აზერბაიჯანი - სინდისის პატიმრები, სომხეთი - დემონსტრაციის დარბევა, საქართველო - მიკერძოებული სასამართლო, უკრაინა და რუსეთი - სამხედრო პირებისა და ძალოვანების დანაშაულებრივი ქმედებები" />

ადამიანის უფლებები კავკასიაში – Amnesty International-ის დასკვნები

აზერბაიჯანი - სინდისის პატიმრები, სომხეთი - დემონსტრაციის დარბევა, საქართველო - მიკერძოებული სასამართლო, უკრაინა და რუსეთი - სამხედრო პირებისა და ძალოვანების დანაშაულებრივი ქმედებები

ავტორიტეტულმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც აღწერილია, თუ რა მდგმარეობა იყო მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ 2016 წელს. აი, რა წერია აღნიშნულ ანგარიშში სამხრეთი კავკასიის ქვეყნების შესახებ:
 
აზერბაიჯანი
 
გისოსებს მიღმა, სულ ცოტა, 14 სინდისის პატიმარი რჩებოდა.  იმ უფლებადამცველი ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც გასულ წლებში იძულებულნი გახდნენ, საქმიანობა შეეწყვეტათ, ფუნქციონირებას ვერც 2016 წელს ახერხებდა. ვრცელდება ცნობები წამების,  სასტიკი მოპყრობისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განყობილი ადამიანების თვითნებური დაკავების შემთხვევების შესახებ. 
 
სომხეთი
 
ივლისში ქვეყნის დედაქალაქში, ერევანში გაიმართა აქცია, რომელიც, მთლიანობაში, მშვიდობიანი ხასიათის შეკრებას წარმოადგენდა. პოლიციამ ამ მიტინგის დარბევისას ზედმეტი ძალა გამოიყენა. ასობით ადამიანი თვითნებურად იქნა დაკავებული. ინციდენტის შემდეგ არაერთი დემონსტრანტი აღნიშნავდა, რომ შემთხვევის შედეგად ტრავმები მიიღო. მიტინგის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის დროს ძალოვანები მათ სცემდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ. 
 
საქართველო
 
მას შემდეგ, რაც რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე სასამართლომ ხელისუფლებისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები მიიღო, ზოგიერთი ადამიანი დაბეჯითებით გამოთქვამდა ეჭვს მოსამართლეების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და შეშფოთებას გამოხატავდა პოლიტიკური ჩარევის გამო. ვრცელდებოდა ინფორმაცია სასტიკი მოპყრობისა და წამების ახალი ფაქტების შესახებ, რომლებიც პოლიციაში დაფიქსირდა. გრძელდებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების გამაგრების პროცესი და ამის გამო ადგილობრივ მოსახლეობას სულ უფრო მეტად უჭირდა საკუთარი ეკონომიკური და სოციალური უფლებების რეალიზება.
 
პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებს შორის რუსეთი და უკრაინა იპყრობს ყურადღებას:

უკრაინა
 
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში როგორც უკრაინული ჯარები, ისე პრორუსი სეპარატისტები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის მიუხედავად,  ამ პერიოდის განმავლობაშიც დაუსჯელობით სარგებლობდნენ. მხარეები ისეთ სამხედრო დანაშაულებს ჩადიან, როგორიცაა, მაგალითად, წამება.
 
რუსეთი
 
ვრცელდება ინფორმაცია ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის ფაქტების შესახებ, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში ძალოვანი სტრუქტურების მიერ ორგანიზებული სპეცოპერაციის დროს აღინიშნება. არასახელმწიფო სუბიექტები თავდასხმებს აწყობდნენ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჩეჩნეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, ოპოზიციურად განწყობილი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების ინიცირება ხდებოდა, იმ უფლებადამცველებს კი, რომლებიც რეგიონში არსებულ სიტუაციას აშუქებდნენ, არასახელმწიფო სუბიექტები დევნიდნენ. რუსეთს საერთაშორისო არენაზე აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ამ ქვეყნის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა სირიაში, სავარაუდოდ, სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში არსებული მდგომარეობის (უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილსა და ყირიმში მომხდარი დანაშაულების) წინასწარი შესწავლის ინიციატივით გამოვიდა. რუსეთი არ იცავდა თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებებს.

Amnesty International-ის მონაცემებით,  2016 წელს:
 
– სულ ცოტა,  23 ქვეყანაში აღინიშნა სამხედრო დანაშაულები; 
 
– 36  სახელმწიფოდან უკანონოდ გაასახლეს ლტოლვილები;
 
– 22 ქვეყანაში მოხდა ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების მკვლელობა.
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ