მსჯავრდებული ბლოგერის წინააღმდეგ ახალი საქმე შეწყვეტილია, ის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდება " />

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მეჰმან გუსეინოვის წინააღმდეგ აღძრული ახალი საქმე შეწყვიტა

მსჯავრდებული ბლოგერის წინააღმდეგ ახალი საქმე შეწყვეტილია, ის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდება

ქვეყნის პრეზიდენტის ჩარევის შემდეგ მსჯავრდებული ბლოგერის მეჰმან გუსეინოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე შეწყდა. მანამდე ბლოგერი ციხეში თითქმის ერთი თვის განმავლობაში შიმშილობდა, რასაც საზოგადოებაში პროტესტის ტალღა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევა მოჰყვა; ასევე – ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების თაობაზე ევროპარლამენტის რეზოლუცია, და ოპოზიციის უჩვეულოდ მასობრივი მიტინგი.

21 იანვარს გუსეინოვმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს „მისი საქმის ობიექტურად და სამართლიანად გამოძიების უზრუნველყოფის თხოვნით“ მიმართა. და რამდენიმე საათში გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გუსეინოვს ახლად წაყენებული ბრალდება მოეხსნა.

ვინ არის მეჰმან გუსეინოვი?

26 წლის მეჰმან გუსეინოვი პოპულარული ვიდეობლოგერია. თავის ვიდეოსიუჟეტებში ის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ამხელდა.

2017 წლის მარტში, ბაქოს რაიონული პოლიციის უფროსის მიმართ ცილისწამების ბრალდებით, გუსეინოვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის ამბობდა, რომ მას პოლიციის განყოფილებაში აწამებდნენ, და ეს სიტყვები სასამართლომ ცილისწამებად მიიჩნია.

უფლებადამცავმა ორგანიზაციამ Amnesty International გუსეინოვი „სინდისის პატიმრად“ აღიარა.

მეჰმან გუსეინოვის პატიმრობის ვადა ამ წლის მარტში იწურება, მაგრამ დეკემბრის ბოლოს მას ახალი ბრალდება წაუყენეს – დაცვის წევრის ცემა. ეს მეჰმანს კიდევ რამდენიმე წლით პატიმრობას უქადდა. პროტესტის ნიშნად, მან შიმშილობა გამოაცხადა.

საქმის შეწყვეტა

გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია:

„გუსეინოვის ახალგაზრდა ასაკის გათვალისწინებით, ის, რომ მას სასჯელის ვადის მოხდის დროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, და რომ ის გამოსწორების გზაზე დადგა, ასევე ის, რომ გუსეინოვის ხანში შესული და მარტოხელა მამა მოვლას საჭიროებს, ხოლო გუსეინოვის მიერ ჩადენილი დანაშაული მძიმე დანაშაულების კატეგორიას არ მიეკუთვნება, ასევე ის საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მეჰმან გუსეინოვის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა“.

სხვა სიტყვებით, პროკურატურამ აზრი არ შეიცვალა იმის თაობაზე, რომ მეჰმანმა ლეიტენანტს სცემა, მაგრამ ბლოგერის შეცოდება გადაწყვიტა.

რას ნიშნავს ეს?

მეჰმან გუსეინოვის საქმის ასეთმა შემობრუნებამ აზერბაიჯანის საზოგადოებაში არამხოლოდ სიხარული, არამედ დავაც გამოიწვია. მეჰმანისთვის მეორე ბრალდების მოხსნა ხომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ხელისუფლების მიმართ ყველაზე დიდი წინააღმდეგობა იყო. და რას ნიშნავს საქმის ასეთი შემობრუნება? ერთი მხრივ, ხალხის მოთხოვნა, თითქოს შესმენილია და დაკმაყოფილებული. მეორე მხრივ, მეჰმანს ბრალდება არ, მოუხსნეს მაგრამ მოსარჩელე „დაარწმუნეს, რომ მისთვის ეპატიებინათ“, და ეს სწორედ იმ ხელისუფლებამ გააკეთა, რომელსაც მეჰმანი თავის ვიდეოებში ასე აქტიურად აკრიტიკებდა.

აი, რას ფიქრობენ და ამბობენ ამის შესახებ „კონფლიქტის სხვადასხვა მხარეები“ :

ჰადიჯა ისმაილოვა, ჟურნალისტი, რომელიც მეჰმანისადმი სოლიდრობის ნიშნად ხუთ დღეს შიმშილობდა:

„მეგობრებო, ეს გამარჯვება არ არის. მეჰმანი და 128 პოლიტპატიმარი ჯერ ისევ ციხეში იმყოფებიან. დაე, ყველა მათგანი გაათავისუფლონ, და ამ სიტუაციიდან პრეზიდენტი გამარჯვებული გამოვა. ჯერჯერობით კი ყველა ჩვენგანი დამარცხებულია. პროტესტს ვაგრძელებთ!“

გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ელდარ სულტანოვი:

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, როგორც ყოველთვის, სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპების ერთგული დარჩა, ეს მიმართვები გაითვალისწინა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს სისხლის სამართლის საქმის ობიექტურად გამოძიებისა და კანონით გათვალისწინებული ყველა ზომის გატარების რეკომენდაცია მისცა, რათა მას სამართლიანი და ჰუმანური გადაწყვეტილება გამოეტანა.

ტოფიგ იაგუბლუ, პარტია „მუსავათის“ წარმომადგენელი, რომელიც მეჰმანისადმი სოლიდარობის ნიშნად, 13 დღეს შიმშილობდა:

„ჩვენ შევძელით, რომ ილჰამ ალიევი გვეიძულებინა, მეჰმან გუსეინოვის წინააღმდეგ შეთითხნილი ახალი, პირადად მისი მითითებით დაწყებული საქმე შეეწყვიტა. ეს პირველი და ძალიან წვრილმანი გამარჯვებაა. ამით მათ ისეთი ადამიანების დამშვიდება სურთ, ვინც 26 იანვარს მიტინგზე მისვლას აპირებს. არ გამოვა! უამრავი ადამიანი ყალბი ბრალდებებით არის დაპატიმრებული. ყველა მათგანი უნდა გათავისუფლდეს! 26 იანვარს მიტინგზე მოდით“

სოციალური ქსელების რეაქცია

აზერბაიჯანის სოციალურ ქსელებს მეჰმან გუსეინოვის შიმშილობის თემა თითქმის ერთი თვის განმავლობაში აღელვებდა: ვიღაც ბლოგერს აქტიურად მხარს უჭერდა, სხვები უბრალოდ მოვლენების განვითარებას აკვირდებოდნენ. ამიტომ, სიახლემ იმის თაობაზე, რომ მას ბრალდება მოეხსნა, დიდი რეზონანსი გამოიწვია. ადამიანებმა სხვადასხვაგვარი რეაგირება მოახდინეს.

„ეს ქვეყნის სირცხვილია, როდესაც სასამართლო და გამოძიება პრეზიდენტის მითითებების მიხედვით იქცევა. პირველ რიგში, პრეზიდენტს არავითარი უფლებამოსილება არ გააჩნია. თუკი ასეთი კეთილია, რატომ არ ავლენს ამ სიკეთეს სხვა პოლიტპატიმრების მიმართაც?“

„პრობლემა სწრაფად წყდება, როდესაც ხალხი ერთიანდება. ხელისუფლება შეშინდა“;

„ვის დასჯიან შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმისთვის?“;

„და რა იყო ეს? რაღაც შოუ“;

„მადლობა ხალხს და ევროპარლამენტს, რომ ასე მოინდომეს. სახელმწიფომ თავი შემდეგშიც რომ არ შეირცხვინოს, მისი გათავისუფლება გადაწყვიტა. ჩვენ ერთად ძალას წარმოვადგენთ“;

„მე ეს მეჰმანის გამარჯვებად არ მიმაჩნია. საეჭვოა, რომ ისევ თავის ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია შეინარჩუნოს“.

მოვლენების ქრონოლოგია

26 დეკემბერს — მეჰმან გუსეინოვმა შიმშილობა გამოაცხადა, და მის მიმართ წაყენებული ახალი ბრალდების მოხსნას მოითხოვდა;

6 იანვარს – მეჰმანმა თავისი ადვოკატის საშუალებით გააკეთა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ თავს ბრძოლისთვის ძალიან ძლიერად გრძნობს:

„აქამდე ასობით პოლიტიკური პატიმარი გამოგონილი ბრალდებებით დააპატიმრეს, და საკუთარი თავისუფლება გაწირეს, მაგრამ ამ მსხვერპლმა არაფერი შეცვალა, სიტუაცია ისევ ძველებურია და უარესდება კიდეც. ამიტომ, კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ და მსხვერპლად კიდევ მეტი ფასეულობა გავიღოთ, რათა იქნებ რაიმე შეიცვალოს“.

7 იანვარი — მეჰმანის ადვოკატმა განაცხადა, რომ ის შიმშილობას აგრძელებს, მაგრამ რძის პროდუქტების მიღება დაიწყო;

7 იანვარი — პარლამენტის დეპუტატმა სიავუშ ნოვრუზოვმა პრესას განუცხადა. რომ მეჰმან გუსეინოვმა დანაშაული ჩაიდინა და უნდა დაისაჯოს;

10 იანვარს — პრესაში გამოჩნდა მეჰმანის ხელით დაწერილი მიმართვის ფოტო, რომელშიც მეჰმანი ამბობს, რომ თავის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა არ სურდა, და რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია;

11 იანვარს —აზერბაიჯანში ევროკავშირის წარმომადგენლის და ევროპის ქვეყნების საელჩოების თანამშრომელთა ვიზიტი მეჰმანთან;

14 იანვარს — ხუთმა პოლიტიკურმა პატიმარმა „სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა“ გამოაცხადა;

15 იანვარს — მოშიმშილეებს ცნობილი ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილოვა შეუერთდა;

16 იანვარს — ზოგიერთმა ოპოზიციონერმა შიმშილობა შეწყვიტა, მათი ადგილი სხვებმა დაიკავეს;

17 იანვარს — ბლოგერის ძმამ ემინ გუსეინოვმა, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს. ევროპარლამენტის წევრებს გაუგზავნა ღია წერილი თხოვნით, რომ მეჰმანისა და სხვა პოლიტპატიმრების გადასარჩენად მისცენ ხმა;

19 იანვარს – ბაქოში მეჰმანისა და სხვა პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგი ჩატარდა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ