დაიწყო. თუ ამის გაკეთება შესაძლებელი გახდება – უკრაინის დამოუკიდებელ მართლმადიდებლურ ეკლესიას ოფიციალურად პირველად აღიარებენ. პროექტის დეტალები, და მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ ყველაფრისადმი უკრაინელ მორწმუნეებს:

რატომ ვერ მიიღო უკრაინულმა ეკლესიამ აქამდე დამოუკიდებელი ეკლესიის სტატუსი?

იმიტომ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სამი მართლმადიდებლური ეკლესია მოქმედებს. ერთ-ერთი მათგანი კიევის საპატრიარქოს მიეკუთვნება, მეორე – მოსკოვისას; და არის კიდევ უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია. ეკლესიებს შორის, დიდი ხანია, კონკურენცია მიმდინარეობს, თითოეული მათგანი მეორეს „არასრულფასოვნად“ მიიჩნევს, და ქვეყნის რეგიონებში პერიოდულად იწყება ბრძოლა იმის გამო, თუ რომელი ეკლესიაა მთავარი.

ამ სიტუაციაში უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესიის რეგისტრაცია შეუძლებელია. ეს რომ მოხდეს – ამისთვის აუცილებელია ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის შექმნა. ანუ, საუბარია ყველა მართლმადიდებელი მორწმუნის ერთ სტრუქტურაში გაერთიანებაზე, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას და მის ადმინისტრაციულ დაყოფასა და სახელმწიფო საზღვრებს შეესაბამებოდეს.

როგორ შეიქმნება ერთიანი უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია?

ამ ინიციატივით ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოვიდა.

პირველი ნაბიჯია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქებისგან გაერთიანებისთვის მზადყოფნის შესახებ მიმართვის მიღება.

მეორე ნაბიჯი — პრეზიდენტი პარლამენტის მხარდაჭერას იღებს.

მესამე ნაბიჯი — პრეზიდენტი მსოფლიო პატრიარქს სთხოვს, რომ უკრაინაში ადგილობრივი ეკლესიის შექმნის დეკრეტს და მისთვის ავტონომიის მინიჭებას ხელი მოაწეროს.

ყველა ეს ნაბიჯი უკვე გადადგმულია და ამჟამად უკრაინა გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის შექმნის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა იაროსლავა მიშენკომ ტელეარხ „ჰრომადსკოეს“ უთხრა, რომ ის დარწმუნებულია – ერთიანი დამოუკიდებელი ეკლესია კიევისა და მოსკოვის საპატრიარქოების მრევლში არსებულ კონფლიქტებს მოაგვარებს.

თავად ის იმ ეკლესიის მრევლია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს განეკუთვნება.

„ადგილობრივი ეკლესია მრევლის წევრებს შორის დიალოგის გამართვას ითვალისწინებს… ის ხელს შეუწყობს ერთი ხაზის ჩამოყალიბებას, რომელსაც მრევლი გაჰყვება“, — თქვა იაროსლავა მიშენკომ.

 ვინ არის მომხრე და ვინ წინააღმდეგი

პრეზიდენტს მხარი დაუჭირა უკრაინის ორმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ – კიევის საპატრიარქოს ეკლესიამ და უკრაინის ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.

მაგრამ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მისი წარმომადგენლის, დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩის ვარაუდით, უკრაინის ხელისუფლებამ ეს თემა იმის გამო წამოწია, რომ „მეორე ვადით დარჩეს“.

საზოგადოებაში უკრაინის ერთიანი დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნის იდეას უკრაინის მაცხოვრებლების თითქმის 40-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი18 პროცენტი წინააღმდეგი იყო, 23 პროცენტმა კი განაცხადა, რომ მათთვის სულ ერთია.

სულ ახლახან უკრაინელების ნდობის რეიტინგში ეკლესია ლიდერი იყო, მაგრამ 2017 წელს მას მოხალისეთა ორგანიზაციებისთვის მოუხდა პირველობის დათმობა – ამ ორგანიზაციებმა ხმათა 66,7 პროცენტი დააგროვა. ეკლესიისადმი ნდობა 66,4-მა პროცენტმა გამოხატა, მესამე ადგილზე კი, ხმათა 57,3 პროცენტით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აღმოჩნდა.

 კომენტარები

მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიური ინსტიტუტის განყოფილების გამგე, სოციოლოგი ალექსანდრ ვიშნია მიიჩნევს, რომ უკრაინაში ადგილობრივი ეკლესიის შექმნის რეალური შანსი არ არსებობს. ის შეგვახსენებს, რომ 26 წლის განმავლობაში უკრაინაში მართლმადიდებლების გაერთანება ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო. მიზეზი ყოველთვის ერთი და იგივეა – ამას მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესია ეწინააღმდეგება –  და ეს მოსკოვის ხელდასმით ხდება, – მიაჩნია ალექსანდრ ვიშნიას.

მიუხედავად ამისა, უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ერთიანი უკრაინული დამოუკიდებელი ეკლესია ადგილობრივი ეკლესიის შექმნის შესახებ საგანგებო დეკრეტს – ტომოსს – რუსეთის გაქრისტიანების 1030 წლისთავამდე, ანუ უკვე 2018 წლის ზაფხულში მიიღებს.


ასევე წაიკითხეთ