აზერბაიჯანში არასრულწლოვანთა შორის აბორტების რაოდენობა გასამმაგდა

განათლების სამინისტრო აპირებს, რომ მოზარდების სქესობრივი აღზრდით დაკავდეს

აზერბაიჯანში 2017 წელს 15-19წლის ასაკის 1605-მა ქალმა გაიკეთა აბორტი. როგორც Report გადმოსცემს,მათ შორის 46 – არასრულწლოვანია. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 19 ადამიანს შეადგენდა, თითქმის სამჯერ ნაკლებს. ამავდროულად აზერბაიჯანი რეგიონში 19 წლამდე ასაკის მშობიარეთა რაოდენობის მიხედვითაც ლიდერობს.

აბორტების და ადრეული მშობიარეების ასეთ მოხშირებას ექსპერტები იმას უკავშირებენ, რომ აზერბაიჯანული საზოგადოების კონსერვატიულობა თანამედროვე მსოფლიოს რეალურ სურათს არ შეესაბამება. ერთი მხრივ, ინტერნეტის საშუალებით, ბავშვები და მოზარდები საკმაოდ ადრეულ ასაკში იგებენ სექსის არსებობის შესახებ, და ეს თემა მათ აინტერესებთ. მეორე მხრივ, არც მშობლები და არც მასწავლებლები მათ ამის შესახებ არ ესაუბრებიან, რადგან სექსის თემა აზერბაიჯანში ტაბიურებულია (და საერთოდაც, მიიჩნევა, რომ ქორწინებამდე სექსი – ცოდვაა, და ცუდია).

„პატრიარქალური ტრადიციების ადგილი განათლებამ და განვითარებამ უნდა დაიკავოს, ჩვენთან კი მთ ადგილს აბორტები და მოზარდებს შორის ძალადობა იკავებს. იმიტომ, რომ მოზარდებმა თავისთვის უკვე გადაწყვიტეს, რომ სიყვარული და თავისუფალი ცხოვრება სურთ, მაგრამ მათთვის ჯერ არავის აუხსნია, ეს ადამიანურად როგორ გააკეთონ, საკუთარი თავისა და სხვების დაუზიანებლად“, – ამბობს სოციოლოგი სანუბრ ჰეიდაროვა.

განათლების სამინისტრომ, თავის მხრივ, როგორც იქნა, გადაწყვიტა, რომ სკოლებში შემოიღოს საგანი “სქესობრივი აღზრდა“. საუბრები ამის შესახებ, უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს, მაგრამ საქმეს საშველი არაფრით დაადგა. და, აი, ამჯერად განათლების სამინისტრო გვპირდება, რომ საგანს უკვე წელს შემოიღებენ, და უკვე სახელმძღვანელოებიც კი მზადაა. ეს მოზარდებს შორის მშობიარობის, აბორტებისა და სქესობრივი გზით გადამდები დავადებების პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმარება. ახალი საგნის სწავლება მე-6 კლასიდან დაიწყება.

საზოგადოებაში ამგვარ ინიციატივას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ:

„მე ეს ზედმეტად მიმაჩნია. არ არის საჭირო დაბალ კლასებში ბავშვებისთვის ტვინის დანაგვიანება, მათი აზრების არასწორი მიმართულებით წარმართვა, 12-15 წლის ასაკში კი ისედაც ყველაფერი მშვენივრად იციან, ან მალე გაიგებენ“;

„იმედია, ამ გაკვეთილებს შრომის და ფიზკულტურის მასწავლებლები , ან კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები არ ჩაატარებენ. თუ არა და, ქვეყანა ერთ დიდ ცოდვის კერად გადაიქცევა.“

„მე მე-5 კლასს ვასწავლი. მოსწავლეებს ვეუბნები, რომ ოჯახი სიყვარულსა და პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს, სიტყვა „სიყვარულის“ გაგონებაზე კი ეცინებათ…“


ასევე წაიკითხეთ